Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება უკრაინასა და პოლონეთს შორის? - ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების ჯაჭვი


ვოლოდიმირ ზელენსკი და მატეუშ მორავიეცკი კიევში. 2022 წლის სექტემბერი.
ვოლოდიმირ ზელენსკი და მატეუშ მორავიეცკი კიევში. 2022 წლის სექტემბერი.

უკრაინასა და პოლონეთს შორის წარმოშობილმა უთანხმოებამ ექსპერტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთთან ომში ვარშავა კიევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირეა და უკრაინული არმიაც დიდწილად სწორედ პოლონეთის გავლით მარაგდება.

ყოველ მსგავს უთანხმოებასა თუ გაუგებრობას სიხარულით აკვირდებიან მოსკოვიდან, თუმცა არ გამართლდა კრემლის სურვილი - ენახა მეტი დაძაბულობა უკრაინასა და პოლონეთს შორის.

პარალელურად, მოსკოვზე არშემდგარი შტურმის შემდეგ, რუსული კერძო კომპანია „ვაგნერი“ პოლონეთს, ძირითადად ლუკაშენკას პირით ემუქრება. საფრთხეს ხედავს ლიეტუვაც.

დაძაბულობა ჩაცხრა, დახმარება გრძელდება - საერთო საფრთხეები ბელარუსიდან

პოლონეთსადა უკრაინას შორის 1 აგვისტოს გამწვავებული, მზარდი საჯარო დაძაბულობა უკრაინის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ ჩაცხრა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება ასევე საჯარო სივრცეში, ტვიტერზე, 2 აგვისტოს გამოაქვეყნა.

„ჩვენ არცერთ პოლიტიკურ ინსტანციას მივცემთ უფლებას, გააფუჭოს ურთიერთობები უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის და ემოციები აუცილებლად უნდა ჩაცხრეს“, - ამბობს ზელენსკი და დასძენს, რომ ყველაფერზე მაღლა დგას „[ორი ქვეყნის] ხალხების თავისუფლება და კეთილდღეობა, ევროპის ღირებულებები და საერთო მტერ რუსეთზე გამარჯვება“.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ პოლონეთის ისტორიულ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენთან ერთად იქცა ევროპის ნამდვილ ფარად ზღვიდან ზღვამდე და ამ ფარს არ უნდა ჰქონდეს არცერთი ბზარი“ - ესეც ზელენსკის სიტყვებია.

რა მოხდა უკრაიანასა და პოლონეთს შორის?

უკრაინამ და მისმა უშუალო სახმელეთო მეზობელმა, მტკიცე მოკავშირე პოლონეთმა მიმდინარე კვირაში ერთმანეთის ელჩები საკუთარ საგარეო უწყებებში დაიბარეს. დიპლომატიური დაპირისპირების საბაბი პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მარჩინ პშიდაჩის მიერ პოლონეთის მედიისთვის მიცემული ინტერვიუ იქცა - პშიდაჩმა თქვა უკრაინამ პოლონეთის მხარდაჭერა სათანადოდ უნდა დააფასოსო.

მაღალი რანგის პოლონელი პოლიტიკოსის განცხადება, რომელსაც კიევის მწვავე რეაქცია მოჰყვა, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვას შეეხებოდა. ეს თემა მტკივნეულია კიევისთვის. ფონს ამჟამად ამძიმებს - უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა.

  • უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სურსათის იმპორტი (და არა ტრანზიტი), პოლონეთმა 2023 წლის გაზაფხულზე აკრძალა და განმარტა, რომ ეს საკუთარი ფერმერების დაცვით იყო განპირობებული.
  • ამჟამად დღის წესრიგში დგას აკრძალვის ვადის გახანგრძლივება 15 სექტემბრის შემდეგ.
  • უკრაინული პროდუქციის იმპორტი აკრძალული აქვთ ასევე ბულგარეთს, უნგრეთს, სლოვაკეთსა და რუმინეთს. ვადის გახანგრძლივებას ევროკომისიას ეს ქვეყნებიც სთხოვენ.

მარჩინ პშიდაჩის კომენტარების შემდეგ, პოლონეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - რასაც, სწრაფადვე, მოჰყვა ვარშავის სარკისებური რეაქცია და გაჩაღდა არცთუ სახარბიელო შინაარსის დისკუსიები, უკრაინის მხრიდან მადლიერების არასათანადოდ გამოხატვის შესახებ.

  • უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, ანდრი სიბიჰას თქმით, პოლონელი პოლიტიკოსის სიტყვები „უსაფუძვლო მანიპულაციაა“ და პოლონურ საზოგადოებას თავს ახვევს მოსაზრებას, რომ უკრაინა თითქოს არ აფასებს პოლონეთის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. „სწორედ უკრაინელები სწირავენ სიცოცხლეს, მათ შორის ასევე - თავიანთი პოლონელი მეგობრებისთვის... არაფერია უარესი, როცა შენი გადამრჩენი ითხოვს საფასურს გადარჩენისთვის, მაშინაც კი - როცა შენ სისხლისგან იცლები“, - აღნიშნა მან.

განცხადებებმა არც ვარშავიდან დააყოვნეს:

  • პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ პოლონეთის ელჩის დაბარებას „შეცდომა“ უწოდა და განაცხადა - „ჩვენ ყოველთვის დავიცავთ პოლონეთის სახელსა და უსაფრთხოებას და არცერთი სხვა ქვეყნის ინტერესები არ დადგენა პოლონეთის ინტერესებზე წინ“.
  • მანამდე, მმართველი პარტიის - „კანონი და სამართლიანობა“ - გენერალურმა მდივანმა, კშიშტოფ სობოლევსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის ელჩი ერთადერთი იყო, რომელიც დარჩა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, როცა სხვამ ყველამ დატოვა კიევი. იგივე აქცენტი დასვა პრემიერ-მინისტრმაც.
  • პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინას მხარს უჭერს იმდენად, რამდენადაც ეს შეესაბამება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს“ და ხელისუფლება უპირველესად „პოლონეთის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს“.

დაპირისპირების ფონს ისიც ამძაფრებდა, რომ უკრაინის მიერ პოლონეთის ელჩის დაბარება, 1 აგვისტოს - პოლონელებისთვის მეტად ტრაგიკულ თარიღს - ვარშავის აჯანყების დაწყების დაწყების 79-ე წლისთავს დაემთხვა.

საერთაშორისო მედიასთან ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის ხელისუფლების მწვავე რეაქცია გადაჭარბებული ემოციებით იყო გაჯერებული; ხოლო ვარშავის სიმკაცრე და პრინციპულობა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებით აიხსნება, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება.

ექსპერტებისთვის ნათელია, რომ სახელისუფლებო პარტიას [კანონი და სამართლიანობა], რომელიც პოლონეთს 2015 წლიდან მართავს, ძალიან სჭირდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერა, რადგან ფერმერები „პოლონური საარჩევნო მარათონის ქვაკუთხედად“ განიხილებიან და „მათი გულის მოგება აუცილებელია“ .

უკრაინასა და პოლონეთს შორის წარმოშობილ უთანხმოებას აპლოდისმენტებით შეხვდა რუსეთის სახელმწიფო მედია.

მაგალითად, წერენ, რომ „პოლონეთი მზად არის უკრაინის დასანაწევრებლად“, „ვარშავა დაფიქრდა, ღირს თუ არა უკრაინის დახმარება“ და სხვა. მოსკოვი იმედოვნებს, რომ სახეს იცვლის რეალობა, როცა პოლონეთისთვის რუსეთი ყველაზე დიდ მტრად ითვლებოდა - თუმცა ეს ფაქტებით არ დასტურდება.

პოლონეთის ხელისუფლება ძველებურად აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება, რადგან ეს პოლონეთის ეროვნულ ინტერესებშიც არის.

3 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთმა უკრაინას სრულად მიაწოდა მნიშვნელოვანი შეიარაღება - 200 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი (Rosomak), რომლებიც უკრაინელ სამხედროებს დაიცავს დესანტირებისას და ასევე - ფრონტის ხაზის გარღვევის შემთხვევაში.

3 აგვისტოს, ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ტვიტერზე გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის მოკავშირე ბელარუსის წინააღმდეგ. ნაუსედა წერს, რომ უნდა გაგრძელდეს წნეხი რუსეთსა და ბელარუსზე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დასრულებამდე და ასევე, უნდა გაგრძელდეს „ყველა შესაძლო დახმარება“ უკრაინისთვის.

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ლიეტუვის პრეზიდენტი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

საერთო საფრთხეები ბელარუსიდან

3 აგვისტოს, ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედასა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის შეხვდრის მთავარ თემას ბელარუსის ტერიტორიიდან მოსალოდნელი საფრთხეები წარმოადგენდა. ისინი ერთმანეთს ე.წ. სუვალკის დერეფანში, პოლონეთის მხარეს შეხვდნენ, საიდანაც საფრთხეს მოელიან.

„ბელარუსში „ვაგნერის“ დაქირავეულთა ყოფნა წარმოადგენს რისკის დამატებით ფაქტორს ლიეტუვისთვის, პოლონეთისთვის და მათი ნატოელი მოკავშირეებისთვის. ჩვენ ვართ ფრთხილად და მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის“, - დაწერა პრეზიდენტმა ნაუსედამ ტვიტერზე.

  • ივლისის ბოლოს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" 100-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვარზე მდებარე ე.წ. სუვალკის დერეფნის ტერიტორიაზე გადაისროლეს.
  • მოსკოვზე არშემდგარი შტურმის შემდეგ, „ვაგნერელები“ და მათი მეთაური, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსის ლიდერმა ლუკაშენკამ თავისთან მიიწვია და როგორც აცხადებს, მათ სამხედრო ინსტრუქტორებად იყენებს.

1 აგვისტოს, სწორედ ომ დღეს, როდესაც ვარშავა და კიევი მწვავე განცხადებებს ცვლიდნენ, ბელარუსის ორმა სამხედრო ვერტმფრენმა დაარღვია პოლონეთის საზღვარი და რამდენიმე კილომეტრით შეიჭრა ქვეყნის შიგნით.

მინსკი მომხდარს წვრთნების ფონით ხსნის, თუმცა ექსპერტები გამორიცხავენ პილოტების შეცდომას - რადგან შეუძლებლად მიაჩნიათ, რომ ორი ვერტმფრენის პილოტებს უნებლიე ტექნიკური შეცდომა ერთდროულად დაეშვათ.

ვარშავა აცხადებს, რომ - რადარებს ვერტმფრენების აღმოჩენა მათ დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამო გაუჭირდათ. თუმცა სპეციალისტები შენიშნავენ, რომ სიმაღლე არცისე დაბალი იყო, რაც მათ უჩენს ეჭვს - რომ ვარშავამ მინსკის პროვოკაციაზე შეგნებულად დახუჭა თვალი.

პოლონეთი გამოწვევას უფრო ხმელეთიდან მოელოდა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკამ „ვაგნერელები“ შეიფარა და პუტინთან შეხვედრის დროს, ხმამაღლა განაცხადა მათ სურვილზე თავს დაესხნენ პოლონეთს.

1 აგვისტოს ლუკაშენკამ თქვა, რომ „ვაგნერელების“ განზრახვის შესახება „იხუმრა“, თუმცა შემდეგ თითქმის იგივე გაიმეორა - რომ პოლონეთი თავდასხმის ღირსია უკრაინის მხარდაჭერის გამო და მადლობა უნდა თქვას ვარშავამ, რომ „ვაგნერს“ მინსკი აკავებს.

რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია არაერთხელ გამოიყენა უკრაინაზე თავდასხმის დროს და ექსპერტები იგივეს არც პოლონეთის მიმართულებით გამორიცხავენ. თუმცა ამჯერად, ისინი უფრო „ვაგნერელთა“ მხრიდან დივერსიულ აქტებსა და დესტაბილიზაციის მცდელობს მოელიან. მთავარ შეკითხვად რჩება - როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში ნატო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG