Accessibility links

რას ვუყუროთ?
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ჯინ ჰეკმანის პრინციპი

ჯინ ჰეკმანის პრინციპი


გოგი გვახარია გვირჩევს სტენლი კრამერის ფილმს „დომინოს პრინციპი“
გოგი გვახარია გვირჩევს სტენლი კრამერის ფილმს „დომინოს პრინციპი“

ჯინ ჰეკმანის გარდაცვალებამ არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი გადაფარა ამერიკაში. და არა მარტო პასუხგაუცემელი კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა 26 თებერვალს, როცა პოლიციამ სანტა-ფეში ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის და მისი მეუღლის, ბეტსი არაკავას ცხედრები აღმოაჩინა.

„დომინოს პრინციპი“ (აშშ, 1977, რეჟისორი სტენლი კრამერი)

95 წლის ვარსკვლავის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული, რადგანაც ჯინ ჰეკმანი ჭეშმარიტად სახალხო მსახიობი იყო - იგი უყვარდა ყველა თაობის მაყურებელს, განსაკუთრებით კი იმას, ვინც ჩემსავით დარწმუნებულია, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლები, სწორედ ის დრო, როცა ჯინ ჰეკმანმა თავისი საუკეთესო როლები ითამაშა, იყო „ოქროს ხანა“ ამერიკული კინოს ისტორიაში. ვიეტნამის ომს და „მეამბოხე“ 60-იან წლებს მოჰყვა დაღლილობის, სასოწარკვეთის განცდა, რომელმაც ამავე დროს პოპულარული გახადა მძაფრი სოციალური ჟღერადობის კინო, რეალისტური კინო, აბსოლუტურად მოკლებული „ოცნების ფაბრიკის“ ზღაპრებს. შესაბამისად, უკან დარჩა თვალხატულა გოგო-ბიჭების ეპოქა, რომანტიკული გმირები „ანტიგმირებმა“ შეცვალეს... აი, ზუსტად ამ წლებში მიიქცია ყურადღება ჯინ ჰეკმანმა. მასზე არტურ პენის „ბონი და კლაიდში“ (1967) გადაღების შემდეგ ნადირობა გამოცხადდა ჰოლივუდში.

„მსახიობის ხელოვნებას იმიტომ ვსწავლობდი, რომ მსახიობი გავმხდარიყავი და არა ვარსკვლავი“. დღეს, როცა ჯინ ჰეკმანის ამ სიტყვებს იხსენებენ, მისი ბიოგრაფები გვთხოვენ ყურადღება მივაქციოთ, როგორ ახერხებდა ჰეკმანი ბოროტმოქმედთა სახეების შექმნას ისე, რომ საკუთარი თავი, ხასიათი არ დაეკარგა. ვფიქრობ, ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა არა მარტო ბრწყინვალე სამსახიობო ტექნიკით, რომელსაც ჰეკმანი ჯერ კიდევ 50-იან წლებში დაეუფლა ჯორჯ მორისონის სტუდიაში. უარყოფითი პერსონაჟების - კორუმპირებული პოლიციელების, სასტიკი შერიფების ეს სახეები ადამიანური და ბუნებრივია ჰეკმანისთვის ორგანული თვითირონიის გამო. მსახიობი

იუმორს ყველაზე დრამატულ როლებშიც კი არ კარგავდა. თუ გნებავთ, ნუ უწოდებთ ამას იუმორს! დაარქვით უბრალოდ, აბსურდის შეგრძნება. ვისაც გახსოვთ ფილმები ჰეკმანის მონაწილეობით, განსაკუთრებით „ფრანგი მეკავშირე“, „საფრთხობელა“, „ტენენბაუმების ოჯახი“, „აბსოლუტური ძალაუფლება“, „ახალგაზრდა ფრანკენშტაინი“, დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ მსახიობს შეუძლია მუდმივად, ყველა ეპიზოდში შეაფასოს სიტუაცია, რომელშიც იმყოფებიან მისი პერსონაჟები, შეუძლია გაკვირვებაც გამოხატოს - „ღმერთო, ეს რა დღეში ჩავარდა ჩემი გმირი?“.

თუკი, მაგალითად, ყველაფერი, რაც ხდება ფრენსის ფორდ კოპოლას შესანიშნავ ფილმში „საუბარი“ (ფილმის სათაური ხშირად ითარგმნება როგორც „მოსმენა“), ფარული მიყურადების წვრილმანებზე ყურადღების გადატანა, მასშტაბების მუდმივი ცვლა, ფსევდოსასპენსები, სცილდება რეალიზმის საზღვრებს და ბოდვაში, პარანოიდულ ხილვებში გადაიზრდება, მაშინ ფილმის პროტაგონისტის, ჰარი კაულის სახეც უნდა გაიყოს ორად - ნამდვილად და ხელოვნურად, გათამაშებულად. მე პირადად ვერ ვიხსენებ იმ პერიოდის სხვა ამერიკელ მსახიობს, რომელიც ასეთი დამაჯერებლობით გამოხატავდა თავისი პერსონაჟის გაორებას. კოპოლას ფილმის პრემიერის შემდეგ ჰეკმანმა კიდევ ბევრი, სრულიად განსხვავებული როლი ითამაშა, თუმცა „საუბარი“ ნამდვილად მისი შემოქმედების მწვერვალია. ყველა დანარჩენი პერსონაჟი ჰარი კაულის გავლენით გაცოცხლდა ეკრანზე.

ფრენსის ფორდ კოპოლას „საუბრის“ გავლენას სრულიად სამართლიანად ხედავენ სტენლი კრამერის ფილმში „დომინოს პრინციპი“, რომლის სცენარი თავიდანვე ჯინ ჰეკმანისთვის დაიწერა. კრამერი არ მალავდა, რომ შთაგონებული იყო ჯინ ჰეკმანის როლით კოპოლას ფილმში, თუმცა იმასაც ამბობდა, რომ სურდა ფრანც კაფკას „პროცესის“ ინტერპრეტაცია პოლიტიკური ტრილერის ჟანრში, ჰეკმანი კი - კრამერის თქმით, საუკეთესო იქნებოდა იოზეფ კ-ს როლში... სამწუხაროდ, „დომინოს პრინციპი“ ცივად მიიღო კრიტიკამ და ჩავარდა კინოგაქირავებაში. „ნიურნბერგის პროცესის“ ავტორისგან პოლიტიკური თვალსაზრისით მძაფრ ფილმს მოელოდნენ, მაგრამ მიიღეს სისტემის აბსტრაქტული კრიტიკა, ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობით.

მოგვიანებით რეჟისორმაც აღნიშნა, რომ „დომინოს პრინციპი“ მეტისმეტად „კონსპიროლოგიური ფილმი გამოვიდა“, თუმცა კრამერიც და ის ხალხიც, ვინც „დომინოს პრინციპი“ დაიწუნა, აღიარებდნენ, რომ ჯინ ჰეკმანმა თავისი საუკეთესო როლი შექმნა კოპოლას „საუბრის“ შემდეგ.

ჰეკმანის გმირი, ვიეტნამის ომის ვეტერანი, სნაიპერი როი ტაკერი, სასჯელს იხდის ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობისთვის. მას დაუკავშირდება გაურკვეველი დასახელების ორგანიზაცია და შესთავაზებს ციხიდან გაქცევას იმ პირობით, თუკი ტაკერი მომავალში ორგანიზაციის დავალებებს შეასრულებს. კრამერისთვის მნიშვნელოვანი იყო ეჩვენებინა შიშის და დაუცველობის ატმოსფერო ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური მკვლელობა ჩვეულებრივი ამბავი გახდა (ფილმის გადაღების დროს კრამერი ამტკიცებდა, რომ „დომინოს პრინციპის“ იდეა ჯერ კიდევ ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ დაებადა), მნიშვნელოვანი იყო გამოეხატა კოლექტიური პორტრეტი საზოგადოებისა, რომელიც მანიპულაციების, პროგრამირების, ტვინის გამორეცხვის მსხვერპლია. იმხანად, როცა „დომინოს პრინციპი“ ეკრანებზე გამოვიდა, სტენლი კრამერს პოლიტიკური პოზიცია ნაკლებად დაუფასეს. მაგრამ ჯინ ჰეკმანის გარდაცვალების შემდეგ „დომინოს პრინციპი“ ჩართეს ჰეკმანის ხსოვნისადმი მიძღვნილ რეტროსპექტივებში. კრამერის ფილმი ნახა ახალმა თაობამ. კრამერის ფილმს უყურეს „დღევანდელობის კონტექსტში“... აღმოჩნდა, რომ დრომ „დომინოს პრინციპი“ გამოაცოცხლა და მნიშვნელობა დაუბრუნა.

დააკვირდით, როგორ იცვლება ჰეკმანის გმირი ფილმის მსვლელობასთან ერთად. ბრაზდება, იბნევა, გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ჯიუტობს, ფრთხილობს... ჰეკმანი, ეს ყოველთვის ძლიერი, ღონიერი, დაუმარცხებელი კაცი, გადაიქცევა პატარა ადამიანად ძალადობის აწყობილ სისტემაში, რომელიც უკვე იმდენად დახვეწილადაა აწყობილი, რომ თითქმის შეუძლებელია გაიგო ვინ მართავს მას. იდეალურად მოუხდა ეს როლი ჯინ ჰეკმანს, არტისტს, რომელიც, აკი გითხარით, ყველა თავის პერსონაჟს ემიჯნებოდა ხოლმე, ყოველთვის ინარჩუნებდა კრიტიკულ პოზიციას იმის მიმართ, რასაც თამაშობდა. მორჩილება არ იყო მისი ცხოვრების წესი. არც როგორც არტისტის და არც როგორც ადამიანისა. თავისუფალი კაცი იყო და სწორედ ამიტომ უყვარდა ყველას.

ფილმის ორიგინალური ვერსია:

ვერსია, რომელიც საბჭოთა ეკრანებზე გადიოდა (რუსული დუბლაჟით):

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG