Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ერთად, ერთი ახლოს - ოპოზიცია არჩევნების შემდეგ


ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში და ერთობლივი ბრიფინგი - 27 სექტემბერი, 2024 წელი.
ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში და ერთობლივი ბრიფინგი - 27 სექტემბერი, 2024 წელი.

ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებიდან, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, სამმა ერთობლივი შტაბი შექმნა, ერთი - მათგან დისტანციას ინარჩუნებს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები არჩევნების შემდეგ ერთად ჩნდებიან, მათ საერთო განცხადებები და საერთო გეგმა აქვთ. ამ კავშირში არ ჩანს ექსპრემიერი გიორგი გახარია - „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი.

  • რა ხდება პროევროპულ ოპოზიციაში და რა განსხვავებები იჩენს თავს?

პოლიტიკური ჯგუფების - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ - ლიდერებმა საზოგადოებას თავიანთი გეგმა 31 ოქტომბერს გააცნეს:

  • 4 ნოემბერს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება - სადაც საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებსაც წარუდგენენ;
  • ერთობლივი საპროტესტო მოძრაობის დაწყება - „გამარჯვების დასაბრუნებლად“ და ახალი არჩევნების ჩასატარებლად;
  • ინტერპარტიული კოალიციის ფორმატში მუშაობა - ძალების გასაერთიანებლად, საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაციით;
  • საარჩევნო დარღვევების საკითხზე მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან;
  • „ტოტალურად გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიების“ მოთხოვნა.

სამი ოპოზიციური ჯგუფის ლიდერები, ძირითადად, „ლელოს“ კოალიციის - „ძლიერი საქართველოს“ ოფისში ხვდებიან ერთმანეთს და 1 ნოემბერს აქვე მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

1 ნოემბერს დიპლომატებს სამი პოლიტიკური სუბიექტის - „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები შეხვდნენ. დიპლომატებმა შეხვედრა გამართეს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თემა: არჩევნების შედეგები და აღმოჩენილი დარღვევები იყო.

„“ქართული ოცნების” მძლავრ პროპაგანდისტულ მანქანასთან დაპირისპირება ცალ-ცალკე გაცილებით ძნელია, ვიდრე ერთობლივი ძალებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი და ამატებს ასევე, რომ - ძალების გაერთიანება პოლიტიკური გაერთიანებების შერწყმას არ ნიშნავს.

სამადაშვილი ხაზს უსვამს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო ასპარეზზე და აუცილებლად თვლის 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას.

„ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა არაფერს არ გამოიძიებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი და მეთოდოლოგია სცდება საქართველოს მასშტაბებს - ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსული ჰიბრიდული ომის იარაღი გამოიყენეს, არჩევნებში ჩარევის სახით და დემოკრატიულ ქვეყანაზე ზემოქმედების მიზნით. მხოლოდ საქართველოს ინტერესებში არ არის - რუსეთის ჩარევისა და მეთოდოლოგიის დადგენა. ეს არის ევროპული უსაფრთხოების გამოწვევა“, - ამბობს სამადაშვილი რადიო თავისუფლებასთან.

დისტანცია

საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნას სკეპტიკურად უყურებს სხვა პარტიების ლიდერებისგან განზე მდგომი გიორგი გახარია და ამის შესახებ საჯაროდ ამბობს.

გახარიას პარტიაში პირველი რიგის ამოცანად მიიჩნევენ ცესკოს ამომრჩევლების ბაზის ნეიტრალური პლატფორმისთვის გადაცემასა და გამოქვეყნებას - პერსონალური მონაცემების დაცვით.

პარტიის განმარტებით, ამ სიებში ამომრჩევლები საკუთარ თავს მოძებნიან იმავე პრინციპით - როგორც ეს ცესკოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა სიაშია შესაძლებელი და გამოჩნდება - თუკი რომელიმე ამომრჩევლის სახელით სხვადასხვა უბანზე მისცეს ხმა.

„გახარია საქართველოსთვის“ ცესკოსგან მონაცემების მისაღებად სასამართლოს მიმართავს.

გახარია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად არ ჩნდება.

მართალია, ის მივიდა მიტინგზე 28 ოქტომბერს, როცა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ხალხი რუსთაველზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იხმო, მაგრამ სცენაზე არ ასულა.

გიორგი გახარია არ მივიდა პრეზიდენტის სასახლეში - 27 ოქტომბერს, როცა პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

პრეზიდენტის სასახლეში 27 ოქტომბერს გამართულ შეხვედრებში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, დიმიტრი ცქიტიშვილი მონაწილეობდა და პრეზიდენტის მიმართვისას სხვებთან ერთად იდგა.

ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათ პარტიას „საქმიანობის დამოუკიდებელი ხაზი აქვს“, მაგრამ მისი წარმომადგენელი „შეძლებისდაგვარად სულ არის ჩართული სამუშაო ფორმატში [ოპოზიციურ პარტიებთან] - ინფორმაციის გასაცვლელად“.

გახარიას პარტიასთან „ზოგად კოორდინაციას“ ადასტურებს სალომე სამადაშვილიც და ძირითად საკითხად - საარჩევნო დარღვევებს ასახელებს.

შეუერთდება თუ არა „გახარია საქართველოსთვის“ 4 ნოემბრისთვის დანიშნულ მიტინგს?

„მივდივართ [აქციაზე] და მივიღებთ მონაწილეობას, რადგან საბრძოლო განწყობას ვიზიარებთ საზოგადოებასთან ერთად. მნიშვნელობა არა აქვს, ვისი ორგანიზებულია. მივდივართ ჩვენი პოზიციის გამოსახატად არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“, - გვეუბნება დიმიტრი ცქიტიშვილი და განმარტავს, რომ „ამ არჩევნების შედეგების დაკანონება და ივანიშვილის მიერ თავს მოხვეული სისტემის დაკანონება საქართველოს ძალიან დიდი ხნით, შესაძლოა რამდენიმე ათეული წლით დააშორებს“ ევროკავშირში გაწევრიანებას.

წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გახარია ხშირად იმეორებდა, რომ კოალიციას არ შეუკრავდა არც „ქართულ ოცნებასა“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“. გახარიას გათვლა კვლავ ე.წ. ოქროს მანდატებზე ჰქონდა, რაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით - მის პარტიას მართლაც ეჭირა ხელში.

26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 5%-იანი ბარიერი „ქართულმა ოცნებამ“ და ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახეს:

  • „ქართული ოცნება“ - 53.931%;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11.035%;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%;
  • „ძლიერი საქართველო“ - 8.81%;
  • „გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%.

ოპოზიცია ამ შედეგებს არ იზიარებს და არჩევნებს გაყალბებულად თვლის. „ქართული ოცნება“ კი, პირიქით - ხმების წართმევაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

„რაღაცები თუ არ მოსწონს [გახარიას], როგორ კეთდება, მაგის ერთადერთი დაზღვევის გზაა, რომ ჩართული იყოს ამ ამბებში, რაღაცებზე თქვას, როგორ ჰგონია სწორი, როგორ წარმოუდგენია გაკეთება და სხვა ტიპის კონსენსუსამდე მივალთ“, - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა - ზურაბ ჯაფარიძემ გიორგი გახარიას „ფორმულის“ სატელევიზიო ეთერითაც მიმართა. მან თქვა, რომ გახარიასთან ერთად დგომა არც მისი ამომრჩევლებისთვის არის კომფორტული, მაგრამ „თუ გვესმის, რა მასშტაბის და რა სიდიდის ბრძოლაში ვართ შესული, რა ფსონებია და რა დევს ახლა სასწორზე“, - „საკუთარი განსხვავებულობის წარმოჩენაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ერთიანობის დემონსტრირება“.

დისტანცია შენარჩუნებულია, მაგრამ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების სამეულის პოზიციები, ძირითადად, ემთხვევა გახარიასა და მისი გუნდისას. ორივე მხარე აცხადებს, რომ: არ ცნობენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს - უხეში, სისტემური დარღვევების გამო; არ აპირებენ მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციას; აგროვებენ საარჩევნო დარღვევებს და აცნობენ საერთაშორისო თანამეგობრობას; აქვთ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზანი და უკან დახევას არ გეგმავენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG