„მე ვარ კუბა“ (1964, სსრკ, რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი)
თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დირექციამ წლის მთავარი კინოფორუმის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა. ფესტივალის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების მონაწილეებს და თბილისის კინოფესტივალს განვიხილავთ როგორც ამ აქციების შემადგენელ ნაწილს, რადგან თითოეული ფილმი, რომელსაც ჩვენს მაყურებელს ფესტივალზე ვუჩვენებთ, ადამიანის პიროვნული თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის და სიმართლისთვის ბრძოლაზე მოგვითხრობს“.
მართლაც. ფესტივალის პროგრამის შინაარსი დაემთხვა იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება.
ისტორია განმეორდა - კინო და სინამდვილე გაერთიანდა 2003 წლის შემოდგომაზეც. კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მეოთხე კინოფესტივალი დაიწყო მაშინ, როდესაც ქუჩაში ხალხი ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით გამოვიდა. „პრომეთეს“ (ასე ერქვა იმხანად ფესტივალს) გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მიხეილ კალატოზოვის (კალატოზიშვილის) ფილმი „მე ვარ კუბა“ უჩვენეს. დარბაზში იჯდა საფრანგეთის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში სალომე ზურაბიშვილი და თითქმის მთელი ოპოზიცია. ასეთ გარემოში საბჭოთა კინო, რომელიც კუბის რევოლუციას ეძღვნებოდა, სრულიად ახალი შინაარსით გამდიდრდა - დარბაზმა თითქოს გააცოცხლა დიდი რეჟისორის დავიწყებული ფილმი, რომლის განახლებული ვერსია კოპოლას და სკორსეზეს ძალისხმევით მანამდე შეერთებული შტატების ეკრანებზე უჩვენეს. კალატოზოვი, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ანტიამერიკულ პროპაგანდისტულ ფილმად ჩაფიქრებულ „მე ვარ კუბას“ ამერიკელები ოდესმე მსოფლიო კინოს შედევრად აღიარებდნენ.
სტუდენტ ენრიკეს დასაფლავების სცენაზე (ენრიკე მოკლა პოლიციელმა) დარბაზმა „ამირანში“ ტაში დასცხო. ამბოხებული ხალხის განწყობა აქ უკვე ფიზიკურად გადაედო ქართველ მაყურებელს. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო მიხეილ კალატოზოვის და მისი ოპერატორის, სერგეი ურუსევსკის მიზანიც; დასაფლავების ეპიზოდი გადაღებულია უგრძესი პანორამით, რომელშიც ძალიან ახლო ხედი იცვლება ძალიან შორი ხედებით, რაკურსები ქვევიდან ზევით საწინააღმდეგო მიმართულების რაკურსებით (ურუსევსკი, ხელის კამერით, საგანგებოდ კონსტრუირებული ლიფტებით მოძრაობდა). ავტორი-გმირი-მაყურებელი, ისედაც გაერთიანებული ურუსევსკი-კალატოზოვის სუბიექტური კამერით, ნაწილი ხდება ამ ამბოხებულ-მგლოვიარე მასისა, ხოლო „თავისუფლების კუნძულად“ წოდებული კუბა აღარაა იზოლირებული და ჩაგრული სივრცე. საზღვარი უქმდება და სივრცე იხსნება, როგორც მიხეილ კალატოზიშვილის ქართულ ფილმში „ჯიმ შვანთე“, როგორც „მიფრინავენ წეროებში“ - ერთადერთ საბჭოთა ფილმში, რომელიც კანის ფესტივალის „ოქროს პალმით“ აღინიშნა.
გიიომ გასი, მიხეილ კალატოზოვის ფრანგი მკვლევარი აღნიშნავს, რომ კამერას, რომელიც „კუბური ფილმის“ მთავარი პერსონაჟი და შესაძლებელია, ერთადერთი ნამდვილი გმირია, მაყურებელი დროის და სივრცის მიღმა გაჰყავს. მეტიც, გასის აზრით, ენრიკეს დასაფლავების სცენაში, სადაც კამერა იწყებს ფრენას, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გამოსახულება იმდენად თავისუფალია, რომ კალატოზოვი აღწევს „ფორმალურ ჰედონიზმს“, ანუ კინოს ყურება, თუ გნებავთ, რევოლუციის ყურება, ფიზიკურ სიამოვნებას (!) ანიჭებს ადამიანს. დაახლოებით იმავეს ამტკიცებდა „გარდიანის“ სარედაქციო წერილი: „რჩება შთაბეჭდილება, რომ კალატოზოვი მზემ და თავისუფლებამ დაათროო“.
ამას წერდნენ დასავლეთში, იქ, სადაც „მე ვარ კუბა“ დაგვიანებით გამოვიდა ეკრანებზე. მაგრამ კალატოზიშვილის სამშობლოში ფილმს სულ სხვა ბედი ეწერა - მზისგან და თავისუფლებისგან დამთვრალებს აქ თითქმის ყოველთვის დევნიდნენ.
1963 წელს „მოსფილმში“ დამტკიცდა საბჭოთა პოეტის ევგენი ევტუშენკოსა და კუბელი კრიტიკოსის ენრიკე ბარნეტის სცენარი კუბის რევოლუციაზე - სცენარი, რომელიც კალატოზოვისა და ურუსევსკისთვის დაიწერა. საბჭოთა კინოს ჩინოვნიკები „მე ვარ კუბას“ ტრიუმფს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ოფიციალურ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია საიდუმლო წერილზე, რომელიც ფიდელ კასტრომ კრემლს გაუგზავნა - ფიდელი უკმაყოფილო იყო ფილმით და „აქცენტების შეცვლას“ მოითხოვდა. „მე ვარ კუბას“ დაწუნების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა კალატოზოვის ბიოგრაფების აზრით, კასტრო აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან დეტალს - ფილმის ავტორები ღიად ანიჭებენ უპირატესობას ანტიკოლონიური მოძრაობის ჩვენებას კლასთა ბრძოლასთან შედარებით. კუბის ხელისუფლება ელოდა ფილმ-პანეგირიკს ფიდელ კასტროზე, მაგრამ ნახა ევტუშენკოსა და ბარნეტის მიერ შეთხზული პოეტური მონოლოგი, რომელიც მთელი ფილმის მსვლელობისას ისმის კადრის გარედან - ქალის ხმა და სიტყვები „მე ვარ კუბა“... ქალი ამბობს, მე კუბა ვარო, სწორედ ის კუბა, რომელსაც ჩაგრავდნენ, ავიწროებდნენ, ართმევდნენ, აწამებდნენ. ყველაფერი დანარჩენი აქ უმნიშვნელოა - საბჭოთა პროპაგანდისტული კინოს არქეტიპები ჩვენ თვალწინ კვდებიან და ადგილს უთმობენ ნამდვილ პლასტიკურ სიმფონიას უსამართლობის წინააღმდეგ ამბოხებაზე, მონობის უღლის დამხობაზე, თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხზე... დიახ, ხალხზე და არა პოლიტიკურ ლიდერებზე! „მე ვარ კუბაო“, ამბობს ქალი, მაგრამ ეს ქალი არ ჩანს. ეს ქალი ხალხის ხმაა.
„მე ვარ კუბა“ დაიწუნა საბჭოთა ოფიციოზმაც. კალატოზოვს ფორმალიზმში დასდეს ბრალი და ფილმი მალევე მოხსნეს ეკრანებიდან. მოსკოვში შეეშინდათ, რომ მაყურებელს კუბის რევოლუციის თემაზე გადაღებული ამ ულამაზესი კინონოველების თაიგულის სურნელი მართლაც „დაათრობდა“, ფილმის სახეები კი - ახალგაზრდები ტირანიის პირისპირ, მომიტინგე ხალხი, რომელსაც პოლიცია დაარბევს, პროკლამაციები… - მაყურებლის ცნობიერებაში აღიბეჭდებოდა.
2003 წლის შემოდგომაზე „მე ვარ კუბა“ თავისებური სტიმული გახდა თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველებისთვის. დღეს, მიხეილ კალატოზოვის შვილთაშვილი, „სამეფო უბნის თეატრის“ მსახიობი კატო კალატოზიშვილი რუსთაველზე დგას და ერთი სიტყვით მოგვმართავს - „გავიფიცე!“
ფორუმი