Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ ხმების დაკარგვის ბრალდებით ოპოზიციის წინააღმდეგ პროკურატურაში ჩივილს აპირებს


მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი

ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების დაკარგვის ბრალდებით პროკურატურაში უჩივლებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიცია მოქმედებდა ორი სქემით.

  • მათ მხარდამჭერებს არეგისტრირებდნენ საკუთარ წარმომადგენლებად სხვა უბნებზე, რის გამოც ცესკომ ისინი ამოიღო მთავარი საარჩევნო სიიდან და გადაიყვანა დამატებით სიებში. მამუკა მდინარაძის თქმით, გამოავლინეს 81 შემთხვევა, რაც სისტემურობაზე მიუთითებს.
  • როცა უბნებიდან გადასატანი ყუთები ოპოზიციის წარმომადგენლებს მიჰქონდათ, ამომრჩეველს „შეგნებულად ხელი არ მოაწერინეს“, რის გამოც მონაცემები გაუქმდა.

„ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ ორ სქემაზე, როგორ დასდევდნენ თითოეულ ხმას, როგორ მოპარეს „ქართული ოცნების“ მომხრეებს არჩევანი და როგორ დაგვაკლეს ხმები“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს.

პროკურატურაში დაბარების პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. მან წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები.

პროკურატურა იუწყება, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობას, ვინაიდან მათ არ ენდობიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG