Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როგორც ბელარუსი" - როგორ იცვლება "ოცნების" დამოკიდებულება პარტნიორების მიმართ


ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე - 1 თებერვალი, 2024 წელი.
ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე - 1 თებერვალი, 2024 წელი.

ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების ნაწილის მიწვევა არ მიიღო, ნაწილს შეუთვალა - არ ჩამოხვიდეთო, ზოგს არ შეხვდა, დანარჩენს აკრიტიკებს. მმართველი პარტიის განაყოფი „ხალხის ძალა“, რომელიც იმ „სიმართლის“ სათქმელად შეიქმნა, რის თქმასაც „ოცნება“ ერიდებოდა, ზოგისთვის საზღვრების ჩაკეტვასაც ითხოვს.

თუკი საერთაშორისო პარტნიორებისთვის საზღვრები ჩაიკეტება, ექსპერტების შეფასებით, იზოლაციის გარდა, ეს მძიმე შედეგებს მოიტანს და არ მხოლოდ ხელისუფლებისთვის.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი და ევროკომისია ერთობლივად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიონ „აგენტების კანონი“, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა.

ევროკავშირის ლიდერები იმეორებენ, რომ „დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდების“ მიუხედავად დამტკიცებული კანონის სულისკვეთება არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს.

იმავეს ამბობენ საქართველოში ჩამოსული დელეგაციები - ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თუ პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაუძლეველ ბარიერს აღმართავს, ხოლო სამი მოსმენით დამტკიცებული კანონის კოსმეტიკური შელამაზება შეუძლებელია და ის უნდა გაიწვიონ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში - ჯიმ ო'ბრაიენმა თბილისში ვიზიტის დასასრულს არ გამორიცხა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა.

საქართველოს ხელისუფლება არ აჩვენებს ნიშნებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებდეს.

მაისის დასაწყისში, საქართველოში აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე სასაუბროდ, ვაშინგტონში მიწვევაზე უარი თქვეს.

„აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიცების კვირაში თბილისში ჩამოსული საერთაშორისო სტუმრების ნაწილს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვდნენ, ხოლო ნაწილთან საუბრის შინაარსი სადავო თემად იქცა.

  • პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წინასწარ შეუთვალა ევროპული ქვეყნების პარლამენტების დელეგაციას, რომ არ შეხვდებოდა; ისინი პარლამენტში არავინ მიიღო.
  • „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან შეხვედრაზე;
  • პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაამატა, რომ ივანიშვილმა სხვასაც არაერთს უთხრა შეხვედრაზე უარი.

და იქნებ არც შემოვუშვათ

საერთაშორისო პარტნიორების ვიზიტებს წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ განაყოფისა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - „ხალხის ძალის“ ახალი ინიციატივა - საქართველოს ხელისუფლება არ შეხვდეს, ანდა ქვეყანაში საერთოდ არ შემოუშვას საერთაშორისო პარტნიორები - „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის, საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისა და „აგენტების კანონთან“ დაკავშირებული იმგვარი განცხადებების გამო, „რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა“.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან.

უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას“, - წერია „ხალხის ძალის“ განცხადებაში, რომელიც თბილისში 4 ევროპელი მინისტრის ვიზიტამდე, 13 მაისს გავრცელდა.

ექსპერტებმა იციან, რომ „ხალხის ძალის“ პირით, როგორც წესი, „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს და არცთუ იშვიათად - მათი ინიციატივების განხორციელებას სწორედ „ქართული ოცნება“ განაგრძობს. ასე იყო „აგენტების კანონის“ შემთხვევაშიც. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებლის, ყოფილი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, ჯერჯერობით, „ქართული ოცნება“ მზად არ არის საზღვრის ჩაკეტვისთვის და საერთაშორისო პარტნიორებთან „ხიდების ბოლომდე დაწვისთვის“ - „ელექტორალური ხიფათის“ გამო.

„იძულებულები არიან ქართული საზოგადოების განწყობებს მაინც გაუწიონ ანგარიში და ერთი მხრივ კი ამბობენ - გლობალური ომის პარტია გვებრძვის და მან ევროკავშირიდან ყველაფერი ევროპული განდევნაო, მაგრამ, მეორე მხრივ, ამბობენ - არა, 2030 წელს ევროკავშირის წევრი მაინც გავხდებითო...

["ოცნებამ"] იცის, რომ ვერ გაყიდის ქართულ საზოგადოებაში დღეს პრორუსულ ტრაექტორიას და იმას, რომ ჩვენ დასავლეთი და ევროპა არ გვინდა. ხისტი პროტესტის ფონზე რაღაცნაირ უხერხულ წინააღმდეგობაში ჩავარდნენ“, - ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ თუკი „ქართული ოცნება“ დასავლელი პარტნიორების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე გადავა, ეს „შიგნიდან გატეხს ციხეს“ და ხელისუფლებას თავისიანებიც გაემიჯნებიან.

და მაინც, თუკი „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებისთვის საზღვარს ჩაკეტავს, ჩეჩელაშვილის აზრით, ამას სწრაფი საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება და შესაძლოა - საქართველოს მოქალაქეებს მართლაც შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა.

„წარმოიდგინეთ, თუკი, მაგალითად, ჩვენი საფეხბურთო ნაკრების გულანთებული გულშემატკივრები ვერ მოხვდებიან ევროპის ჩემპიონატზე [გერმანიაში], სადაც პირველად გავიდა საქართველოს ნაკრები, მაშინ არ ვიცი... - შეიძლება ეს 84 დეპუტატი [რომლებმაც ხმა მისცეს "აგენტების კანონს"] ჩვენი დასაცავი გახდეს. მიიღებენ უზარმაზარ პროტესტს... ასეთი საფრთხეების წინაშე თუ უნდათ დადგომა, მე მათ დაფიქრებას ვურჩევდი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვალერი ჩეჩელაშვილი.

ბელარუსის გზაზე

თუ ისე მოხდა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში შემოსვლა შეეზღუდათ, საქართველოს ბელარუსიზაციას ვარაუდობს პოლიტოლოგი, პროფესორი ნიკა ჩიტაძე.

„ბელარუსი ვიქნებით და ბელარუსზე უარესიც... რუსეთის დე ფაქტო ვასალობაა ეს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ - საქართველო შეფერხდება ევროინტეგრაციის გზაზეო, მაგრამ ჩვენ "აგენტების კანონით", და თუ საერთაშორისო პარტნიორებისთვის საზღვრებიც ჩაკეტეს, სახელმწიფოს დავკარგავთ. ბელარუსივით - მხოლოდ ნომინალური დამოუკიდებლობა შეგვრჩება“, - ამბობს ჩიტაძე.

2020 წელს ჩატარებული პრობლემური საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - ბელარუსში შესვლა შეეზღუდათ დასავლელ პოლიტიკოსებს. მინსკი ამ დროს ბლოკავდა მედიასაც - მანამდე მეგობრად მიჩნეული ქვეყნებიდან.

პრობლემები შეექმნათ ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც.

მინსკს ეჭვი მიჰქონდა ნებისმიერზე, როცა პროტესტის მონაწილეებს „უცხოელი ინსტრუქტორების მართულებად“ თვლიდა. 2020 წლის 28 ოქტომბრით თარიღდება რუსულ მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ცნობა, რომ ბელარუსის საზღვრიდან უკან გააბრუნეს 1000-მდე „უცხოელი ინსტრუქტორი“. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ მომიტინგეებს „დამწყებ ტერორისტებს“ უწოდებდა.

ბელარუსში შესვლაზე ადამიანებს „სხვადასხვა მიზეზით“ ეუბნებოდნენ უარს. განსაკუთრებით ერიდებოდნენ - „მაღალ, სპორტული აღნაგობის“ ახალგაზრდებს, რომლებიც, როგორც მინსკი აცხადებდა - ქვეყანაში უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის მხრიდან აპირებდნენ შესვლას.

ყველაფერი ეს ბელარუსის 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების კვალდაკვალ დაწყებული მღელვარების ფონზე ხდებოდა. პუტინის მთავარი მოკავშირე - ლუკაშენკა მაშინ ხშირად აცხადებდა, რომ ბელარუსის არევას „გარე ძალები“ ცდილობდნენ.

ბელარუსში მძლავრი რეპრესიები მოჰყვა 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელმაც ლუკაშენკას მეექვსე ვადით მიაკუთვნა გამარჯვება. დააკავეს ოპოზიციის არაერთი ლიდერი და აქტივისტი. აღიძრა რამდენიმე ასეული სისხლის სამართლის საქმე. არჩევნების გაყალბებამ ბიძგი მისცა უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლებს.

ლუკაშენკა ქვეყანაში „მაიდნის“ მომზადებაზე ლაპარაკობდა და „უცხო ძალებს“ ადანაშაულებდა.

მაშინ რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორი, სერგეი ნარიშკინიც, ლუკაშენკას მსგავსად, ამტკიცებდა - რომ ბელარუსის საქმეებში დასავლეთის ქვეყნები ერეოდნენ.

მას შემდეგ ბელარუსის საქმე სულ უფრო უკან და უკან წავიდა და 2022 წელს ის უკვე რუსეთის მთავარი მოკავშირე გახდა - უკრაინასთან ომში.

ვალერი ჩეჩელაშვილი გვეუბნება, რომ ბელარუსის, რუსეთისა და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებების მიდგომები „აბსოლუტურად იდენტურია“ - ისინი „თეორიაშიც არ უშვებენ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას“, რაც წარმოუდგენელია დასავლური ქვეყნებისთვის და „ამიტომ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ასე გადავარდა ანტიდასავლურ რიტორიკაში“.

"მასშტაბური ლუსტრაცია"

14 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტები დიდი ოვაციებით შეხვდნენ სცენაზე ასულ ევროპელ პოლიტიკოსებს, როცა ისინი საქართველოს ევროპული გზის გაგრძელებასა და ამ გზაზე - „აგენტების კანონის“ დამაზიანებელ როლზე ლაპარაკობდნენ.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა თქვენდამი. ჩვენ აქ ასევე იმისთვის ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს და ჩვენი მესიჯი მთავრობისთვის, მმართველი პარტიისთვის არის ძალიან ნათელი - შეაჩერეთ ეს კანონი!“, - მიმართა დემონსტრანტებს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა.

მოგვიანებით მას შალვა პაპუაშვილმა „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა.

ევროპის ქვეყნების დეპუტატების ქმედებას არ მიესალმება საქართველოს ხელისუფლება.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 14 მაისს, საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა მიუღებელია და „აგენტების კანონით“ სწორედ ასეთი აქტივობების გამოაშკარავებას ცდილობენ.

„რაც შეეხება იმას, რა ხდება სცენაზე, როდესაც გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები - პრინციპში ამას ვითხოვდით ჩვენ ამ ე.წ. რუსული კანონით - ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. და ჩვენ დღეს სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას - პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა. როდესაც გარედან ცდილობენ პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებით დაკომპლექტებული დელეგაცია 13 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი; ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი; პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი; ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი; ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი.

პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა ევროპელ დეპუტატებს წინასწარ შეუთვალა, რომ ვიზიტისთვის შესაფერისი დრო არ იყო, არ ჩამოსულიყვნენ და მათ არ შეხვდებოდა.

მაინც ჩამოვიდნენ და 14 მაისს, სტუმრები, როგორც თავად თქვეს - პარლამენტში არავინ მიიღო. მათ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა და არა პარლამენტში, არამედ - პარტიის ოფისში.

„ჩვენ მოვედით, რომ ვწვეოდით პარლამენტს, მაგრამ კარი დაკეტილია, თქვენმა წარმომადგენლებმა არ მიგვიღეს, მაგრამ ჩვენ გვესმის თქვენი. და თუკი ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პარლამენტის შიგნით, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ აქ, თქვენთან!“, - მიმართა დემონსტრანტებს 14 მაისს ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა.

შალვა პაპუაშვილი 15 მაისს ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა; მაგრამ შეხვედრის შინაარსი იმგვარად შეაჯამა, რომ კვლავ სადავო გახდა.

საუბრისას ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს - რ.თ.], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ. კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი - ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი. ვუთხარით, რომ აქაც გამოდის, რომ თუ თქვენ ასე შავ-თეთრად უყურებთ, რომ ან თქვენ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ან ასე იქნება, რა დაზღვევაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ ცდებით, ისევე როგორ წინა შემთხვევებში შეცდით?! ჩვენი მოწოდებაა და ეს განწყობა იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრის, რომ მთავარია ურთიერთობა დამყარებული იყოს ურთიერთპატივისცემაზე და გაიგონ ის წუხილები, რომლებიც ჩვენ გვაქვს“, - თქვა ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მალე გაირკვა, რომ თანამოსაუბრეები პაპუაშვილის დასკვნებს არ იზიარებენ.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ არსებული გაუგებრობის საპასუხოდ საჭიროა განმარტება - არ ვფიქრობთ, რომ საქართველო მართალი იყო ევროპული რჩევებისა და ფასეულობების იგნორირებაში და გამოვხატეთ უკიდურესად მტკიცე მოსაზრებები და არა „გარკვეული შეშფოთება“, - წერს სოციალურ პლატფორმაზე X [ყოფილი ტვიტერი] - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

თბილისის კიდევ ერთ სტუმარს - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, სანქციების ყოფილ კოორდინატორს, ჯიმ ო'ბრაიენს, შეხვედრაზე უარი უთხრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ უარი „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ორი მილიარდი დოლარის ხელში ჩაგდებით, გაყინვითა და მისთვის დე ფაქტო სანქციებით იყო განპირობებული.

ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი“, - გაკვირვებული დარჩა ჯიმ ო'ბრაიენი და 14 მაისს, თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ მიანიშნა, რომ ივანიშვილმა პირადი ინტერესი ქვეყანაზე წინ დააყენა.

ჯიმ ო'ბრაიენის პოზიციაა, რომ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებული პროცესები ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს და უნდა შეწყდეს ოპონენტებზე ძალადობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწესდება სანქციები კონკრეტული პირებისა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა თბილისში ვიზიტის დროს ასევე განაცხადა, რომ აშშ „ძალიან მალე“ განიხილავს სანქციების დაწესების საკითხს - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG