ე.წ. აგენტების კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაკისრების საკითხზე განცხადებებს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მან ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მზად არის მას დააკისრონ სანქციები.
„რაღაც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
ამ მოთხოვნას ზედმეტ თავდადებაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მსოფლიო ისტორიაში მინდა შევიდე, როგორც პირველი კანონმდებელი, რომელიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს!
ამას თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ამავდროულად ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის გამოტანა/მიღების გამო დასანქცირდა!“ - დაწერა მამუკა მდინარაძემ.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმა 14 მაისს თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ე.წ. აგენტების კანონის მიღებას, თუკი ის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ-ის ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება მოჰყვება პასუხისმგებელი პირებისთვის.
ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა.
მანამდე კობახიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა.
საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ერთ თვეზე მეტია, რაც კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.
ფორუმი