Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დევნილი უკრაინელების ისტორიები - ომის 1000 დღე


უკრაინელი ლტოლვილები თბილისში უკრაინის დროშის დღეს აღნიშნავენ. 23 აგვისტო, 2024
უკრაინელი ლტოლვილები თბილისში უკრაინის დროშის დღეს აღნიშნავენ. 23 აგვისტო, 2024

2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთმა კიევისკენ ტანკები დაძრა, გეგმავდა, რომ უკრაინის დედაქალაქს სამ დღეში აიღებდა. 2024 წლის 19 ნოემბერს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1000 დღე გავიდა. ომი გრძელდება.

ომის დაწყებისას ლტოლვილებიც ფიქრობდნენ, რომ სახლებში ერთ-ორ, დიდი-დიდი, სამ თვეში დაბრუნდებოდნენ, მაგრამ მესამე წელია ვერ ბრუნდებიან.

უკრაინელები საქართველოში

2022 წელს ლარსის სასაზღვრო პუნქტთან უკრაინელი ლტოლვილების რიგი დადგა, ძირითადად ქალების და ბავშვების. მოდიოდნენ მარიუპოლიდან, ხერსონიდან, მელიტოპოლიდან, ზაპოროჟიეს ოლქიდან... იმ ტერიტორიებიდან, რომელიც დანარჩენ უკრაინას მოწყვეტილი იყო და ერთადერთი გასასვლელი რუსეთისკენ, იქიდან კი საქართველოსკენ ჰქონდათ.

ვალენტინა მარჯანიშვილი, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ბევრს „საზღვარგარეთის პასპორტიც“ კი არ ჰქონდა, მაგრამ საქართველოში მაინც უშვებდნენ. აქ, საელჩოში ლტოლვილები საბუთებს აწესრიგებდნენ და გზას ევროპისკენ აგრძელებდნენ.

ვალენტინა იხსენებს, რომ მაშინ საქართველომ დაახლოებით 400 ათასი უკრაინელი დევნილი გაატარა. უმეტესობა ევროპაში გადავიდა. ზოგი დაყოვნდა და შემდეგ უკრაინის არაოკუპირებულ ნაწილში დაბრუნდა. დაახლოებით 25 ათასი კაცი მესამე წელია აქ რჩება.

ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელებისთვის, 2022 წელი.
ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელებისთვის, 2022 წელი.

ტატიანას ამბავი - ფესვებთან დაბრუნება

ტატიანა ნიქაბაძე ბაბუის სამშობლოში 10 წლის ნიკიტასთან ერთად ერთი ჩემოდნით ჩამოვიდა. არც ქართული იცოდა და არც ის, თავი როგორ გაეტანა.

ტატიანა ნიქაბაძე შვილთან ერთად
ტატიანა ნიქაბაძე შვილთან ერთად

„კიევში ვცხოვრობდი. ყოფილი ქმარი და ბავშვი ირპინში იყვნენ. ჩემი ფესვები აქაა და ვიფიქრე, უცხო ხალხზე მეტად, ნათესავები მიმიღებენ-მეთქი. ქუთაისში, ნათესავებმა თავიდან მართლა შემიფარეს, მაგრამ შემდეგ მაინც წამოსვლა მომიწია. რა მექნა, არ ვიცოდი, არც - სამსახური, არც - ფული. თან უკრაინაში ბრძანება გამოვიდა, ვინც აქ არაა, სამსახურიდან გათავისუფლდესო. ანუ კიევშიც აღარ მქონდა სამუშაო.

მეგობრებმა მიშველეს, კოლეგებმა. ქორეოგრაფი ვარ, საქართველოს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას მიმართეს და ჩემდა გასაკვირად, ორი დირექტორი გამომეხმაურა, ორივე აფხაზეთიდან დევნილი. მათ სხვებზე უკეთ იციან ჩვენი მდგომარეობა. მითხრეს, თბილისში გადმოდი, გექნება სამსახურიო. გამიკვირდა, რომ ჩემთვის უცნობი ადამიანები მთავაზობდნენ ამას.

თბილისის კულტურის ინსტიტუტში მუშაობა ისე დავიწყე, ენა არ ვიცოდი. ჯერ „იუტუბით“ ვსწავლობდი ქართულს, მერე თუკი რამე კურსი გამოჩნდა, ყველა გავიარე. იმდენად ზმნები არა, ბრუნვა გამიჭირდა. თავიდანვე გაგვაფრთხილეს პედაგოგებმა, ზმნებს შეეშვით, მაინც ვერაფერს გაიგებთ, პირდაპირ სასაუბრო ფრაზები ისწავლეთო. ორ თვეში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ლექტორობა შემომთავაზეს. ესეც ზღაპარივით იყო. ქართულად ვასწავლი, გამართულად ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ ვაგებინებ.

თბილისში რომ გადმოვედით, ბინებზე კოსმოსური ფასები იყო. თან ხმა დაირხა, უკრაინელებს, როგორც ლტოლვილებს, ბინების მისაკუთრება შეუძლიათო და ბევრი არც გვიშვებდა სახლში. ბაგებში, ყოფილ სტუდქალაქში 250 დოლარად ოთახი ვიქირავე, ცარიელი, ტარაკნებით. არც - თეთრეული მქონდა, არც - ქვაბი, არც - ფული. მე დახმარების თხოვნა არ შემიძლია, მაგრამ იმ დღეს ცრემლებით დავწერე ფეისბუკში, დამეხმარეთ-მეთქი. დაიძრა ხალხი, მანქანებით მოდიოდნენ, ზოგს პლედი მოჰქონდა, ზოგს კიდევ რა. მეტირება, რომ ვიხსენებ.

ახლა სხვა ბინას ვქირაობ, უკვე 300 დოლარად. პატარაა, მაგრამ მოწყობილი.

თავიდან ძალიან რთული იყო, ხმაური, ბევრი ხალხი. ტრანსპორტში ბავშვს პანიკური შეტევა ეწყებოდა, ის დღე ახსენდებოდა, გაჭედილი ავტობუსით მშობლიური ქალაქიდან რომ მოვდიოდით. ვერსად დამყავდა, მერე თანდათან შევაჩვიე.

ტატიანა ნიქაბაძე
ტატიანა ნიქაბაძე

კიევში ჩემი სახლი კი დგას, მაგრამ არც კიევია უსაფრთხო. აქაც მომდის შეტყობინებები საჰაერო განგაშის შესახებ, ყოველდღე, დღეში ცხრაჯერ.

ჩემი ყოფილი ქმარი, ნიკიტას მამა, სამხედრო მეთაურია, იბრძვის. უკვე ბევრი ტრავმა მიიღო, კონტუზია... გააგზავნიან სამკურნალოდ, ბოლომდე მორჩენას ვერ ასწრებს, ისევ ფრონტზე ბრუნდება. მითხრა, მშვენივრად ვიცი, ინვალიდად დავრჩები, მაგრამ რა ვქნა, მეთაური მე ვარ, სხვას ვერ გავგზავნი საომრადო...

ჩემი ბაბუა ფარცხანაყანებიდან იყო, ჯარში უკრაინაში გაანაწილეს, იქ ბებია გაიცნო და დარჩა. დედამისი სულ ეუბნებოდა, იქ ოჯახი გყავს, აქ - სამშობლო, აირჩიეო.

ბავშვობაში ჩემი გვარი რომ ესმოდათ, მეკითხებოდნენ, ქართველი ხარ თუ უკრაინელიო, ვერასოდეს ვირჩევდი.

ახლა მგონია, იმ გზას ვამთავრებ, რომლის გავლაც ბაბუაჩემმა ვერ მოასწრო“.

ლესია ზაპოროჟიედან

ლესია გვარს არ ამხელს, დაწერე: „ლესია ზაპოროჟიედან“, ამბობს და თავის ისტორიას ჰყვება. საქართველოში 9 წლის ბიჭთან ერთად ჩამოვიდა. უფროს გოგოს ჩამოაკითხეს, რომელიც აქ ომამდე იყო ჩამოსული. ევროპაში გადასვლას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად ოპერაცია დასჭირდა და გზა ვეღარ განაგრძო. მესამე წელია საქართველოში ცხოვრობს.

თავიდან უკრაინელ ლტოლვილებს სახელმწიფო ბინის ქირას უხდიდა, მაგრამ ეს პროგრამა მალევე დასრულდა და სასტუმროში გადასვლა მოუხდათ. მერე ისევ ბინა იქირავეს. ქირასა და ანაზღაურებას შორის იმხელა განსხვავება იყო, რომ ბინის ფულის გადასახდელად ხუთ ადგილას ვმუშაობო. ლესია ფსიქოლოგია, უკრაინელებს რეაბილიტაციაში ეხმარება.

„ლტოლვილები ყველაზე მეტად იმას დარდობენ, რომ უკან ვერ მიდიან, ან სახლი აღარ დგას მათი, ან იქ დაბრუნება არ უნდათ, სადაც რუსული პასპორტის აღებას აიძულებენ, - ჰყვება ლესია, - განსაცდელი ადამიანს ან ტეხავს ან პირიქით აძლიერებს. როდესაც ფსიქოლოგები ლტოლვილებთან ვმუშაობთ, ვცდილობთ, მათ ცხოვრების აზრი დავანახოთ, თორემ ეს ტკივილი ყოველთვის ჩვენთან იქნება, უბრალოდ შეიძლება ცოტა მინელდეს“.

ბავშვები ხატავენ სახლს

ძალიან ბევრ უკრაინელს საქართველოში ის სამი სკოლაც აჩერებს, რომლებშიც უკრაინული სექტორებია გახსნილი. იქ ათასამდე ბავშვი სწავლობს.

ვოლოდიმირ ჩერნიხი თბილისის N220 სკოლის უკრაინული სექტორის ხელმძღვანელია. 140 მოსწავლე ჰყავს.

„ბევრ მათგანს აქ ჩამოსვლამდე იმ საშინელი საფილტრაციო ბანაკების გავლა მოუხდა. მაგრამ აღარ გვინდა ცუდის გახსენება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ბავშვობა დავუბრუნოთ. ძალიან ენატრებათ სახლი, ეს მათ ნაწერებშიც ჩანს და ნახატებშიც, თავიანთ სახლებს ხატავენ, - ამბობს ვოლოდიმირი, - თავად ოდესიდან ვარ, მაგრამ უკვე აღარც ოდესაშია უსაფრთხო, ახლახან მასაც დაარტყეს. უკრაინაში უსაფრთხო აღარსადაა“.

თუ თავიდან ლტოლვილები ჩემოდნებზე ისხდნენ, 2023 წელს უკვე ნათელი გახდა, რომ უკრაინაში დაბრუნება ჯერ ვერ მოხერხდებოდა. აქ უნდა ეღონათ რამე. ზოგიერთმა ლტოლვილის სტატუსი მიიღო, რაც თითო ადამიანზე ყოველთვიურად 45-ლარიან დახმარებასა და ბინის ქირას - სამასიოდე ლარს - გულისხმობს.

„ზოგი ონლაინ მუშაობს, ზოგი ისეთ სფეროში მუშაობს, სადაც ენის ცოდნა დიდად საჭირო არ არის, მაგალითად, სილამაზის სალონში. ზოგმა პატარა კაფე, საფუნთუშე გახსნა. დონორებიც ეხმარებიან, ტრენინგებს უტარებენ, რომ, მაგალითად, საქართველოს საგადასახადო სისტემაში გაერკვნენ. ზოგ პროექტში აპარატურის შეძენაც იყო გათვალისწინებული. ბევრი სწავლობს ქართულს, IT ტექნოლოგიებს, რადგან დახმარება ძალიან მწირია და ამ ხალხმა თავი უნდა გაიტანოს“, - ამბობს ვალენტინა მარჯანიშვილი.

უკრაინელი დევნილების რიგის შემდეგ ლარსის საზღვარზე რუსი მიგრანტების რიგი დადგა, სწორედ ამ ახალი ტალღის გამო გასამმაგდა ბინის ქირა თბილისსა და ბათუმში. ბინების დაქირავება განსაკუთრებით გაუჭირდათ უკრაინელებს, რომლებიც საქართველოში სამსახურს იოლად ვერ შოულობდნენ. ბევრი ვერც მუშაობდა - ლტოლვილების უმეტესობა პატარა ბავშვებთან ერთად გამოქცეული ქალია და ბავშვებს მიხედვა სჭირდებათ.

რუსი მიგრანტები ლარსზე, 2022 წლის 27 სექტემბერი.
რუსი მიგრანტები ლარსზე, 2022 წლის 27 სექტემბერი.

„ზოგს ქმარი ეხმარება უკრაინიდან. არის საქველმოქმედო ფონდების დაფინანსებული ბაღი, სადაც 30-მდე ბავშვი ირიცხება და მათი მშობლებიც ზოგი იქ მუშაობს. თუმცა, ბევრს ურჩევნია, შვილი ქართულის სასწავლებლად ქართულ ბაღში მიიყვანოს“, - ამბობს ვალენტინა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონი მიიღო, იმ მცირე პროექტებსაც დაემუქრათ საფრთხე, რომლებსაც უცხოელი დონორები უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად აფინანსებენ.

„რა გველის, არავინ იცის. პროგნოზები, რა თქმა უნდა, დიდად საიმედო არ არის. ვნახოთ, - ამბობს ვალენტინა მარჯანიშვილი, - ქართველი კოლეგებიდან ბევრმა შეაჩერა მუშაობა. უკრაინული ორგანიზაციები დავრჩით და ვმუშაობთ. მე არ შემიძლია დავიხურო და ხალხს არ დავეხმარო, ამიტომ იძულებით დავრეგისტრირდი და "აგენტი" გავხდი“.

საქართველოში მყოფი უკრაინელების აქცია რუსეთის წინააღმდეგ
საქართველოში მყოფი უკრაინელების აქცია რუსეთის წინააღმდეგ

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ფოლკერ ტიურკის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის სულ მცირე 12 162 მოქალაქეა დაღუპული, დაჭრილია - 26 919.

„იუნისეფი“ აცხადებს, რომ კვირის განმავლობაში უკრაინაში საშუალოდ 16 ბავშვი კვდება ან შავდება. ომის დაწყებიდან 1000 დღის განმავლობაში დაიღუპა 659 ბავშვი, 1747 კი დაიჭრა. დანგრეულია 1496 სასწავლო და 662 სამედიცინო დაწესებულება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG