Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და პოლონეთი მარცვლეულის ტრანზიტზე შეთანხმდნენ


სატვირთო მანქანა მარცვლეულის მოსავლის აღებისას. უკრაინა, ოდესის რეგიონი. 2022 წლის ივლისი
სატვირთო მანქანა მარცვლეულის მოსავლის აღებისას. უკრაინა, ოდესის რეგიონი. 2022 წლის ივლისი

უკრაინისა და პოლონეთის მთავრობები ვარშავაში გამართულ მოლაპარაკებებზე პოლონეთის ტერიტორიის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის განახლებაზე შეთანხმდნენ, ტრანზიტი 22 აპრილიდან განახლდება.

15 აპრილს პოლონეთმა და უნგრეთმა გამოაცხადეს, რომ დროებით, სულ მცირე 30 ივნისამდე, კრძალავენ უკრაინიდან მარცვლეულისა და ათობით საკვები პროდუქტის, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულის, ღვინის, საქონლისა და ხბოს ხორცის, ფრინველის, კვერცხისა და რძის პროდუქტების იმპორტს. პოლონეთის ხელისუფლებამ ეს "მოქალაქეების ინტერესების დაცვით" ახსნა, უნგრეთმა - "ადგილობრივი სოფლის მეურნეობის სექტორის დაცვის აუცილებლობით".

გადაწყვეტილება დაგმო ევროკომისიამ და მათი დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა. ორშაბათს სლოვაკეთის ხელისუფლებამაც შეაჩერა უკრაინიდან მარცვლეულის და რიგი საკვები პროდუქტების იმპორტი.

2022 წლის მაისში ევროკავშირმა უკრაინას, როგორც ომში მყოფ ქვეყანას, ეკონომიკის მხარდასაჭერად ერთი წლით გააუქმა იმპორტზე გადასახადი და კვოტები. ვარაუდობდნენ, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი ნაწილი პოლონეთისა და სხვა სასაზღვრო ქვეყნების გავლით გაიგზავნებოდა შემდგომ მომხმარებლებზე, მათ შორის აზიასა და აფრიკაში. თუმცა, რეალურად, გამოჩნდა, რომ დიდი რაოდენობით უკრაინული პროდუქცია პოლონეთში, უნგრეთსა და რუმინეთში რჩებოდა.

გადასახადების გაუქმების გამო იაფი უკრაინული პროდუქციის შედინებამ განაპირობა ის, რომ მკვეთრად შემცირდა ადგილობრივი საქონლის კონკურენტუნარიანობა. ამან უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების, მათ შორის პოლონეთისა და უნგრეთის ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG