კრემლი გამოეხმაურა ცნობებს იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონმა კიევს უფლება მისცა, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს ამერიკული შორსმსროლელი იარაღი.
„თუკი ასეთი გადაწყვეტილება მართლაც მიღებულია და ის შეატყობინეს კიევის რეჟიმს, მაშინ ეს დაძაბულობის თვისებრივად ახალი დონე და თვისებრივად ახალი ვითარებაა ამ კონფლიქტში შეერთებული შტატების ჩართულობის თვალსაზრისით,“ თქვა 18 ნოემბერს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას.
გუშინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, რუსეთში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის ამერიკული რაკეტები.
პესკოვმა შეახსენა ჟურნალისტებს, რომ ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სექტემბერში გააკეთა განცხადება და გააფრთხილა დასავლეთი რუსეთის საპასუხო ზომების შესახებ.
„ამ სარაკეტო სისტემებში საფრენი ამოცანების შეყვანა მხოლოდ ნატოს ქვეყნების სამხედროებს შეუძლიათ,“ თქვა12 სექტემბერს პუტინმა. „უკრაინელ სამხედროებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ“.
„თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ეს ნიშნავს სხვას არაფერს, თუ არა ნატოს - აშშ-ის, ევროპის ქვეყნების - პირდაპირ მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში,“ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. „ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ნატო, აშშ, ევროპის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან“.
მაშინდელ გამოსვლაში პუტინს არ უთქვამს, კონკრეტულად რა სახის რეაქცია ექნება ამას მოსკოვის მხრიდან. მაგრამ მან გააფრთხილა დასავლეთი, რომ რუსეთი გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ საფრთხეების შესაბამისად, რომლებსაც მას შეუქმნიან.
ფორუმი