უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კვლავ აპირებს სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის კენჭისყრას. ამის შესახებ პოროშენკომ ისაუბრა ტელეარხ Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ამასთან, პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ამისთვის საჭიროა, დაველოდოთ რუსეთთან ომის დასრულებას.
„დიახ, ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ ამ არჩევნებისთვის გამარჯვება გვჭირდება“, - აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შემთხვევაში ის ევროპარლამენტის დეპუტატობისთვის იყრის კენჭს.
უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე Fox News-თან საუბარში თქვა, რომ ისურვებდა, საპრეზიდენტო არჩევნები გეგმის მიხედვით გამართულიყო 2024 წლის მარტის ბოლოს. ზელენსკის თქმით, ომის პირობებში ძალზე რთულია ყველა მოქალაქის კენჭისყრის ორგანიზება, ამიტომ არჩევნები ჩატარდება საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ.
პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი იყო 2014-2019 წლებში. უკანასკნელ არჩევნებში, რომელიც 2019 წელს გაიმართა, მისი მეტოქე იყო ვოლოდიმირ ზელენსკი. მაშინ ორივე კანდიდატმა მიაღწია მეორე ტურს და შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 75%-ზე მეტმა მისცა ხმა, პოროშენკოს კი - 24%-ზე ოდნავ მეტმა.
ადრე ზელენსკის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმაც განაცხადა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს იყაროს კენჭი.