Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აიკრძალა უკრაინული პროდუქცია - პოლონეთისგან ბევრი არ მოელოდა ამას


პოლონეთში უკრაინული სასოფლო სამეურნეო პროდუქტის შეტანა აიკრძალა 2023 წლის 30 ივნისამდე და მარცვლეულის გარდა, შეეხება რძეს, რძის პროდუქტებს, ხორცს, კვერცხს, შაქარს, ხილს, ბოსტნეულს, ღვინოსა თუ მეფუტკრეობის პროდუქციას.
პოლონეთში უკრაინული სასოფლო სამეურნეო პროდუქტის შეტანა აიკრძალა 2023 წლის 30 ივნისამდე და მარცვლეულის გარდა, შეეხება რძეს, რძის პროდუქტებს, ხორცს, კვერცხს, შაქარს, ხილს, ბოსტნეულს, ღვინოსა თუ მეფუტკრეობის პროდუქციას.

პოლონეთისა და უნგრეთის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სურსათის იმპორტის აკრძალვა სლოვაკეთმაც გადაწყვიტა. თუმცა ყველაზე მეტად ბევრს ეს სწორედ პოლონეთისგან გაუკვირდა - რუსეთთან ომში უკრაინის ყველაზე მტკიცე ქომაგისა და მოკავშირისგან.

აიკრძალა უკრაინული მარცვლეულის, რძის პროდუქტების, შაქრის, ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, კვერცხისა და სხვა სასურსათო პროდუქციის იმპორტი 30 ივნისამდე. აიკრძალა ტრანზიტიც.

უკრაინა გაწბილებულია, მაგრამ ეს არ ყოფილა სწრაფი და სპონტანური გადაწყვეტილება. ვარშავის ეს ნაბიჯი ფერმერთა არაერთთვიან მღელვარებას მოჰყვა, რასაც წინ უსწრებდა სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტიდან გადადგომაც.

"მოტყუებული სოფელი", გადამდგარი მინისტრი და არჩევნები

პრობლემა გუშინ არ წარმოშობილა. პოლონელი ფერმერები აქციებს უკვე რამდენიმე თვეა მართავენ - სხვადასხვა დროს გადაკეტეს სარკინიგზო ხაზი, ცენტრალური მაგისტრალები და აპრილის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთში ვიზიტის გაპროტესტებასაც გეგმავდნენ. ამის შესახებ, აპრილის დასაწყისში, ადგილობრივი გამოცემა Interia იტყობინებოდა, ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით და განმარტავდა, რომ მოძრაობა „მოტყუებული სოფელი“ უკვე სკეპტიკურად უყურებდა პოლონეთის ხელისუფლების მონდომებას გადაეჭრა მათი პრობლემები.

პოლონური მედია იუწყება, რომ მმართველმა პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ არაერთხელ სცადა ფერმერებთან მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ. კრიზისი იმდენად გამწვავდა, რომ 5 აპრილს პოსტიდან გადადგა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ჰენრიკ კოვალჩიკი.

9 აპრილს, პოლონეთის მთავრობამ გააკეთა წინასწარი განცხადება უკრაინული პროდუქციის ტრანზიტის შეჩერების შესახებ. ექსპერტები მოელოდნენ, რომ შეზღუდვა მხოლოდ ხორბალს, სიმინდსა და სხვა მარცვლეულს შეეხებოდა, თუმცა შაბათს გამოქვეყნებული სია გაცილებით უფრო ფართო აღმოჩნდა.

ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის, ვალდემარ ბუდას მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, აკრძალვა დაწესდა 2023 წლის 30 ივნისამდე და მარცვლეულის გარდა, შეეხება რძეს, რძის პროდუქტებს, ხორცს, კვერცხს, შაქარს, ხილს, ბოსტნეულს, ღვინოსა თუ მეფუტკრეობის პროდუქციას.

მინისტრი ასევე წერს, რომ შეზღუდვა შეეხება ტრანზიტსაც და სამომავლოდ, შესაძლოა, პოლონეთი უკრაინას მხოლოდ ჰერმეტულად დალუქული პროდუქციის გატარებას დათანხმდეს, ქვეყანაში მისი ჩამოცლის გამორიცხვით.

რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის შეფასებით, ფერმერთა კმაყოფილება მნიშვნელოვანია პოლონეთის მმართველი პარტიისთვის, რადგან შემოდგომაზე პოლონეთში დაძაბული საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

„ეს იქნება გააფთრებული ბრძოლა, როდესაც მმართველი კონსერვატიული პარტია - „კანონი და სამართლიანობა“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2015 წლიდან, ნამდვილი გამოწვევის წინაშე პირველად დადგება. ბოლო წლებში, პარტიამ პოლიტიკურ წარმატებას სოფლის გულის მოგებით მიაღწია, ხშირად ევროკავშირის გულუხვი შეთავაზებით - რეგიონალური თუ სოფლის მეურნეობის ფონდების სახით. სხვა სიტყვებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერები, როგორც პოლონური საარჩევნო მარათონის ქვაკუთხედი - კმაყოფილი იყვნენ“, - ამბობს იოზვიაკი.

იმპორტის აკრძალვამ ექსპერტებისთვის გამოაჩინა ბზარი, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა უფრო გაღრმავდეს.

პოლონეთი ყველაზე მონდომებით აქტიურობს, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი და ახლო მომავალში დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებებიც, თუმცა, როგორც რიკარდ იოზვიაკი შენიშნავს, ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რომლებიც დიდი ხანია ჩართული არიან ევროკავშირის გაფართოების პროცესში, შიშობენ, რომ სამომავლოდ „ვარშავა შესაძლოა სულ უფრო ნაკლებად სასარგებლო გახდეს [უკრაინისთვის], რაც უფრო მეტად მიუახლოვდება უკრაინა ევროკავშირს“. მიზეზი კონკურენციიაა, რაც, მაგალითად, გერმანიის მხრიდან გარანტიების მოთხოვნით გამოიხატა, ევროკავშირში თავად პოლონეთის გაწევრიანების დროს (2004).

„არიან თუ არა მზად პოლონეთი და ევროკავშირის წევრი სხვა შედარებით ღარიბი ქვეყნები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რომ უარი თქვან პრივილეგიებზე უკრაინის - უფრო მსხვილი და ღარიბი ქვეყნის - გამო, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება ესაჭიროება? მზად არიან თუ არა ისინი, რომ გახდნენ ევროკავშირის ბიუჯეტში შემტანები, მაშინ, როდესაც ათწლეულები - [ფინანსების] მხოლოდ მიმღებები იყვნენ და ახლა დიდი ფული უკრაინის რეგიონებს და ფერმერებს უნდა გადაეცეთ?“, - შეკითხვას სვამს იოზვიაკი. ის ფიქრობს, რომ იმპორტის აკრძალვა შესაძლოა ჩაითვალოს მომავალი „ბრძოლების“ პირველ ნიშნად.

რამ წარმოშვა პრობლემა?

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და შავი ზღვის ბლოკირების შემდეგ, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა უკრაინული მარცვლეულის იმპორტს ადრინდელი მარშრუტებით.

მყიფეა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით რუსეთთან მიღწეული შეთანხმება, პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის შავი ზღვის გავლით გატანის შესახებ, რუსეთის მხრიდან მისი შეჩერების მუდმივი საფრთხისა და გადაზიდვის ტემპების ხელოვნურად დაგდების გამო.

იმპორტის შეფერხების თავიდან ასარიდებლად, შარშან, ევროკავშირმა უკრაინული პროდუქცია გადასახადებისა და კვოტებისგან გაათავისუფლა; რათა ევროპული ქვეყნების, ძირითადად - პოლონეთისა და უნგრეთის გავლით - გატანილიყო მსოფლიოს ქვეყნებში. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, პროდუქციის დიდი წილი ევროკავშირში რჩებოდა, ბაზრები იაფი პროდუქციით გაჯერდა და ადგილობრივი ფერმერები მასთან კონკურენციას ვეღარ ახერხებენ.

გასულ თვეში, პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა მოუწოდეს ევროკავშირს, რომ გადაედგა ქმედითი ნაბიჯები უკრაინული პროდუქციის მოზღვავების წინააღმდეგ. ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა უკრაინისთვის გაუქმებული ტარიფების აღდგენა.

15 აპრილს, როდესაც პოლონეთის გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, ნიკოლაი სოლსკიმ უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ კიევს კარგად ესმის პოლონელი ფერმერების წუხილი, მაგრამ „ყველამ იცის, რომ დღეს ყველაზე უარეს დღეში უკრაინელი ფერმერები არიან“.

„იმედი გვაქვს, რომ შევთანხმდებით იმ მჭიდრო, ახლო და მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც ჩვენ [უკრაინასა და პოლონეთს] გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში“, - განაცხადა სოლსკიმ.

უკრაინული იმპორტის დროებით შეზღუდვის გადაწყვეტილება, პოლონეთის მსგავსად, უნგრეთმაც 15 აპრილს გამოაცხადა. ხოლო სლოვაკეთის მიერ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ უკრაინული მედია 17 აპრილს იტყობინებოდა. ორივე შემთხვევაში ლაპარაკია მარცვლეულისა და სხვა სასურსათო პროდუქციის შესახებ.

უნგრეთისა და სლოვაკეთის შემთხვევაში ბოლომდე დაზუსტებული სიები ჯერჯერობით არ იძებნება.

როგორ შეიძლება დამთავრდეს ეს პროცესი?

ევროკომისიამ უკვე განაცხადა, რომ დაუშვებელია წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებებს ცალმხრივად და შეუთანხმებლად იღებდნენ, მაშინ, როცა „სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა“.

„ასეთ რთულ დროს ყველა გადაწყვეტილების კოორდინირება და შეთანხმება უნდა მოხდეს ევროკავშირის ფარგლებში“, - წერია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„როიტერსი“ ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკომისია აპირებს იმპორტის აკრძალვის საკითხის ძირეულ განხილვას.

„წესების დარღვევისთვის“, ბუდაპეშტისა და ვარშავის საქმე შესაძლოა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს (ECJ) გადაეცეს და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყნებს ყოველდღიური მაღალი ჯარიმებიც დაუწესდეთ; მაგრამ რიკარდ იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ეს პროცესი ხანმოკლე არ არის, თვეებს მოითხოვს და აზრსაც კარგავს, იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტის აკრძალვა პოლონეთმა და უნგრეთმა მხოლოდ 2023 წლის ივნისის ბოლომდე დააწესეს.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ევროპული ქვეყნები ახლა ევროკავშირისგან მეტ დახმარებაზე, კომპენსაციაზე ამყარებენ იმედებს.

მარტში, ევროკომისიამ, უპირატესად - პოლონელ, რუმინელ და ბულგარელ „დაზარალებულ ფერმერებს“, კომპენსაციის სახით 56,3 მილიონი ევრო გამოუყო და მზადდება უფრო მსხვილი პაკეტებიც.

ევროკომისიის წარმომადგენელმა, მირიამ ფერერმა 17 აპრილს დამატებით განაცხადა, რომ ბრიუსელის მიზანია როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებისთვის მისაღები გადაწყვეტილების გამოძებნა და, შესაბამისად, დაწყებულია კომუნიკაცია ყველა მხარესთან.

ევროკომისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ყველა ერთობლივი ძალებით უნდა შეეცადოს იმ სიძნელეების დაძლევას, რომლებიც ომმა მოიტანა და არავის მიზანი არ არის „სირთულეები შეუქმნას ევროკავშირის მოსახლეობას“. რაც შეეხება ფერმერების დახმარების მომდევნო პაკეტს, „რამდენიმე დღის განმავლობაში“ გამოცხადდება.

რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები ოთხშაბათს იმსჯელებენ უკრაინული ექსპორტისთვის შარშან დაწესებული სქემის შესაძლო გაგრძელების საკითხზე - რომელიც გადასახადებიდან და კვოტებიდან კიდევ ერთი წლით გათავისუფლებას გულისხმობს.

ვაჭრობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა არა სრული კონსენსუსი, არამედ ხმათა კვალიფიციური უმრავლესობა, რაც ქვეყნების 55%-ს (27-დან დაახლოებით 15 ქვეყანა) უტოლდება, ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ის შემადგენლობით. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე - შვედეთი იმედოვნებს, რომ მხარდამჭერთა საჭირო რაოდენობა მოგროვდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG