Accessibility links

რას ვუყუროთ?
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რადიო, როგორც იარაღი

რადიო, როგორც იარაღი


გოგი გვახარია გვირჩევს ვუყუროთ იტალიელი რეჟისორის, მარკო ტულიო ჯორდანას ფილმს „ასი ნაბიჯი“.
გოგი გვახარია გვირჩევს ვუყუროთ იტალიელი რეჟისორის, მარკო ტულიო ჯორდანას ფილმს „ასი ნაბიჯი“.

მარკო ტულიო ჯორდანას „ახალგაზრდობის საუკეთესო წლები“ უკანასკნელი ფილმი იყო, რომელიც 2005 წელს „რუსთავი 2-ის" სატელევიზიო პროგრამა „ფსიქოში“ ვუჩვენეთ.

„ასი ნაბიჯი“(იტალია, 2000, რეჟისორი მარკო ტულიო ჯორდანა)

ეს 6-საათიანი ოჯახური საგა დღემდე პოპულარულია საქართველოში. ხშირად მწერენ, მთხოვენ ამ ავტორის სხვა ფილმების ბმულებს და უკვირთ, რატომ ვეღარ განმეორდა ახლა უკვე 74 წლის იტალიელი რეჟისორის შემოქმედებაში „ახალგაზრდობის საუკეთესო წლების“ წარმატება, რატომ დაიკარგა ეს ავტორი, რატომ არ ვიხსენებთ ჯორდანას სხვა ფილმებს. კითხულობენ მსახიობებზეც. განსაკუთრებით მთავარი როლის შემსრულებელზე, ლუიჯი ლო კაშოზე, რომელიც „ახალგაზრდობის საუკეთესო წლების“ პრემიერის შემდეგ იტალიური კინოს ვარსკვლავი გახდა, თუმცა იტალიაში მანამდეც შეიყვარეს - მისი დებიუტის ნახვის შემდეგ სწორედ მარკო ტულიო ჯორდანას ფილმში „ასი ნაბიჯი“, რომელიც ამას წინათ სრული სახით და ინგლისური სუბტიტრებით აღმოვაჩინე იუტუბზე.

არა, შემთხვევით არ აღმომიჩენია. რადიოს შესახებ გადაღებულ ფილმებს ვეძებდი (მგონი, გასაგებია რატომაც), უფრო საბჭოთა პროპაგანდისტულ ფილმებს ადამიანებზე, რომლებსაც „მტრულმა რადიოსადგურებმა“ ემიგრაციის გადაწყვეტილება მიაღებინეს. ასეთ კინოს ძირითადად 60-იან და 70-იან წლებში მოსკოვის და ლენინგრადის სტუდიებში იღებდნენ. თუმცა „დასავლეთის სახის“ შესაქმნელად გადასაღები მოედნისთვის, როგორც წესი, ბალტიის რესპუბლიკებს ირჩევდნენ ხოლმე - ტალინი, მაგალითად, უნდა გადაქცეულიყო კაპიტალისტური ევროპის ქალაქად, სადაც ქვეყნიდან გაქცეული საბჭოთა მოქალაქე ხვდება, რომ „ამერიკის ხმამ“ და რადიო თავისუფლებამ მოატყუეს.

ამ დავიწყებული ფილმების ძიების პროცესში გამახსენდა „100 ნაბიჯი“, რომელიც 15 წლის წინ ვუჩვენეთ გადაცემაში „წითელი ზონა“. ჩვენს მაყურებელს მაშინ რადიო თავისუფლების შექმნის ისტორიაზე ვუამბეთ. თემას მართლაც ძალიან მოუხდა მარკო ტულიო ჯორდანას ეს ფილმი სისტემაზე, რომელიც დეზინფორმაციის ხარჯზე ინარჩუნებს ძალაუფლებას, რეჟიმზე, რომელსაც ყოველთვის ეშინია ინფორმაციის გავრცელების. მოუხდა იმიტომაც, რომ მარკო ტულიო ჯორდანამ „100 ნაბიჯში“ რეალური ისტორიის ინტერპრეტაციას მიმართა, თავისებურად განაახლა ბიოგრაფია პეპინო იმპასტატოსი, კაცისა, რომლის შესახებ სიმართლეს კარგა ხანი უმალავდნენ სიცილიელებს. მსგავსად საბჭოთა იდეოლოგიისა, „ამერიკის ხმას“ და რადიო თავისუფლებას აგენტების, სამშობლოს გამყიდველების, „დოლარებზე გაყიდულების“ ბუდედ რომ ნათლავდა.

პეპინო იმპასტატომ, სრულიად ახალგაზრდა და გამოუცდელმა სიცილიელმა, მაფიასთან ბრძოლა ფაქტობრივად მარტო დაიწყო. გახსნა პატარა რადიოსადგური, რომელიც საშიში გახდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და მაფიისთვის. მაფიის კრიტიკას და მით უმეტეს, დაცინვას აქ ვერავინ ბედავდა. პეპინო მოკლეს 1978 წელს, ზუსტად იმ დღეს, როცა მოკლეს ალდო მორო. ამიტომ პრემიერ-მინისტრის მკვლელობამ მთლიანად გადაფარა ეს ამბავი.

წლების მანძილზე სიცილიაზე ბევრი დარწმუნებულიც იყო, რომ იმპასტატომ თავი მოიკლა. თითქმის ოცი წელი დასჭირდა იტალიის მართლმსაჯულებას ახალგაზრდა აქტივისტის მკვლელობის ხელახალი გამოძიების დასაწყებად. 1997 წელს, როგორც კი დამნაშავეები დააპატიმრეს, მარკო ტულიო ჯორდანამ „100 ნაბიჯის“ სცენარზე მუშაობა დაიწყო.

მარკო ტულიო ჯორდანა ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის ავტორია პიერ-პაოლო პაზოლინიზე, რომლის ეკრანიზაციას მან თავად მიმართა 1995 წელს („პაზოლინი. დანაშაული იტალიურად“). რეჟისორი წერდა, რომ პროექტმა არ დააკმაყოფილა და რადგანაც მისი მიზანი არა იმდენად პაზოლინის ბიოგრაფიის კინემატოგრაფიული ინტერპრეტაცია იყო, რამდენადაც იტალიური ნეოფაშიზმის მხილება, გადაწყვიტა გაეგრძელებინა ამ თემაზე მუშაობა ნეოფაშისტთა კიდევ ერთი მსხვერპლის, პეპინო იმპასტატოს ხანმოკლე ცხოვრების მაგალითზე.

დიახ, ჯოვანა სიცილიურ მაფიას იტალიურ ფაშიზმს ადარებს და მაფიის თემაზე გადაღებული ყველაზე ცნობილი ფილმებისგან განსხვავებით „100 ნაბიჯში“ მაქსიმალურად ერიდება მაფიის რომანტიზაციას თუ ეგზოტიზაციას.

მხოლოდ 100 ნაბიჯი ყოფდა ერთმანეთისგან პეპინო იმპასტატოსა და სიცილიის მაფიის ბოსის, ტანო ბადალამენტის სახლებს. მაგრამ ეს იყო თითქოს სხვადასხვა პლანეტაზე მცხოვრები ორი ადამიანი - სიმართლისთვის მებრძოლი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბრძოლას ფაქტობრივად მარტო იწყებს, არ ჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ ემუქრებიან, დასდევენ, არანორმალურად აცხადებენ... და ტანო, მაფიის ბოსი, პეპინოს რადიოსადგურის გადაცემების მთავარი პერსონაჟი, კაცი, რომლისთვისაც თავდაცვის იარაღი ტყუილია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა თანაქალაქელებმა ტყუილი და სიმართლე ერთმანეთისგან ვეღარ გაარჩიონ და არსებითად, არც არაფერი არ იცოდნენ მაფიის შესახებ.

სიცრუით კონსტრუირებულ და გამაგრებულ სისტემაში უკვე ადვილი ხდება წესიერი ადამიანების გაფუჭება და მისი სახელის გატეხა. სიცილიელი კონსერვატორები პეპინოს მოღვაწეობას „წითელ ბრიგადებს“ უკავშირებენ, ტერორისტად ნათლავენ, რადიკალად. მიუხედავად იმისა, რომ „100 ნაბიჯის“ მთავარი თემა მარტოხელა ადამიანის ბრძოლაა დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ, ჯორდანას სჯერა, რომ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია გამოაღვიძოს საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდები. თუკი ვინმეს გაგაღიზიანებთ წითელი დროშები, ნამგლისა და უროს სიმბოლიკა ჯორდანას ფილმში, გაგახსენებთ, რომ იმ წლებში იმდენად გაფუჭდა საბჭოთა ხელისუფლების ურთიერთობა იტალიის კომპარტიასთან, რომ საბჭოთა კავშირში იტალიელი კომუნისტების მხარდაჭერა ლამის დისიდენტობად ითვლებოდა. ისედაც, გასული საუკუნის 70-იანი წლების იტალიის პოლიტიკური ცხოვრების ცოდნა არ სჭირდება იმის დაჯერებას, რომ საბჭოთა ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა სხვა ავტორიტარული რეჟიმი, ვერ აიტანდა ისეთ ადამიანს, როგორიც იყო პეპინო იმპასტატო. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ პატარა ქალაქის მცხოვრებლები აქ დიდი ხანია შეგუებული არიან ტყუილში ცხოვრებას, მათ, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენიათ არსებობა ამ რეჟიმის გარეშე.

დიახ, ამ ისტორიაში რომანტიკოს რადიოჟურნალისტზე ბევრი თქვენგანი აღმოაჩენთ ნაცნობ რეალობას და მტკივნეულ თემებს. თუმცა „ახალგაზრდობის წლებისა“ არ იყოს, კარგი მსახიობების გარდა, ჯორდანას რეჟისურის ღირსება პირველ რიგში დროის ატმოსფეროს შექმნის უნარია - კამერით, განათებით, ფერითა და განსაკუთრებით მუსიკით. 2000 წელს „100 ნაბიჯი“ იტალიის კინოაკადემიის ორი პრემიით აღინიშნა: მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ლუიჯი ლო კაშო) და საუკეთესო საუნდტრეკისთვის.

A Whiter Shade of Pale - არის სიმღერა, რომელიც მთელი ფილმის სახე ხდება, ისევე როგორც 60-70-იანი წლების სხვა ჰიტები, რომლებსაც პეპინო თავის პოლიტიკურ რადიოგადაცემებში იყენებდა.

ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG