Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმპიჩმენტის მცდელობა 2 - არღვევს თუ იცავს კონსტიტუციას პრეზიდენტი?


2023 წლის 1 სექტემბერს, საზღვარგარეთ მყოფმა პრეზიდენტმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ეს ფოტო მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" პირველად მიიღო იმპიჩმენტის გადაწყვეტილება.
2023 წლის 1 სექტემბერს, საზღვარგარეთ მყოფმა პრეზიდენტმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ეს ფოტო მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" პირველად მიიღო იმპიჩმენტის გადაწყვეტილება.

​​​​​​​არა "ყოფილი პრეზიდენტი“, არამედ „გაგდებული პრეზიდენტი“, „გადაყენებული პრეზიდენტი“ - „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს სამომავლო სტატუსს ურჩევს.  პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ, მმართველი პარტია კვლავ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აპირებს, ამჯერადაც საზღვარგარეთ უნებართვო ვიზიტების გამო.

გადამწყვეტ არჩევნებამდე 3 კვირით „ქართული ოცნება“ იწყებს პროცესს, რომელიც 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის დასასრულებელი გახდება. იქამდე მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

„ოცნების“ ინიციატივა პრეზიდენტმა ოფიციალური რეაგირების გარეშე დატოვა. გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი საერთოდ არ უხსენებია.

  • რა მიზანი აქვს „ქართულ ოცნებას“?
  • არღვევს თუ იცავს კონსტიტუციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი?

„ოცნებისთვის“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს „ძალზე პრინციპული” სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ივანიშვილის პარტია მზად არის, რომ მიზანს მიაღწიოს - თუნდაც პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ მხოლოდ ერთი თვით შეიკვეცოს.

"ოცნება" გეგმავს:

  • საკონსტიტუციო სასამართლოს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მიმართოს, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად;
  • ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომებზე - სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადააყენოს.

„არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, - განაცხადა 7 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

სიტყვა „გადაყენებულის“ ნაცვლად, „გაგდებულს“ იყენებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი - კახა კალაძე, როცა პრეზიდენტის სამომავლო სტატუსზე ლაპარაკობს. ჟურნალისტებს მან უთხრა, რომ - „კონსტიტუციის დარღვევაა ვოიაჟები“.

მას [პრეზიდენტს] მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე უფლება არ აქვს. მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ? მე თუ პრემიერ-მინისტრის გასაკეთებელი უნდა ვაკეთო, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის გასაკეთებელი უნდა აკეთოს და ეს აღრევა თუ უნდა მოხდეს, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია ან კანონები?!რისთვის არის კონსტიტუცია, კანონები?! - რადგან ეს დავიცვათ! პირველ რიგში, პატივი ვცეთ, ჩვენ სახელმწიფოს, კონსტიტუციას და კანონებს“, - აცხადებს კალაძე.

  • პირველად, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინება, საკონსტიტუციო სასამართლოში, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით შევიდა - 2023 წლის 14 სექტემბერს.
  • უკვე 2023 წლის 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

იმპიჩმენტის მორიგი ინციატივის გამოცხადების შემდეგ, 7 ოქტომბერს, საღამოს, პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, მაგრამ „ოცნებისთვის“ ამ თემაზე არ უპასუხია. სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს - ხარისხიანი არჩევნების ჩატარებისკენ, ხოლო ხალხს არჩევნებზე აქტიურად მისვლისკენ და ხმების დაცვისკენ მოუწოდა.

„ყველა ხმების დასაცავად უნდა მოვემზადოთ. თქვენ, ყველა პასუხისმგებელი ხართ საკუთარ ხმაზე, არჩევნებზე გამოცხადებაზე, ყველა - თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე. გაყალბების დამარცხება არის მობილიზაცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ გახმაურებულ 4 მიზანს ახლა უკვე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემაც დაემატება.

„მათ ["ოცნებას"] შეუძლიათ, რომ ეს საკითხი წინასაარჩევნო მესიჯად აქციონ და ხალხს უთხრან - გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მხარდაჭერას გთხოვთ - კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს პასუხი ვაგებინოთო. ჩვენ გვაქვს ორი საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში - ამ შემთხვევაში [იგულისხმება] 100 ხმა“, - გვეუბნება ვახუშტი მენაბდე და ვარაუდობს, რომ „ოცნების“ ეს სვლა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასა და საარჩევნო ურნებთან მიყვანას ისახავს მიზნად, ხოლო ახალი მხარდამჭერების მისაზიდად ეს მესიჯი არ გამოდგებათ.

როცა მთავრობა ვიზიტებზე ნებართვას არ აძლევს პრეზიდენტს, ხოლო პრეზიდენტი მაინც მიემგზავრება - ვახუშტი მენაბდის განმარტებით, ეს კონსტიტუციის ნორმებს ეწინააღმდეგება; თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ასევე დეტალებიც - „რა შეხვედრები ჰქონდა, რას განიხილავდა და თვითონ როგორი პოზიციონირება ექნება“.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტში სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება. წინა მცდელობაზე, „ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში მიზანს მიაღწია, მაგრამ უკვე პარლამენტში - 2023 წლის 18 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაზე საკითხი იმის გამო ჩავარდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 100 მანდატი არ ჰქონდა, ხოლო დანაკლისის შევსება ვერც მოკავშირეების დახმარებით შეძლო.“ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დღეს უკვე აქვს ამომრჩევლების 60%-ის მხარდაჭერა, რაც მხოლოდ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დაკვეთილი კვლებით დასტურდება.

უკვე დიდი ხანია, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტებს ეწინააღმდეგება, უარიც არაერთხელ უთხრა და ნებართვის მოთხოვნამაც აზრი დაკარგა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთული ვიზიტები განაგრძო.

სულ ბოლო ასეთი ვიზიტის დროს, [სექტემბერ-ოქტომბერში] პრეზიდენტი პარიზში, ბერლინში, ვარშავასა და ბრიუსელში ჩავიდა. შეხვდა საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის პრეზიდენტებს, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს.

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ბოლო ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს მომავალთან დაკავშირებული გარანტიის მიღება იყო.

მე მინდოდა სწორედ ამ მომენტში, როდესაც ვემზადებით არჩევნებისთვის, გამეგო მათგან და მეთხოვა მათთვის, რომ როგორც არის დემოკრატიულ ქვეყნებში, როცა საქართველოს მოსახლეობა თავისას იტყვის და დაადასტურებს იმას, რაც ადრე თქვა ქუჩაში... რომ რჩება საქართველოს მოსახლეობა ევროპის გზის მომხრე და არ ხედავს სხვა პერსპექტივას, სხვა ალტერნატივას - როცა ამას ჩვენ ყველანი ერთად დავადასტურებთ, მინდოდა გამეგო მათგან [საერთაშორისო პარტნიორებისგან] და პირობა მიმეღო, რომ ჩქარა დაგვაბრუნებენ იმ გზაზე, საიდანაც მოგვგლიჯა „ოცნებამ“. ეს დასტური მივიღე“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „TV პირველის“ გადაცემა „მელაძის შაბათთან“ და იქვე განმარტა, რომ ურთიერთობები „გაფუჭებულია ყველასთან“ და „საქართველოს მთავრობა და „ოცნება“ დღეს არიან სრულიად იზოლირებული დანარჩენი ჩვენი პარტნიორებისგან, იქნებიან ევროპელები თუ ამერიკელები“.

4 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების ივნისის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან და ამის გამო ბოლო თვეებში აღარ ყოფილა ვიზიტები ბრიუსელიდან თბილისში და ასევე პირიქით. სექტემბრის მიწურულს - გენერალური ასამბლეის 79-ე სესიისთვის ნიუ-იორკში ჩასულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუუქმეს მიწვევა მსოფლიო ლიდერების თავყრილობაზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მასპინძლობდა. ასევე არ შედგა ორმხრივი შეხვედრები აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„პრეზიდენტი მოქმედებს 78-ე მუხლის ფარგლებში, როგორც სახელმწიფოს მეთაური და მისი ინტერესია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ გააგრძელოს ევროპული განვითარება. არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ევროპული მომავალი გადასარჩენია. პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და მისი ვალია იზრუნოს - სახელმწიფოს სწორ განვითარებაზე. ასე უნდა იქცეოდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც, მაგრამ ,სამწუხაროდ, მათი მიზანია არა ევროინტეგრაცია, არამედ ის, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ რუსული მმართველობის ქვეშ“, - გვეუბნება მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლე, რომელიც ერთი წლის წინ სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს წარმოადგენდა. ამბობს ასევე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობის იმედი არც ამჯერად აქვს.

მაია კოპალეიშვილი, რომელიც ამჟამად „კოალიცია ცვლილებებისთვის“ საარჩევნო სიის მე-11 ნომერია, ფიქრობს, რომ იმპიჩმენტის საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა მხოლოდ იმის გამო წამოაყენა, რომ „ყურადღება გაუფანტოს როგორც ამომრჩევლებს, ასევე პოლიტიკურ სპექტრს“ და „ყველა საკუთარ დღის წესრიგზე გადართოს“, რადგან ხვდება, რომ „არჩევნებში მარცხდება“.

ბოლო ვიზიტის დროს, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში - ევროპელი ლიდერების გარდა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი აშშ-ის მაღალჩინოსანსაც შეხვდა - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხების უფროს დირექტორ მაიკლ კარპენტერს.

"TV პირველთან" ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ „სანქციები მზადდება“, მაგრამ ეს არ იქნება არჩევნებამდე, რათა საარჩევნო პროცესში ჩარევად არ შეფასდეს და მზადყოფნა გამოხატა იმ შემთხვევისთვისაც - თუკი ბიძინა ივანიშვილს გარანტიებისთვის კომუნიკაცია დასჭირდება.

„არსებობს ისტორიაში, როცა ხელმძღვანელ პარტიას სჭირდება გარანტიები, რომ იმის მერე, რაც წააგებს - რა მოხდება... სიმართლეს გეტყვით, მე დამისვეს შეკითხვა - არის თუ არა საჭირო, რაღაც გარანტიების მიცემა [ბიძინა ივანიშვილისთვის] მე პასუხი ამაზე არ მაქვს. თუ პასუხი იქნება, სადაც საჭიროა, იქ მივიტან“, - სალომე ზურაბიშვილმა აღარ დააკონკრეტა, ვინ იყო ამ შეკითხვის ავტორი - ევროპის თუ აშშ-ის წარმომადგენელი.

პრეზიდენტის პროგნოზია, რომ „ქართული ოცნება" პარლამენტში მხოლოდ 25%-ით იქნება წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში, „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს კვლავ ვერ შეძლებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG