Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რუსეთს სურს ღარიბი, კორუმპირებული, დაუცველი და მოწყვლადი საქართველო”- ვლად სოკორი


ვლად სოკორი
ვლად სოკორი

„ამ ეტაპზე, რუსეთი საქართველოს დაპყრობით არ ემუქრება. ნაწილობრივ იმიტომ, რომ უკრაინაშია ომში ჩაბმული და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ეს აღარ სჭირდება - ძალიანაც კმაყოფილია იმით, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, რომ საქართველო აღარ ცდილობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას”, - ეუბნება ამერიკული “ჯეიმსტაუნის” ფონდის ექსპერტი ვლად სოკორი რადიო თავისუფლებას. რატომ ფიქრობს ასე პოლიტოლოგი, რომელიც მრავალი წელია ადევნებს თვალს საქართველოსა და რეგიონს? - სოკორმა, რომელიც რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენისას თბილისში იმყოფებოდა, “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე”, ვაჟა თავბერიძის კითხვებს უპასუხა.

რადიო თავისუფლება: ბოლოდროინდელი მოვლენებით დავიწყოთ - პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთში წასასვლელად ქართველებს ვიზა აღარ დასჭირდებათ, ასევე აღდგა პირდაპირი ფრენები - პირველი თვითმფრინავის ჩამოფრენას ერთნი ზეიმობენ, მეორენი კი აპროტესტებენ. რას ფიქრობთ ყველაფერ ამაზე, როგორ შეაფასებდით?

ვლადიმირ სოკორი: ეს სხვა არაფერია, თუ არა ქართველი ერისთვის შეძლეული ქრთამი - ქრთამი, რომლის მიზანიცაა, ერთი მხრივ, განხეთქილების დათესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მეორე მხრივ კი, საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადასვლა. აბა, რად გინდათ ევროკავშირი? აგერ არიან ჩვენი, რუსი ტურისტები, ჩამოვლენ, ფულს დახარჯავენ... მთავარი გზავნილი ესაა. უნდა ველოდოთ რუსი ტურისტების მოზღვავებას საქართველოში, რაც კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას ამა თუ იმ მოცემულ მომენტში საქართველოს ტერიტორიაზე. პატარა ქვეყნის კვალობაზე, უკვე ისედაც ძალიან ბევრი რუსია საქართველოში. რა თქმა უნდა, მათ შორის იქნებიან ფსბ-ს ჩანერგილი აგენტები - ზოგი ლტოლვილად მოგაჩვენებთ თავს, ზოგი კი გეტყვით, რომ ბიზნესმენია. გაიზრდება კორუფციული გარიგებები, არალეგალური ბიზნესი, კონტრაბანდა. საქართველოს სამთავრობო წრეებში მოტრიალე ფიგურებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რუსეთზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით იხეირონ. მოკლედ, ძნელია ამაში რაიმე კარგის დანახვა.

საქართველოს მოქმედმა მთავრობამ არათუ ის არ იცის, თუ რა შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, ვეჭვობ, მათ ზოგადად არ იციან, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესი. ესაა მთავრობა, რომლის ერთადერთი ინტერესია, ხელისუფლება შეინარჩუნოს, ამას კი მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობით თუ შეძლებენ.

რადიო თავისუფლება: სად მივყავართ ყველაფერ ამას - რეალურია მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობაც შეიძლება აღდგეს?

სოკორი: დიპლომატიური ურთიერთობების ოფიციალური აღდგენა იმის ნიშანი იქნებოდა, რომ საქართველოს მთავრობა შეეგუა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბოლოოდ და უკანმოუბრუნებლად დაკარგვას. დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა 2008 წელს, როდესაც რუსეთი ღიად შემოიჭრა საქართველოში, რასაც მოჰყვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია - ახლა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველო ბედს შეურიგდა, ხელი ჩაიქნია და ამბობს: მოდით, ახალი თავი დავწეროთ - ისევ ვიმეგობროთ კრემლთან.

რადიო თავისუფლება: კრემლთან ამ მტრობა-მეგობრობაზე ჩაგეძიებით - როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე კითხვას, „არის თუ არა რუსეთი მტერი“, სპეკულაციურს უწოდებს, რა დასკვნების გაკეთება შეიძლება აქედან?

სოკორი: ვფიქრობ, მან თავი აარიდა პასუხის გაცემას, და მშვენივრად ვხედავ, რატომაც მოიქცა ასე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ესმის: ქართველი ხალხის უმრავლესობას მაინც დასავლეთი ურჩევნია რუსეთში ყოფნას. ასეთია რეალობა და ქართველ პოლიტიკოსებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, უწევთ ამისთვის ანგარიშის გაწევა. მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში დარჩეს, თანაც - განუსაზღვრელი დროით. ამას კი მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობის ხარჯზე თუ მოახერხებენ. ასე რომ, რუსეთის განაწყენება ხელს არ აძლევთ.

რადიო თავისუფლება: ორ სკამზე სურთ დაჯდომა?

სოკორი: სწორედ ასეა.

რადიო თავისუფლება: ზუსტად ამაზე მინდოდა მეკითხა - უკრაინის ომმა საქართველოსთვის ახალი გამოწვევა მოიტანა - წარსულისგან განსხვავებით, ახლა ვეღარ იტყვი: „ჩვენ ყველასთან მეგობრობა გვინდა, იმათთანაც და ამათთანაც“. გიწევს მხარე, ბანაკი აირჩიო. ამ რეალობაში, როგორ გგონიათ, მოახერხებს საქართველო ორ სკამზე დაჯდომას? შესაძლებელია თუ არა ჟონგლიორობა, ერთი მხრივ, ევროკავშირის და ნატოში გაწევრების თემებით და, მეორე მხრივ, პოლიტიკით, რომელსაც მარგარიტა სიმონიანი გიქებს?

სოკორი: რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. ამის მაგალითები უკვე გვაქვს წარსულში, თუნდაც იგივე უკრაინა 2014 წლამდე ან კიდევ მოლდოვა, თუ ბოლო ორი წლის მოვლენებს არ ჩავთვლით. მოლდოვის შემთხვევა განსაკუთრებით ჭკუის სასწავლებელია: ლამის 30 წელი, ვინც არ უნდა მოსულიყო მოლდოვის მთავრობაში, ყველა ამბობდა: მხარეებს ვერ ავირჩევთ, გეოპოლიტიკური თამაშები ჩვენი საქმე არ არის. რუსეთი გვჭირდება, და გვჭირდება ბევრი რამის გამო: მათ შორის, რუსული ბაზრის გამო და კიდევ იმიტომ, რომ რუსეთის გარეშე დნესტრისპირეთის კონფლიქტი არ გადაწყდება. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა - რუსეთისგან ვერაფერი მივიღეთ. რუსეთი ოდნავადაც არაა დაინტერესებული დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაჭრით - პირიქით, მას სურს, არასოდეს გავიდეს დნესტრისპირეთიდან. 30 წელიწადი იტყუებდა თავს მოლდოვა, სანამ პროევროპული ძალები არ მოვიდნენ მთავრობაში, დღეს კი მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს.

მალე ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება, საქართველოს მთავრობის მხრიდან კი ვერ ვხედავთ ვერანაირ მცდელობას, ბრიუსელს თავი შეახსენოს. მათ არ სურთ რუსეთის გაღიზიანება, ამის ნაცვლად, აჩვენებენ - აი, აღარ ვაკაკუნებთ ნატოს კარზე.

რადიო თავისუფლება: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უწევს რუსეთის მხრიდან ყოველდღიური ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ იარსებოს, შეგვიძლია თუ არა, ის, რასაც საქართველო აკეთებს, ცივსისხლიან პრაგმატიზმად მოვნათლოთ? რეალპოლიტიკის გადმოსახედიდან იქნებ გამართლებულია მათი პოლიტიკა? იჯექი წყნარად, შენთვის, შეეცადე ომის ხარჯზე ფული აკეთო, შემდეგ, როდესაც „გამოიდარებს“, მოგებულს მიემხრე, იმ იმედით, რომ ხელს არ გკრავენ. არსებობს თუ არა შანსი, რომ საბოლოოდ მოგვიწევს ამ ბრძენ ხალხს ტაში დავუკრათ იმისთვის, რომ ასე ოსტატურად, პრაგმატულად მართეს ხომალდი ამ ფათერაკებიან წყლებში?

სოკორი: მე გეტყვით, რისი შანსიც არსებობს - უფრო სწორად, რისი დაკარგვის - იმ შანსის დაკარგვისა, რომელსაც საქართველო 200 წელზე მეტხანს ელოდებოდა, მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, ერეკლე მეორის მეფობის პერიოდიდან - რუსეთისგან თავი დაიხსნას. 1991 წლიდან, საქართველოს ეს შანსი ჰქონდა, 21-ე საუკუნის დასაწყისში ის ახლოს იყო ამასთან, მაგრამ შემდეგ უკუსვლის რელსებზე შედგა. იმიტომ, რომ საქართველოს მოქმედმა მთავრობამ არათუ ის არ იცის, თუ რა შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, ვეჭვობ, მათ ზოგადად არ იციან, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესი. ესაა მთავრობა, რომლის ერთადერთი ინტერესია, ხელისუფლება შეინარჩუნოს, ამას კი მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობით თუ შეძლებენ. ამიტომ თამაშობენ რუსეთის თამაშს. ამიტომაა, რომ საქართველოს მთავრობა თავს არ იწუხებს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღების, ან ნატოში გაწევრების უფრო მკაფიო პროცესის ლობირებაზე. მალე ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება, საქართველოს მთავრობის მხრიდან კი ვერ ვხედავთ ვერანაირ მცდელობას, ბრიუსელს თავი შეახსენოს. მათ არ სურთ რუსეთის გაღიზიანება, ამის ნაცვლად, აჩვენებენ - აი, აღარ ვაკაკუნებთ ნატოს კარზე.

საქართველო დაუცველია და მთავრობაში ბედნიერები არიან ამით, რადგან ახლა შეუძლიათ, თქვან: სუსტები ვართ, მოწყვლადები, ამიტომ რუსეთი არ უნდა გავაბრაზოთ. ასე რომ, ამ მთავრობის ინტერესებში არ შედის, საქართველოს თავისი თავის დაცვა შეეძლოს.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება რუსეთს, თბილისში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადეთ, რომ სამეზობლოს მიმართ რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა ისტორიულია, არ შეცვლილა და არც შეიცვლება. რა ადგილი უკავია საქართველოს პუტინის ამ, როგორც თქვენ უწოდებთ, „მარადიულ რუსეთში?“

სოკორი: ამ ეტაპზე, რუსეთი საქართველოს დაპყრობით არ ემუქრება. ნაწილობრივ, ეს იმიტომ არ ძალუძს, რომ უკრაინაშია ომში ჩაბმული და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ეს აღარ სჭირდება - ძალიანაც კმაყოფილია იმით, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, რომ საქართველო აღარ ცდილობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას.

რადიო თავისუფლება: უომრადაც მოახერხეს [დაპყრობა]?

სოკორი: სწორედ ასეა. რუსეთი კმაყოფილია იმით, რომ საქართველო ნაცრისფერ ზონად აქცია. მიუხედავად იმისა, თუ რას გვიმტკიცებენ დღეს დასავლეთში, რუსეთი არ აპირებს საბჭოთა კავშირის აღდგენას, მის გეგმებში არ შედის საქართველოს ე.წ. დიად რუსეთში შთანთქმა. რუსეთს სურს, საქართველო იყოს ნაცრისფერი ზონა დასავლეთსა და რუსეთს შორის - ზონა, რომელიც იქნება ღარიბი, კორუმპირებული, დაუცველი და მოწყვლადი რუსეთის აგრესიისა და მანიპულაციების წინაშე. რუსეთს სურს, სიტყვა ეთქმოდეს საქართველოს მართვაში. ახლანდელი სიტუაციით რუსეთი სავსებით კმაყოფილია, ეს მათ აწყობთ. რუსეთს სურს, საქართველო იყოს სამხედრო თვალსაზრისით ყოვლად დაუცველი, განიარაღებული. მერე მთავრობა იტყვის - თუ მათ ჭკუაზე არ ვივლით, თუ რუსეთის მოთხოვნები არ დავაკმაყოფილეთ, რუსეთი დაგვემუქრება, ჩვენ კი დაუცველები ვართ - რა თქმა უნდა, დაუცველები ხართ: როცა არც საჰაერო თავდაცვა გაქვს, არც არტილერია, არც ჯავშანტექნიკა - რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის დაცვას ვერ შეძლებ. 2008 წლიდან მოყოლებული, საქართველო, პრაქტიკულად, სამხედრო ვაკუუმშია. ამას, რა თქმა უნდა, ხედავს რუსეთი და გემუქრებათ. მთავრობა ამით უბედური სულაც არ გახლავთ - პირიქით, ბედნიერები არიან ამით, რადგან ახლა შეუძლიათ, თქვან: სუსტები ვართ, მოწყვლადები, ამიტომ რუსეთი არ უნდა გავაბრაზოთ. ასე რომ, ამ მთავრობის ინტერესებში არ შედის, საქართველოს თავისი თავის დაცვა შეეძლოს. მათ სურთ საქართველო მოწყვლადი დარჩეს, რითაც გაამართლებენ საკუთარ ქმედებებს, როგორიცაა ევროპულ ინტეგრაციაზე უარის თქმა.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG