მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული 5 ოქტომბრამდე, მასწავლებლის საერთაშორისო დღემდე არ გაირკვევა, თუმცა უკვე ცნობილია 10 საუკეთესო პედაგოგის ვინაობა.
კონკურსის საუკეთესო ათეულში 7 მასწავლებელი რეგიონიდან, 3 კი თბილისიდან მოხვდა. მათი ნაწილი საჯარო, ნაწილი კი კერძო სკოლაში ასწავლის.
2023 წლის კონკურსის საუკეთესო ათეული - რას ფიქრობენ ისინი პროფესიაზე, მოსწავლეების საჭიროებებზე, პანდემიით გამოწვეულ სირთულეებსა და კონკურსზე - რადიო თავისუფლება ათეულის კლუბის წევრებს გაგაცნობთ.
ქამრანმა სკოლა 2010 წელს დაამთავრა, პედაგოგად მუშაობა კი 2017 წელს დაიწყო. თბილისიდან უკვე მასწავლებლად დაბრუნებულ ქამრანს როგორც სოფლებში, ასევე სკოლებში იგივე პირობები და სიტუაცია დახვდა, რაც მოსწავლეობის დროს თავად ჰქონდა.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვებისთვის გავხდე მაგალითი, ვაჩვენო, რომ თუ საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეს - ქამრან აფანდიევს შეუძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრს შეუძლია“.
ქამრანმა სკოლაში სწავლების პარალელურად დააფუძნა სათემო ცენტრი „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“, რომლის დახმარებითაც ის თემში მოსწავლეებისა და პედაგოგების გაძლიერებასაც ცდილობს.
ენის ბარიერი, ძველი ინფრასტრუქტურა და სკოლების ჩაკეტილობა - ქამრანი თვლის, რომ ეს მისი მოწაფეების მთავარი გამოწვევებია.
ქამრან, შესაძლებლობა რომ გქონდეთ - თქვენი მოსწავლეები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წაიყვანოთ ექსკურსიაზე, სად წაიყვანდით და რატომ?
2019 წელს ნიდერლანდების საელჩოს კონკურსში გავიმარჯვე. ერთი კვირით ვიყავი გაცვლითი პროგრამით წასული. ჩემი მთელი ცხოვრება შეიცვალა იმ ერთი კვირის განმავლობაში. ისეთი ძლიერი, ისეთი განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება ვნახე. ხალხი არის ბედნიერი, ერთმანეთს პატივს სცემენ… თუ ჰოლანდიის მოქალაქე ხარ, მორჩა, ეროვნება, რელიგია, მეორეხარისხოვანია. მე მინდა ზუსტად ასეთი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება საქართველოში, ამიტომ დიდი სიამოვნებით ჩავიყვანდი ჩემს მოსწავლეებს და იქაურ სიტუაციას დავანახებდი.
ნანა გოგატიშვილისთვის, როგორც პედაგოგისთვის, ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება - პანდემიის დროს, მოსწავლეებთან ერთად აშშ-ში, დელავერის უნივერსიტეტის სოციალური მეწარმეობის იდეათა საერთაშორისო კონკურსში Diamond Challenge-ში მონაწილეობა იყო.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრობა… ეს არის ახალი შესაძლებლობები, ახალი კავშირები, ახალი ცოდნის მიღებისა და გაზიარების პერსპექტივით, რაც საშუალებას გაძლევს, უფრო ფართომასშტაბიანი გახადო შენი საქმიანობა“.
ნანას დაკვირვებით, დღეს მოსწავლეებს ყველაზე მეტად გადატვირთული სასკოლო კურიკულუმები აწუხებთ - „აქცენტი სიღრმისეულ ცოდნაზე უნდა გაკეთდეს და არა - რაოდენობაზე“.
ნანა, რა რჩევას მისცემდით მოსწავლეებს - როგორ შეუძლიათ მათ, თანამედროვე ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები განათლებისა და განვითარებისთვის გამოიყენონ?
მოსწავლეებს თუ უნდათ, რომ იყვნენ წარმატებული და კონკურენტუნარიანები, აუცილებელია ფლობდნენ ტექნოლოგიებს. სოციალური ქსელების სასარგებლოდ გამოყენებისათვის კი აუცილებელია იყვნენ მედიაწიგნიერნი, რომ შეძლონ იმ ზღვა ინფორმაციის გაფილტვრა, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
ინას მასწავლებლობა ბავშვობიდან უნდოდა, თუმცა ყველა ეუბნებოდა - „არ ჩააბარო, -კაპიკებზე უნდა იმუშაოო“, ჯერ ჟურნალისტიკაზე ისწავლა და მერე მასწავლებლის გამოცდა ჩააბარა. მისი პრაქტიკა და პირველი გამოცდილება თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში დაიწყო. ინა ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-სთვის წერს, ის ასევე ავტორია წიგნისა „გზა ვარსკვლავებამდე არც ისე შორია“. პანდემიის დროს ინამ იუტუბზე არხი შექმნა, სადაც საბავშვო მოთხრობების გახმოვანება დაიწყო.
„უფროსმა და პატივსაცემმა მასწავლებელმა დამარეგისტრირა და არც ველოდი ათეულის წევრობას. ძალიან გამიხარდა. ყველას სჭირდება წახალისება და მოტივაცია. ჩემთვის ეს სტიმული იყო. საკუთარ თავში დაჯერებულობა შემმატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის“.
ინა, თქვენი დაკვირვებით, რა აწუხებთ ბავშვებს დღეს ყველაზე მეტად?
დაწყებით კლასებში ბავშვებს ყველაზე მეტად აწუხებთ ის, რომ მშობლები ენატრებათ. მეორე პრობლემა, თუ საჯარო სკოლებს გადავხედავთ, არის ის, რომ - ბავშვებს შიათ. მოზარდებში შემაშფოთებლად გაზრდილია დეპრესია. სუიციდზე საუბრობს ძალიან ბევრი და ისე ამბობენ „თავს მოვიკლავ“ - თითქოს არაფერი. სუიციდური ფიქრები, თვითდაზიანებები, დეპრესია - შეიძლება პანდემიამაც გაამძაფრა. ბავშვებს აქვთ კონცენტრაციის პრობლემა. ყველაფერი აჩქარებულია და სასწავლო პროცესი როცა ცოტა ნელი ტემპით მიდის, ამას უკვე ვეღარ მისდევენ. ბავშვი ცალკე გარბის, სისტემა - ცალკე…
2015 წლიდან მოყოლებული მარინემ თავის სადამრიგებლო კლასს საქართველოს ყველა კუთხე მოატარა. მარინეს საგანმანათლებლო ბლოგი აქვს, სადაც ჩატარებულ გაკვეთილებს, კვლევებს, პროექტების მასალებს, პრეზენტაციებსა და სასარგებლო რესურსებს უყრის თავს და სხვებსაც უზიარებს.
„საუკეთესო ათეულის წევრობა არის მეტი ფიქრი, მეტი შრომა, მეტი განხორციელებული იდეა“.
მარინე, რას ურჩევდით მოსწავლეებს, როგორ ჯობია გამოიყენონ ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები?
ვურჩევდი, რომ ისინი მხოლოდ გასართობად და ურთიერთობებისთვის კი არა, თავიანთი პიროვნული განვითარებისათვის გამოიყენონ. ვფიქრობ, ჩვენ, მასწავლებლებმა, ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით უნდა გავამრავალფეროვნოთ და მოსწავლეთათვის კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და მიმზიდველი გავხადოთ სასწავლო პროცესი. ერთ მაგალითს მოვიყვან ჩემი პრაქტიკიდან. „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლისას მოსწავლეებს შევთავაზე ვირტუალური როლური თამაში - პერსონაჟის ფეისბუკპროფილი შეექმნათ. ტექსტის კითხვის პარალელურად, მოსწავლეები თავიანთი პერსონაჟების პროფილებზე აქვეყნებდნენ ინფორმაციას, წარმოაჩენდნენ პერსონაჟთა პიროვნულ მახასიათებლებს, ემოციებს, დამოკიდებულებებს, ასახავდნენ ტექსტში აღწერილ მნიშვნელოვან მოვლენებს.
მანუშაკს ბავშვობიდან უყვარდა ქართული ენა. ინტერესიც ჰქონდა, უნდოდა, რომ ყველაფერი გაეგო და კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონოდა, ამიტომ ენა ჯერ მასწავლებლის დახმარებით, შემდეგ კი დამოუკიდებლად წიგნებიდან და ლექსიკონებით ისწავლა. მანუშაკი უკვე 15 წელია თემში სხვებსაც ასწავლის ქართულს.
„მე გავხდი ჩემი ბავშვებისთვის, მოსწავლეებისთვის მოდელი. ამ კონკურსმა ბევრი რამ აჩვენა ჩვენი სოფლის ადამიანებს, ჯავახეთში მცხოვრებ ადამიანებს. მათ აჩვენა, რომ ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. ბავშვებმა უკვე გაიგეს, რომ სოფელში მცხოვრები ადამიანიც შეიძლება წინ წავიდეს, იპოვოს თავისი ადგილი, ადაპტირდეს, თან მნიშვნელობა არ აქვს, სომეხია თუ ქართველი“.
მანუშაკი ძალიან განიცდის, რომ როდიონოვკასა და ახლომახლო სოფლებში არიან ბავშვები და 18-20 წლის ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში არასდროს ყოფილან. სწორედ თბილისში წაიყვანდა ის თავის მოსწავლეებს იმის საჩვენებლად, თუ როგორი მნიშვნელოვანია მათთვის ქართულის სწავლა.
მანუშაკ, როგორ შეცვალა სკოლა პანდემიამ და რა გამოწვევები დატოვა?
ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ. სოფლის პირობები ძალიან ცუდია, სკოლის პირობებიც ცუდია. ავარიული იყო ჩვენი სკოლა. გაზი არ გვაქვს სოფელში და ღუმელს ვანთებთ. პანდემიის დროს კი, ღუმელს ერთ ოთახში რომ დაანთებდნენ და ბავშვები საერთო სივრციდან ერთვებოდნენ, ზოგ ოჯახს 2 ან 3 შვილი ჰყავს, ხმაური იყო და ბავშვები ხელს უშლიდნენ ერთმანეთს.
გარდა ამისა, აქ სულ ქარია და ზოგჯერ ინტერნეტი ხარვეზით იყო, ითიშებოდა. ხანდახან არც იყო. განსაკუთრებით რთული იყო პირველკლასელებისთვის, რადგან ანბანს სწავლობდნენ და ონლაინ გაუჭირდათ. მე არდადეგებზეც ვეხმარებოდი მათ ქართული ანბანის სწავლაში.
ნინო ნიპარიშვილს საერთაშორისო ურთიერთობები აქვს დამთავრებული და სპეციალობით კონფლიქტოლოგია. თუმცა ჯერ კიდევ 16 წლის წინ მიხვდა, რომ მისი ადგილი სკოლაში იყო და კასპში, ანუ იქ უნდა დაბრუნებულიყო, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ნინო 2015 წლიდან სამოქალაქო განათლებას ასწავლის სკოლაში. 2016 წელს კი სკოლა-გიმნაზიაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი გახსნა.
„მე საერთოდ არ ვაპირებდი [კონკურსში] მონაწილეობას და მოსწავლეებმა წარმადგინეს. დამყვებოდნენ ეს ბავშვები და მეუბნებოდნენ: - მასწავლებელო, ხომ შეავსებ?! მერე მშობლებიც ჩართეს ამ პროცესში. [ათეულში მოხვედრით] მე მათ წინაშეც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, საკუთარი თავის წინაშე, თემისა და ქვეყნის წინაშეც“.
ნინო, შესაძლებლობა რომ გქონდეთ - თქვენი მოსწავლეები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში წაიყვანოთ ექსკურსიაზე, სად წაიყვანდით და რატომ?
რამდენიმე ქვეყნას ავირჩევდი, აუცილებლად წავიყვანდი პოლონეთში. აი, თუნდაც ის, რომ ჩვენს სკოლაში არის ოკუპაციის მუზეუმი, ეს იდეაც პოლონეთიდან მოდის. მე იქ ვნახე, როგორ კეთდება ეგეთი მუზეუმები და როგორ იყენებდნენ მასწავლებლები ამ მუზეუმებს და როგორ ასწავლიდნენ იქ საკუთარი ქალაქის მკვიდრთა ისტორიებს. როგორ გინდა, ბავშვებს პატრიოტიზმზე, ქვეყნის სიყვარულსა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ესაუბრო, თუ ადგილობრივი ისტორიებიდან არ დაიწყებენ ამას, ხომ? საკუთარი ქალაქიდან და ქუჩიდან. აუცილებლად ვანახებდი პოლონეთს, იმიტომ რომ პოლონეთმა ძალიან ბევრი გადაიტანა ფაშიზმის და კომუნიზმის პერიოდში. ასევე წავიყვანდი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისთვის, რომ დაენახათ, თავისუფლების იდეა საიდანაც მოდის, და კიდევ, ომის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ უკრაინაში ვამოგზაურებდი ბავშვებს, გმირების ქვეყანაში.
ნინომ 2007 წელს იმ სკოლაში დაიწყო მუშაობა, სადაც თავად სწავლობდა. ის ცდილობს, სწავლების ფორმატი ინოვაციური და განსხვავებული ჰქონდეს, განათლების არაფორმალური ელემენტებით დატვირთული. მაგალითად, მეშვიდე გაკვეთილისთვის, როდესაც მისი მოწაფეები უკვე დაღლილები და მოშიებულები არიან, ის მათ თემატურ საგანმანათლებლო და სამაგიდო თამაშებს სთავაზობს. ნინოს მოსწავლეებთან ერთად ფეისბუკზე შექმნილი აქვს ეკოკლუბის გვერდი "ეკოგმირები", ასევე სოციალური პლატფორმა "ჰერბა/Herba დარგე ემოცია".
„სულ მეფიქრება, რომ ეს ჯილდო, ეს ათეულთა კლუბის წევრობა ეკუთვნის ძალიან ბევრ მასწავლებელს. ეს არის ჯილდო, რომელიც გაძლევს მოტივაციას და პასუხისმგებლობასაც გაკისრებს, რომ არ გაჩერდე და გააკეთო კიდევ უფრო მეტი“.
ნინო, პანდემიამ როგორ შეცვალა სკოლა და რა გამოწვევები დაგიტოვათ?
ძალიან კარგია და გვერდს ვერ ავუვლით, რომ სასწავლო პროცესში სხვადასხვა სახის ტექნოლოგიები, გაჯეტები იყოს გამოყენებული, მაგრამ მე … ვფიქრობ, მოდი, ცოტა ხნით მოვწყვიტო მოსწავლეები ამ მიჯაჭვულობას ინტერნეტთან... ეს მიჯაჭვულობა პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა და გაამძაფრა. ამიტომ ვცდილობ ხოლმე ისეთი აქტივობები შევთავაზო, რომელიც სკოლის ეზოში, ღია სივრცეში იქნება და ცოტა ხნით მაინც მოვწყვეტ არარეალურ სამყაროს და, ასე ვთქვათ, ჩემთან ერთად რეალურ სამყაროში გადმოინაცვლონ.
თამარ ცანავა უკვე 12 წელია მასწავლებელია. სწავლებასთან ერთად მუშაობს მასწავლებლების შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც. ფეისბუკზე ჯგუფი აქვს - „მასწავლებლები ცვლილებებისთვის“, სადაც 10 000-მდე პედაგოგია გაერთიანებული. ამ ჯგუფში მასწავლებლებს ერთად დაუგეგმავთ სოციალური აქციები. მაგალითად, კამპანია „მოუსმინე მასწავლებელს“, რომლის საპასუხოდაც განათლების მინისტრმა მასწავლებლებთან საჯარო შეხვედრები დაიწყო. ჯგუფში მასწავლებლები სხვადასხვა სასარგებლო რესურსსა და ბმულსაც უზიარებენ ერთმანეთს.
„ვგრძნობ, როგორ მიზიდავს ახალი გამოწვევები და როგორი შემართებით ვაწყობ გეგმებს იმ უმაგრეს მასწავლებლებთან ერთად, ვისთვისაც სულერთი არაა განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები“.
თამარ, თქვენი დაკვირვებით, რა აწუხებთ ბავშვებს დღეს ყველაზე მეტად?
პანდემიამ დიდი დაღი დაასვა ბავშვების ფსიქიკას და ზოგი ძალიან ჩაიკეტა საკუთარ თავში. ხშირია მშობლებთან კომუნიკაციის ნაკლებობაც, რაც ხშირ შემთხვევაში ემიგრაციით ან დატვირთული სამუშაო რეჟიმით არის გამოწვეული.
კიდევ ერთი პრობლემა, სხვა მრავალთაგან, რომელიც არაერთ მოსწავლეს აწუხებს, არის - კვება. ძალიან ბევრი ბავშვი საჯარო სკოლაში მშიერია.
ლელა მასწავლებლების ოჯახში გაიზარდა და პროფესიის არჩევაზეც ამან იმოქმედა. თავიდან მან გორის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, თუმცა ყოველთვის სურდა სკოლაში მუშაობა.
„რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო არის აღიარება, როდესაც გარკვეულად ხდება შენი გამოცდილების თუ შესაძლებლობების შეფასება და ვფიქრობ, რომ ეს მოსწავლეების, ჩემი საქმისა და კოლეგების დამსახურებაა. მარტო არ აკეთებ მასწავლებელი ამას, მთელი სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერით ხდება ეს“.
2010 წლიდან სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობა“ დააფუძნა. კლუბის ფეისბუკგვერდზე მოსწავლეებთან ერთად სასარგებლო რესურსებს უყრის თავს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რადგან, როგორც ლელა გვეუბნება, ყველაზე მეტად გორში მათ სწორედ თავშესაქცევი სივრცეების არარსებობა აწუხებთ.
ლელა, შესაძლებლობა რომ გქონდეთ - თქვენი მოსწავლეები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში წაიყვანოთ ექსკურსიაზე, სად წაიყვანდით და რატომ?
ძალიან ბევრი ქვეყანა გამახსენდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე საოცნებო არის ფინეთი, სწორედ იქ არის შესანიშნავი განათლების სისტემა. მინდა, მოსწავლეებს ვაჩვენო ეს სისტემა, როგორ მუშაობენ იქ ადამიანები, მასწავლებლები, მოსწავლეები. კიდევ რომში წავიყვანდი, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული მაგალითია. პრინციპში, ბევრი მოსწავლის ოცნებაც იქნებოდა, რომ ის რასაც სწავლობენ, პრაქტიკაშიც ენახათ, განსაკუთრებით, როდესაც იქ დემოკრატიის საფუძვლები იწყება.
შუაფხოს საჯარო სკოლაში ახლა სულ 13 მოსწავლე სწავლობს. მას შემდეგ, რაც ნესტანი შუაფხოს საჯარო სკოლის მასწავლებელია, ბევრ მის მოსწავლეს გეოგრაფობა უნდა.
„ამ კონკურსში მონაწილეობაც კი და არა გამარჯვება, უკვე იწვევს მოტივაციის ზრდას, რომ მასწავლებლის შრომა ფასდება ამ ქვეყანაში, შემმატებს გამოცდილებას, რომელსაც სხვა მასწავლებლებს გავუზიარებ“.
ნესტან, რა აწუხებთ თქვენს მოსწავლეებს დღეს ყველაზე მეტად?
ძირითადად მათი წუხილი ეხება სკოლაში სპორტული მოედნისა და კვების ობიექტის (ბუფეტი) არარსებობას. გარდა ამისა, საუბრებში მოსწავლეები ხშირად აღნიშნავენ, რომ არ ჰყოფნით სასწავლო რესურსები, აწუხებთ კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების არარსებობა და ეს ყველაფერი ზღუდავს ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობას.
ნესტანის გაკვეთილებზე, ეკოკლუბსა და შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლეების სგანმანათლებლო თამაშზე, ნახეთ ვიდეო.