ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მიმართ აღძრული საქმის დახურვამ და პოლიციის ორი მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გადაყენებამ რუსეთში გააჩინა იმედი, რომ შესაძლოა გადაიხედოს პოლიტიკური მოტივით რეპრესირებული სხვა პირების საქმეებიც. რა ასაზრდოებს ასეთ ოპტიმიზმს? იცვლება თუ არა მართლა რუსეთი? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს იაროსლავ შიმოვი, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ჟურნალისტი.
იაროსლავ შიმოვი: თუ გსურთ ოპტიმისტური შეფასების მოსმენა, ის ასე ჟღერს: ივან გოლუნოვის საქმე იქცა ჟურნალისტებისა და ყველა იმ ადამიანის დიდ გამარჯვებად, ვისთვისაც რუსეთში ძვირფასია სიტყვის თავისუფლება და ის, რაც, სამწუხაროდ, მისგან დარჩა ბოლო წლებში. და თითქოს გოლუნოვის საქმე მომასწავებელი იყოს უკეთესობისკენ მიმართული შემდგომი შესაძლო ცვლილებებისა. ამ თვალსაზრისის დამაჯერებლობას ზრდის ახლახან მომხდარი მეორე შემთხვევა. საუბარია ჟურნალისტ იგორ რუდნიკოვზე, კალინინგრადში გამომავალი დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორზე, რომელსაც ათწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ქრთამის გამოძალვის საქმეზე, რაც აშკარად იყო შეთითხნილი საქმე. კალინინგრადის სასამართლომ საქმე გადააკვალიფიცირა ბრალდების უფრო მსუბუქი მუხლით, რაც არ ითვალისწინებს პატიმრობას და რუდნიკოვი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ეს, რაღაცნაირად, ადასტურებს ოპტიმისტების აზრს იმაზე, რომ კი, რაღაც იცვლება და ხელისუფლებას აღარ სურს ყოფნა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე ასეთი სასტიკი წნეხის პირობებში.
კობა ლიკლიკაძე: ახლა პესიმისტებსაც მივმართოთ, რადგან ივან გოლუნოვის გათავისუფლების მომდევნო დღეს, რუსმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს ხუთასამდე ადამიანი, მათ შორის ალექსეი ნავალნი და სხვა აქტივისტები. ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ არის შემწყნარებლური დამოკიდებულება და ხელისუფლების მცდელობა, კარგად გამოჩნდეს ჟურნალისტების თვალში. მეორე მხრივ კი, არა, არავითარი დათმობა ოპოზიციის მიმართ არ იქნება. ასე გამოდის?
იაროსლავ შიმოვი: დიახ, მე კი აღვწერე ოპტიმისტების შეხედულება, მაგრამ არ მითქვამს, რომ ვიზიარებ მას. მე სადღაც შუაში ვიმყოფები. პესიმისტები აცხადებენ, რომ არაფერი შეცვლილა და ეს არის პუტინის მარადიული ტაქტიკა: ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან. ანუ რაღაცაში დაიხია უკან: დართო ნება გაეთავისუფლებინათ ჟურნალისტი გოლუნოვი; ბრალდებები მის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, მოხსნილია; პოლიციის ორი გენერალი გადაყენებულია, მაგრამ, მეორე მხრივ, იმ მასობრივი დაპატიმრებებით, რაც 12 ივნისს მოხდა მოსკოვის ცენტრში, ხელისუფლებამ კვლავ აჩვენა, რომ არა, დასაშვებ ზღვარს იქით უკან არ დავიხევთ, მზად ვართ ვიმოქმედოთ სასტიკად და არ იფიქროთ, რომ რაღაც მართლა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ანუ ეს არის ერთგვარი ტაქტიკა და ვფიქრობ, რომ ამ ვერსიას აქვს საფუძველი.
კობა ლიკლიკაძე: სხვათა შორის, სოციალური ქსელებიც არაერთგვაროვნად გამოეხმაურნენ [ინტერნეტგამოცემა] "მედუზისა" და [ხელისუფლების წარმომადგენლების] შეხვედრას, რომლის შემდეგაც „მედუზის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას საპროტესტო აქციაში. ბევრი ამან გააკვირვა, ბევრიც გააჯავრა - ხალხი, ვინც დამოუკიდებელი მედიის ხელმძღვანელები დაადანაშაულა ხელისუფლებასთან კომპრომისში, ჟურნალისტ ივან გოლუნოვის გათავისუფლების სანაცვლოდ. რა არის ამაში ცუდი? რატომ არის, როგორ ფიქრობთ, ასეთი კომპრომისი დაუშვებელი?
იაროსლავ შიმოვი: "მედუზის" პოზიცია - პოზიცია გამოცემისა, სადაც ჟურნალისტი ივან გოლუნოვი მუშაობს - იყო ასეთი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ მის გათავისუფლებას. ამ მიზნის მიღწევა მოხერხდა, რის შემდეგაც მათ ამჯობინეს გამოსულიყვნენ განცხადებით, რომ არ არის საჭირო 12 ივნისს დანიშნულ აქციაზე გასვლა, თუმცა ჯერ კიდევ არ იცოდნენ გოლუნოვის გათავისუფლების შესახებ... ადმიანები, ვისაც ასეთი მოწოდება არ მოეწონა, ამბობენ, რომ 12 ივნისის აქცია უკვე აღარ ეხებოდა ივან გოლუნოვს, ეს მხოლოდ საბაბი იყო, რაკი ჟურნალისტი უკვე გათავისუფლდა. ეს იყო სიტყვის თავისუფლების, დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი და პოლიციის გარკვეული პრაქტიკის - კერძოდ, ნარკოტიკების ჩადების, როგორც უდანაშაულო ხალხის დაპატიმრების პრაქტიკის - წინააღმდეგ მიმართული აქცია.
კობა ლიკლიკაძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ციხეებში იმყოფება რამდენიმე ასეული - უფლებადამცველთა ბოლო გამოკვლევებით, სამასამდე -პოლიტპატიმარი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები, ლგბტ პირები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი რეჟისორი სენცოვი. რა ტენდენციაა რუსეთში? იზრდება თუ იკლებს რეპრესირებულ სამოქალაქო აქტივისტთა რაოდენობა?
იაროსლავ შიმოვი: იცით, ბოლო დროს ის მეტ-ნაკლებად სტაბილურია. იმ ფარგლებში რჩება, რაც თქვენ თქვით. ბოლო დიდი ინციდენტი, რის გამოც ეს რიცხვი გაიზარდა, იყო 24 უკრაინელი მეზღვაურის დაპატიმრება, რომლებსაც უკრაინა და ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს პოლიტპატიმრებად ან, უბრალოდ, პატიმრებად. მთლიანობაში, ცხადია, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ საქმით დათბობა იწყება. რუსული გამოთქმაა: ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. სინამდვილეში დავინახავთ, თუ რის გამკეთებელია "მერცხალი" და მოხდება თუ არა უფრო სერიოზული ცვლილება. ჯერჯერობით, ცალკეული მომენტების გამო, როგორიცაა ჩვენი საუბრის დასაწყისში ნახსენები რუდნიკოვის საქმე, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ [საპატიმროების] კარები იღება და ხალხი გამოდის. მსგავსი არაფერი ხდება! გასაკვირია, რომ ნავალნი, რომელიც 12 ივნისს დააპატიმრეს, იმავე დღესვე გაათავისუფლეს, რადგან, როგორც წესი, დაკავების შემდეგ მას 15 ან 30 დღით აპატიმრებენ ხოლმე. ეს არ მომხდარა. ანუ ეს არის გაწაფული ხელისუფლების მოქმედების მეთოდები და არა კურსის შეცვლა. ჯერჯერობით, ეს არ გამოიყურება, როგორც კურსის ცვლილება.