Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეცვლის თუ არა უკრაინის ომში ძალთა ბალანსს ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა?


საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის საცდელი გასროლა ნიუ-მექსიკოში. 14 დეკემბერი, 2021 წელი
საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის საცდელი გასროლა ნიუ-მექსიკოში. 14 დეკემბერი, 2021 წელი

2024 წლის შემოდგომაზე უკრაინას ძალიან ცოტა მიზეზი თუ აქვს სიხარულისთვის.

რუსეთი ფართომასშტაბიანი ომის 1000 დღის განმავლობაში პირველად, ყველაზე დიდი ტემპებით იპყრობს უკრაინის მიწებს და ემზადება უკრაინის ჯარების მიერ ოკუპირებული კურსკის ოლქის გასათავისუფლებლად, რაშიც რუსეთის 40-ათასკაციან დაჯგუფებას 11 ათასამდე ჩრდილოკორეელი ჯარისკაციც უნდა დაეხმაროს.

ამას დაემატა ისიც, რომ აშშ-ში, რომელიც მთელი ომის განმავლობაში უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია, პრეზიდენტად აირჩიეს უკრაინის სამხედრო დახმარების ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი.

გაჩნდა შიში, რომ დასავლური მხარდაჭერის შესუსტება, კიევს აიძულებდა დაეთმო ტერიტორიები სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ.

მაგრამ, ზუსტად იმ დროს, როდესაც ახალი რუსული კონტრშეტევის ფონზე იზრდებოდა სასტიკი ზამთრის პერსპექტივა, უკრაინამ, როგორც ჩანს, მიიღო თანხმობა ერთ-ერთ მის უმთავრეს და დაჟინებულ თხოვნაზე. ამერიკული მედიის მრავალრიცხოვანი შეტყობინებების თანახმად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მწვანე შუქი აუნთო კიევს და უფლება მისცა, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მიიტანოს იერიში ამერიკული შორი მოქმედების მძლავრი შეიარაღებით.

რამდენად შეცვლის ეს გადაწყვეტილება ძალთა თანაფარდობას ომის ველზე იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნებართვა ბოლომდე არ არის თავისუფალი გარკვეული შეზღუდვისგან?

შეზღუდული ნებართვა?

17 ნოემბერს ამერიკულმა გამოცემებმა, მათ შორის New York Times-მა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას მისცა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, ATACMS-ების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენების უფლება.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ამერიკულ რაკეტებს უახლოეს დღეებში გამოიყენებენ.

უკრაინის ხელისუფლება არც უარყოფს და არც ადასტურებს მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მისცა მისგან მიღებული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება, რასაც კიევი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, დარტყმა სიტყვებით არ ხდება.

„ასეთ რამეს არ აანონსებენ. რაკეტები თავის სიტყვას თავად იტყვიან. აუცილებლად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, თეთრ სახლს არ გაუკეთებია განცხადება გავრცელებული ცნობების თაობაზე, ჯერჯერობით მას არც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) თხოვნაზე გაუცია პასუხი კომენტარის შესახებ. განცხადების გაკეთებაზე უარი თქვა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომაც (NSC).

უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის შორი დისტანციის რაკეტების გამოყენება ომის მიმდინარეობის შეცვლას შეუწყობს ხელს

თუმცა უკრაინაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია New York Times-ის ცნობამ, რომ გრძელი რადიუსის იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის სამხედროების წინააღმდეგ კურსკის ოლქში, უკრაინის ძალების დაცვის მიზნით.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ 1000 დღის წინ, 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი აგრესია წამოიწყო. რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებას, რომელზეც ამერიკული მედია წერს, - ის ჩვენ ჯერ არ გვინახავს საქმეში და არ გვინახავს არც ის, თუ როგორ მიფრინავენ რუსული ობიექტებისკენ. პრინციპში, ბაიდენის ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილებას ყოველთვის აქვს რაღაც წყალქვეშა თავისებურება, დეტალი თუ შეზღუდვა. მაგალითად, შეიძლება იყოს გადაწყვეტილება, რომ (ამერიკული იარაღით) კურსკს დაარტყა, მაგრამ ბრიანსკს - არა, მით უფრო როსტოვის ოლქზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ ძალიან ძნელი გამოსაცნობია, თუ როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ფრონტზე არსებულ სამხედრო ბალანსზე. დაველოდოთ კონკრეტიკას. როდესაც პირველი რაკეტები თუნდაც 200 კილომეტრის სიღრმეში დაარტყამენ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას, მაშინ გახდება შესაძლებელი ამ გადაწყვეტილების შეფასება“, - უთხრა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, მიხაილო სამუსმა, რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

ATACMS-ის გარდა, რუსეთის სიღრმეში კიევს SCALP/Storm Shadow-ს გამოყენებაც სურს

ომის მსვლელობაზე ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საბოლოო გავლენა იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ გრძელი რადიუსის რაკეტას მიიღებს კიევი აშშ-ისგან, რომელსაც თავადაც შეზღუდული რაოდენობით აქვს 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედი ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ები.

ჯერ კიდევ ორი თვის წინ აშშ-ის დაზვერვამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის შინაარსი ცნობილი გახდა „ნიუ-იორკ ტაიმსისთვის“. მასში აღნიშნული იყო, რომ რუსეთის სიღრმეში დარტყმის ნებართვა ვერ შეძლებს მკვეთრად იმოქმედოს უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე, რადგან ამ დროისთვის უკრაინას აქვს შეზღუდული რაოდენობის გრძელ მანძილზე მოქმედების რაკეტები. ასევე გაურკვეველია, კიდევ რამდენი ასეთი იარაღის მიწოდებას შეძლებენ კიევისათვის დასავლელი მოკავშირეები.

ერთი კვირის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რათა ნება დაერთო უკრაინისათვის, შორი რადიუსის ფრთოსანი SCALP/Storm Shadow-ის ტიპის რაკეტებით დაარტყას რუსეთის სიღრმეში არსებულ სამიზნეებს.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, თავიანთი გრძელი რადიუსის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების, SCALP-ისა და Storm Shadow-ს რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა კიევს პარიზმა და ლონდონმაც მისცეს. ამის შესახებ ცნობა ფრანგულმა „ფიგარომ“ გამოაქვეყნა. მაგრამ მოგვიანებით გამოცემამ ჩაასწორა სტატია, რომელშიც გაქრა ინფორმაცია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ნებართვის გაცემის თაობაზე.

როგორ იყენებდა უკრაინა დასავლეთის ძლიერ რაკეტებს?

უცნობია, თუ რამდენი ამერიკული ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ი და ფრანგულ-ბრიტანული ფრთოსანი SCALP-ი და Storm Shadow აქვს ამჟამად შეიარაღებაში უკრაინას, რომელმაც გრძელი მოქმედების შეიარაღება უკვე რამდენჯერმე გამოცადა ბრძოლის ველზე, ოღონდ თავის ტერიტორიაზე.

გასული წლის შემოდგომაზე უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით წარმატებით განახორციელეს იერიშები ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკში განთავსებულ სამიზნეებზე და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს როგორც მოწინააღმდეგის ტექნიკას, ისე პირად შემადგენლობას.

რაც შეეხება ბრიტანულ-ფრანგულ ფრთოსან SCALP/Storm Shadow-ს, როგორც უკრაინული გამოცემა „მილიტარნი“ წერს, ამ ტიპის რაკეტებმა გაანადგურეს რუსეთის წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“, სადესანტო ხომალდი „მინსკი“, მცირე სარაკეტო ხომალდი „ასკოლდი“ და სევასტოპოლში მდებარე შავი ზღვის შტაბი.

ნოემბრის დასაწყისში უკრაინული გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი უკრაინის არმიისათვის გეგმავს გრძელი მოქმედებების რაკეტა SCALP- ისა და ხელის გადასატანი საზენიტო დანადგარ „მისტრალის“ ახალი პარტიების გადაცემას.

ფრანგულ-ბრიტანული ფრთოსანი რაკეტა SCALP/Storm Shadow-ს ფრენის სიშორე, საექსპორტო ვერსიისთვის, 250 კილომეტრს აღემატება, ხოლო საკუთრივ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის არმიებისათვის - ორჯერ მეტ, 560 კილომეტრს შეადგენს.

განსხვავებული შეფასებები და რუსეთის რეაქცია

აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირი სკეპტიციზმით ეკიდებოდა შესაძლებლობას, რომ გრძელი რადიუსის დარტყმები რუსეთის სიღრმეში შეცვლის ომის ზოგად ტრაექტორიას.

„მეტიც, მსგავსი ინფორმაციის მუდმივი გაჟონვა, რაც იარაღის გამოყენების შესახებ ანონსს უფრო წააგავს, რბილად რომ ვთქვათ, კიევში დადებითად არ აღიქმება, - ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი ოლეჰ სააკიანი, - ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის გამოსვლაში სრულად მიანიშნა იმაზე, რომ უკრაინა არ არის ძალიან კმაყოფილი იმით, რომ ასეთი ანონსი საერთაშორისო მედიასაშუალებებში ჟონავს, რადგან მაშინ არც მოულოდნელობის ეფექტი აღარ არსებობს“, - განაცხადა ექსპერტმა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში.

თუმცა ისიც იზიარებს მოსაზრებას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკრაინას დაეხმაროს მოცემულ მომენტში, როცა რუსეთის ძალები ბრძოლაში წინ მიიწევენ. ამასთან, ამ გადაწყვეტილებით შეიძლება კიევი უფრო ძლიერ პოზიციებზე აღმოჩნდეს, თუკი დაიწყება მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ბენ ჰოჯესმა, ამჟამად პენსიაზე მყოფმა ოთხვარსკვლავიანმა თადარიგის გენერალმა, აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში - რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს ნაბიჯი კრემლს გაუგზავნის მესიჯს, რომ [აშშ] უმოქმედოდ არ არის ტრამპის მოლოდინში“.

რუსეთი წარსულში გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ უკრაინისთვის შეზღუდვების შემსუბუქება აშშ-ის იარაღის გამოყენებაზე, მისთვის მნიშვნელოვანი ესკალაციის ნიშანი იქნებოდა.

კრემლი გამოეხმაურა ცნობებს იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონმა კიევს უფლება მისცა, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს ამერიკული შორსმსროლელი იარაღი.

„თუკი ასეთი გადაწყვეტილება მართლაც მიღებულია და ის შეატყობინეს კიევის რეჟიმს, მაშინ ეს დაძაბულობის თვისებრივად ახალი დონე და თვისებრივად ახალი ვითარებაა ამ კონფლიქტში შეერთებული შტატების ჩართულობის თვალსაზრისით“, - თქვა 18 ნოემბერს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას.

პესკოვმა შეახსენა ჟურნალისტებს, რომ ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სექტემბერში გააკეთა განცხადება და გააფრთხილა დასავლეთი რუსეთის საპასუხო ზომების შესახებ.

მაშინდელ გამოსვლაში პუტინს არ უთქვამს, კონკრეტულად რა რეაქცია ექნებოდა მოსკოვს. მაგრამ მან გააფრთხილა დასავლეთი, რომ რუსეთი გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ საფრთხეების შესაბამისად, რომლებსაც მას შეუქმნიან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG