Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რას ედავება ხელისუფლება პეტრო პოროშენკოს და მის უფროს შვილს და რა შუაშია არჩევნები?

რას ედავება ხელისუფლება პეტრო პოროშენკოს და მის უფროს შვილს და რა შუაშია არჩევნები?


ოლექსი პოროშენკო (მარცხნივ) და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკო - ფოტოილუსტრაცია
ოლექსი პოროშენკო (მარცხნივ) და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკო - ფოტოილუსტრაცია

29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთელი ქონება დაუყადაღეს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს უფროს ვაჟს ოლექსი პოროშენკოს, რომელმაც უარი თქვა გადაეხადა სამხედრო სამსახურიდან თავის არიდებისთვის დაწესებული 56 ათასი ჰრივნის (დაახლოებით 1328 $) ოდენობის ჯარიმა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ოლექსი პოროშენკო, რომელმაც 2014 წელს გაიარა სამხედრო სამსახური ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, 2019 წლიდან კანონიერად იყო მოხსნილი ყოველგვარი (საპასპორტო, სამხედრო და საგადასახადო) აღრიცხვიდან და მას არ ეხებოდა კომპლექტაციის ტერიტორიულ ცენტრში (ყოფილ სამხედრო კომისარიატში) გამოძახება.

პეტრო პოროშენკოს თანაპარტიელებმა ოლექსის დევნაში დაადანაშაულეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი, რომელიც, მათი თქმით, კომპლექტაციის ტერიტორიულ ცენტრებს „ოპოზიციაზე პოლიტიკური ზეწოლისათვის იყენებს“.

30 იანვარს კი, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის მომხრეებს უკრაინის მმართველი ძალის პოლიტიკური ოპონენტების დევნაში დადანაშაულების ახალი საბაბი მიეცათ. უკრაინის ვერხოვნა რადის სარეგლამენტო კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით, პარლამენტის სხდომებზე დასწრება აუკრძალა ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერ პეტრო პოროშენკოს, რომელმაც პირად საუბარში ვითომცდა შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის დეპუტატ ბოჰდან იარემენკოს.

ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა, დეპუტატმა ოლექსი ჰონჩარენკომ კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას „ოპოზიციის დაუფარავი დევნა“ უწოდა და მმართველი ძალა სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა.

ანტიტერორისტული ოპერაციის nom de guerre

უკრაინის მე-5 პრეზიდენტის უფროსი ვაჟი ოლექსი პოროშენკო 40 წლისაა და მას უკრაინის კანონით ეკუთვნის სამხედრო სამსახურის გავლა. როგორც უკრაინელი ჟურნალისტები არაერთხელ წერდნენ, პოროშენკო უმცროსი ამჟამად ბრიტანეთში სამუშაოდ იმყოფება და ამის გამო მრავალი წლის განმავლობაში თავს არიდებდა სამხედრო სამსახურს.

2024 წელს ოლექსი პოროშენკოზე გამოცხადდა ძებნა კომპლექტაციის ტერიტორიულ ცენტრში გამოუცხადებლობისთვის და 25 ათასი ჰრივნით დააჯარიმეს. იმავე ქმედების განმეორებისთვის, უკრაინული მედიის ცნობით, ფულადი ჯარიმა ორჯერ გაიზარდა და 29 იანვრისათვის ოლექსი პოროშენკოს მთელი ქონებაც დაყადაღდა.

ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ოლექსი პოროშენკოს ადვოკატმა. იჰორ ჰოლოვანი აცხადებს, რომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის ვაჟს არათუ თავი არასოდეს არ აურიდებია სამხედრო მოვალეობისათვის, არამედ 2014 წელს, როდესაც ვერხოვნა რადის დეპუტატი იყო, ოლექსი პოროშენკო პრორუსული ძალების წინააღმდეგ მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში (ატო) მოხალისედ იბრძოდა.

„ყველაზე მძიმე დღეებში, 2014 წლის ივლისში, მეხუთე პრეზიდენტის შვილი ოლექსი პოროშენკო ატო-ში მოხალისედ წავიდა და კრამატორსკთან ახლოს ნაღმმტყორცნელთა ჯგუფის მეთაურად მსახურობდა. რათა შვილის ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში შემცირებულიყო უკრაინის მეხუთე პრეზიდენტზე რუსების მხრიდან ზეწოლის რისკი, ოლექსი მსახურობდა სხვა გვარით (ე.წ. nom de guerre), რაც მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა“, - წერს ადვოკატი ჰოლოვანი თავის ფეისბუკში.

2019 წელს საპარლამენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, უმცროსმა ლეიტენანტმა ოლექსი პოროშენკომ კონტრაქტი უცხოურ კომპანიასთან გააფორმა და სამუშაოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა.

„ამის გამო დაახლოებით 5 წლის წინ, ის კანონით დადგენილი ნორმების დაცვით მოიხსნა ყოველგვარი - სამხედრო, საგადასახადო და საპასპორტო - აღრიცხვიდან. მისი ოფიცრის მოწმობა შესანახად გადაეცა კიევის პეჩორის რაიონის კომპლექტაციის ტერიტორიულ ცენტრს. ყოველგვარი აღრიცხვიდან მოხსნის ცნობაც წარმოდგენილია“, - წერს ადვოკატი ჰოლოვანი.

მალევე ცნობილი გახდა, რომ ოლექსი პოროშენკოს დაცვის მხარემ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა ისე, რომ არ უღიარებია მისი მხრიდან რაიმე დანაშაული. „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით კი, პოროშენკოს ოპონენტები ფიქრობენ, რომ ჯარიმის გადახდამ დაადასტურა, რომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის ვაჟი მართლაც არიდებდა თავს სამხედრო სამსახურს.

„დაუყოვნებლად იქნება მიღებული იურიდიული ზომები, რათა მოიხსნას ყადაღა (ო. პოროშენკოს) ანგარიშებიდან, შეწყდეს დაწყებული საქმის წარმოება და მომავალში გაუქმდეს თავად უკანონო ჯარიმაც“, - აცხადებს იჰორ ჰოლოვანი, რომელმაც უკრაინის ხელისუფლების წევრებს მოუწოდა, რომ ასეთივე პრინციპულობით მათ სხვა მაღალჩინოსნების შვილების სამხედრო ვალდებულების საკითხიც შეისწავლონ.

"მისი დაჯარიმება ძალიან სასაცილოა"

დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ შორის უკრაინელი პოლიტოლოგი ევჰენ მაგდა, ოლექსი პოროშენკოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ხელისუფლების მთავარი ოპონენტის, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსადმი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

„რაც შეეხება პოროშენკოს შვილს, ოლექსი პოროშენკოს, ის მართლა მონაწილეობდა ანტიტერორისტულ ოპერაციაში, მაგრამ 2019 წლიდან, ანუ ხელისუფლებაში ვოლოდიმირ ზელენსკის მოსვლის შემდეგ, ის საზღვარგარეთ იმყოფება. ოლექსი არის ერთ-ერთი იმ ათეულ, თუ ასეულათასობით უკრაინელ მამაკაცს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. ამიტომ მისი დაჯარიმება ძალიან სასაცილოა. პოროშენკოს ოჯახისათვის ჯარიმის გადახდა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ უკრაინის ხელისუფლებას უნდა წარმოადგინოს ეს, როგორც პოროშენკოს უფროსი შვილის მიერ სამშობლოს დაცვაზე უარის თქმა. გასაგებია, რომ სიტუაცია ხელისუფლებისთვის ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება. მაგრამ იქნებ გაიხსენონ ცნობილი გამოთქმა, რომ შვილი მამის საქციელზე პასუხს არ აგებს?!“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

გასული წლის ბოლოს პეტრო პოროშენკომ მკაცრად გაილაშქრა მმართველი ძალის მიერ გამოცხადებული „იძულებითი მობილიზაციის“ სისტემის წინააღმდეგ და მას არაეფექტიანი და საკუთარი თავის მადისკრედიტირებელი უწოდა.

პოროშენკომ ასეთი იძულებით მობილიზაციის მანკიერი შედეგი უწოდა ცალკეული სამხედრო ბრიგადებიდან ათასობით ჯარისკაცის დეზერტირობას, რასაც უკრაინის ზოგიერთი ელიტური სამხედრო ნაწილიც ვერ გადაურჩა.

საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეს გამოცხადდა და მას შემდეგ მათი მოქმედება რამდენჯერმე გაგრძელდა.

გასული წლის ოქტომბერში უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა ზოგადი კანონი, რომელიც 25 წლამდე ასაკის უკრაინელების მობილიზაციისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
მაგრამ ვერხოვნა რადის მიერ მიღებული კანონი (ნომერი 11379-d) არ ითვალისწინებს იმ მოქალაქეების დემობილიზაციას, რომლებიც უკვე მობილიზებულნი არიან შეიარაღებულ ძალებში წინა საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კი მიიჩნევს, რომ საჭიროა გატარდეს დემობილიზაცია, შეიქმნას სამსახურის „ნორმალური პირობები“ და შეიცვალოს სამხედრო სამსახურის მოტივაცია.

"ხელისუფლება კიევიდან გაიქცა"

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა და საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერმა პეტრო პოროშენკომ ახალი წლის შუა რიცხვებში ძალიან გააბრაზა ხელისუფლება და მმართველი ძალის სახალხო დეპუტატები, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის პირველ დღეებში კიევიდან მინისტრების, დეპუტატებისა და ასევე საკანონმდებლო ორგანოთა ხელმძღვანელობის 75% გაიქცაო.

„ხელისუფლება არ არის მხოლოდ ზელენსკი. ხელისუფლება ესაა მთავრობის 75%, მინისტრები, რომლებიც კიევში არ იმყოფებოდნენ... ზელენსკი კიევში იმყოფებოდა, მე ის ვნახე. მაგრამ მინისტრების 75% კიევის გარეთ იყო, რაც დანაშაულია. კიევში ვიყავი და კატეგორიულად ვაპროტესტებდი, რომ საპარლამენტო შეხვედრები ვერხოვნა რადის შენობის გარეთ გაგვემართა. მაგრამ დეპუტატების 75% ან დასავლეთ უკრაინიდან, ან საზღვარგარეთიდან მოდიოდნენ სესიებზე. და დეპუტატებისთვის არსებობდა სპეციალური მატარებლები, რომლებსაც დეპუტატები სხდომაზე მოჰყავდათ და შემდეგ დაუყოვნებლივ მიჰყავდათ. ესაა ხელისუფლება და ეს ხელისუფლება გაიქცა“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ უკრაინულ ტელეკომპანია „სუსპილნესთან“ ინტერვიუში.

ამ ინტერვიუდან მეორე დღეს პოროშენკომ ვერხოვნა რადის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის „უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით“ მას კვლავ არ მისცეს უკრაინის დატოვებისა და საზღვარგარეთ მივლინებით გამგზავრების უფლება.

30 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ ვერხოვნა რადის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით (6 მომხრე და 1 წინააღმდეგი) 5 თვით აუკრძალა პარლამენტის სხდომებზე დასწრება პეტრო პოროშენკოს.

ამის მიზეზი გახდა მმართველი პარტიის დეპუტატ ბოჰდან იარემენკოსათვის პირად საუბარში მიყენებული შეურაცხყოფა. როგორც უკრაინული მედია წერს, საქმე ეხება გასული წლის 19 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას, რომლის დროსაც პოროშენკომ სამ ასოზე გაგზავნა მმართველი პარტიის სახალხო დეპუტატი.

„ვფიქრობ, სიტუაცია უნდა განვიხილოთ კონტექსტში, რომ პარლამენტის რეგლამენტის კომიტეტმა რეკომენდაციით მიმართა ვერხოვნა რადას, რომ ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი, პეტრო პოროშენკო ჩამოაშოროს პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას ამა წლის თებერვლიდან - აგვისტომდე. ხელისუფლებას ეშინია პოროშენკოსი არა იმიტომ, რომ მას აქვს შანსი კვლავ გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ იმიტომ, რომ დღეისათვის ის, ალბათ, ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია“, - ამბობს ევჰენ მაგდა.

რეგლამენტის საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებას ოპონენტის დაუფარავი დევნა უწოდა პოროშენკოს თანაპარტიელმა, ოლექსი ჰონჩარენკომ.

„ეს გადაწყვეტილება შეიძლება ძალიან ცუდ ისტორიად იქცეს. თქვენ ახლა ზიანს აყენებთ არა ცალკეულ პოლიტიკოსს, თქვენ ზიანს აყენებთ მთელ ქვეყანას“, - გააფრთხილა ჰონჩარენკომ ის კოლეგა დეპუტატები, რომლებმაც პოროშენკოს სანქცირებას დაუჭრეს მხარი.

მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრ ბოჰდან იარემენკოს კომიტეტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმი“ წერს, საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივას კენჭი უნდა უყაროს ვერხოვნა რადის სხდომამ, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, დაესწრება თუ არა სხდომებს მომდევნო ხუთი თვით უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

  • გასული წლის გაზაფხულზე უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კვლავ აპირებს სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის კენჭისყრას. ამასთან, პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ამისთვის საჭიროა, დაველოდოთ რუსეთთან ომის დასრულებას.
  • პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი იყო 2014-2019 წლებში. უკანასკნელ არჩევნებში, რომელიც 2019 წელს გაიმართა, მისი მეტოქე იყო ვოლოდიმირ ზელენსკი. მაშინ ორივე კანდიდატმა მიაღწია მეორე ტურს და შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 75%-ზე მეტმა მისცა ხმა, პოროშენკოს კი - 24%-ზე ოდნავ მეტმა.
  • ადრე ზელენსკის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმაც განაცხადა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს იყაროს კენჭი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG