Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას მოუხსნა აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შეზღუდვა


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვა, რომელიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე - ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო როიტერსი, სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. ეს წარმოადგენს აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას უკრაინაში რუსეთის შეჭრით დაწყებული ომის მიმართ.

წყაროებმა როიტერსს აცნობეს, რომ უკრაინა გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებას მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.

თეთრ სახლს განცხადება არ გაუკეთებია გავრცელებული ცნობების თაობაზე, ჯერჯერობით არც პასუხი გაუცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) თხოვნაზე კომენტარის შესახებ. განცხადების გაკეთებაზე უარი თქვა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომაც (NSC).

იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნის ცნობას წყაროებზე დაყრდნობით ასევე ავრცელებენ New York Times-ი, Washington Post-ი და სააგენტო ასოშიეიტედ პრესი (AP). New York Times-ი წერს, რომ გრძელი რადიუსის იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის სამხედროების წინააღმდეგ, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების დაცვის მიზნით.

აშშ-ის ეს ნაბიჯი - რომელიც დაახლოებით ორი თვით უსწრებს წინ არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანამდებობაზე მოსვლას, 20 იანვარს - მოსდევს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თვეების განმავლობაში გამოთქმულ თხოვნას უკრაინისთვის მიეცათ უფლება აშშ-ის იარაღის გამოყენებაზე რუსეთის საბრძოლო ობიექტებზე, რომლებიც საზღვრიდან მოშორებით მდებარეობს.

პოლიტიკის ცვლილების ფონია რუსეთის მიერ ჩრდილოეთი კორეის სახმელეთო ძალების დისლოცირება, საკუთარი არმიის გაძლიერების მიზნით - რამაც შეშფოთება გაზარდა ვაშინგტონსა და კიევში. New York Times-ს წყაროებმა უთხრეს, რომ უკრაინელებისთვის გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა განაპირობა სწორედ რუსეთის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ომში ჩაერთო ჩრდილოეთ კორეის სამხედროები.

როიტერსი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი იერიში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სავარაუდოდ განხორციელდება ATACMS-ის რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრამდეა.

აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირი სკეპტიციზმით ეკიდებოდა შესაძლებლობას, რომ გრძელი რადიუსის დარტყმები შეცვლის ომის ზოგად ტრაექტორიას - თუმცა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკრაინას დაეხმაროს მოცემულ მომენტში, როცა რუსეთის ძალები ბრძოლაში წინ მიიწევენ. ამასთან, ამ გადაწყვეტილებით შეიძლება კიევი უფრო ძლიერ პოზიციებზე აღმოჩნდეს, თუკი დაიწყება მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

უცნობია შეცვლის თუ არა ტრამპი ბაიდენის გადაწყვეტილებას, გაპრეზიდენტების შემდეგ. ტრამპი აკრიტიკებდა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარების მოცულობას და აცხადებდა, რომ ამ ომს სწრაფად დაასრულებს - თუმცა როგორ, ეს ტრამპს არ აუხსნია.

ტრამპის გუნდს გავრცელებულ ცნობებზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ერთ-ერთმა მრჩეველმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკა პლატფორმაზე X.

"[მიმდინარეობს] ომების ესკალაცია, სანამ იგი ოფისს დატოვებდეს" - წერს რიჩარდ გრენელი.

დასავლეთის მიერ მიწოდებული გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენების საკითხი კიევის მოკავშირეებში უთანხმოებას იწვევდა - ზოგი სახელმწიფო შიშობდა, რომ ამას, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან პასუხი მოჰყვეს და უფრო ფართო ევროპულ ომში გადაიზარდოს.

რუსეთი წარსულში გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ აშშ-ის იარაღის გამოყენებაზე უკრაინისთვის შეზღუდვების შემსუბუქება მისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი ესკალაციის ნიშანი.

ბენ ჰოჯესმა - ამჟამად პენსიაზე მყოფმა ოთხვარსკვლავიანმა თადარიგის გენერალმა, აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში - რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს ნაბიჯი "კრემლს გაუგზავნის მესიჯს - რომ [აშშ] უმოქმედოდ არ არის, ტრამპის მოლოდინში".

ჰოჯესის თქმით, ეს დადებითი მოვლენაა, რადგან "ეს პოლიტიკა ძალაში იქნება როცა ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და, რეალურად, ეს დონალდ ტრამპისთვისაც კარგია".

ჰოჯესის ვარაუდით, უკრაინისთვის პრიორიტეტული იქნება იარაღის გამოყენება რუსეთის კურსკის რეგიონში, იარაღის საწყობების, საარტილერიო აღჭურვილობის და სამართავი ცენტრების წინააღმდეგ. შემდეგი პრიორიტეტი იქნება მიზანში იმ აეროდრომების ამოღება, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ქალაქებზე საჰაერო თავდასხმების განსახორციელებლად.

ფილიპ ო'ბრაიენი - სტრატეგიული კვლევების პროფესორი შოტლანდიის სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში - თვლის, რომ ეს ნაბიჯი დაგვიანებულია, და ახლა მთავარი ისაა, შეცვლის თუ არა ტრამპი ამ გადაწყვეტილებას გაპრეზიდენტების შემდეგ.

პროფესორი ო'ბრაიენი და სხვა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აშშ-ის ეს გადაწყვეტილება ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს სხვა მოკავშირეებსაც, მათ შორის ბრიტანეთს და საფრანგეთს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG