ცოტა ხნის წინ პოლონეთმა მი-24 კლასის ვერტმფრენები გადასცა უკრაინას. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ათეულ საბრძოლო შვეულმფრენზე.
"პოლონეთმა, უკრაინის ერთგულმა მოკავშირემ, ცოტა ხნის წინ კიევს ათამდე საბჭოთა დიზაინის მი-24 საბრძოლო ვერტმფრენი გაუგზავნა", – აღნიშნავს გამოცემა.
ოფიციალურ ვარშავას ამის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.
მი-24 არის საბჭოთა წარმოების შეტევითი შვეულმფრენი, რომელიც ბევრი ქვეყნის, მათ შორის უკრაინის შეიარაღებაშია.
ამა წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ნატოს წევრი ჩრდილოეთ მაკედონიაც აპირებდა უკრაინისათვის თავის შეიარაღებაში არსებული 12 ერთეული მი-24 ტიპის შვეულმფრენების გადაცემას.