პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე (2025 წლის 18 მაისი) ორი თვით ადრე, დიდი ცვლილებები ხდება. თუ ერთი თვის წინ ისე ჩანდა, რომ პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატები იყვნენ ვარშავის მერი, პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ თავმჯდომარის მოადგილე (კოალიციის წამყვანი პარტია), რაფალ ტშასკოვსკი და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) ხელმძღვანელი, კაროლ ნავროცკი, რომელსაც მხარს უჭერს მთავარი ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართალი“, ახლა საარჩევნო რბოლაში გამოჩნდა მესამე კანდიდატი - როგორც პოლონეთში ამბობენ, „სწორედ ის მესამე“, რომელმაც მოსვენება დაუკარგა პირველ ორს როგორც ანტიუკრაინული განცხადებებით, ასევე მზარდი რეიტინგითა და მეორე ტურში გადასვლის პერსპექტივით.
სწორედ ასე მონათლეს პუბლიცისტებმა სლავომირ მენცენი - ულტრაკონსერვატიული და ანტიუკრაინული პარტიის, „კონფედერაციის“ კანდიდატი. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (CBOS) ბოლო გამოკითხვის თანახმად, მენცენი მხოლოდ 2%-ით ჩამორჩება კაროლ ნავროცკის.
მენცენის მხარდაჭერის დონე ყოველთვიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, მისი რეიტინგი 21%-ა, ნავროცკისა - 23%, ხოლო საპრეზიდენტო რბოლის ლიდერს, რაფალ ტშასოვსკის 35% აქვს. რამდენად დიდია ულტრამემარჯვენე მენცენის არჩევნების მეორე ტურში გასვლის შანსი და რამდენად რადიკალურად შეიძლება შეცვალოს ამან პოლონეთის პოლიტიკური ლანდშაფტი?
"პრორუსი პოლიტიკოსი პოლონური პასპორტით"
სლავომირ მენცენი შეიძლება ახალგაზრდა პოლიტიკოსად ჩაითვალოს - ის 38 წლისაა. აქვს მცირე პოლიტიკური გამოცდილება, პოლონეთის სეიმის წევრი და „კონფედერაციის“ თანათავმჯდომარეა. გარდა ამისა, მენცენი მეწარმე და საგადასახადო კონსულტანტია. 2020 წელს მან დაიწყო საკუთარი ლუდის წარმოება Mentzen Brewery-ის ბრენდით, ხოლო ერთი წლის შემდეგ დააარსა საგადასახადო ფირმა Kancelaria Mentzen. მენცენი თავის კამპანიაში დიდ აქცენტს აკეთებს ეკონომიკურ კომპონენტზე, კერძოდ, ის მხარს უჭერს გადასახადების შემცირებას. ამომრჩევლებთან შეხვედრებისას, როცა მენცენი პატარა ქალაქებს სტუმრობს, ის ხაზს უსვამს, რომ პოლონეთს აქვს ყველაზე რთული საგადასახადო სისტემა აქვს ევროპაში და, რომ თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს, პირობას დებს, რომ გააუქმებს მემკვიდრეობისა და უძრავი ქონების გადასახადებს. მენცენი ასევე ჰპირდება შეღავათებს იმ პოლონელებს, რომლებსაც იპოთეკა აქვთ. მენცენის სიტყვებით, სრული აბსურდია პენსიაზე დარიცხული გადასახადი, რომელიც ასევე უნდა გაუქმდეს: „რატომ უნდა გადაიხადონ პენსიონერებმა გადასახადი იმ ფულზე, რომელიც ოდესღაც უკვე დაიბეგრა?“
სწორედ ეს დაპირებები (მათი განხორციელების მკაფიო პროგრამის გარეშე) იქცა მისი კამპანიის მამოძრავებელ ძალად. მენცენი ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში, რომლებსაც ესაუბრება მათ ენაზე და იმ პლატფორმებზე, რომლებსაც ისინი იყენებენ. ასე რომ, მენცენი პოპულარულია TikTok-ზე და მისი ვიდეოები მყისიერად გავრცელდა ქსელში. კვლევითი ცენტრი Res Futura-ს ინფორმაციით, „კონფედერაციის“ საპრეზიდენტო კანდიდატი სოციალურ ქსელებში უდავო ლიდერია.
მენცენი მხარს უჭერს კიევისთვის ყოველგვარი დახმარების შეწყვეტას. „ამჟამად ჩვენ უკრაინაში ვაგზავნით იარაღს, ფულს, სოციალურ სერვისებს, პოლონეთში უფასოდ ვმკურნალობთ უკრაინელებს ისე, რომ მათ ჯანდაცვის ეროვნულ ფონდში შენატანების გადახდაც კი არ უწევთ, ხოლო პოლონელებს ყოველივე ამის გაკეთება უწევთ. სანაცვლოდ ვიღებთ ცილისწამებას. გვაყენებენ შეურაცხყოფას და აბსოლუტურად არანაირ მადლიერებას არ გამოხატავენ. ეს არანაირად არ არის პარტნიორული ურთიერთობა. დოყლაპიებად მივაჩნივართ“.
მიუხედავად ანტიუკრაინული განწყობების ზრდისა, რასაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც მოწმობს, პოლონეთში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია მისცეს თავს უფლება, რუსეთს ეკურკუროს. პოლონეთის სახელმწიფოს ინტერესებში შედის ძლიერი უკრაინა, რომელსაც შეუძლია საკადრისი პასუხი გასცეს რუსეთს. ამ საკითხში პოლონეთის მთავარ პარტიებს შორის ერთიანობა სუფევს.
პოლონელი პოლიტიკოსი უპირველეს ყოვლისა პოლონეთის ინტერესებზე უნდა ზრუნავდეს
„პოლონელი პოლიტიკოსი უპირველეს ყოვლისა პოლონეთის ინტერესებზე უნდა ზრუნავდეს. ჩვენს ინტერესებშია, რომ რუსეთი არ მოუახლოვდეს ჩვენს საზღვრებს და დიახ, ჩვენს ინტერესებშია, რომ უკრაინა თავს იცავდეს რუსეთისგან, ამიტომ არის, რომ პოლონელები ეხმარებიან უკრაინას. სხვათა შორის, შექმნილ ვითარებაში შეიძლებოდა პოლონელებისთვის მნიშვნელოვან ბევრ რამეზე შეთანხმება - მაგალითად, წერტილი დასმოდა ბანდერას კულტს უკრაინაში, გვეიძულებინა უკრაინა დათანხმებულიყო ვოლინის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ექსჰუმაციას ან ეკონომიკურ დათმობებს“, - აცხადებს მენცენი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მესამე წლისთავზე მენცენი ჩავიდა ლვოვში, სადაც მან, „კონფედერაციის“ რიგებიდან ევროპარლამენტის წევრ ანა ბრილკასთან ერთად ჩაწერა ვიდეო სტეპან ბანდერას ძეგლთან. ამ ჩანაწერში მენცენმა განაცხადა, რომ ბანდერა „ტერორისტია, რომელსაც მეორე რეჩ პოსპოლიტის დროს პოლონურმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა პოლონელების მკვლელობისთვის“. "შემდეგ [სტეპან ბანდერამ] დააარსა უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ვოლინის ხოცვა-ჟლეტაზე. მისმა ხალხმა დახოცა 100 000 პოლონელი", - დასძინა პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა.
სლავომირ მენცენის ამ განცხადებას გამოეხმაურა ლვოვის მერი ანდრეი სადოვი, რომელმაც მენცენს უწოდა "პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი პოლონური პასპორტით".
„უნდა შევამოწმოთ, აქვს თუ არა უკრაინაში შემოსვლის ნებართვა“, - დაწერა მოგვიანებით ლვოვის მერმა.
ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ჯ.დ. ვენსს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების კომენტირებისას მენცენმა მხარი დაუჭირა ამერიკის ადმინისტრაციას და თქვა, რომ ზელენსკის ინტერესებში იყო "სიმშვიდის შენარჩუნება და წონასწორობის დაცვა", მაგრამ, მენცენის აზრით, სწორედ ეს არ გამოუვიდა უკრაინის პრეზიდენტს. „აშკარაა, ტრამპმა და ვენსმა ცოტაოდენი პროვოცირება მოახდინეს და, სამწუხაროდ, მიზანსაც მიაღწიეს. ზელენსკიმ ვერ გაუძლო. ეს იყო მისი დამარცხება”, - თქვა მენცენმა.
უკრაინას დახმარება სჭირდება, ასე რომ, სანაცვლოდაც გასცენ რამე
„ტრამპმა მთელს მსოფლიოს აჩვენა, როგორ უნდა ელაპარაკოს ზელენსკის. ბოლო სამი წელია, ზელენსკი დადის მთელს მსოფლიოში და წარმატებით უჩუყებს გულს ყველას, ტრამპმა კი მოულოდნელად თქვა: "ჰეი, კი მაგრამ, მე რას მივიღებ?" უკრაინას დახმარება სჭირდება, ასე რომ, სანაცვლოდაც გასცენ რამე“, - მიაჩნია მენცენს.
პოლონელი მემარჯვენეები დიდ იმედებს ამყარებენ დონალდ ტრამპის პოლონეთში ვიზიტზე, რომელიც დაგეგმილია 2025 წლის პირველ ნახევარში და შეიძლება შედგეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე, ანუ 18 მაისამდე. საქმე თავად ტრამპშიც კი არაა, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეხვდება სლავომირ მენცენს, არამედ მის მოკავშირე ელონ მასკშია. მულტიმილიარდერი ადრეც გამოხატავდა მხარდაჭერას ევროპაში მემარჯვენე პოპულისტური ძალების, მათ შორის „ალტერნატივა გერმანიისათვის“ მიმართ. „კონფედერაციის“ დეპუტატმა პჟემისლავ ვიპლერმა პოდკასტ Rzeczpospolita-ში განაცხადა, რომ არ უნდა გამოირიცხოს მასკის შეხვედრა პოლონელ მემარჯვენეებთან.
პოლონეთის პოლიტიკის კონფედერალიზაცია
მენცენისა და „კონფედერაციის“ ამომრჩევლებმა შესაძლოა მომავალი არჩევნების შედეგი განსაზღვრონ. ამიტომ, პოლონეთის ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის - „სამოქალაქო კოალიციისა“ და „კანონისა და სამართლიანობის“ - კანდიდატებს თავიანთ კამპანიებში ცვლილებები შეაქვთ მენცენის ამომრჩევლების პრეფერენციების გათვალისწინებით. აცნობიერებენ, რომ მეორე ტურში მათ მოუწევთ ბრძოლა ულტრამემარჯვენე ელექტორატის ხმებისათვის, ტშასკოვსკიც და ნავროცკიც, ღიად არ აკრიტიკებენ და არ ესხმიან თავს მენცენს.
კაროლ ნავროცკისთვის გაცილებით იოლია თავისი კამპანიის მორგება ამ საჭიროებებზე. ბოლო დღეებში ნავროცკი გამოვიდა კიდეც შენიღბული ინიციატივით, რომლის მიხედვითაც, პოლონეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს უნდა შეეზღუდოთ ჯანდაცვის სისტემაზე წვდომა, რადგან, მისი თქმით, სწორედ უკრაინელების გამოა გაჩენილი დიდი რიგები ჯანდაცვის სისტემაში. მან ასევე განაცხადა, რომ სიამოვნებით შეამცირებდა გადასახადებს მენცენთან ერთად.
ყველაზე დიდი ხმაური კი გამოიწვია ნავროცკის განცხადებამ ვაქცინაციის შესახებ, რომლითაც მან აშკარად სცადა "კონფედერაციის" ამომრჩეველთა გულის მოგება: "მე წინააღმდეგი ვარ სავალდებულო ვაქცინაციის, განსაკუთრებით ზრდასრულებში, თუმცა ასევე ბავშვებშიც, გარდა მხოლოდ იმ დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც საერთო საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას". ასეთ დაავადებებს შორის მან დაასახელა პოლიომიელიტი, თუმცა დაავადების სახელი შეცდომით წარმოთქვა.
„კანონისა და სამართლიანობის“ კანდიდატი "ლაპარაკობს ამ თემაზე და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საყოველთაო ვაქცინაციის სისტემის მიმართ იმ დროს, როდესაც არ მიმდინარეობს დისკუსია ახალი ვაქცინის და პანდემიასთან ბრძოლაში მისი როლის შესახებ (...). მცირე პოლიტიკური სარგებლის მიზნით ის ლეგიტიმაციას უკეთებს შეთქმულების თეორიებს პოლიტიკურ მეინსტრიმში", - წერს პუბლიცისტი იაკუბ მაიმურეკი.
თუმცა, "კონფედერაციის" ამომრჩეველთა დევნაში ნავროცკის ყველაზე წარმატებული ნაბიჯი ანტიუკრაინულ განწყობებზე თამაში იყო. ნავროცკის სლოგანი - „უკრაინელები პოლონეთში ვერ უნდა ცხოვრობდნენ პოლონელებზე უკეთესად“ - ნოყიერ ნიადაგში მოხვდა. ნავროცკი უკრაინას ასევე ადანაშაულებს უმადურობასა და პოლონეთის მიმართ ცუდ დამოკიდებულებაშიც. ადრე მას ასევე ნათქვამი აქვს, რომ ვერ ხედავს უკრაინას ევროკავშირში ან ნატოში, ვიდრე კიევი პასუხს არ აგებს ვოლინის ტრაგედიაზე და არ გადაწყვეტს ამ დანაშაულის მსხვერპლთა ექსჰუმაციის საკითხს.
უკრაინელები პოლონეთში ვერ უნდა ცხოვრობდნენ პოლონელებზე უკეთესად
თუმცა, მზარდი ანტიუკრაინული განწყობის გამოყენებას მხოლოდ ნავროცკი როდი ჩქარობს. ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ, რომელიც ზოგადად პროგრესულ მემარცხენე-ლიბერალ პოლიტიკოსად მიიჩნევა, განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ლტოლვილებს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ეხმარება, ახლა საჭიროა „საღი მიდგომების“ გამოყენებაო. „ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ის შეცდომები, რომლებიც ოდესღაც დაუშვეს დასავლეთის სხვა ქვეყნებმა, მაგალითად, გერმანიამ ან შვედეთმა, სადაც უბრალოდ მომგებიანი იყო ჩასვლა სოციალური შეღავათების მისაღებად“, - თქვა ტშასკოვსკიმ. მან ასევე დასძინა, რომ მიგრაცია სახელმწიფოსთვის მომგებიანი უნდა იყოს, ამიტომ ყოველ ბავშვზე ყოველთვიური შემწეობის 800 ზლოტის (თითქმის 200 ევრო) გადახდა უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელები აქ „იმუშავებენ, იცხოვრებენ და გადასახადებს გადაიხდიან“.
ვარშავის მერის განცხადებას თავად მენცენიც გამოეხმაურა. „ის სწორ გზაზეა, მაგრამ ცოტა მეტი უნდა იმუშაოს, რომ „კონფედერაციაში“ მივიღოთ“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.
როგორც ბევრ სხვა დასავლურ ქვეყანაში, პოლიტიკური მეინსტრიმი პოლონეთშიც მარჯვნივ იხრება და მიმართავს ნარატივებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ რადიკალურად, ანდა სულაც აბსურდულად მიიჩნეოდა. და ის, რომ ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან ტშასკოვსკი და ნავროცკი, „კონფედერაციის“ კანდიდატის პოსტულატების ნორმალიზებას ახდენენ, სრულად ასახავს დროის სულისკვეთებას.
ფორუმი