ამჯერად კატია (ეკატერინა ტიხონოვა), მაშა (მარია ვორონცოვა) და ვლადიმირ პუტინი აღმოჩნდნენ სპიკერების როლში სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 2-5 ივნისს გაიმართა რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში.
მედიის ყურადღება მიიპყრო იმანაც, რომ ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელზე პუტინის უმცროს ქალიშვილ ეკატერინა ტიხონოვასთან ერთად მონაწილეობდა კირილ დმიტრიევი, პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდის თავმჯდომარე, რომელსაც ინტერნეტსა და მედიაში რუსეთის პრეზიდენტის მემკვიდრესაც უწოდებენ.
პუტინის ქალიშვილები და ალინა კაბაევა
გამოცემა „ინსაიდერის“ მიმიმხილველის, სერგეი ეჟოვის, თანახმად, არსებობს რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება, რომელთა მიხედვით, მაშასა და კატიას გარდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, სხვა შვილებიც უნდა ჰყავდეს.
„როგორც ირკვევა, საქმე არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ შვილებით, რომლებიც [პუტინს]ქორწინებაში გაუჩნდა. არის კიდევ სულ მცირე ერთი უკანონო ქალიშვილი სანკტ-პეტერბურგში, პლუს, ბოლომდე დადასტურებული ინფორმაციით, მას უნდა ჰყავდეს შვილები ალინა კაბაევასგან“, - უთხრა სერგეი ეჟოვმა რადიო თავისუფლებას.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტისა და ცნობილი მხატვრული ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას სავარაუდო რომანტიკული კავშირების შესახებ სკანდალური სტატია 2008 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „მოსკოვსკი კორესპონდენტში“. გაზეთის ჟურნალისტი ამტკიცებდა, თითქოს პუტინი პირველ მეუღლეს, ლუდმილას, სწორედ კაბაევას გამო გასცილდა.
ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ უარყო ეს ინფორმაცია, ხოლო გაზეთი „მოსკოვსკი კორესპონდენტი“ ამ პუბლიკაციის შემდეგ დაიხურა.
მოგვიანებით ალინა კაბაევა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მხატვრულ ტანვარჯიშში 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი სპორტულ კარიერასთან გამომშვიდობების შემდეგ მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ სიით 2007 წელს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა, მაგრამ კაბაევამ 2014 წლის შემოდგომაზე ვადაზე ადრე თქვა უარი დეპუტატის მანდატზე სხვა სამუშაო ადგილზე გადასვლის მიზეზით.
თუ ამ სკანდალის შემდეგ ალინა კაბაევა თვალს მიეფარა, ვლადიმირ პუტინის ქალიშვილები ეკატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა სულ უფრო ხშირად ჩნდებიან სხვადასხვა საჯარო ღონისძიებაზე და ნელ-ნელა უშინაურდებიან რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეკრანებსაც.
თავდაპირველად მაყურებელმა მცირე სატელევიზიო სიუჟეტის წყალობით ვლადიმირ პუტინის უმცროსი ქალიშვილი, ეკატერინა ტიხონოვა, „გაიცნო“ (აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მედიაში მომუშავე რუსი ჟურნალისტები არასოდეს მოიხსენიებენ პუტინის ქალიშვილებს მამის გვარით და არც პუტინი ლაპარაკობს საჯაროდ თავის ქალიშვილებზე).
ეს მოხდა 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში. სახელმწიფო ტელეარხმა „როსსიამ“ თავის ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებაში აჩვენა რეპორტაჟი მოსკოვის ინსტიტუტ „ინოპრაქტიკაზე“, რომლის პროექტი - რობოტული სისტემების მართვის მნიშვნელობა - რუსეთის პრეზიდენტის უმცროსმა ქალიშვილმა, კატერინა ტიხონოვამ, შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნეიროცენტრი სწორედ ამ ტექნოლოგიების სინერგიასა და ეკონომიკაში მათ რეალურ მოთხოვნაზეა დაფუძნებული. მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ერთდროულად შეიცნობს საკუთარ თავსაც და ამ ტექნოლოგიების მნიშვნელობასაც“, - აღნიშნავდა ეკატერინა ტიხონოვა. სიუჟეტში იგი მაყურებელს წარუდგინეს არა მხოლოდ როგორც „ინოპრაქტიკის“ დირექტორი, არამედ, ასევე, როგორც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რთული მათემატიკური გამოკვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
რაც შეეხება ვლადიმირ პუტინის სავარაუდო უფროს ქალიშვილს, ბავშვთა ენდოკრინოლოგ მარია ვორონცოვას, იგი კომპანია „როსნეფტთან“ ერთად იმუშავებს გენეტიკური კვლევის ცენტრის შესაქმნელად.
BBC-ს რუსული სამსახური თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შარშან „როსნეფტმა“ მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია გენეტიკური ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ცენტრის შექმნის თაობაზე.
BBC-ს ინფორმაციით, ცენტრი იმუშავებს „რუსების გენომზე“, რომლის მთავარი ამოცანა იქნება რუსეთის მოსახლეობის სრული გენეტიკური ანალიზი.
პროექტის ავტორები აპირებენ დაადგინონ, არსებობს თუ არა რუსული ეთნოსის „გენეტიკური დარღვევები“, რომელთა რედაქტირება იქნება შესაძლებელი. სულ ცოტა, აპირებენ დაადგინონ ამ „დარღვევების“ არსებობა პროექტში მონაწილეთა გენეტიკაში. პროექტში გენეტიკურ მასალას შეაგროვებენ ძირითადად „როსნეფტის“ თანამშრომლებისგან.
სამი სხვადასხვა წყაროს ცნობით, მარია ვორონცოვა პროექტის კურატორი უნდა გამხდარიყო.
2-5 ივნისს გამართულ სანკტ-პეტრბურგის ეკონომიკურ ფორუმში მარია ვორონცოვაც მონაწილეობდა. მასთან ფორუმის კულისებში ინტერვიუ ჩაიწერა სახელმწიფო ტელეარხმა „როსია 24“ -მა და ის მაყურებელს წარუდგინეს როგორ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინოლოგიის სამედიცინო კვლევების ნაციონალური ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და მეცნიერების მხარდამჭერი რუსეთის ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი.
ინტერვიუში ვორონცოვა ლაპარაკობდა სწორედ გენეტიკურ კვლევებზე, იშვიათ დაავადებებზე, ასევე ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და ორსულთა არაინვაზიური ტესტირების აუცილებლობაზე.
ცხადია, რუსეთის პრეზიდენტზე სახელმწიფო ტელეარხის ჟურნალისტს მარია ვორონცოვასთვის კითხვა არ დაუსვამს.
ვინ არის კირილ დმიტრიევი და რატომ მიიჩნევენ მას პუტინის „შესაძლო მემკვიდრედ“
მარია ვორონცოვას გარდა, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა პუტინის კიდევ ერთი სავარაუდო ქალიშვილი, ეკატერინა ტიხონოვა.
მაგრამ, უფროსი დისგან განსხვავებით, იგი ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ მრგვალ მაგიდაში სკაიპის საშუალებით იღებდა მონაწილეობას.
ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს ამ პანელის სათაურს: „საინვესტიციო დავების განხილვა ბრიკსის მოედანზე. საარბიტრაჟო ინსტიტუტის შექმნის პერსპექტივები“.
ბრიკსის (BRICS) ჯგუფში გაერთიანებულია ხუთი ქვეყანა - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
კერძოდ, გაუგებარია, რა კავშირი უნდა ჰქონოდა ბრიკსის შიგნით საარბიტრაჟო ინსტიტუტის შექმნასთან ეკატერინა ტიხონოვას, რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, კომპანია „ინოპრაქტიკის“ დირექტორია.
სინამდვილეში, ეს „ბრენდი“ აერთიანებს მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაციონალური ინტელექტუალური რეზერვის ცენტრსა და „ნაციონალური ინტელექტის განვითარების“ ფონდს, რომლებსაც, ასევე, ეკატერინა ტიხონოვა უდგას სათავეში.
მაგრამ სანკტ-პეტერბურგის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე ეკატერინა ტიხონოვას სკაიპით ჩართვაზე მეტად ინტერნეტსივრცის ყურადღება მიიქცია მასში კირილ დმიტრიევის, პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდის თავმჯდომარის, მონაწილეობამ.
კირილ დმიტრიევი, რომელსაც ინტერნეტსა და მედიაში რუსეთის პრეზიდენტის მემკვიდრესაც უწოდებენ, „ნაციონალური ინტელექტის განვითარების“ ფონდში ეკატერინა ტიხონოვას მოადგილედაც მუშაობს. კარნეგის ფონდის თანამშრომელი ანდრეი კოლესნიკოვი მიიჩნევს, რომ, გარდა მსხვილი საინვესტიციო პროექტების მოზიდვისა, კირილ დმიტრიევი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკონომიკის მონოპოლიზების მოდელთან, რომელიც ასე ძალიან მოსწონს ვლადიმირ პუტინს.
„ის [დმიტრიევი] პასუხს აგებს სხვადასხვა მსხვილი პროექტებისთვის ინვესტიციების მოზიდვაზე. მას ჰქონდა გამოცდილება, მე რამდენადაც ვიცი, საინვესტიციო ბანკში. ის კარგად იცნობს დასავლეთის სამყაროს, იმავე თვალსაზრისით, დასავლეთის საინვესტიციო სამყაროს. ერთი სიტყვით, ის [კირილ დმიტრიევი] სასარგებლო ადამიანია პრაქტიკული თვალსაზრისით, როცა საქმე შეეხება სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული გარიგებების დახურვას. მაგრამ ისე გამოდის, რომ აქ ძირითადი მოთამაშე მაინც სახელმწიფოა, რადგან სხვაგვარად ჩვენთან არ მუშაობს სახელმწიფო კაპიტალიზმის სისტემა. სახელმწიფო დებს გარიგებებს, სახელმწიფო წყვეტს გარიგებებს, სახელმწიფო ერევა გარიგებებში თავის სასარგებლოდ. და, აი, აქ ეს ადამიანი [კირილ დმიტრიევი], რომელიც არც მინისტრია და არც ადმინისტრაციაში უკავია რაიმე ფორმალური თანამდებობა, ხდება ძალიან ძლიერი ადამიანი, ფინანსური ნაკადების თვალსაზრისით, იმ ფინანსებისა, რომლებიც აქეთ-იქით მოძრაობენ და, საბოლოოდ კი, ხორცს ისხამენ იმ პროექტების სახით, რომლებიც სწორედ სახელმწიფომ შეარჩია“, - ამბობს კარნეგის ფონდის თანამშრომელი, ანდრეი კოლესნიკოვი.
ნიშანდობლივია, რომ სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ზემოხსნებულ მრგვალ მაგიდაში კირილ დმიტრიევისა და ვლადიმირ პუტინის სავარუდო ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვას, გარდა მონაწილეობდნენ ასევე რუსეთის იუსტიციის მინისტრი, კონსტანტინ ჩუიშენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ პანკინი და რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე, პიოტრ გოროდოვი.
ყველა ეს მაღალჩინოსანი და თავად პუტინის ქალიშვილი, კატერინა ტიხონოვა, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ სწორედ კირილ დმიტრიევია ის პიროვნება, ვისაც თავისი საერთაშორისო კონტაქტებით შეუძლია დააჩქაროს საინვესტიციო დავების განხილვისათვის საჭირო საარბიტრაჟო ინსტიტუტის შექმნა.
1975 წელს დაბადებული კირილ დმიტრიევი, მართლაც, არის პუტინის ოჯახთან დაახლოებული პირი.
ცნობილია, რომ პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ამჟამინდელი თავმჯდომარე ეკატერინა ტიხონოვასა და კირილ შამალოვის ქორწილშიც იმყოფებოდა მცირერიცხოვან სტუმრებს შორის.
მაგრამ რაც შეეხება კირილ დმიტრიევს, როგორც ვლადიმირ პუტინის მომავალ მემკვიდრეს, აქ არსებობს ერთი დაბრკოლება და ის უკავშირდება უკრაინას. კერძოდ, უკრაინაში დაბადებული კირილ დმიტრიევი ამ ქვეყნის მოქალაქეც იყო.
„ყოველ შემთხვევაში, ადრე კირილ დმიტრიევს ჰქონდა უცხო სახელმწიფოს, უკრაინის, მოქალაქეობა, ხოლო ჩვენი კანონმდებლობის თანხმად, ყველა შესწორების გათვალისწინებით, პრეზიდენტად კენჭისყრა მას არ შეუძლია“, - ამბობს სერგი ეჟოვი, „ინსაიდერის“ მიმიმხილველი, და იქვე დასძენს, რომ ხელისუფლების „რეალური სურვილის“ შემთხვევაში საკანონმდებლო შეზღუდვა რუსეთში არასოდეს ქმნიდა დაბრკოლებას.
მოამზადა კობა ლიკლიკაძემ