Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამმა ოპოზიციურმა პარტიამ 4 ნოემბერს თბილისში აქცია დააანონსა


ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები

სამმა ოპოზიციურმა ძალამ 4 ნოემბერს რუსთაველზე საპროტესტო აქცია დააანონსა. "ძლიერი საქართველოს" , "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა პარტია "ლელოს" ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მათი მიზანი "შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციებია გამარჯვების დასაბრუნებლად".

მათი თქმით, შექმნილია საკოორდინაციო შტაბიც, რომელში ჩართვის და აქციების დაგეგმვაში მონაწილეობის შესაძლებლობა საზოგადოების ყველა აქტიურ ჯგუფს ექნება.

ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ "გაყალბების სქემების" მიწოდებაზე მუშაობენ საერთაშორისო პარტნიორებთანაც, გამოვლენილი და დასჯილი იქნება ყველა, ვინც ამ სქემებში მონაწილეობდა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების განცხადებით, აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გაიმართება 4 ნოემბერს, 19:00 საათზე.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

  • „ქართული ოცნება“ - 53,931%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG