Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს იყო დევნა და ბოლოს გვამის გადამალვა - 12 წლის ანის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს


12 წლის ანი იანუშაიტიტე
12 წლის ანი იანუშაიტიტე

დედამ რომ მიირბინა, კომშის ხეების ქვეშ გულაღმა მწოლიარე 12 წლის შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა. „ხელები და ფეხები გაციებული ჰქონდა, წამოწევა რომ ვცადე, მისი ფილტვებიდან ბუყბუყის ხმა შემომესმა“, - იხსენებს 12 წლის ანის დედა იმ წუთებს, როცა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, შვილის ცხედარს მიაგნეს.

17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, 12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს.

შემთხვევის ადგილი, ფოტო გადაღებულია 2023 წლის 17 მარტს
შემთხვევის ადგილი, ფოტო გადაღებულია 2023 წლის 17 მარტს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე ღამეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მეორე დღეს კი, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისა და ექსპერტიზის ბიუროდან ანის ცხედრის სახლში გადასვენების შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანი, შესაძლოა უბედური შემთხვევის, საკვების გადაცდენის შედეგად გარდაცვლილიყო.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არსებობდა მოლოდინიც, რომ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, შესაძლოა გამოძიების კვალიფიკაცია, ანუ განზრახ მკვლელობის მუხლი, შეცვლილიყო კიდევ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზის ე.წ. პირველადი დათვალიერების შემდეგ, ანის ფილტვებში პირღებინებით გამოწვეული მასა ნახეს.

რას ყვება ანის დედა

ტერიტორია, სადაც 17 მარტის ღამეს 12 წლის ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს. ტერიტორია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებითა და ავტოფარეხებითაა გარშემორტყმული.

ანის დედა, ნატო ხუტაშვილი, დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია. ბავშვის გვამის გადამალვა კი მკვლელმა ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, მიწისკენ დახრილი ხეების ქვეშ სცადა.

ანის დედა გამორიცხავს, რომ მისი შვილი საკვების გადაცდენით გამოწვეული პირღებინებით გაიგუდა. ის ამბობს, რომ ანი ძალადობას ემსხვერპლა.

ანის სხეული დედამ მისხალ-მისხალ დაათვალიერა. ყვება, რომ ბავშვს არაერთი დაზიანება უპოვა, მათ შორის, ნაკაწრები მარცხენა ფეხზე, სახესა და ზურგზე:

„ჩემს შვილს ყოველთვის გაწკრიალებული, ფითქინა სახე ჰქონდა. ეს ნაკაწრებიც თავისით მიიყენა? ბავშვს მანამდე არანაირი ნაკაწრი არ ჰქონდა სახეზე. დაზიანება ჰქონდა მარცხენა მუხლის ზევით. ნაკაწრი ჰქონდა ზურგზეც, რომელსაც თავისით ვერ მიიყენებდა, რადგან ეცვა გრძელი, ე.წ. ჰუდი ელვა შესაკრავით, შიგნიდან როლინგი. ამდენი ტანსაცმელი ასე მარტივად ვერ წამოეწეოდა. ეს არის ფიზიკური ძალადობის დროს მიყენებული ნაკაწრი“, - ამბობს ანის დედა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს, ეს არის ადგილი, სადაც ანის სხეული იპოვეს.

ფოტო გადაღებულია 2023 წლის 17 მარტს
ფოტო გადაღებულია 2023 წლის 17 მარტს

ნატო ამბობს, რომ მისი შვილი იმ ხეების ქვეშ იპოვეს, სადაც შეუძლოდ მყოფი ბავშვი თავისით ვერ შევიდოდა. მისივე ვარაუდით, ბავშვს პირღებინება არა საკვების გადაცდენით, არამედ ძლიერი სტრესის გამო დაეწყო:

„ბავშვი შეყვანილია გაუვალ ჯაგებში. იმ ტერიტორიაზე, სადაც ანი ვნახეთ, ხეები ქარის ზემოქმედების შედეგად, ფაქტობრივად, მიწაზე დაწოლილი იზრდებოდა. აი ამ ხეების, ამ მიწაზე დაფენილი ხეების ქვეშ იწვა ბავშვი, გულაღმა, მხოლოდ სულ ოდნავ იყო გვერდზე გადახრილი. როგორ, თუკი საკვები გადასცდა და ამის გამო ღებინება დაეწყო, რატომ იწვა გულაღმა? ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გული ერევა, პირიქით, ცდილობს წაიხაროს. წვეთი მასა არ იყო გარეთ გადმოსული. მხოლოდ პირის ღრუ, ცხვირი და ფილტვები ჰქონდა სავსე. ეს მიჩენს ეჭვს და არსებობს ვერსია, რომ ბავშვს, სავარაუდო მოძალადემ პირზე ააფარა ხელი და ამის გამო მასა არა პირიდან, არამედ ცხვირიდან გადმოვიდა. ძალიან ლოგიკურია, რომ ბავშვს სტრესის ფონზე დაეწყო პირღებინება და არა იმიტომ, რომ რაიმე გადასცდა. როგორ ღებინება ჰქონდა, იხრჩობოდა და ხის ქვეშ შეწვა? ისეთი ხის ქვეშ, საიდანაც ვერ გამოვა? ეს ხომ აბსურდია. ეს არის ბლეფი. ამას ოჯახი არ დაიჯერებს. ეს არის დამალული გვამი. ეს არის დევნა და ეს არის იძულებით შეთრევა. სამი კომშის ხე იდგა იქ, აი ამ კომშის ხეების ქვეშ იყო შეთრეული. მთელი უბანი წამალზე დამოკიდებულია. უმეტესობას გონება აქვს არეული, ვეღარ ვიგებ, ვის რა შეიძლება მოვკითხო და ვინ შეიძლება იყოს ამის გამკეთებელი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას გამოძიება გამოიკვლევს, რთული საქმეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია“.

არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნატო ფიქრობს, რომ მისი შვილი მოკლულია. ანის ტელეფონი სამართალდამცავებმა მისი სხეულიდან საკმაოდ მოშორებით აღმოაჩინეს:

„ზუსტად მეტრებს ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ იყო საკმაოდ შორს, შესაძლოა ასამდე მეტრშიც. ეს ტელეფონი მას დაუვარდა დევნის დროს და სავარაუდოდ, გაწევა-გამოწევის დროს“.

ნატო ხუტაშვილი ეხმაურება მისი შვილის გარდაცვალების დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ოჯახმა ბავშვის ცხედარზე ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა:

„მინდა ხაზგაზმით ვთქვა, რომ მაშინვე განვაცხადე თანხმობა, რომ ბავშვს სრული ექსპერტიზა ჩასტარებოდა, რათა გამოძიება გავიდეს გარდაცვალების რეალურ მიზეზზე. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ექსპერტიზამ პირველადი დათვალიერებით ბავშვის ფილტვებში პირღებინებით გამოწვეული მასა აღმოაჩინა, ამის თაობაზეც ვიტყვი - დიახ, აქ ჩემთვის არაფერი ახალი არ არის. მე პირველივე წუთებიდან ვიცოდი, რომ ჩემი შვილის ფილტვები ამ მასით იყო სავსე. ბავშვი რომ წამოვწიე, მისი ფილტვებიდან მაშინვე გავიგე ხმა - სითხე ბუყბუყებდა“.

რატომ გაჩეხეს ხეები სკვერში, სადაც ანის ცხედარი იპოვეს?

ანის ოჯახის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" იცავს. 4 აპრილს, როდესაც ორგანიზაციის იურისტები ანის ოჯახის წევრებთან ერთად შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ ტერიტორიაზე მთლიანად იყო გაკაფული ხეები და იქ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას წმენდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.

შემთხვევის ადგილი, მოჭრილი ხეები, ფოტო გადაღებულია 2023 წლის 6 აპრილს
შემთხვევის ადგილი, მოჭრილი ხეები, ფოტო გადაღებულია 2023 წლის 6 აპრილს

ორგანიზაციამ 5 აპრილს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ „არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რამაც საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია“.

შემთხვევის ადგილი, ფოტო გადაღებულია 2023 წლის 6 აპრილს
შემთხვევის ადგილი, ფოტო გადაღებულია 2023 წლის 6 აპრილს

ადვოკატების განცხადებას 6 აპრილს გამოეხმაურა თბილისის მერია. მერიის თანახმად, ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამსახურმა მას შემდეგ დაიწყო მუშაობა, რაც მათ კორპუსის ამხანაგობის წერილი მიიღეს და მოწესრიგების მოთხოვნა დაიწერა „ფეისბუკის“ იმ საჯარო ჯგუფში, რომელიც დიდი დიღმის მცხოვრებლებს აერთიანებს:

შემთხვევის ადგილი, ფოტო გადაღებულია 2023 წლის 6 აპრილს
შემთხვევის ადგილი, ფოტო გადაღებულია 2023 წლის 6 აპრილს

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება იყო სრულიად შეუზღუდავი და არ იყო შემოსაზღვრული სპეციალური ნიშნით. რაც შეეხება საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, 4 აპრილს, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე კოლეჯის, 186-ე საჯარო სკოლისა და „ლელო არენას“ ორივე მხარეს, ბილიკების მიმდებარედ დაიწყო გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება. მსგავსი სამუშაოები ასევე ჩატარდა პეტრიწის ქუჩა N12 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ე.წ. წითელ ხაზებში, რადგან კორპუსის ამხანაგობის მხრიდან შემოსული იყო წერილი ტერიტორიის მოწესრიგების მოთხოვნით. ამასთან, ანალოგიური მოთხოვნა გავრცელდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში, რომელიც დიდი დიღმის მცხოვრებლებს აერთიანებს. ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, დიდ დიღომში, ჯამში, დაახლოებით, კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა“.

სცნობს თუ არას პროკურატურა ანის დედას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ?

ანის ოჯახის ადვოკატებმა თბილისის პროკურატურას 5 აპრილს მიმართეს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებით.

ელისო რუხაძე, ორგანიზაცია „უფლებების საქართველოს“ იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 6 აპრილს, ანის მშობლებს, მათ ადვოკატებსა და თბილისის პროკურატურის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც ადვოკატებს ანის გარდაცვალების სამტომიანი საქმე გადაეცათ:

ელისო რუხაძე, ადვოკატი
ელისო რუხაძე, ადვოკატი

„წუხელ გვიან შეგვეხმიანა გამოძიების მხარე, საქმის ზედამხედველი პროკურორი და ითხოვა ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან შეხვედრა. დილის ათზე შედგა ეს შეხვედრა. ვილაპარაკეთ გამოძიების სტრატეგიაზე, გადმოგვეცა საქმის მასალები. დღეს პროკურატურას უკვე პირადად მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემთხვევის ადგილზე მერიამ კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. ვუთხარით ისიც, რომ ტერიტორიაზე მერიის თანამშრომლებთან ერთად 4 აპრილს პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. პროკურატურაში გვითხრეს, რომ 5 აპრილამდე, ანუ იმ დრომდე, სანამ ჩვენ ეს ინფორმაცია გავასაჯაროვეთ, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. მათივე თქმით, შსს-ს ამ სამუშაოებზე თანხმობა არ გაუცია“.

რაც შეეხება დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის საკითხს, ელისო რუხაძის თქმით, პროკურატურამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ბავშვის დედა უახლოეს დღეებში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნება ცნობილი და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდება დაზარალებული მხარის ჩართულობით.

იქიდან გამომდინარე, რომ ანას გარდაცვალების საქმის მასალები ელისო რუხაძეს სულ ცოტა ხნის წინ გადაეცა, მის დეტალებზე ის ვერ საუბრებს. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გასაჯაროებას ისედაც არ აპირებს:

„ჯერჯერობით მხოლოდ თვალის გადავლება მოვახერხე. საქმეში დევს შავ-თეთრი ფოტოები, პრაქტიკულად შეუძლებელია მათი გარჩევა, ამიტომ მოვითხოვე ელექტრონული ვერსია. ამ ეტაპზე, საქმის მასალების ირგვლივ არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ გამოძიება მუშაობს ორ ვერსიაზე - განზრახ მკვლელობა და უბედური შემთხვევა. მთავარი გადამწყვეტი ამ საქმეში იქნება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. გარდა ამისა, საქმე ბურუსითაა მოცული, სავარაუდო მკვლელი შესაძლოა ისე იყოს ჩასაფრებული თითოეულ სიტყვას და ინფორმაციას, თუ რაზე გადის გამოძიება, რომ დეტალებზე ისედაც ვერ ვისაუბრეთ, სანამ კონკრეტული პირი არ გამოიკვეთება. საქმის მასალების თანახმად, შემიძლია ვთქვა, რომ აქტიურად მიმდინარეობს კამერების დათვალიერება, საგამოძიებო მოქმედებები და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მალე შედეგებიც ექნებათ“.

რაც შეეხება ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელმაც ანის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს და გამოძიების მსვლელობაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულოს, ელისო რუხაძის ინფორმაციითა და პროკურატურის დაპირების თანახმად, ის 7-10 დღის განმავლობაში უნდა გადაეცეს გამოძიებას.

ტერიტორიაზე, სადაც 17 მარტის ღამეს ანი იპოვეს, გარე განათება არ იყო და 4 აპრილამდე ის მთლიანად იყო გარშემოტყმული ბუჩქებითა და ჯაგნარით. ამ ტერიტორიას ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად გზის შესამოკლებლად იყენებდა.

* სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 6 აპრილს, საღამოს, პროკურატურამ ანის დედა, ნატო ხუტაშვილი, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.

XS
SM
MD
LG