Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დომინიკ ჰაშეკი: „ყველა რუსი სპორტსმენი წარმოადგენს პუტინს და პასუხისმგებელია ომზე”


დომინიკ ჰაშეკი
დომინიკ ჰაშეკი

ლეგენდარული ჩეხი ჰოკეისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დომინიკ ჰაშეკი Current Time-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში განმარტავს, თუ რატომ მიიჩნევს რუს სპორტსმენებს დამნაშავეებად უკრაინის წინააღმდეგ ომში და როგორ ეხმარება პუტინს რუსი ჰოკეისტების თამაში ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL).

ჰაშეკი ასევე საუბრობს იმაზე, თუ რისი ეშინოდა კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში თამაშის დროს და რატომ არ ამართლებს შიში ჰოკეის რუსი ვარსკვლავების დუმილს. წაიკითხეთ ინტერვიუ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰოკეისტთან, რომელიც ასევე ვრცლად ლაპარაკობს სპორტის, პოლიტიკის, ომის, უკრაინაში მოგზაურობისა და საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ.

დომინიკ ჰაშეკი: ივნისის დასაწყისში ვესტუმრე უკრაინას და დაახლოებით ერთი კვირა გავატარე იქ. მიმიწვია უკრაინის ჰოკეის ფედერაციამ და ჩემმა კარგმა მეგობარმა ალექსეი ჟიტნიკმა, რომელთან ერთადაც Buffalo Sabres-ში ვთამაშობდი. ის უკრაინელია, ცხოვრობს კიევში. ჯერ კიდევ შარშან დამპატიჟა, მაგრამ მაშინ ცოტა შემეშინდა. ბოლოს ვუთხარი, ჩამოვალ, მინდა რამდენიმე დღე თქვენ გავატარო-მეთქი. მოგზაურობის მთავარი მიზანი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა იყო. მინდოდა ხალხს გაიგოს ჩემგან, დომინიკ ჰაშეკისგან, რომ მხარს ვუჭერ უკრაინას. მინდოდა მეთქვა მადლობა არა მხოლოდ იმისთვის, რასაც უკრაინა აკეთებს თავისი ქვეყნისთვის, არამედ იმისთვისაც, რასაც ისინი აკეთებენ ჩემი ქვეყნისთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი იცავენ არა მარტო საკუთარ ქვეყანას, არამედ მსოფლიოს თავისუფლებას. მინდოდა მადლობა მეთქვა მათთვის.

ასევე, როგორც ჰოკეის ყოფილ მოთამაშეს, მინდოდა უკრაინის ჰოკეის მხარდაჭერა. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ომამდე უკრაინაში დაახლოებით 15-16 ყინულის არენა იყო. სამწუხაროდ, დღეს უკრაინელ ბავშვებს მხოლოდ 6 ან 7 არენაზე შეუძლიათ თამაში, რადგან ყველა დანარჩენი დაზიანებულია, მთლიანად განადგურებულია ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონაში მდებარეობს. ჩავედი უკრაინული ჰოკეის მხარდასაჭერადაც, რომ ის გადარჩეს და ბავშვებმა შეძლონ ყინულზე გასვლა და თამაში.

– იყო რამე, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე? მაგალითად, ხარკოვში იყავით, ქალაქში, რომელიც წელიწად-ნახევარია რუსული არმიის თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

დომინიკ ჰაშეკი: ბევრი ფოტო დამრჩა ხარკოვიდან. რაც იქ ვნახე, საშინელებაა. არ მინდა ვთქვა, რომ მკვდარი ქალაქია. არა. მაგრამ იქ ძალიან ცოტა ხალხია. შესაძლოა, ახლა ყველაფერი ბევრად უკეთესადაა, ვიდრე ექვსი თვის წინ იყო, მაგრამ მაინც ცხადია, რომ ეს ქალაქი ჯერ არ გაცოცხლებულა.

წამოსვლის წინ, რესტორანში გვქონდა საღამო. დაახლოებით თხუთმეტი ყოფილი ჰოკეისტი მოვიდა. ლუდი დავლიეთ და ვისაუბრეთ. ორი მათგანი ბახმუტში იყო ნამყოფი. ორივეს მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიღებული. ერთს თვალი აკლდა, მეორეს ფეხი ჰქონდა დასახიჩრებული, მაგრამ არ წუწუნებდნენ. ამან ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. გაიხსენეს ორი ყოფილი თანაგუნდელი, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ბახმუტის რაიონში დაიღუპნენ.

- მინდა თემა შევცვალო. ბოლოს როდის იყავით რუსეთში?

დომინიკ ჰაშეკი: რუსეთში არ ვყოფილვარ მას შემდეგ, რაც სპორტსმენის კარიერა დავასრულე. 2010-2011 წლებში ერთი სეზონი ვითამაშე მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში. ეს მშვენიერი გამოცდილება იყო, დავინახე, როგორ მუშაობს რუსეთში ყველაფერი. ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთში შეიძლება რაღაც დაიწეროს ქაღალდზე, მაგრამ პრაქტიკაში სულ სხვანაირად იმუშავებს. ამაზე მიხუმრია კიდეც. მაგრამ ახლა ომია და ომი არ არის საუკეთესო დრო ასეთი ხუმრობისთვის.

დომინიკ ჰაშეკი (შუაში). 1998 წ. ნაგანოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლით დაჯილდოების შემდეგ
დომინიკ ჰაშეკი (შუაში). 1998 წ. ნაგანოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლით დაჯილდოების შემდეგ

ეს [რუსეთში თამაში] დიდი გამოცდილება იყო და „სპარტაკისთვისაც“ დიდი სამუშაო გავაკეთე. მაშინ, 2010-2011 წლებში, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რუსეთი ასეთი გზით წავიდოდა. არ ველოდი, რომ რუსეთი გახდებოდა ასეთი წარმოუდგენელი, საშინელი აგრესორი ქვეყანა. მაგრამ სწორედ ასე მოხდა.

- ვიცი, რომ არაერთხელ უკითხავთ ამის შესახებ, მაგრამ კიდევ ვიკითხავ: როგორ ფიქრობთ, რუსეთში თქვენი ჩასვლა და რუსულ კლუბში თამაში, შეცდომა იყო?

დომინიკ ჰაშეკი: შეცდომა? ვიტყოდი, რომ დიახ, ეს არასწორი იყო, რადგან თუ წახვალ და ითამაშებ რუსეთში, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ღირებულებას აწარმოებ რუსეთის სახელმწიფოსთვის, რუსეთის ხელისუფლებისთვის. ასე რომ, დიახ, არასწორი იყო. მაგრამ იმ ცოდნით და გამოცდილებით, რაც მაშინ გვქონდა ევროპაში, ვიმეორებ, წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ შეცდომას ვუშვებდი. ხალხის 99%-ის მსგავსად, მეც ვფიქრობდი, რომ რუსეთი სწორი მიმართულებით მოძრაობდა.

2010 წელს ნამდვილად მჯეროდა, რომ სწორად ვიქცეოდი, როცა რუსეთში მივემგზავრებოდი, რათა გამეზიარებინა ჩემი ფასეულობები და, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიული გამოცდილება რუსებისთვის. სამწუხაროდ, მაშინაც, ყველა, ვინც რუსეთში იყო, ეხმარებოდა ბატონ პუტინს იმის შექმნაში, რადაც მან საბოლოოდ აქცია ეს ქვეყანა.

- თქვენ ახლა ხშირად საუბრობთ რუსეთში სათამაშოდ წასული ჩეხი სპორტსმენების მოკვეთისა და დასჯის შესახებ. რატომ?

დომინიკ ჰაშეკი: დარწმუნებული არ ვარ, რომ გარკვევით ახსნა შემიძლია. მაგრამ ამას სკოლაში ასწავლიან: ყველა, ვინც რომელიმე ქვეყანაში მუშაობს, ამ ქვეყნისთვის რაღაც ღირებულებას ქმნის. თუ ვინმე მუშაობს რუსეთში, ის ქმნის რაღაცას რუსეთისთვის.

და რისთვის იყენებს რუსეთის სახელმწიფო ამ შექმნილ ღირებულებებს? სამწუხაროდ, იყენებს ომის საწარმოებლად. ასე რომ, ვინც რუსეთში მუშაობს, ის ეხმარება რუსეთის მთავრობას. ამიტომაც მინდა, რომ ჩეხი ამაში არ იყოს ჩართული. ეს არ ეხება მხოლოდ ჰოკეისტებსა და ფეხბურთელებს. ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესიის ადმიანი. არ მინდა, რომ ისინი რუსეთში წავიდნენ, რადგან თუ იქ მიდიხართ, თქვენ ქმნით რაღაც ისეთს, რასაც რუსეთი იყენებს ომში, რომელშიც უკრაინელებს, და არა მხოლოდ მათ, ხოცავენ. ეს ომი რუსეთის მოქალაქეებსაც ხოცავს. ასე რომ, უბრალოდ მინდა გადავარჩინო ამ ადამიანების სიცოცხლე.

ამიტომ ვცდილობ, ზეწოლა მოვახდინო ჩეხეთის მთავრობაზე, რომ აკრძალვა შემოიღოს და ჩეხეთის ვერცერთმა მოქალაქემ ვერ შეეძლოს რუსეთში მუშაობა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არც ისე მარტივია. საერთაშორისო კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ჩეხეთის კანონმდებლობაში ასეთი აკრძალვის შემოღებას, ვინაიდან თავად ჩეხეთი არ იმყოფება ომის მდგომარეობაში რუსეთთან.

- თქვენ ასევე ითხოვთ რუსი სპორტსმენებისთვის გარკვეული აკრძალვების დაწესებას. ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ...

დომინიკ ჰაშეკი: არა, მოიცადეთ. საუბარი არაა აკრძალვებზე. ეს მნიშვნელოვანია. საუბარია რუსი მოთამაშეების დახმარებაზე, რუსი სპორტსმენების დახმარებაზე. დიახ, აკრძალვები შეიძლება ვინმეს შეეხოს. მაგრამ მე მხოლოდ ის მინდა, რომ დავეხმარო რუს სპორტსმენებს, რათა სიცოცხლის ბოლომდე არ იგრძნონ პასუხისმგებლობა მრავალი ადამიანის, მრავალი უკრაინელის დახოცვის გამო, ასევე მრავალი რუსისა და ბელარუსის გამო, ვინც ომში იღუპება. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო რუსი სპორტსმენებისთვის, რათა მათ არ იგრძნონ პასუხისმგებლობა ადამიანების სიკვდილის გამო.

- მოგვიანებით დავუბრუნდეთ ამ საკითხს. თქვენი განცხადებები და ციტატები აქტიურად განიხილება რუსულ მედიაში რუსი სპორტსმენების, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მიერ. პირადად თუ გინახავთ რუსების რეაქცია თქვენს წინადადებებზე?

დომინიკ ჰაშეკი: დიახ, წამიკითხავს. მაგალითად, რუსი ჰოკეისტის, კოჟევნიკოვის. სხვათა შორის, დიდი მოთამაშეა, რომელიც 80-იან წლებში მოსკოვის „სპარტაკში“ თამაშობდა. მგონი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, შესანიშნავი ფორვარდი, მისგან გოლები გამიშვია. ფაშისტი მიწოდა.

მიკიჟინებენ და მაკრიტიკებენ ადამიანები, რომლებიც ბატონ პუტინის მომხრეები არიან. პუტინი პასუხისმგებელია ასობით ათასი ადამიანის სიკვდილსა და, შესაძლოა, მილიონობით ადამიანის დაჭრა-დასახიჩრებაზე, უკრაინელი ბავშვების გენოციდზე. თუ ამ ადამიანის მხარდამჭერები მაკრიტიკებენ, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი სპორტსმენი, რომელიც მაკრიტიკებს, ვიაჩესლავ ფეტისოვია, დიდი სპორტსმენი, დიდებული მცველი. მანაც თქვა რაღაც ჩემზე. არადა, ის უშუალოდ არის პასუხისმგებელი 100 000 ადამიანის სიკვდილზე. რადგან, როგორც დუმის, რუსეთის პარლამენტის დეპუტატმა, მხარი დაუჭირა ომს. მან უთხრა „დიახ“ რუსეთის ომს.

არ ვიცი, ოდესმე მოხვდება თუ არა ფეტისოვი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, მაგრამ ის დამნაშავეა. ის ერთ-ერთია, ვინც მხარი დაუჭირა ომს. ძალიან სამწუხაროა, რომ ვხედავ ამხელა ჰოკეისტს, რომელიც უშუალოდ არის დამნაშავე ომის გაჩაღებაში.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰოკეიში ვიაჩესლავ ფეტისოვი (მარცხნიდან მეორე) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, 10 მაისი. 2014 წელი
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰოკეიში ვიაჩესლავ ფეტისოვი (მარცხნიდან მეორე) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, 10 მაისი. 2014 წელი

– სხვათა შორის, ხელთ მაქვს მისი ერთ-ერთი ციტატა თქვენზე. „თუ სწორად მახსოვს, დომინიკი ჩვენთან კარგი ფულის სანაცვლოდ თამაშობდა. რატომ ართმევს სხვებს თამაშისა და ფულის შოვნის შესაძლებლობას? დააბრუნოს აქ ნაშოვნი ფული, მაშინ ყველაფერი, რასაც ამბობს, სამართლიანი იქნება“. თუ არ გსურთ, შეგიძლიათ, არ უპასუხოთ...

დომინიკ ჰაშეკი: არა, ვუპასუხებ! ის მართალია. რუსეთში ვთამაშობდი. „სპარტაკთან“ მქონდა კონტრაქტი, რომლის პირობები პატიოსნად შევასრულე. მათთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ასევე მათაც არ უნდა ჰქონდეთ ჩემთან კითხვები. მაგრამ, შესაძლოა, რუსეთში ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუ მათთან მუშაობ, არ გაქვს გაკრიტიკების უფლება. ეს ასე არ არის. თუ ისინი კლავენ ხალხს, თუ გენოციდს უწყობენ უკრაინელ ბავშვებს, თქვენ უნდა გააკრიტიკოთ ისინი. არ აქვს მნიშვნელობა, ერთად მუშაობთ თუ მეგობრები ხართ. არ ვიცი, შეიძლება თუ არა, რომ მე და ვიაჩესლავ ფეტისოვს მეგობრები გვიწოდონ, მაგრამ მეტოქეები ნამდვილად ვიყავით. 1998 წელს ჩეხეთში მოვიპატიჟე. სამი დღე გაატარა აქ.

ხშირად ვთამაშობდით ერთმანეთის წინააღმდეგ. 80-იან წლებში, როცა საბჭოთა ნაკრებში გამოდიოდა, მეგობრებს ნამდვილად ვერ დაგვარქმევდით. მძულდა, ოღონდ კარგი გაგებით, როგორც მეტოქე. იმ დროს საბჭოთა არმია ჩეხეთში იდგა, ამიტომ მათი გუნდის მიმართ თბილი გრძნობები არ გვქონდა. მაგრამ ფეტისოვი იყო New Jersey Devils-ის, შემდეგ Detroit Red Wings-ის ვარსკვლავი, შესანიშნავი ჰოკეისტი და მის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია. ჩვენ არ ვიყავით მეგობრები, მაგრამ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ ვიაჩესლავ ფეტისოვის მსგავსი ადამიანი ხმას მისცემდა ომს, ჯარისკაცების გაგზავნას სხვა ქვეყანაში ხალხის დასახოცად და უკრაინელი ბავშვების გენოციდის მოსაწყობად. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.

– შეჭრის შემდეგ, პირადად თუ ესაუბრეთ ვინმეს რუსეთში?

დომინიკ ჰაშეკი: არა. არავის დავკავშირებივარ. ჯერ კიდევ მაქვს ტელეფონის რამდენიმე ნომერი, მაგრამ რუსეთში არავისთვის დამირეკავს. უკვე ვთქვი, რომ მჭიდრო კავშირი მაქვს ალექსეი ჟიტნიკთან, რომელიც რუსეთის ნაკრებში თამაშობდა 1998 წლის ოლიმპიადაზე, მაგრამ ის კიევში დაიბადა და ახლა უკრაინის მოქალაქეა. მასთან ვარ კავშირზე და ხშირადაც ვსაუბრობთ. ომის დაწყების შემდეგ ყოველდღე თუ არა, კვირაში რამდენჯერმე ვსაუბრობდით. ახლაც რეგულარულად ვუკავშირდებით ერთმანეთს.

რუსებთან კი არ მილაპარაკია. მაგრამ თუ ვინმეს უნდა ჩემთან საუბარი, პრობლემა არ არის. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, მე თვითონ ასეთ ურთიერთობას არ ვეძებ.

- რუს სპორტსმენებზე უკვე ბევრი ილაპარაკეთ. აი, თქვენი ერთი გამონათქვამი: „ყოველი რუსი სპორტსმენი წარმოადგენს პუტინს, ომს, მკვლელობასა და დანაშაულს, წარმოადგენს უკრაინელი ბავშვების გენოციდს”. ასე ფიქრობთ, რომ ყველას, გამონაკლისის გარეშე, ეკისრება პასუხისმგებლობა?

დომინიკ ჰაშეკი: სამწუხაროდ, დიახ, ყველა მოქალაქე პასუხისმგებელია, სანამ საჯაროდ არ დაგმობს ამ დანაშაულებებს. თუ მე საჯაროდ ვგმობ ჩეხეთის ქმედებებს, მაშინ ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მეხსნება. რუსეთის მოქალაქემ, სპორტსმენმა, საჯაროდ უნდა დაგმოს რუსეთის ომის დანაშაულები.

რუსეთის ის მოქალაქეებიც კი, მათ შორის სპორტსმენები, რომლებიც არ უჭერენ მხარს დანაშაულს, ომსა და უკრაინელების მკვლელობას, სამწუხაროდ, წარმოადგენენ რუსეთს. და ყოველ ჯერზე, როცა ისინი გადიან ყინულზე, მოედანზე, კორტზე, ამ ფაქტით მხარს უჭერენ საშინელ დანაშაულებს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია მთელი ქვეყანა და ყველა სპორტული ფედერაცია.

- ეს ჩემი აზრი არაა, მაგრამ უნდა გკითხოთ. იცით, რამდენად საშიშია რუსეთში ომის წინააღმდეგ აზრის გამოთქმა?

დომინიკ ჰაშეკი: დიახ, ძალიან საშიშია.

ამისთვის შეიძლება ციხეში მოხვდეთ. მინდა თქვენი ლოგიკის გაგება - 1990 წლამდე, როცა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში თამაშობდით, გარკვეული სახით საბჭოთა კავშირსაც ხომ წარმოადგენდით?

დომინიკ ჰაშეკი: გიპასუხებთ, მაგრამ თქვენ ამბობთ, ჩოგბურთელისთვის შეიძლება სახიფათო იყოს ომზე ლაპარაკიო... მე არავის ვუსურვებ ცუდს, პირიქით. მაგრამ, მეორე მხრივ, უკრაინაში ასობით, ათასობით მოკლული ან მძიმედ დაჭრილი ადამიანია. ასე რომ, თქვენ ადარებთ ერთმანეთს ერთ და ასობით ათას სიცოცხლეს. რაც შეეხება ჩემ შესახებ შეკითხვას... დიახ, როცა ჩეხოსლოვაკიას წარმოვადგენდი, კომუნისტურ რეჟიმსაც წარმოვადგენდი. ასეა. სამწუხაროდ, ასეთი იყო რეალობა.

მაგრამ ჩემი ქვეყანა არ აწარმოებდა ომს, არ ხოცავდა ხალხს. ცხადია, უნდა ვაღიარო, რომ მაშინ ჩვენ გვქონდა პრობლემები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ვიღაცას ასამართლებდნენ, ვიღაცას ციხეში უშვებდნენ. და, როგორც ჩემი ქვეყნის სხვა ნებისმიერი მოქალაქე, ჩეხოსლოვაკიაში მუშაობით მეც მხარს ვუჭერდი ხელისუფლებას. ამის გამო მეკისრება პასუხისმგებლობის ნაწილი იმ დანაშაულებზე, რაც მაშინ ხდებოდა ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ არც პოლონეთში, არც გერმანიაში, არც სლოვაკეთსა და არც ავსტრიაში არ შევჭრილვართ. თუ რამე იყო არასწორი, ეს ჩემი ქვეყნის შიდა საქმე იყო.

– მაგრამ ამ ლოგიკით, განა მაშინ არ უჭერდით მხარს თავად ჩეხოსლოვაკიის საბჭოთა ოკუპაციას, როცა იმავე კომუნისტური რეჟიმისთვის თამაშობდით და ამის საწინააღმდეგო არაფერი გითქვამთ?

დომინიკ ჰაშეკი: კი, საშიში იყო და მეც მეშინოდა. გასახდელში თუ მეგობრებთან ერთად, რა თქმა უნდა, ცუდს ვამბობდით რუსებსა და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე. მაგრამ დიახ, მეშინოდა, ისევე როგორც მილიონობით ადამიანს ჩეხეთის რესპუბლიკაში, საჯაროდ გამომეთქვა აზრი. იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორიც ბატონი ჰაველია, ჩვენი პრეზიდენტი. ის უფრო გაბედული იყო და ამაზე საჯაროდ ლაპარაკობდა ზოგიერთ სხვა ადამიანთან ერთად. მე ასეთი მამაცი არ ვიყავი. რთული სიტუაცია იყო. როგორც მოქალაქეს, უდავოდ, მქონდა გარკვეული პასუხისმგებლობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი ეროვნულ ნაკრებში.

მაგრამ რუსეთის პრობლემა ისაა, რომ ისინი კლავენ ხალხს სხვა ქვეყნებში. თუ რამე ხდება თქვენს ქვეყანაში, ეს ერთი ამბავია, მაგრამ თუ სადღაც შედიხართ, კლავთ ხალხს და გენოციდს აწყობთ, ჩემი აზრით, ეს ბევრად უარესია.

- თქვენი კიდევ ერთი ციტატა: „რუსი მოთამაშეები სასწრაფოდ უნდა განდევნონ NHL-იდან და დააბრუნონ სახლებში. ეს აუცილებელია, თუ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის სწრაფად დასრულებაში. ეს გადაარჩენს ათიათასობით არა მხოლოდ უკრაინელის, არამედ რუსის სიცოცხლესაც”. როგორ დაეხმარება ადამიანების გადარჩენის საქმეს რუსი ჰოკეისტების მოკვეთა NHL-იდან, ჰოკეის ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი ლიგიდან?

დომინიკ ჰაშეკი: არ ვარ დარწმუნებული, რომ სახლებში დაბრუნებაზე ნამდვილად ასეთი რამ ვთქვი. უკეთესადაც შეიძლებოდა მეთქვა. მე მივწერე მისტერ ბეტმენს (გარი ბეტმენი - ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარი): „გეთაყვა, გადაუხადეთ მათ კონტრაქტით გათვალისწინებული ყოველი პენი, მაგრამ არ მისცეთ უფლება, ყინულზე გავიდნენ და ითამაშონ“.

- როგორ დაეხმარება ეს ომის შეჩერებას?

დომინიკ ჰაშეკი: ახლა აგიხსნით. ყოველ ჯერზე, როცა ისინი ყინულზე გადიან, მხარს უჭერენ თავიანთი ქვეყნის მოქმედებებს: ომს, მკვლელობასა და გენოციდს. სულ ეს არის. თუ NHL რუს სპორტსმენებს ყინულზე გასვლის საშუალებას მისცემს ისე, რომ არ მოისმენს რუსეთის მთავრობის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულების საჯაროდ დაგმობას, მაშინ NHL პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რაც უკრაინაში ხდება.

მიმაჩნია, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც ომი მიმდინარეობს, NHL-მა უკრაინას 2-დან 4 მილიარდ დოლარამდე უნდა გადაუხადოს. მესმის, რომ ახლა ეს თითქმის შეუძლებელია. მაგრამ მჯერა, რომ იურისტები იპოვიან საშუალებას და ერთ დღეს NHL-ს მოუწევს ამ თანხის გადახდა იმიტომ, რომ რუს ჰოკეისტებს თამაშის უფლება მისცეს. არ ვამბობ, რომ ეს დანაშაულია, მაგრამ ომისა და დანაშაულების პირდაპირი მხარდაჭერა ნამდვილადაა.

მინდა ყველამ იცოდეს: NHL ასევე უშუალოდაა პასუხისმგებელი ადამიანების მასობრივ დახოცვაზე.

ალექსანდრ ოვეჩკინი ვლადიმერ პუტინთან დაჯილდოების ცერემონიაზე კრემლში, 2014 წლის 27 მაისი
ალექსანდრ ოვეჩკინი ვლადიმერ პუტინთან დაჯილდოების ცერემონიაზე კრემლში, 2014 წლის 27 მაისი

– როგორც ახსნით იმას, რომ ალექსანდრ ოვეჩკინი, ალბათ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტსმენი (არა მხოლოდ ჰოკეისტი), ისევე როგორც სხვა მოთამაშეები, რომელთა კარიერა ძირითადად საზღვარგარეთ, აშშ-ში და არა რუსეთში განვითარდა, არ გამოდის ომის წინააღმდეგ?

დომინიკ ჰაშეკი: პირადად არცერთ რუს ვარსკვლავს არ ვიცნობ. ასე რომ, მხოლოდ ვარაუდი შემიძლია. ვფიქრობ, ოვეჩკინი ყოველთვის იყო პუტინის მხარდამჭერი, მათ შორის, 2018 წლის არჩევნებშიც. ის დუმდა ყირიმის შემდეგ. ინსტაგრამსა და ფეისბუკგვერდზე აქვეყნებდა პუტინთან გადაღებულ ფოტოებს. ასე რომ, ის მხარს უჭერს პუტინს და, შესაბამისად, მხარს უჭერს ომს. მას მიაჩნია, რომ უკრაინაში შეჭრა და იქ ხალხის მკვლელობა სწორია. ალექსანდრ ოვეჩკინს შეიძლება მიაჩნია, რომ უკრაინელი ბავშვების გენოციდი სამართლიანი საქმეა. ან იქნებ აღარ უჭერს მხარს, ზუსტად არ ვიცი.

– იქნებ მასაც ეშინია ხმამაღლა თქმის?

დომინიკ ჰაშეკი: შესაძლოა. პირადად მას არ ვიცნობ. მაგრამ არიან სხვა მოთამაშეებიც. ოვეჩკინი ყოველთვის იყო პუტინის მხარდამჭერი. რაც შეეხება სხვებს, მე გულწრფელად მჯერა, რომ ბევრი მათგანი, ან თუნდაც მათი ნაწილი, არ ეთანხმება პუტინს და ომის წინააღმდეგია, მაგრამ ეშინიათ. მე ვიცი, როგორია, როცა გეშინია.

ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ თქვენ უნდა დაფიქრდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია - ალექსანდრ ოვეჩკინის, პანარინის ან ვასილევსკის ჰოკეის თამაში თუ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე?

საჯაროდ უნდა დაგმონ ომი, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. მესმის, რომ ეს ძალიან რთულია, რადგან იციან, რომ რუსეთმა, როგორც ტერორისტულმა სახელმწიფომ, შეიძლება მიაკითხოს მათ, იქნება ეს ნიუ-იორკში თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში.

ჩვენ კი, როგორც დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა, მხარი უნდა დავუჭიროთ იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც გმობენ ომს.

– ბოლო დროს ჩეხეთში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ პოლიტიკური კარიერის დაწყება გსურთ. შეგიძლიათ მეტი გვითხრათ ამაზე?

დომინიკ ჰაშეკი: ამაზე საჯაროდ ვსაუბრობ უკვე ორი წელია. მსურს 2024 წლის არჩევნებში სენატორის პოსტზე ვიყარო კენჭი. ახლა ამაზე ვმუშაობ. ვნახოთ, რა გამოვა. კენჭისყრა არ ნიშნავს გამარჯვებას. ახლა უბრალოდ ჩეხეთის მოქალაქე ვარ. სამთავრობო თანამდებობაზე უფრო უკეთ შევძლებ ახალი კანონების ლობირებასა და ხალხის დარწმუნებას.

– ხანდახან თქვენ გაკრიტიკებენ რუს სპორტსმენებზე, მათ მოკვეთაზე, უკრაინასა და ომზე გაკეთებული განცხადებების გამო, რომ ამ ყველაფერს თითქოს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებთ. როგორ უპასუხებთ ამ ბრალდებებს?

დომინიკ ჰაშეკი: მინდა შევასწორო. მე არ მინდა რუსი სპორტსმენების მოკვეთა. მათი დახმარება მინდა. ვერ ვხედავ რაიმე ცუდს პოლიტიკური ქულების გამომუშავებაში. ესაა ცხოვრება. ვაკეთებ იმას, რაც სწორად მიმაჩნია და თუ ამის სანაცვლოდ პოლიტიკურ დივიდენდებსაც მივიღებ, ეს შესანიშნავი იქნება. მაგრამ ჩემთვის მთავარია სწორად მოვიქცე.

- 1998 წელს ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში ნაგანოს ოლიმპიადა მოიგეთ, ფინალში რუსეთი დაამარცხეთ 1:0. მაშინ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდით, არ მიეცით რუს ჰოკეისტებს გოლის გატანის საშუალება. როცა პრაღაში დაბრუნდით, ათიათასობით ადამიანი დაგხვდათ. ისინი ყვიროდნენ: „ჰაშეკი კოშკში!“, ე.ი. ჰაშეკი პრეზიდენტის ოფისშიო, რომელიც პრაღის ციხის (Pražský Hrad) ტერიტორიაზე მდებარეობს. მზად იყვნენ პრეზიდენტად ექციეთ, ისეთი პოპულარული იყავით. ახლა თუ გსურთ, გახდეთ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი?

დომინიკ ჰაშეკი: ამჟამად ეს არაა ჩემი მიზანი. მიფიქრია ამაზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა სწორი ნაბიჯი იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის სენატორობა. თუმცა რა მოხდება მომავალში, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დავიმკვიდრებ თავს პოლიტიკაში, როგორ ვიგრძნობ თავს პოლიტიკოსის როლში. არ ვიტყვი: „არა, მე არ მინდა პრეზიდენტობა“ ან „დიახ, მე მინდა გავხდე პრეზიდენტი“. ვნახოთ. ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ ამაზე.

ნაგანო, 1998
ნაგანო, 1998

– მაგრამ წარმოგიდგენიათ თავი პრეზიდენტად?

დომინიკ ჰაშეკი: ეს მნიშვნელოვანი პოსტი და დიდი პასუხისმგებლობაა. მაგრამ მე ხომ მეკარე ვიყავი. როგორც მეკარეს, დიდი პასუხისმგებლობა მეკისრებოდა - არა მხოლოდ ნაკრებისა და კლუბის, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე. იმის გამო, რომ ჩეხები გიჟდებიან ჰოკეიზე, ეს არის მთავარი ეროვნული სპორტი. ასევე პრეზიდენტსაც აქვს დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ასე რომ, რაღაც მსგავსება სახეზეა, მე კი მიყვარს პასუხისმგებლობა და მზად ვარ ამისთვის უკვე პოლიტიკოსის რანგში. იქნება ეს პრეზიდენტის პოსტი? ვნახოთ, ახლა ამაზე არ ვარ ფოკუსირებული.

XS
SM
MD
LG