Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კანონი არ არსებობს, შიშით ვცხოვრობთ" - სპორტი ბელარუსში რეპრესიების შემდეგ


როდესაც ბელარუსმა სპორტსმენებმა დაიწყეს საუბარი ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებზე, რეპრესიები მათ წინააღმდეგაც დაიწყო.
როდესაც ბელარუსმა სპორტსმენებმა დაიწყეს საუბარი ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებზე, რეპრესიები მათ წინააღმდეგაც დაიწყო.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოქალაქეები აპროტესტებენ.

ძალოვანი სტრუქტურები სასტიკად უსწორდებიან მშვიდობიან დემონსტრანტებს, აქციის არაერთი მონაწილე საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებითაა გადაყვანილი, 400-ზე მეტი მოქალაქე კი დაკავებულია.

საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, საზოგადოებაში გაჩნდა ტერმინი - „ბელარუსიზაცია“.

რამდენიმე წლის წინ ბელარუსშიც იგივე სიტუაცია იყო, საბოლოო ჯამში კი, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებამ და პრორუსული რეჟიმის ქმედებებმა სახელმწიფო მძიმე შედეგებამდე მიიყვანა, რაც ყველა სფეროზე მკვეთრად აისახა და მათ შორის - სპორტზეც.

2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა, 100-ათასობით მოქალაქე ქუჩებში შედეგების გასაპროტესტებლად გამოვიდა. მშვიდობიანი პროტესტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა და ამას მკაცრი რეპრესიები მოჰყვა.

ძალოვანი სტრუქტურები დემონსტრანტებს უმკაცრესად უსწორდებოდნენ, დააკავეს 30 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენიმე მათგანს სასტიკად ეპყრობოდნენ. მალევე ხელისუფლებამ სადამსჯელო ოპერაციები სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ კიდევ უფრო გააძლიერა - მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ლეგიტიმურად ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას, აკავებდნენ.

პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკას გამარჯვების შემდეგ, მინსკი, 2020 წლის 23 აგვისტო
პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკას გამარჯვების შემდეგ, მინსკი, 2020 წლის 23 აგვისტო

სპორტი ბელარუსის მთავრობის კონტროლს ექვემდებარება. ლუკაშენკა 2020 წლამდე ბელარუსის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსაც ხელმძღვანელობდა. როდესაც სპორტსმენებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებზე, რეპრესიები მათ წინააღმდეგაც დაიწყო. 2020 წელს გავრცელდა განცხადება ახალი არჩევნების დანიშვნისა და ძალადობრივი ქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომელსაც 1000 სპორტსმენი აწერდა ხელს. ეს განცხადება ალექსანდრ აპეიკინის ინიციატივა იყო, რომელიც მწვრთნელად მუშაობდა და ხელბურთის კლუბის მეპატრონე იყო. განცხადების გავრცელების შემდეგ აპეიკინი გააფრთხილეს, რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

სპორტული სოლიდარობის ფონდის თანახმად, 1000-დან 60 სპორტსმენი გაათავისუფლეს ეროვნული ნაკრებიდან, შეუწყვიტეს დაფინანსება და ზოგიერთ მათგანს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. 2021 წლის მონაცემებით, 95-მდე სპორტსმენი მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს, 7 მათგანს კი პოლიტიკური ბრალდებები წაუყენეს. კიდევ 124 სპორტსმენი სხვადასხვა ხერხით დასაჯეს, მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც ეროვნული გუნდებიდან მოკვეთეს.

ბელარუს სპორტსმენებს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლებაც არ ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სხვადასხვა მეთოდით სჯიდნენ. ბოლო წლების განმავლობაში, მსგავსი შემთხვევების არაერთი ფაქტია დაფიქსირებული, თუმცა, რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ. ეს ინტერვიუები Amnesty International-თან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევეა ჩაწერილი.

ალექსანდრა გერასიმენია

"ხმას თუ ამოვიღებდი, ჩემი კოლეგები და ბავშვები დაზარალდებოდნენ".

მოცურავე ალექსანდრა გერასიმენია
მოცურავე ალექსანდრა გერასიმენია

ალექსანდრა გერასიმენია ყოფილი მოცურავეა, რომელსაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიადის სამი მედალი აქვს მოპოვებული. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, ალექსანდრა ცურვის აკადემიებს მართავდა, რომლის საშუალებითაც ბელარუს ბავშვებს სპორტის ამ სახეობას ასწავლიდა და პროფესიონალ მოცურავეებად ზრდიდა. საპროტესტო აქციების დროს ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

„გადაწყვეტილება უნდა მიმეღო - ხმა ამომეღო თუ გავჩუმებულიყავი. ამ არჩევანის წინაშე ვიდექი, რადგან ცურვის საკუთარი სკოლა მქონდა. დაახლოებით 500 ბავშვს ვავარჯიშებდით, კურსების ჩასატარებლად კი საცურაო აუზებს სახელმწიფოსგან ვქირაობდით. ყველა საცურაო აუზი ბელარუსში სახელმწიფოს ეკუთვნის, შესაბამისად, მესმოდა, რომ ხმას თუ ამოვიღებდი, ჩემი კოლეგები და ბავშვები დაზარალდებოდნენ. თავდაპირველად, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გავაანალიზე, რომ არ შემეძლო ჩუმად ვყოფილიყავი“, - ამბობს გერასიმენია.

სოციალურ მედიაში საკუთარი აზრის დაფიქსირების შემდეგ, ერთ კვირაში, სკოლებში, რომლებთანაც მას კონტრაქტი აკავშირებდა, დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ შეთანხმება უნდა გადადებულიყო. მიზეზად კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს ასახელებდნენ, თუმცა, სხვა აქტივობები ბელარუსში იმ პერიოდში არ შეჩერებულა. საბოლოო ჯამში, ეს კონტრაქტები გაუქმდა: „ბავშვები ყველაფრის გარეშე დარჩნენ, ცურვის შესაძლებლობა აღარ ჰქონდათ. ვარჯიშის დაწყება უნდოდათ, მაგრამ შესაძლებლობა არ ჰქონდათ“, - აღნიშნა გერასიმენიამ.

ამ ყველაფრის შემდეგ, შეიქმნა ათლეტების თავისუფალი ასოციაცია, რომლის წევრებიც აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. საბოლოო ჯამში, ისინი დასაჯეს - აეკრძალათ საქმიანობა და სავარჯიშო დაწესებულებებში შესვლა. ზოგიერთი მათგანი ეროვნული გუნდებიდან მოკვეთეს და დაფინანსებაც შეუწყვიტეს, შესაბამისად, იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ.

რამდენიმე ხანში საზღვარგარეთ სპორტული სოლიდარობის ფონდი დაარსდა, რომლის საშუალებითაც რეპრესიების შედეგად დაზარალებულ სპორტსმენებს ეხმარებოდნენ. სექტემბერში ალექსანდრა ორგანიზაციის უფროსად დაინიშნა, ალექსანდრ აპეიკინი კი დირექტორად.

სპორტული სოლიდარობის ფონდის დახმარებით, საერთაშორისო ეროვნულმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის პოსტიდან ალიაქსანდრ ლუკაშენკა წასულიყო. 2020 წლის დეკემბერში IOC-მა აღმასრულებელი საბჭოს გათავისუფლებაც მოითხოვა, ამასთან ერთად, მათ სხვადასხვა სპორტული აქტივობის დაფინანსებაც შეუწყვიტა და საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის უფლებაც ჩამოართვა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ბელარუსში აღარ ჩატარდა ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ტურნირი, პენტატლონი, ევროპის ჩემპიონატი და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი.

2021 წლის 2 აპრილს ბელარუსის მთავრობამ გერასიმენიასა და აპეიკინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათ ბელარუსის ნაციონალური უსაფრთხოების დაზიანებისკენ მიმართული ქმედებების წაქეზებას ედავებოდნენ, რაც მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ სპორტულმა სოლიდარობის ფონდმა დიდი როლი ითამაშა საერთაშორისო ტურნირების ბელარუსში ჩატარების გაუქმებაში და ამან ქვეყანას ფინანსური ზარალი მიაყენა და მათ იმიჯზე იმოქმედა.

„თავიდან ეს არასასიამოვნო გრძნობა იყო. კომფორტულად არ ვგრძნობდი თავს, როცა ძებნილთა სიაში ვიყავი, მაგრამ შემდეგ ამას იუმორით შევხედე და ვიფიქრე: მინიმუმ იმაზე ფიქრი მაინც დაიწყეს, რომ რაღაცას წარმოვადგენთ“, - ამბობს გერასიმენია.

იელენა ლევჩენკო

"ფიქრობენ, რომ ხალხის კონტროლი შიშით შეუძლიათ“

ბელარუსი კალათბურთელი იელენა ლევჩენკო
ბელარუსი კალათბურთელი იელენა ლევჩენკო

იელენა ლევჩენკო კალათბურთში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. 2020 წლის 30 სექტემბერს ის მინსკის აეროპორტში დააკავეს, როცა საბერძნეთში მიემგზავრებოდა. ერთ-ერთ ინტერვიუში იელენა აღნიშნავს: „მე მათ ვკითხე, თუ რატომ არ დამაკავეს უფრო ადრე, რადგან ჩაბარგების პრობლემას თავიდან ავიცილებდი. როგორც ჩანს, ისინი ბოლო მომენტს ელოდებოდნენ - ეს საჩვენებელი დაპატიმრება იყო. მათ აეროპორტამდე 45 კილომეტრი გაიარეს და შემდეგ ისევ უკან. ეს მაგალითად უნდოდათ გამოეყვანათ“.

იელენა ლენინის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სასამართლო დაპატიმრების დღესვე გაიმართა და 23 აგვისტოსა და 27 სექტემბერს მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის მიღების გამო მას 15 დღე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მტკიცებულებად მის ინსტაგრამის ექაუნთზე არსებული ფოტოები გამოიყენეს. სასამართლოს შემდეგ იელენა აკრესტინას იზოლატორში გადაიყვანეს.

„აკრესტინა ჩემი ქვეყნის შავი ლაქაა, რომელთანაც ძალიან ბევრი ცრემლი და ტკივილია დაკავშირებული. ყველაფერი, რაც არჩევნების დღეს იქ ხდებოდა, სიგიჟე იყო. ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა, შეგვიძლია ვუწოდოთ ფსიქოლოგიური ძალადობა და მორალური ზეწოლა. ადამიანის ძირითადი უფლებები ირღვეოდა“, - ამბობს ლევჩენკო.

ჟურნალისტებს მან ისიც განუცხადა, თუ როგორ ექცეოდნენ საკანში: „პირველ ღამეს მატრასები და წყალი გვქონდა, ტუალეტი კი ირეცხებოდა, მაგრამ ყველაფერი 2 ოქტომბერს დაიწყო. საუზმის შემდეგ დაცვა შემოვიდა და გვიბრძანა, რომ მატრასები შეგვეხვია… ვიფიქრეთ, რომ მატრასები გასანიავებლად წაიღეს და რწყილების მოშორება უნდოდათ, მაგრამ უკან აღარ დაუბრუნებიათ“.

„იმავე დღეს, ცხელი წყალი და გათბობა გათიშეს, ტუალეტიც აღარ ირეცხებოდა და ამის შემდეგ 5 ქალს ათავსებდნენ ისეთ საკანში, რომელშიც 4 საწოლი იყო“. იელენა ჰყვება, თუ როგორ აიძულებდნენ მათ რკინის საწოლებზე დაძინებას. ტკივილის შესამცირებლად, ისინი საწოლებზე ტანსაცმელს და პირსახოცებს ფენდნენ, დილით კი, ამ ყველაფერს მალევე იღებდნენ, რომ დაცვას ამ ნივთების კონფისკაცია არ მოეხდინა.

„ტუალეტებს ამ დღეების განმავლობაში ისინი ონკანის წლის საშუალებით რეცხავდნენ. 15 დღის განმავლობაში ვერცერთმა ვერ მოახერხა ბანაობა და ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 5-ჯერ შეძლეს ვარჯიში“.

„მათ ჩემი შეშინება სურდათ და სამაგიეროს მიხდიდნენ ხმის ამოღების გამო… ფიქრობენ, რომ ხალხის კონტროლი შიშით შეუძლიათ“, - ამბობს იელენა.

ბელარუსი სპორტსმენი ბოლო დღეს, დილით უნდა გაეთავისუფლებინათ. თუმცა, ამის ნაცვლად ის სასამართლოში წაიყვანეს, დააჯარიმეს მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის გამო და დღის ბოლოს გაუშვეს. მან დაცვას სთხოვა, რომ ამის შესახებ მისი მშობლებისთვის ეთქვათ, რომლებიც იელენას ელოდებოდნენ, მაგრამ, ამის გამო თავი არავინ შეიწუხა და მშობლებსაც მთელი დღის განმავლობაში ალოდინეს.

„როცა იქ ხარ, გრძნობ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და შიშობ, რომ შეიძლება საერთოდ ვერ გამოხვიდე, რადგან ბელარუსში შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს. ბელარუსში კანონი არ არსებობს“, - აღნიშნა ლევჩენკომ.

ანდრეი კრავჩენკო

"ფაშისტებს და გერმანელებს გვეძახდნენ. შემდეგ კორიდორში გაგვიყვანეს და გვაიძულეს, რომ ჩაკუზულებს გვევლო."

მძლეოსანი ანდრეი კრავჩენკო
მძლეოსანი ანდრეი კრავჩენკო

ანდრეი კრავჩენკო მძლეოსანია, რომელსაც ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. მან სამსახურთან ერთად, ბელარუსის სახელით ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლებაც დაკარგა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლიც გახდა, მიზეზი კი, მისი პოლიტიკური შეხედულებები იყო.

„ამ სიტუაციასთან შეგუება არ შემეძლო. სპორტსმენებს გვასწავლეს, რომ კონკურენცია სამართლიანი უნდა იყოს. საკუთარ თავს ვუთხარი - ყველაფერს გავაკეთებდი ადამიანებისთვის იმის სათქმელად, რომ ამას არ შევეგუებოდით და ამას არ ვაპატიებდით“.

მან იმ ღია წერილს მოაწერა ხელი, რომელიც აპეიკინის ინიციატივა იყო და შედეგად, ეროვნული ნაკრებიდან და სამსახურიდან გამოუშვეს. მისთვის ოფიციალურად ამის შესახებ არავის მიუმართავს და ეს ინფორმაცია ხალხისგან შეიტყო. სავარჯიშო პროგრამებიდან მოკვეთის შემდეგ, ის მინსკის გარეთ, საკუთარ სახლთან ახლოს ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

სექტემბრის ბოლოს, სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხაილ პარტნოი მასთან სახლში ორ დაცვასთან ერთად მივიდა და აიძულა, გაჩუმებულიყო:

„შოკირებული ვიყავი, ბავშვი ხელში მეჭირა და ეს სასიამოვნო არ იყო. მემუქრებოდნენ, მაშინებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემი განცხადებები გამეუქმებინა. მთხოვეს, რომ არსად გავსულიყავი და ჩუმად ვყოფილიყავი. მათ არ მოვუსმინე და მომდევნო დღეს აქციაზე წავედი“.

2020 წლის 20 ნოემბერს ის აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს, თუმცა, როგორც კრავჩენკო აღნიშნავს, ის და მისი მეგობრები მანქანაში აიყვანეს, სანამ აქციაზე მივიდოდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხელები უკვე შეკრული ჰქონდათ, სახეში თავი ჩამარტყეს. იმ დღეს ათასი ადამიანი დააკავეს. კედელთან სახით 16 საათის განმავლობაში ვიდექით. ვერ ვიგებდით, რა ხდებოდა და შემდეგ ციხეში წაგვიყვანეს. 2 საათის განმავლობაში მივდიოდით და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელბორკილები გვეკეთა“, - აღნიშნა ბელარუსმა მძლეოსანმა.

ანდრეი კრავჩენკოს მალევე კორონავირუსი შეეყარა. როგორც ის ამბობს, დაცვა პატიმრების ინფიცირებას ძალით ცდილობდა.

„ერთმანეთის პირისპირ ვიდექით. ამ პერიოდის განმავლობაში შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. ფაშისტებს და გერმანელებს გვეძახდნენ. შემდეგ კორიდორში გაგვიყვანეს და გვაიძულეს, რომ ჩაკუზულებს გვევლო. ზოგიერთი ადამიანი 50 წელზე მეტი ასაკის იყო და ეს არ შეეძლოთ. ჩემ წინ მყოფ ადამიანს მუხლი ჰქონდა ტრავმირებული და მას სცემეს. 60 ან 70 ადამიანი ვიყავით, კვლავ იმავე ტანსაცმლით ვიყავით და ოფლი მოგვდიოდა. კორონავირუსით ინფიცირებისთვის იდეალური გარემო იყო“, - ამბობს კრავჩენკო.

ამის შემდეგ მათ 150-ჯერ ჩაჯდომა და ადგომა უბრძანეს. იმ ადამიანებს კი, რომლებიც ამას ვერ ახერხებდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ. კრავჩენკო დასჯის სხვა მეთოდებსაც იხსენებს: „ხელები შეგვაერთებინეს და უფრო ძლიერებს, მაგალითად მე, სხვების აწევას გვაიძულებდნენ. ჩემთვისაც კი ეს ძალიან რთული იყო“.

აპრილში ანდრეი 10 დღე შიმშილობდა იმის გამო, რომ ბელარუსი პოლიტპატიმრებისთვის დაფინანსება გაეზარდათ: „ამ ყველაფერს ვერ ვუყურებდი და მინდოდა, რომ იმ ადამიანებს დავხმარებოდი, რომლებიც ციხეში იმყოფებოდნენ. ისინი იქ უკვე 1 წელია იმყოფებიან და არიან ისეთებიც, რომლებსაც პატარა შვილები ჰყავთ, როგორც მე. მათი ბავშვები მათ გარეშე იზრდებიან. უბრალოდ სურდათ, რომ სიმართლე ეჩვენებინათ. ცუდი არაფერი გაუკეთებიათ“, - აღნიშნა კრავჩენკომ.

ბევრი საუბარი არ უნდა იმას, რომ სპორტი ნებისმიერი ქვეყნისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა. ცხადია, რომ ბელარუსში განვითარებულმა მოვლენებმა და სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარობის შემცირებამ არა მარტო ამ სფეროზე, არამედ, ავტომატურად, ეკონომიკაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა.

ავტორი: სანდრო ჯავახიშვილი

ფორუმი

XS
SM
MD
LG