Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხალხის ძალა“: სამსჯელოა, შემოუშვან თუ არა დიპლომატები პარტნიორი ქვეყნებიდან


ფოტო არქივიდან: „ხალხის ძალის“ სადამფუძნებლო ყრილობა
ფოტო არქივიდან: „ხალხის ძალის“ სადამფუძნებლო ყრილობა

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, „ხალხის ძალა“, აცხადებს, რომ „ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს“, „იმსახურებენ თუ არა“ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები ქვეყანაში შემოშვებას. "ხალხის ძალა“ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უწოდებს და საქართველოს ხელისუფლებაზე „თავდასხმებში“ ადანაშაულებს.

„აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა... მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან...

დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას“, - წერია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

„აგენტების კანონის“ საქართველოს პარლამენტში განხილვის პარალელურად, საქართველოში ვიზიტი აქვთ დაგეგმილი ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ესენი არიან გაბრელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვა, მარგუს ცანკა - ესტონეთი, ტორდის გილფადოტრი - ისლანდია და ბაიბა ბრაზე - ლატვია.

გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსული არიან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი და ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი. საქართველოში ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი.

„აგენტების კანონს“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „ხალხის ძალასთან“ ერთად იღებს. კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, დარჩენილია მესამე კენჭისყრა.

10 მაისს, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება.

საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე. მათ შორის არის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ვიზის გარეშე მგზავრობის უფლების შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებთან და შესაძლო სანქციების დაწესება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანას დასავლეთისკენ სვლაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG