Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხალხმა უნდა გაიღვიძოს და თავისი სათქმელი თქვას“ - დავიდ სტულიკი ხავერდოვანი რევოლუციის გაკვეთილებზე


დავიდ სტულიკი, ჩეხეთის სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
დავიდ სტულიკი, ჩეხეთის სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

35 წლის წინ, მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში, 17 ნოემბერს დაიწყო და 29 დეკემბერს დასრულდა ხავერდოვანი რევოლუცია, რომელსაც კომუნისტური რეჟიმის დასრულება, საპარლამენტო მმართველობის დამყარება და საბოლოოდ ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გასვლა მოჰყვა.

ჩეხი დიპლომატი, ჩეხეთის სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, დავიდ სტულიკი რადიო თავისუფლებას ხავერდოვანი რევოლუციის მემკვიდრეობასა და მთავარ გაკვეთილებზე ესაუბრა.

დავიდ სტულიკი: ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი და მემკვიდრეობა ისაა, რომ თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა - ეს ღირებულებები თავისთავად არ მოდის, უნდა იცოდე, რომ ამისთვის ბრძოლაა საჭირო. გარდაუვალად დგება მომენტი, როდესაც გიწევს, ადგე და იბრძოლო მათთვის - მოსაპოვებლად იქნება ეს თუ მოპოვებულის შესანარჩუნებლად. 35 წლის შემდეგაც, ეს თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტება ისეთივე აქტუალურია, როგორც 1989 წელს იყო.

რადიო თავისუფლება: ალბათ შეიძლება ითქვას, რომ 2000-იანების ფერადი რევოლუციები - ვარდებისა საქართველოში და ფორთოხლისფერი უკრაინაში - სხვა ყველაფერთან ერთად, ხავერდოვანი რევოლუციის გამოძახილიც იყო, ამ რევოლუციაზე ხდებოდა სწორება. მაგრამ შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა. რატომ ჩადგა ის ცვლილებების ქარი, რომელზეც მაშინ, 90-იანებში „სკორპიონსი“ მღეროდა?

დავიდ სტულიკი: თვითკმაყოფილებაში გადავეშვით და იმიტომ. ხავერდოვანი რევოლუციისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას თავისუფლების ტალღამ გადაუარა, ამ საყოველთაო აღმაფრენის ფონზე კი, ევროპამ – უფრო სწორად, დასავლეთმა - ჩათვალა, რომ ბრძოლა მოგებული იყო, ახლა კი შეგვეძლო, ტრიუმფით დავმტკბარიყავით. 90-იანების პირველი ათწლეული ეიფორიაში გავატარეთ - მორჩა, ყველაფერი დალაგდა, შესაძლოა, სამუდამოდაც. ჩვენ ვიყავით - ბრმას ალბათ არ ვიტყოდი - მაგრამ დაუდევრები, სიფრთხილე გვაკლდა. და ალბათ შეიძლება მტკიცება, რომ მეტი ემპათიის გამოჩენა გვმართებდა იმ ქვეყნების მიმართ აღმოსავლეთ ევროპაში, ვისაც ჩვენსავით არ გაუმართლა - პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ვგულისხმობ. დღეს სწორედაც რომ ამ 90-იანების დაუდევრობის შედეგებს ვიმკით.

რადიო თავისუფლება: თუ გავიხსენებთ ხავერდოვანი რევოლუციის პირობებსა თუ გარემოებებს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მთავარი წინაპირობა ის იყო, რომ საბჭოთა კავშირი იმდენად სუსტი და დაქსაქსული იყო, რომ ჯეროვნად წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ ახერხებდა. გვაძლევს თუ არა ეს საბაბს, დავასკვნათ, რომ სამომავლოდ, იმისთვის, რომ რუსეთის მეზობელმა ქვეყნებმა თავისუფლად ამოისუნთქონ, ამის მთავარი წინაპირობაც ისევ და ისევ რუსეთის სისუსტე იქნება?!

დავიდ სტულიკი: აბსოლუტურად. ეს ზუსტად შენიშნეთ. 1989 წელს ჩვენ გამოვიყენეთ ის უნიკალური ფანჯარა, რომელიც გაიხსნა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი უკვე ვეღარ უწევდა კონკურენციას დასავლეთს. ისინი ეკონომიკურ პრობლემებში იხრჩობოდნენ. მერე პერესტროიკაში გაიხლართნენ… ისინი იმდენად სუსტები იყვნენ, რომ დღემდე ვამბობ: მაგრად გაგვიმართლა - 300,000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი განლაგებული იყო უზარმაზარ სივრცეზე და ამ ტერიტორიებიდან ისე გავიდნენ, რომ ერთხელაც კი არ გაუსვრიათ. დღეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ რუსეთი ადგება და თავისი ნებით გამოვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან - უკრაინაში იქნება ეს, საქართველოში თუ დნესტრისპირეთში. დღეს რუსეთი ისე ძლიერი აღარაა, როგორიც იყო და გვეგონა, მაგრამ საკმარისად სუსტიც არაა.

ისიც უნდა ვთქვა, რომ არსებობდა მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი წინაპირობაც - მაშინ, იმ წლებში, ჩვენ ჭეშმარიტი ლიდერები გვყავდა. გვყავდა ვაცლავ ჰაველი, ლეხ ვალენსა, მედლინ ოლბრაიტი და სხვა არაერთი. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც საარჩევნო ციკლების მიღმა ფიქრობდნენ და სტრატეგიულად აზროვნებდნენ. ასეთ ლიდერებს დღეს ვეღარ ვხედავთ. ამის ნაცვლად, პოლიტიკურ ასპარეზზე მომრავლდნენ პოპულისტები, რომლებიც საზოგადოებას მარტივ, შავ-თეთრ გეგმებს სთავაზობენ.

ეს დიდ პრობლემებს, წინაღობებს ქმნის იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობს, აუხსნას და დაანახვოს საზოგადოებას რთული საკითხები, რადგან შავ-თეთრის ფონზე რთულია, ხალხს ნაცრისფერიც დაანახვო, „ნაცრისფრის გაყიდვა“ ადვილი არ არის. დაბოლოს - ხავერდოვანი რევოლუცია, პირველ რიგში, ხალხის რევოლუცია იყო. ასეთივე იყო პოლონეთის სოლიდარობის მოძრაობაც. ამიტომ, კიდევ ერთი გაკვეთილი, რაც ამ ყველაფრიდან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ ხალხმა უნდა გაიღვიძოს და თავისი სათქმელი თქვას.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG