ევროკომისიის განცხადებით, მიუღებელია პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილება უკრაინული ხორბლის იმპორტის დროებითი შეჩერების თაობაზე.
ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და ამიტომ ერთმხრივი გადაწყვეტილებები მიუღებელია“:
„ასეთ რთულ დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილების კოორდინირება და შეთანხმება მოხდეს ევროკავშირის ფარგლებში“, - ვკითხულობთ ევროკომისიის განცხადებაში.
16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა.
თუმცა, პოლონეთის ლიდერებმა დასძინეს, რომ ეს საკითხი არ აისახება უკრაინის მიმართ მათ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე.
პოლონეთის მმართველი კანონისა და სამართლიანობის პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთის სოფლები კრიზისის წინაშე დგანან და მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას, იგი იძულებული გახდა ფერმერების დასაცავად ემოქმედა.
ამავდროულად, უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ.
ვარშავამ და ბუდაპეშტმა განაცხადეს, რომ აკრძალვა ძალაში 30 ივნისამდე დარჩება.