Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლ ნიუმენი - 100 - „ახალი კაცის“ ოჯახური ღირებულებები


გოგი გვახარია გვირჩევს პოლ ნიუმენის ფილმს
გოგი გვახარია გვირჩევს პოლ ნიუმენის ფილმს

„გამა-გამოსხივების გავლენა ზიზილების ზრდაზე“ (1972, აშშ, რეჟისორი პოლ ნიუმენი)

გვარიც როგორი აქვს! პოლ ნიუმენი ნამდვილად იყო „ახალი კაცი“ ამერიკულ კინოში. თანაც თავად მოახერხა გამხდარიყო „ახალი“ სწორედ მაშინ, როცა კინოში მოსვლისთანავე მაყურებელმა მარლონ ბრანდოს ორეულად აღიქვა. ამ იარლიყისგან გასათავისუფლებლად ნიუმენს წლები დასჭირდა. მოგვიანებით, ვარსკვლავი როცა გახდა, კიდევ ერთ პრობლემას შეეჯახა - გაიაზრა, რომ მაყურებელმა მისი როლები სწორედ გარეგნული მომხიბვლელობის გამო უფრო შეიყვარა. არადა სახიფათოა ეს. განსაკუთრებით კინომსახიობისთვის. მით უმეტეს, ჰოლივუდის მსახიობისთვის, რომელსაც ახალგაზრდულმა სილამაზემ შეიძლება კარიერაც დაუნგრიოს, თუ ასაკში მიმზიდველი გარეგნობითაც ვეღარ იამაყებს.

ერთი სიამოვნებაა, თვალი გადაავლო მის ფილმოგრაფიას და დააკვირდე როგორ იზრდებოდა ნიუმენი, როგორც არტისტი. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მწვერვალი, ჩემი აზრით, სიდნეი ლიუმეტის ფილმი „ვერდიქტია“ (1982), ამბავი წარუმატებელ ადვოკატზე, რომლის ცხოვრებაში უსიამოვნებები მას შემდეგ დაიწყო, როცა თავისი კოლეგების კორუფციული პრაქტიკა ამხილა. „სუსტებს უნდა ჰყავდეთ ვინმე, ვინც მათთვის იბრძოლებს, - ამბობს ყველასგან მიტოვებული, გალოთებული ნიუმენის გმირი, - ამისათვის არსებობს სასამართლო, რომელიც სუსტებს უნდა დაეხმაროს და მისცეს სამართლიანობის მიღწევის შანსი“.

პოლ ნიუმენი არა მარტო „ახალი კაცი“ იყო 50-60-იანი წლების ამერიკულ კინოში, არამედ განსხვავებულიც ჰოლივუდის მთელ სისტემაში. 1958 წელს დაქორწინდა მსახიობ ჯოან ვუდვორდზე, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე მყარი ოჯახი შექმნა. ჰოლივუდისთვის ასეთი ერთგულება ეგზოტიკაც კი იყო. მით უმეტეს, რომ ცოლ-ქმარს არა მარტო ოჯახი, 3 შვილი, არამედ გადასაღები მოედანიც აკავშირებდა. 60-იანი წლების ბოლოს პოლ ნიუმენმა რეჟისურაში სცადა ბედი. პირველი ფილმის („რეიჩელ, რეიჩელ!“) წარმატების შემდეგ განაცხადა: „რადგანაც ჯოანმა სხვა რეჟისორებთან ვერ მოახერხა მაქსიმალურად გამოეხატა თავისი ნიჭი და შესაძლებლობები, მე გავაგრძელებ ფილმების გადაღებას სწორედ ჯოანისთვის, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ იგი გენიალური მსახიობია“.

1972 წელს კანის კინოფესტივალზე უჩვენეს პოლ ნიუმენის მეორე ფილმი, ცოტა უცნაური სათაურით „გამა-გამოსხივების გავლენა ზიზილების ზრდაზე“. ჟიურიმ, რომელსაც ინგრიდ ბერგმანი ხელმძღვანელობდა, ჯოან ვუდვორდს „პალმა“ გადასცა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. ფილმის სათაური გარკვეული თვალსაზრისით მეტაფორაა, რომელიც გამოხატავს მშობლების გავლენას შვილებზე მათი აღზრდის პროცესში. თუმცა ამ შესანიშნავი ფილმის მსვლელობასთან ერთად ნათელი ხდება, რომ გავლენის ძალაში ნიუმენი მხოლოდ ოჯახს არ გულისხმობს - ყველაფერი, რასაც ვნახავთ ეკრანზე, მთელი ეს ისტორია ქალისა, რომელსაც უქმროდ მოუხდა ორი გოგონას აღზრდა, საზარელ სიღარიბეში, კიდევ უფრო მასშტაბურ გავლენებს გულისხმობს. პირველ რიგში კი, სოციალურ უთანასწორობას.

საერთოდ, 70-იანი წლების დასაწყისის ამერიკული კინო განსაკუთრებით მწვავეა როგორც არა მარტო მხატვრული, არამედ სოციალური მოვლენა. ეს ფილმები, ბობ რაფელსონის „5 მარტივი პიესა“, მარტინ სკორსეზეს „ელისი აქ აღარ ცხოვრობს“, პიტერ ბოგდანოვიჩის „უკანასკნელი სეანსი“ და ჯონ კასავეტესის „ქალი გავლენის ქვეშ“ თითქმის ერთსა და იმავე დროს შეიქმნა და, მე თუ მკითხავ, სწორედ ესაა ამერიკული კინოს ოქროს ხანა. კასავეტესის შედევრს პოლ ნიუმენის ფილმი არა მარტო სათაურით, არამედ სტილითაც ჰგავს. მსახიობებზე არაფერს ვამბობ. მთავარი როლების შემსრულებლები ჯოან ვუდვორდი და ჯინა როულენდსი ზოგჯერ ერევათ კიდეც ერთმანეთში.

პოლ ნიუმენს ჰოლივუდში პლეიბოის სტატუსი ჰქონდა. ვფიქრობ, რეჟისორობა როცა გადაწყვიტა, სწორედ ქალების კერპის გლამურული სახისგან გათავისუფლება მოინდომა და გადაიღო ფილმები, რომლებიც პირველ რიგში ამ „თეთრკანიანი მაგარი კაცის“ იდეას ეწინააღმდეგებოდნენ. ერთი ქალის და მისი ორი ქალიშვილის ამბავი „გამა-გამოსხივებაში“ კრიტიკულად აცოცხლებს წარმატების მოპოვების იდეას, არაერთხელ ხორცშესხმულს ამერიკულ კინოში. ოღონდ ნიუმენი გვიამბობს არა წარმატებისკენ სწრაფვაზე, არამედ უფრო წარუმატებლობის შიშზე, რომელმაც უკვე დაანგრია მისი ფილმის მთავარი პერსონაჟი, დედა ჯოან ვუდვორდის შესრულებით - ნევროტული, ვულგარული, სრულიად გაუნათლებელი, ადრე დაბერებული ქალი, რომელიც მომავალში საერთოდ აღარ იყურება, რადგან იქ ვერანაირ იმედს ვეღარ ხედავს. ცხოვრობს ჭუჭყიან, დაულაგებელ სახლში და, რაც მთავარია, ცდილობს თავისი გოგონებიც ასე აცხოვროს. ოჯახს აქ არსებითად დაკარგული აქვს ფუნქცია, მაგრამ კარგი სცენარით, სადა რეჟისურით, უზუსტესი აქცენტებით და, ცხადია, შესანიშნავი მსახიობებით (უმცროსი გოგონას როლში პოლ ნიუმენის ქალიშვილს იხილავთ) პოლ ნიუმენი ახერხებს, ეს პესიმისტური დრამა აქციოს ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დედაშვილობაზე ამერიკული კინოს ისტორიაში.

„არა, დედა, არ გეთანხმები იმაში, რომ საზიზღარია ეს სამყარო“, - ამბობს 13 წლის გოგო, რომელიც უფროსი დისგან განსხვავებით ცდილობს დაიხსნას თავი დედის მანიპულაციებისგან. რა უნდა უპასუხოს ამაზე დედამ, რომელსაც არც განათლება მიუღია და არც სიყვარული ღირსებია?

13 წელი. როგორც ვიცი, ამ ასაკში თითქმის საბოლოოდ ყალიბდება ჩვენი ხასიათი, ჩვენი იდენტობა. ამ ასაკშია მნიშვნელოვანი, რა მოახდენს ჩვენზე გავლენას. ამ ასაკის ბავშვში გაუფილტრავად ილექება უამრავი ჭუჭყი, რაც დღეს სოციალური ქსელების ეპოქაში, პოპულიზმის აღზევების ეპოქაში კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა პოლ ნიუმენი „გამა-გამოსხივებას“ იღებდა. ისინი, ვისაც „ოჯახური სიწმინდეების“ დაცვა ძალაუფლების განმტკიცებისთვის სჭირდებათ, ხშირად უბრალოდ ვერ ხვდებიან როგორ ავადდებიან სიძულვილით მათივე შვილები. პოლ ნიუმენისთვის გამოსავალი აქ მხოლოდ და მხოლოდ განათლებაა. მაგრამ თუკი იმხანად ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო 13 წლის გოგონას გადარჩენა განათლებით, კვლევის ინსტინქტით, ცნობისმოყვარეობით, რამდენად შესაძლებელია მივაღწიოთ ისეთსავე შედეგს დღეს, როცა ხარისხიანი განათლება უამრავი ბავშვისთვის არაა ხელმისაწვდომი. ბევრად უფრო მარტივია „რომელიმე ტიკტოკზე“ შესვლა და თვალ-ყურის მოწამვლა ტყუილით და სიძულვილით.

„გამა-გამოსხივება“ არ ძველდება. პოლ ნიუმენი აქ „მომავლის ბავშვებსაც“ იცავს. ადვოკატ გმირს კი ათქმევინა, სასამართლომ სუსტები უნდა დაიცვასო, მაგრამ ამ ფრაზაში, ცხადია, არა მარტო სასამართლოს, არამედ დიდ ხელოვნებასაც გულისხმობდა.

ნახეთ ფილმის ორიგინალური ვერსია (ტიტრებით).


აღდგენილი, ფერადი ვერსია.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG