14 მაისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელი მაღალჩინოსანი ამით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ივანიშვილმა ო'ბრაიენთან შეხვედრაზე უარი თქვა "დე ფაქტო სანქცირების" გამო.
"ჩვენ გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერ-მინისტრთან, მივიწვიეთ ის აშშ-ში, შეხვედრები იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდანაც. სანამ აქ [თბილისში] ჩამოვიდოდით, გამოვთქვით ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პასუხი იყო ასეთი, რომ [ბიძინა] ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეშ. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული.
ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ["აგენტების"] კანონის შესახებ მსჯელობა და საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც არსებობს", - თქვა ო'ბრაიენმა.
იგი ასევე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებას "გლობალური ომის პარტიის" თეორიაზე და თქვა, რომ ესაა "ძალიან არასწორი" და "არარეალისტური".
"რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის კონსპირაციის თეორიებს და იმას თითქოს გლობალური ომის პარტიას სურს "ქართული ოცნება" აღარ იყოს ხელისუფლებაში, მათი 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ჩემი აზრით, ესაა ძალიან არარეალისტური, არასწორი გაგება საერთაშორისო საზოგადოების ერთგულებისა საქართველოს მიმართ", - აცხადებს ის.
ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციები მნიშვნელოვანია, რომ იყოს მშვიდობიანი და რომ პოლიცია იქცეოდეს მშვიდობიანად: "არ იყოს დაშინება, თავდასხმები. ვინც დამნაშავეა და ვინც ესხმის თავს, აუცილებელია, წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე".
ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა. ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაში 14 მაისს, დღის 12:00 საათისთვის მივიდა და შენობა 15:00-ის წუთებზე დატოვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ამ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანიც ესწრებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ჯიმ ო'ბრაიენი ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.
დაგეგმილი იყო შეხვედრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთანაც. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა.
მისივე სიტყვებით, ივანიშვილი „შანტაჟის ქვეშ“ შეხვედრებს ვერ გამართავს. მას „არ აინტერესებს“ და „არასერიოზულად უყურებს“ სანქციების საკითხს.
„ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეხვედრა შეიძლება შედგეს", - თქვა კობახიძემ.
ფორუმი