„მოდით, მოვიგოთ რა ეს ომი! დავამთავროთ ტანჯვა ორივე მხარეზე. დავაბრუნოთ უკრაინა 91 წლის საზღვრების ფარგლებში. დავასრულოთ ქაოსი. ერთადერთი გზა ამის მისაღწევად არის უკრაინელებისთვის იმ შეიარაღების მიწოდება, რაც სჭირდებათ რუსების დასამარცხებლად, რითაც იმდენ რუსს დახოცავენ, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთში „ეტკინოთ“, - ეუბნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის - ვალერი ზალუჟნის ამერიკელი მრჩეველი, დენიელ რაისი რადიო თავისუფლებას. ყოფილი სამხედრო (ერაყი, ავღანეთის ომები), სამხედრო ექსპერტი და კიევის ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი ვაჟა თავბერიძეს უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევის დეტალებზე ესაუბრა.
ახლა უპირატესობა უკრაინელების მხარეზეა - მწამს, რომ უკრაინა შეძლებს სტრატეგიული წარმატების მიღწევას ბრძოლის ველზე.
რადიო თავისუფლება: არის თუ არა ის, რასაც დღეს ვხედავთ, უკრაინის კონტრიერიში? დაიწყო?
დენიელ რაისი: ვფიქრობ, ეს მოხდება უახლოესი 30-60 დღის განმავლობაში, ამ პერიოდში შევამჩნევთ ბრძოლის ველზე არსებით ცვლილებებს. მჯერა, რომ უკრაინა შეძლებს სტრატეგიული წარმატების მიღწევას ბრძოლის ველზე. უკრაინის არმია იღებს უკეთეს შეიარაღებას, უფრო შორი მანძილის საბრძოლო მასალას, უკეთეს ჯავშანს - ყველაფერი გაუმჯობესდა. უკრაინელებმა ყველა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბეს წვრთნებისას, მათი ეფექტიანობის სტანდარტი ძალიან მაღალია. განსხვავებით რუსი მეტოქისაგან, უკრაინულ არმიას სწავლისა და ათვისების მაღალი უნარი აქვს. ყველაფერს ძალიან მალე ითვისებენ, ადაპტირება არ უჭირთ - იქნება ეს ახალი შეიარაღება თუ ახალი საბრძოლო ტაქტიკა.
რადიო თავისუფლება: მეტ და უკეთეს შეიარაღებას იღებენ - მაგრამ იღებენ კი საკმარისს იმისთვის, რომ უკრაინის კონტრიერიში წარმატებული გამოდგეს?
დენიელ რაისი: იცით, ომში ყოველთვის გეცოტავება ის, რაც გაქვს, სანამ გამარჯვებას არ მიაღწევ. რა თქმა უნდა, მეტი გვჭირდება და გვინდა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლეთმა უკან არ დაიხია და გაიაზრა, რომ ეს არ არის საფრთხე, რომელიც მხოლოდ უკრაინას ემუქრება. ეს არის საფრთხე, რომელიც ემუქრება დასავლეთს და დასავლეთის დემოკრატიას. ასე რომ, თავშეკავება არ გვარგებს, როდესაც უკრაინელებისთვის შეიარაღების მიწოდებაზე მიდგება საქმე - მაშინ, როდესაც ისინი მზად არიან იბრძოლონ, დაიღუპონ, გამოიყენონ ეს შეიარაღება, რათა ბოლო მოუღონ საერთო მტერს - რუსეთი კი დღეს ყველას მტერია. რუსეთია აქ ერთადერთი აგრესორი და ეს მათ მრავალჯერ დაამტკიცეს - 99 წელს ჩეჩნეთში, 2008-ში საქართველოში, 2014-ში ყირიმსა და დონბასში, 2016-ში სირიაში და კიდევ ერთხელ, 2022-ში, როდესაც უკრაინის დაპყრობა სცადეს. ეს არის აგრესორი ერი, რომელიც უნდა შევაჩეროთ. ვფიქრობ, ეს კონტრიერიში შეიძლება გახდეს სტრატეგიული გამარჯვების საწინდარი - არის შანსი, რომ რუსები დამარცხდებიან. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე მოხდება, მაგრამ შანსი არის - შანსი, რომ უკრაინულმა არმიამ რუსული არმია ბრძოლის ველზე დაამარცხოს ამ ზაფხულს. ესაა კიევის მიზანი, ესაა, რისი იმედიც გვაქვს. რამდენად მივაღწევთ? ძნელია სათქმელია. არავის სურს ისეთი დაპირებების გაცემა, რომელიც შეიძლება ვერ შეასრულონ. ომში ორი მხარეა და ცხადია, რუსული სარდლობაც ისევე ოცნებობს და გეგმავს გამარჯვებას, როგორც უკრაინელები. მაგრამ ვფიქრობ, ახლა უპირატესობა უკრაინელების მხარეზეა და ისინი შეძლებენ სტრატეგიული წარმატების მიღწევას.
რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ომი, მით უფრო რეალური ხდება შავი გედის სცენარის საფრთხე.
რადიო თავისუფლება: რაც შეეხება რუსულ იერიშებს, ყველა თანხმდება, რომ რუსების შეტევა მარცხით დამთავრდა, რომ ისინი დასახულ მიზნებს ვერ აღწევენ, მაგრამ რამდენად უნდა გვქონდეს იმავე სცენარის იმედი, როდესაც ისინი თავდაცვაზე გადავლენ? დრო ჰქონდათ მოსამზადებლად, ე.წ. ეშელონური თავდაცვის ხაზი აქვთ. როგორ უნდა გადალახო ის?
დენიელ რაისი: თავდაცვა ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე თავდასხმა. როდესაც უტევ, როგორც წესი, რიცხობრივი უპირატესობა უნდა გქონდეს, შეფარდება უნდა იყოს სამიდან ხუთამდე, ერთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ შენ მეტი მსხვერპლი გექნება. როდესაც უტევ, შენ მოშიშვლებული ხარ სანგრებში ჩამალული ჯარების წინაშე, რომელთაც თავდაცვის ხაზი აქვთ გამაგრებული, რომლებიც გეგმავდნენ ამ თავდაცვას, რომელთაც დანაღმული აქვთ ველი და ფოკუსირებული ცეცხლი უმაგრებთ ზურგს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უკრაინას მოუწევს კონტრიერიშზე წასვლა, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - მოუწევთ, რუსები დაამარცხონ და ტერიტორიები დაიბრუნონ. მოუწევთ ამის ფასის გადახდაც, და ეს არ იქნება იაფი, სამწუხაროდ. მაგრამ თუ სურთ, რუსები განდევნონ და 91 წლის დროინდელ საზღვრებამდე მივიდნენ, ამის გაკეთება ბრძოლის ველზე მოუწევთ.
რადიო თავისუფლება: მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივი უპირატესობა მათ მხარეს არაა? რუსები მეტნი არიან...
დენიელ რაისი: ნებისმიერ დროს, როდესაც შეტევაზე გადასვლას დააპირებ , ერთ კონკრეტულ ადგილას უნდა მოუყარო ძალებს თავი, შემდეგ უნდა ეცადო, რომ მტრის დაცვის ხაზი გაარღვიო და მისი პოზიციები ალყაში მოაქციო. ასეთია მოლოდინი უკრაინაშიც: ეს იქნება მასირებული შეტევა - ძნელია თქმა, სად, მაგრამ ეს ალბათ იქნება ტაქტიკური სიურპრიზი. შემდეგ ისმის კითხვა - შეძლებენ რუსები ამ შექმნილი ნაპრალის სწრაფადვე ამოვსებას და უკრაინის ფორსირებული შეტევის შეჩერებას? თუ ვერ შეძლებენ, მაშინ ალყაში მოექცევიან და უკრაინელები რუსულ არმიას გაანადგურებენ. მე სწორედ ამ სცენარის იმედი მაქვს.
მე ვერ ვხედავ იმ მომავლის სცენარს, სადაც ეს ომი კიდევ 18 თვეს გასტანს, ვფიქრობ, რომ მანამდე ან ერთი, ან მეორე მხარე მოიპოვებს გამარჯვებას.
რადიო თავისუფლება: ადრინდელ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ამ კონტრიერიშისას მომსწრე გავხდებით ერთი დიდი, გარდამტეხი მნიშვნელობის ბრძოლისა, რომელიც გადაწყვეტს კიდეც ამ ომის ბედს. რამდენად გარდაუვალია ეს? და თუ მოხდება ასეთი ბრძოლა, სად გაიმართება ის?
დენიელ რაისი: დასავლეთი იმედოვნებს, რომ საკმარისი შეიარაღება და სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა უკრაინას, რომ უკრაინელებმა საკმარისი წვრთნები და მომზადება შეიძინეს იმისთვის, რათა ბრძოლის ველზე კატაკლიზმური მნიშვნელობის წარმატებას მიაღწიონ. რომ ერთხელ და სამუდამოდ გატეხონ წელში რუსული არმია და უკრაინიდან გააძევონ, რათა თავიდან ავიცილოთ ე.წ. შავი გედის სცენარი [შავი გედის სცენარი - მოვლენათა უკიდურესად ნეგატიური განვითარება, რომელიც ზუსტ პროგნოზებს არ ექვემდებარება და მასზე რეაგირება, როგორც წესი, შეუძლებელია - რ.თ.]. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ომი, მით უფრო რეალური ხდება შავი გედის სცენარის საფრთხე - ასეთი სცენარი იქნებოდა, მაგალითად, რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, ან კიდევ ზაპორიჟიეს ბირთვული სადგურის დაზიანება, ანაც ძირეული ცვლილება საგარეო პოლიტიკაში - ჩინეთის ღიად ჩართვა ომში რუსეთის მხარეზე, ან კიდევ სცენარი, სადაც ეს ომი უკრაინის საზღვრებს გადასცდება. ეს შავი გედის სცენარები არაპროგნოზირებადი რისკების სრულიად ახალ საფეხურზე აგვიყვანდა, ამიტომაც, ამ სცენარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა რუსების დროზე დამარცხება ბრძოლის ველზე, მათი გაყრა უკრაინიდან. მე კიევში ვიმყოფები და ცოტა ხნის წინ, რუსეთმა მასირებული იერიში მოიტანა კიევზე - 18 მართვადი რაკეტა გვესროლეს, მათ შორის 6 ჰიპერბგერითი - „კინჟალი“, რომელთა შეჩერებაც, თუ რუსებს დაუჯერებდი, შეუძლებელი იყო. მაგრამ შევაჩერეთ. „პატრიოტმა“ შეაჩერა. იმ ღამეს გამართული მატჩი ასეთი ანგარიშით დასრულდა - „პატრიოტი“ 18, პუტინი 0. მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მათი ჩამოყრა ვერ შეძლო - წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის მსხვერპლსა და განადგურებაზე იქნებოდა საუბარი? არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარია მშვიდობიან მოსახლეობაზე, პუტინი მშვიდობიან ხალხს ბომბავს - ურიცხვი მსხვერპლი გვექნებოდა. მაგრამ „პატრიოტის“ წყალობით, იმ სისტემების წყალობით, რომლებიც გერმანიამ და ამერიკამ მოგვაწოდეს, ნორვეგიის მიერ მოცემული NASAMS-ების წყალობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ უმაღლეს დონეზე იმუშავა და ეს მსხვერპლი თავიდან ავიცილეთ. პუტინი აცხადებდა, რომ მათ [„კინჟალებს“] ვერაფერი შეაჩერებდა, რომ ისინი ძალიან სწრაფები არიან რეაგირებისთვის. „პატრიოტებმა“ შეაჩერეს, როგორც ვნახეთ. პუტინმა კი 150 მილიონი ქარს გაატანა კიევის ამ დაბომბვისას, შედეგად კი რა მიიღო? ვერც ვერაფერი, ნული.
რადიო თავისუფლება: უბიძგებს თუ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ეს ბრწყინვალე შედეგი დასავლეთს, მაგალითად, შეერთებულ შტატებს, იმისკენ, რომ უკრაინას მეტი „პატრიოტი“ მიაწოდონ?
დენიელ რაისი: იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. წარმატება ისეთი რამაა - ყველას უნდა წარმატების და წარმატებულების მხარეზე ყოფნა. როდესაც ხედავ, რომ შენმა გაგზავნილმა შეიარაღებამ მშვიდობიანი მოსახლეობა დამღუპველ კატასტროფას გადაარჩინა, რამდენიმე რამეს იაზრებ - პირველ რიგში: მათ ეს სჭირდებოდათ. ანუ ტყუილად არ მიგვიცია, რაღაც წარმოსახვით ბოროტებას კი არ უსწორდებიან, ეს ყოვლად რეალური საფრთხეა, ხორცშესხმული ბოროტებაა, რომელიც ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობის ამოხოცვას - და ამერიკა და დანარჩენი 65 ქვეყანა, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, სწორად მოიქცნენ, როდესაც უკრაინას დაუდგნენ გვერდში და დაეხმარნენ, საკუთარი თავი დაეცვა. მეორე, რაშიც დავრწმუნდით, არის ის, რომ შეიარაღება, რომელიც ჩვენ გავგზავნეთ, მუშაობს, ეფექტიანია. პუტინზე უარეს დღეში დღეს მხოლოდ ის ხალხი მეგულება, ვისაც ევალება, რუსული სამხედრო ტექნიკისთვის მყიდველები იპოვოს. რუსულ ტექნიკას დასავლური ერთი ხელის მოსმით ანადგურებს, როგორც ვნახეთ. წამყვანი ექსპორტიორები იყვნენ ამ სფეროში, დიდი ინდუსტრია ჰქონდათ, დღეს ამ ინდუსტრიის რეპუტაცია განადგურებულია, რადგან დასავლური შეიარაღება რუსულს შანსს არ უტოვებს.
რუსები Storm Shadow ს ვერსად დაემალებიან.
რადიო თავისუფლება: უკრაინის კონტრიერიშს დავუბრუნდეთ. რამდენად მოსალოდნელია, რომ უკრაინა ეცდება ამ იერიშის ფარგლებში ყირიმის დაბრუნებასაც? რამდენად რეალურია ეს?
დენიელ რაისი: ყველაზე ბუნებრივი სცენარი იქნებოდა ყირიმის იზოლაცია. ეს ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, უნდა დაბლოკო სახმელეთო კორიდორი, რომელიც რუსებმა მოიპოვეს და მეორე - საბოლოოდ უნდა განადგურდეს ქერჩის ხიდი. მას ერთხელ უკვე დაარტყეს უკრაინელებმა, მაგრამ მას შემდეგ შეაკეთეს და დღეს ისევ ფუნქციონირებს. ეს ხიდი თამაშიდან უნდა გამოვიდეს და ამის გაკეთება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, მათ შორის იმ ბრიტანული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით, რომლებიც უკრაინამ ახლახან მიიღო. ბევრი ვარიანტია, მაგრამ შედეგი ერთი უნდა იყოს: ქერჩის ხიდი უნდა განადგურდეს, რათა გაწყდეს რუსეთიდან მომავალი მიწოდება-მომარაგების ხაზი. თუ უკრაინელები ამას მოახერხებენ, თუ გადაკეტავენ სახმელეთო კორიდორს და ააფეთქებენ ქერჩის ხიდს, ეს ყირიმის ალყას ნიშნავს, ნიშნავს იმას, რომ იქ გამოკეტილი რუსული არმია დაიმშევა, რუსები ვერ მოახერხებენ საჰაერო გზით მათ სათანადოდ მომარაგებას და ძალიან გაუჭირდებათ ასე, მომარაგების გარეშე მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი პერიოდი გაძლონ. ასე რომ, გეგმა ასეთია: უნდა მოკვეთო, აშიმშილო და დახოცო.
რადიო თავისუფლება: სავარაუდოდ, ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი დასავლეთის შეუწყვეტელი მხარდაჭერაა, არის კი ეს მხარდაჭერა გარანტირებული განჭვრეტად მომავალში?
დენიელ რაისი: თუ უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავს, უკრაინა დაღუპულია - სწორედ ამიტომ ცდილობს პუტინი, განხეთქილება დათესოს დასავლეთის ქვეყნებს შორის. საუბარია 65 ქვეყანაზე - მათ შორის მთელ ნატოზე - რომლებიც პუტინის წინააღმდეგ დაირაზმნენ. ამ კოალიციის შეკვრა ადვილი არ იყო, მაგრამ მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთულია. ამიტომაა, რომ პუტინი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ როგორმე დასავლეთი დაქსაქსოს, იქნება ეს ენერგოდამოკიდებულება თუ ბირთვული შანტაჟი, მაგრამ დასავლეთის პასუხი ასეთია: იცი რა, ჩვენ არ გავხდებით შენი საწვავის მძევლები და არც შენი ბირთვული არსენალის მძევლებად ვიქცევით. ვამარაგებთ უკრაინას და მომავალში კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით. ამიტომ არ მგონია, რომ ეს მხარდაჭერა გაქრება.
ერთადერთი გზაა, ისინი საიქიოს გაისტუმრო, რათა სხვები აღარ აყვნენ ცდუნებას, ხელში იარაღი აიღონ და უკრაინაში წამოვიდნენ საომრად, რაც არ უნდა შესთავაზონ გასამრჯელოდ. მათ უნდა თქვან - არ მიღირს იქ წასვლა, იქ ხომ აუცილებლად “გამასაღებენ”.
რადიო თავისუფლება: თუ საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებიდან რამემ შეიძლება მოახდინოს უკრაინის ომზე გავლენა, ეს ალბათ, პირველ რიგში, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიძლება ითქვას. რა მოხდება, თუ, ვთქვათ, ტრამპი გახდება ისევ პრეზიდენტი, რას უქადის ეს უკრაინას?
დენიელ რაისი: აქ ჰიპოთეზებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საინტერესოდ და სახალისოდაც, მაგრამ რეალისტურად თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ სიტუაცია ასე გამოიყურება: არჩევნებამდე 18 თვეა, ეს ომი კი 15 თვეა გრძელდება. მე ვერ ვხედავ იმ მომავლის სცენარს, სადაც ეს ომი კიდევ 18 თვეს გასტანს, ვფიქრობ, რომ მანამდე ან ერთი, ან მეორე მხარე მოიპოვებს გამარჯვებას. დიახ, ან ერთი, ან მეორე - გადაწყვეტილი არაფერია, ამიტომ უნდა განაგრძოს დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა, რადგან უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ვერ გადარჩება. და თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, ეს ნიშნავს, რომ გაგრძელდება კოლოსალური დანაკარგები რუსული არმიისთვის და მე მეეჭვება, რომ ისინი ამ გვემას კიდევ დიდხანს გაუძლებენ. 200 000 მებრძოლი დაკარგეს. 200 000. უბრალოდ დაუფიქრდით ამ რიცხვს, გაიაზრეთ. ერთ-ერთი გამოწვევა უკრაინისთვის ისაა, რომ რუსული არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეს დაქირავებული მებრძოლების არმიაა. ავიღოთ მაგალითად „ვაგნერის“ ქვედანაყოფი - მათ რუსული საზოგადოების ნარჩენები მოაქუჩეს, მკვლელები ციხიდან გამოიყვანეს და ფრონტზე უკრეს თავი. როგორ ფიქრობთ, ვის დააკლდება ეს ხალხი? არც არავის. ასე რომ, როდესაც დაქირავებული მებრძოლების არმიას ებრძვი, იმაზე ვერ დადებ ფსონს, რომ მათი დახოცვით მოწინააღმდეგის მორალი დიდად შესუსტდება, რომ ხალხი იქით, მეორე მხარეზე, პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვა, რადგან ეს დაქირავებული მებრძოლები არავის ანაღვლებს. შესაბამისად, ერთადერთი გზაა, ისინი საიქიოს გაისტუმრო, რათა სხვები აღარ აჰყვნენ ცდუნებას, ხელში იარაღი აღარ აიღონ და უკრაინაში აღარ წამოვიდნენ საომრად, რაც უნდა შესთავაზონ გასამრჯელოდ. მათ უნდა თქვან - არ მიღირს იქ წასვლა, იქ ხომ აუცილებლად გამასაღებენ. დასავლეთში ბევრს უჭირს ამის ჯეროვნად გააზრება, რომ ეს ხალხი უბრალოდ უნდა აიღო და დახოცო - მე კი, როგორც ყოფილი პროფესიონალი ოფიცერი გეტყვით, რომ ომში, ფაქტობრივად, ძალადობის მენეჯერი ხარ და, როგორც წესი, ცდილობ, მოწინააღმდეგის შეტევას პროპორციული პასუხი დაუპირისპირო. მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგე უბრალოდ ადამიანების ურიცხვ ხროვას მოგისევს, რომელთაც უხდიან იმისთვის, რომ შენ და შენი ხალხი დახოცონ, მაშინ სხვა გზა არ გაქვს - შენ უნდა დახოცო ისინი, ყველანი, სანამ არ გათავდებიან.
რადიო თავისუფლება: დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე ჩაგეძიებით. ზემოთ გაკვრით უკვე ვახსენეთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadow შორსმსროლელი რაკეტები გადასცა. რას უნდა ველოდოთ მათგან? რა გავლენა ექნებათ ბრძოლის ველზე?
დენიელ რაისი: ოჰ, დამერწმუნეთ, გავლენას რუსები იგრძნობენ, თანაც ძალიან მალე. ვფიქრობ, ამას გარდამტეხი გავლენა ექნება და, აი, რას ვგულისხმობ გარდამტეხ გავლენაში: მთელი მათი სამეთაურო შტაბი, მიწოდება-მომარაგების გზები, მათი რეზერვები - ყველაფერი ამ იარაღის რადიუსში მოექცევა - ვერსად შეძლებენ დამალვას. როდესაც დასავლური დაზვერვის მონაცემებს შორი მანძილის, ზუსტ მართვად იარაღს დაუმატებ, ვეღარსად დაიმალებიან - ეს ნიშნავს, რომ რუსებს უკიდურესად გაუჭირდებათ საბრძოლო მანევრები აწარმოონ, მათი მომარაგების ხაზები დაიბლოკება, ზურგში გადასროლილი მათი სამმართველო შტაბები მიზანში იქნება ამოღებული და გამუდმებული დარტყმის მოლოდინში უნდა იყვნენ, რადგან უკრაინელები ახლა უკვე მათ მისწვდებიან. მისწვდებიან, დაარტყამენ და ამოხოცავენ. აი, ასეთი ეფექტი ექნება Storm Shadow -ს.
რადიო თავისუფლება: უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ბრიტანეთს ამერიკაც მიბაძავს და უკრაინას, მაგალითად, ATACMS-ებს მისცემს?
დენიელ რაისი: ვფიქრობ, უნდა ველოდოთ ამას. რასაც ამერიკა აკეთებს, ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა, მაქსიმალურად
ეს გარდაუვალია - უკრაინა მიიღებს დასავლურ საბრძოლო თვითმფრინავებს.
მოერიდონ შთაბეჭდილების შექმნას, რომ ეს ამერიკის ომია რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ სხვებს აძლევენ შესაძლებლობას, ლიდერის ფუნქცია იტვირთონ. არავის უნდა ომის ესკალაცია, არავის უნდა ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა ან კიდევ, უკრაინის საზღვრებიდან ნატოს ტერიტორიაზე გადმოღვრა. მაგრამ ახლა, როდესაც ბრიტანეთმა გადადგა ეს ნაბიჯი, იმედი მაქვს, რომ ამერიკაც გააკეთებს ამას და უკრაინას შორი მანძილის საბრძოლო მასალას მიაწვდის. მოდით, მოვიგოთ რა ეს ომი! დავამთავროთ ტანჯვა ორივე მხარეზე. დავაბრუნოთ უკრაინა 91 წლის საზღვრების ფარგლებში. დავასრულოთ ქაოსი. ერთადერთი გზა ამის მისაღწევად არის უკრაინელებისთვის იმ შეიარაღების მიწოდება, რაც სჭირდებათ რუსების დასამარცხებლად, რითაც იმდენ რუსს დახოცავენ, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთში „ეტკინოთ“.
რადიო თავისუფლება: ბოლო კითხვა მაქვს. მთელ ამ გაწეულ დახმარებაში ყბადაღებულ სიცარიელედ რჩება დასავლეთის უარი, უკრაინას დასავლური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს. ახლახან გამოცხადებული „ავიაგამანადგურებელთა კოალიცია” პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ სუნაკს შორის - ნიშნავს კი ეს, რომ უკრაინა უკვე ახლოსაა დასავლური თვითმფრინავების მიღებასთან?
დენიელ რაისი: ვფიქრობ, ეს გარდაუვალია, უკრაინა მიიღებს დასავლურ საბრძოლო თვითმფრინავებს. უკრაინელი პილოტები უკვე გადიან მართვის კურსებს და როგორც კი ისინი მზად იქნებიან, როგორც კი ლოგისტიკის საკითხები მოგვარებული იქნება, ვფიქრობ, მალევე ვიხილავთ დასავლეთის განცხადებასაც და ამ განცხადებას უმალვე მოჰყვება დასავლური თვითმფრინავების გამოჩენაც უკრაინაში, ბრძოლის ველზე. ანუ ეს არ იქნება გაკეთებული განცხადება და შემდეგ ლოდინი - ეს იქნება გაკეთებული საქმე, შემდეგ კი განცხადება ამის შესახებ, რაც, ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორი მიდგომაა.