Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისი - „ბეთების“ ქალაქი“


ტაქსი აზარტული ბიზნესის რეკლამით
ტაქსი აზარტული ბიზნესის რეკლამით

დედაქალაქის გარე რეკლამის შემოსავლის 80 % (ათობით მილიონი ლარი) აზარტულ ბიზნესზე მოდის, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანია “ალმასთან” ხვდება, - განაცხადა დღეს, 1 ნოემბერს, საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა და თბილისის მერია კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ ამ გარიგების შედეგად მერიამ “ალმას”ქალაქში რეკლამის განთავსების მონოპოლია გადასცა.

“ალმას” საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ კომპანიას აქვს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება.

„აი სად არის კორუფციული გარიგება: მერია აწესებს რეგულაციას, ეს რეგულაცია არის შეთანხმებული კომპანია „ალმას“ ხელმძღვანელობასთან. არ მაქვს ფული, ვერ გადავღებავ მანქანას. შესაბამისად, ვერ გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას - ასეთ დროს გამოჩნდა „კეთილი ბიძია“, ფხაკაძეების სახით და ეუბნება: მოდი, მე გადაგიღებავ შენ ავტომობილს, მაგრამ შენი მოძრავი ქონება (მანქანა) გახდება ჩემი, იმიტომ რომ იქიდან შემოსავალს მივიღებ მე“.

შაქარიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის მიხედვითა,ც შპს „ალმას“ მესაკუთრეა შპს „გლობალ ინვესტორს ლიმიტედ“, რომელიც ძმები სოსო და ლევან ფხაკაძეების „ვისოლ ჯგუფში“ შედის.

ტაქსის მძღოლები კი სათამაშო ბიზნესს უკეთებენ რეკლამას, რადგან ამის სანაცვლოდ „ალმამ“ მათ დაუფარა მანქანის გადაღებვის ხარჯი და მძღოლებმა მუშაობის გაგრძელება შეძლეს.

„თბილისი გადაიქცა “ბეთების” ქალაქად“, - ამბობს სამოქალაქო მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე, რომელიც დეპუტატის ბრიფინგს დაესწრო და კახა კალაძეს მიმართა:

„თქვენ ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტი, მაღალსართულიანი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, ადამიანების ცხოვრება საპირწონედ დაუდეთ „ბეთების“ მილიონებს. მოგმართავთ თხოვნით, ვიდრე კიდევ არის გადარჩენის დრო, მიიღეთ ქმედითი ზომები და გაათავისუფლეთ ქალაქი. ნუ გადაჭიმავთ თბილისის ცაზე „ბეთების“ რეკლამას, ეს არის კატასტროფა“.

თამარ ჯაფარიძმ მიმართა „ტაქსის“ მძღოლებსაც და მათ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

„ტაქსის“ მძღოლების ნაწილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაუჩერი აქვთ, უარი თქვეს მანქანის თეთრად გადაღებვაზე სწორედ იმიტომ, რომ მათთვის მიუღებელია აზარტული თამაშების რეკლამირება, მერიის მიერ დარიგებული ვაუჩერების გამოყენება კი მათ ავალდებულებდა ორი წლის გამავლობაში ამგვარი სამსახური გაეწიათ ამა თუ იმ კომპანიისთვის, მათ შორის აზარტული თამაშებისათვის. - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მძღოლებმა „შმაქსის“ აქციაზე განუცხადეს.

მძღოლების კომენტარები აზარტული თამაშების რეკლამირებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:20 0:00

მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტი არ წყვეტს რა იყოს გამოსახული ტაქსებზე.

„კონკურსის გზით შეირჩა კომპანია „ალმა“ რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ უფასო მომსახურება ექნებოდა როგორც გადაღებვაზე, ასევე სალონების ქიმიურ წმენდაზე და, შესაბამისად, განათავსებდა რეკლამას ტაქსებზე. მერია არ ერევა ამ საკითხში, აქ უკვე მოქმედებს არსებული კანონი და მან უნდა დაარეგულიროს, რისი განთავსება შეიძლება და რისი არა“, - ამბობს მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი.

კომპანია „ალმა “ რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ მისი უმსხვილესი დამკვეთი სათამაშო ბიზნესია და მათთან გაფორმებული კონტრაქტი მინიმუმ ერთწლიანია. მათი თქმით, ტაქსებზე ძირითადად სწორედ აზარტული თამაშების რეკლამაა განთავსებული.

კანონი არ კრძალავს სათამაშო ბიზნესის რეკლამის განთავსებას მანქანებზე, ბილბორდებზე, ავტობუსის გაჩერებებთან - საჯარო სივრცის სხვა ადგილებში.

თამარ ჯაფარიძემ, ხელმძღვანელმა სამოქალაქო მოძრაობისა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორი წელია, მერიაში წერილებს გზავნის, პირადად კახა კალაძესაც მისწერა სოციალურ ქსელში, მაგრამ პასუხი არ არის. თამარ ჯაფარიძე ითხოვდა სკოლებთან მაინც აეკრძალათ აზარტული თამაშების რეკლამები.

„სახელმწიფო კანონით „აპრავებს“, რომ მილიონიანი ბიზნესის შემოსავალი წავიდეს ვიღაცის ჯიბეში“, - ამბობს თამარ ჯაფარიძე.

საზოგადოებრივი ჯგუფები ახლა კანონის უფრო რადიკალურ ცვლილებას ითხოვენ - შეიზღუდოს სათამაშო ბიზნესი და შეწყდეს თბილისის მუნიციპალიტეტის კონტრაქტი “ალმასთან”. ამ მოთხოვნით ისინი უერთდებიან იუსტიციის საბჭოს წევრის, ანა დოლიძის, აქციას აზარტული თამაშების წინააღმდეგ.

პარლამენტარმა ლევან გოგიჩაიშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა - ის აზარტული და მომგებიანი თამაშების ჩარჩოში მოქცევას მეორედ ცდილობს. კანონპროექტს რამდენიმე მიზანი აქვს, მათ შორის:

აიკრძალოს აზარტული თამაშობების რეკლამა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში;

აიკრძალოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა თითქმის იმავე შინაარსის კანონპროექტი ერთხელ უკვე “ჩააგდო”.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG