Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იზოლაცია საშინელი კოშმარია“ - პრეზიდენტის მორიგი „უნებართვო“ ტურნე ევროპაში


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ვარშავაში, უსაფრთხოების ფორუმზე. 1 ოქტომბერი, 2024 წელი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ვარშავაში, უსაფრთხოების ფორუმზე. 1 ოქტომბერი, 2024 წელი.

მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილი მორიგი „უნებართვო“ ევროპული ტურნეს ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებს ხვდება - სიტყვით გამოდის და საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებსაც ისმენს, „ქართული ოცნების“ ლიდერები მას კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში, ღალატსა და ქვეყნის მტრობაში ადანაშაულებენ.

საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში - არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის დედაქალაქებს ესტუმრა. 30 სექტემბერს ის - გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ხოლო 1 ოქტომბერს პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმზე იყო მიწვეული. გამართა ორმხრივი შეხვედრები; ევროპისა თუ აშშ-ის ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან. საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს წუხილი ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლის და საქართველოში რუსული ზეგავლენების დამკვიდრების გამო.

იზოლაცია ყველაზე საშინელი კოშმარია

1 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობდა პანელში სახელწოდებით - „ცხოვრება ომის წინა პერიოდში? ევროპული უსაფრთხოების ძირითადი გაკვეთილები“. სალომე ზურაბიშვილი აუდიტორიის წინაშე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში არ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გავლენების გავრცელებას თავდახრილი შეეგუება, რადგან „ქართველებმა იციან, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა და არც თანაარსებობის რაიმე შესაძლებლობა რუსეთთან“.

სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკაზეც და თქვა, რომ ასეთი პოლიტიკის მხარდამჭერია მცირე ჯგუფი, „რომელიც უფრო მეტად ამ ხელისუფლების გარშემოა პრივილეგიების, კორუფციის, ზეწოლის, კომპრომატის გამო“.

„ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ვხედავთ რუსეთის მოდუს ოპერანდის [მოქმედების გზების] კოპირებას. "რუსული კანონი" ამის ნიშანი იყო. ისინი მხარდაჭერის მობილიზებას ვეღარ ახერხებენ და ცდილობენ საზოგადოებაზე წნეხს სხვადასხვა კანონითა და სხვადასხვა მესიჯებით. მაგრამ მე მჯერა საზოგადოების, რადგან ჩვენ გვაქვს საკმარისი ისტორიული გამოცდილება, ვიცოდეთ - სად არის ჩვენი მომავალი“, - სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროპისკენ სვლა და დემოკრატიული განვითარება საქართველოს მოქალაქეების მრავალწლიანი უცვლელი სურვილია და იმედი აქვს, რომ მომავალ არჩევნებზეც ეს სურვილი და მისწრაფება გაიმარჯვებს.

სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს უსაფრთხოების ფორუმის პანელში, ვარშავაში.
სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს უსაფრთხოების ფორუმის პანელში, ვარშავაში.

„იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე საშინელი კოშმარია“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პანელზე დასმულ შეკითხვას - თუ რას საჭიროებს საქართველო ევროკავშირისგან და აშშ-სგან მოცემულ ეტაპზე?

პრეზიდენტმა განმარტა, რომ მთავარი საჭიროებაა „საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა... და ბევრი მეთვალყურე არჩევნებზე“, რაც იქნება ნიშანი, რომ „ჩვენ მარტო არ ვართ“.

სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს მსვლელობისას ახსენა წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის ქუჩებში გამოფენილი ბილბორდებიც, რომლებზეც რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის ქალაქების ფოტოებია გამოყენებული.

„ამან მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან საერთოდ არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციას - რომ შენ მშვიდობიან ცხოვრებით ტრაბახობდე, მაშინ, როცა შენი მეგობარი ამ ტრაგედიაში ცხოვრობს... ეს რეალური და სპონტანური აჟიოტაჟი იყო. და მათ ზოგიერთი მსგავსი ტიპის ვიდეოს ამოღება მოუხდათ“, - პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს მომავლისთვისაც იბრძვის და რუსეთი ამ ომში მარცხდება.

საქართველოს პრეზიდენტზე წინ, იმავე პანელის ფარგლებში - სიტყვით გამოვიდა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობასა და რუსეთის ბრუტალურ მოქმედებებზე საუბრისას მან 2008 წლის ომიც ახსენა:

„ალბათ კარგად გახსოვთ, რომ რუსეთის იმპერიალიზმის აღზევების შესახებ გვაფრთხილებდა [პოლონეთის] პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. ზუსტად ეს თქვა მან საქართველოში, თბილისში, როცა რუსეთი თავს ესხმოდა საქართველოს დედაქალაქს. მან თქვა შთამბეჭდავი სიტყვები: დღეს საქართველოა, ხვალ შეიძლება იყოს უკრაინა და შემდეგ ბალტიისპირა ქვეყნები და შემდეგ, შეიძლება ჩემი ქვეყნის - პოლონეთის - დროც მოვიდეს“.

უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ, დღის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილმა და ანჯეი დუდამ პირისპირ შეხვედრაც გამართეს.

პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანჯეი დუდამ სალომე ზურაბიშვილს პოლონეთის მეგობარი უწოდა და თქვა, რომ საინტერესო საუბარი ჰქონდათ რუსეთის აგრესიაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და უკრაინაში რუსეთის ომზე.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზეც ილაპარაკეს.

დუდამ განაცხადა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგებს ევროკავშირში საქართველოს სწრაფად გაწევრიანების პერსპექტივისთვის.

„ყველა მოუთმენლად ველით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა - ამომრჩეველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. რა თქმა უნდა, არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი - არა მხოლოდ სურვილით, არამედ იმ პირობების შესრულებითაც, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინაპირობაა, ამიტომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები უნდა იყოს დემოკრატიული“, - პოლონეთის პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვარშავაში, უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრები გამართა: ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოლექსანდრ ბალანუცასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მინისტრ (ლორდთა პალატის წარმომადგენელი მინისტრი) ლორდ ვერნონ კოაკერთან, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხების უფროს დირექტორ მაიკლ კარპენტერთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში - ვერა ჟუროვასთან.

ორმხრივ შეხვედრებზე განხილულ თემებს შორის სახელდება: საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ევროპული მომავალი. „შეხვედრებზე მხარეებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ", - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

წინა დღით, 30 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას ბერლინში შეხვდა.

გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა - „მკაფიო პროევროპული პოზიციისთვის“ და „გამოხატა სინანული, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს რეგრესის გამო“.

„[საქართველოს] მთავრობა ამით ისტორიულ შანსს ემუქრება“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ცნობაში წერია, რომ 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო რამდენიმე ისეთი კანონი, რომლებიც ხელს უშლიან ევროკავშირთან დაახლოებას. მაგალითად დასახელებულია „გამჭვირვალობის კანონი“ [ე.წ. აგენტების კანონი].

სოციალურ ქსელ ფეისბუკში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბერლინში განსახილველი თემები შეეხებოდა, მათ შორის: ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან“ და ქართულ დიასპორას, რომელსაც ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის“.

„გერმანიის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, "ქართულ ქარტიას" და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ“, - წერია ფეისბუკპოსტში.

მანამდე, 27 სექტემბერს, პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა დოკუმენტური ფილმის „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ ჩვენება და სიტყვით მიმართა პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, მედიისა და დიასპორის წარმომადგენლებს.

საფრანგეთის პარლამენტში გამართული ღონისძიება ნაწილია კამპანიისა „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულასა და პარტია ფედერალისტების ორგანიზებით. კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება.

ისევ შეუთანხმებლად

სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ისე გაემგზავრა, რომ მასთან მწვავედ დაპირისპირებული მთავრობა საქმის კურსში არ ჩაუყენებია, რამაც „ქართულ ოცნებაში“ ბრაზის მორიგი ტალღა გამოიწვია.

„სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას, იმიტომ, რომ არ აქვს მთავრობის თანხმობა“, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მიწვევას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართველი ხალხის შეურაცხყოფასაც უწოდებს.

„როცა საუბარი არის ხოლმე და ევროპიდანაც გვესმის, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან, ქართველი ხალხი უყვართ, მხარს უჭერენ, რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა? ქართველი ხალხის კონსტიტუციას რომ არღვევინებ ადამიანს და მეგობარი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილე ხარ?“, - განაცხადა პაპუაშვილმა და ამავე კონტექსტში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაც გაიხსენა. ამას ბოლო დროს არცთუ იშვიათად მიმართავს ხელისუფლება - სავარაუდოდ, საერთაშორისო პარტნიორების უმადურობის ხაზგასასმელად.

„ჩვენ ამ ხალხთან ერთად წავედით ომში, ავღანეთში ერთად ვისხედით სანგრებში. ესაა პასუხი? ჩვენი გაღებული სისხლის, ჩვენს ბრძოლაზე პასუხად ეს ქვეყნები, მათი ხელისუფლებები გვეუბნებიან, რომ ჩვენი კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია და საერთოდ არ სცემენ პატივს ქართველი ხალხის წეს-წყობილებას, მის კონსტიტუციას, - უთხრა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტების საქმე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტს ერთი წლის წინ მოუგო, თუმცა მისი იმპიჩმენტის მიზანს მაინც ვერ მიაღწია - პარლამენტში არასათანადო რაოდენობის მანდატების გამო.

„ქვეყნის მტერი“, „თაღლითი“, „პრეზიდენტად წოდებული“, „კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერი“ - ბოლო ორი დღეა პრეზიდენტს ასე მოიხსენიებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები და მას ევროპული ინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელსაც უწოდებენ.

„საერთოდ არ მაინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი რას ფიქრობს, ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის მტერია. მისი ქმედებებიდან გამომდინარე, არის მოღალატეობრივი. ადამიანი, რომელიც პრეზიდენტად წოდებულია, დადიოდა და საუბრობდა საერთაშორისო არენაზე, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. საერთოდ, რაზეა საუბარი? მე შეიძლება უთანხმოება მქონდეს მთავრობასთან, შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, ქვეყანას რატომ აზიანებ? ასეთი თაღლითი როგორ ხარ ადამიანი, რომ ქვეყანას აზიანებ. წარმოუდგენელია, უბრალოდ გაუგებარია ეს დამოკიდებულება“, - უთხრა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და პრეზიდენტს კიდევ ერთხელ უწოდა კონსტიტუციის დამრღვევი.

ექსპერტები უკვე დიდი ხანია ხედავენ მკაფიო განსხვავებას პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნების საერთაშორისო ვიზიტებს შორის - ფორმისა თუ შინაარსის თვალსაზრისით.

ბოლო პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორებთან „ოცნების“ ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე - სხვაობა კიდევ უფრო მკაფიო გახდა.

ზაფხულში ევროკავშირში გაკეთდა განცხადება მაღალი დონის ვიზიტების შეზღუდვის შესახებაც, სხვა ზომებთან ერთად, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით განიხილება. ამ ეტაპზე შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

რამდენიმე დღის წინ, გენერალური ასამბლეის 79-ე სესიისთვის ნიუ-იორკში ჩასულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუუქმეს მიწვევა მსოფლიო ლიდერების თავყრილობაზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მასპინძლობდა. ასევე არ შედგა ორმხრივი შეხვედრები, რომლებზეც ინფორმაცია ვრცელდებოდა.

აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ მიწვევა საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ უარყოფითი რიტორიკის გამო გაუქმდა და ასევე, ამავე მიზეზით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა - „ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზეც“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG