საქართველო ისეთივე უსაფრთხო ქვეყანაა მოგზაურებისთვის, როგორც აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია - გვამცნობს ახალი ინტერაქტიული რუკა, რომელიც მსოფლიოში მოგზაურებისთვის საფრთხის დონეს ზომავს.
2019 წლის მოგზაურობის რისკის რუკა გლობალური რისკის ექსპერტთა ჯგუფმა, International SOS-მა შეადგინა და ის თითოეულ ქვეყანას რამდენიმე კრიტერიუმით აფასებს, მათ შორის - პოლიტიკური ძალადობის (ტერორიზმი, ამბოხი, ომი) დონით, სოციალური არეულობის (ეთნიკური ხასიათის ძალადობა, თემების დაპირისპირება) დონით და ძალადობრივი და წვრილმანი დანაშაულის ოდენობით.
რუკის შემქმნელებმა ასევე გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციათა სამსახურების ეფექტიანობა და ბუნებრივი კატაკლიზმების რისკი.
რუკაზე რისკის 5 კატეგორიაა - უმნიშვნელო, მცირე, საშუალო, მაღალი და უკიდურესი.
საქართველო, ისევე, როგორც ევროპული ქვეყნების უმეტესობა, „მცირე რისკის“ ქვეყნებში მოხვდა. ამავე ჯგუფში არიან მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი, ირანი, უზბეკეთი, და იორდანია. ამავე ჯგუფს მიაკუთვნეს კანადა და აშშ-იც.
„უმნიშვნელო რისკის“ კატეგორიაში სულ რამდენიმე ქვეყანა მოხვდა. ევროპული ქვეყნებიდან - ლუქსემბურგი, დანია, სლოვენია, შვეიცარია, ნორვეგია, ფინეთი, ისლანდია და გრენლანდია. ევროპის გარეთ კი - სეიშელის კუნძულები და მწვანე კონცხის კუნძულები.
„უკიდურესი საფრთხის“ ქვეყნების უდიდესი ნაწილი აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთშია. ამ სიაში არის სირია, ავღანეთი, იემენი, სამხრეთი სუდანი და სომალი. თუმცა, აქვე მოხვდა ეგვიპტისა და აღმოსავლეთი უკრაინის ნაწილი.
ორგანიზაციამ, „მოგზაურთა რისკის რუკის“ გარდა სამედიცინო რისკებისა და გზების უსაფრთხოების რუკაც გამოაქვეყნა. სამედიცინო რისკის რუკის კრიტერიუმებს შორის იყო გადამდები დაავადებების გავრცელება, გარემოს დაბინძურება, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ინფრასტრუქტურა და წვდომა ხარისხიან წამლებზე.
საქართველოს ისევე, როგორც მეზობელ სომხეთს, ამ რუკაზე „მაღალი რისკის“ სტატუსი აქვს. აზერბაიჯანი და რუსეთი კი შეიყვანეს „სწრაფად ცვალებადი რისკის“ ქვეყნების კატეგორიაში. ევროპის უდიდესი ნაწილი „მცირე“ ან „საშუალო“ რისკის კატეგორიაში მოხვდა. „საშუალო რისკის“ კატეგორიაშია მეზობელი თურქეთიც.
“გზების უსაფრთხოების რუკაზე“ საქართველოს, ისევე როგორც მეზობელ თურქეთსა და აზერბაიჯანს „დაბალი რისკის“ სტატუსი აქვს. რუსეთი და სომხეთი ამ რუკაზე „მაღალი რისკის“ კატეგორიაში მოხვდნენ.