„12'08 ბუქარესტის აღმოსავლეთით“ (2006, რუმინეთი, რეჟისორი კორნელიუ პორომბოიუ)
დაახლოებით 20 წლის წინ რუმინეთის ეროვნულმა კინოცენტრმა კონკურსი გამოაცხადა - კინემატოგრაფისტებს უნდა წარმოედგინათ პროექტი სახელწოდებით „ბუქარესტის გარეუბანი კინოში“. კონკურსში უამრავმა რეჟისორმა მიიღო მონაწილეობა, დაიწერა სცენარები. ახალი ხალხი გამოჩნდა კინოში, ახალი გარემო, ახალი ცხოვრება, რომელიც მანამდე არავის აინტერესებდა. ასე დაიწყო რუმინული კინემატოგრაფის აღმავლობა, რომელიც 2007 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაგვირგვინდა - კრისტიან მუნჯიუს ფილმი „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“, პირველად რუმინული კინოს ისტორიაში, „ოქროს პალმით“ აღინიშნა.
რუმინეთი დღეს ისეთსავე ადგილს იკავებს მსოფლიო კინორუკაზე, როგორც 50-იანი წლების მეორე ნახევარში საფრანგეთი, 60-იან წლებში ინგლისი, 70-იანებში გფრ, 80-იან წლებში უნგრეთი და 90-იან წლებში ესპანეთი... და ეს ლიდერობა შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს (!) საინტერესო და ეფექტური კინოპოლიტიკით, აქაური ვეტერანების უნარით - არა მარტო დაუთმონ გზა ახალგაზრდებს, არამედ გამოცდილებაც გაუზიარონ მათ.
რუმინული „ახალი ტალღა“ სრულიად განსხვავებული სტილის ავტორებს აერთიანებს. თუმცა ამ რეჟისორებს ერთი საერთო მაინც აქვთ - მეტ-ნაკლებად ადვილად უმკლავდებიან მცირე ბიუჯეტს და არ ეშინიათ მინიმალიზმის. მეტიც, რუმინული კინოსკოლის გამორჩეულმა ავტორმა კორნელიუ პორომბოიუმ ეს მინიმალიზმი პრიმიტივიზმამდეც კი დაიყვანა, მაქსიმალურად გაამარტივა ფორმა და ფაქტობრივად გაათავისუფლა კინო გამომსახველობითი საშუალებებისგან. სარისკო არჩევანი იყო, მაგრამ მას თავიდანვე გაუგეს - 2006 წელს პორომბოიუ ფილმისთვის „12'08 ბუქარესტის აღმოსავლეთით“ დაჯილდოვდა კანის ფესტივალის „ოქროს კამერით“ საუკეთესო დებიუტისათვის.
აღმოსავლეთი რუმინეთი. ქალაქი ვასლუი. 16 წელი სრულდება ჩაუშესკუს დიქტატურაზე გამარჯვებიდან. ადგილობრივი ტელევიზია ამზადებს ტოქშოუს, რომლის მონაწილეებმა უნდა უპასუხონ კითხვას: „იყო თუ არა ნამდვილი რევოლუცია ის, რაც მათ ქალაქში 1989 წელს მოხდა?“...
მოდით, ჩვენც გავიხსენოთ
1989 წლის დეკემბერში რუმინეთში, რომელიც კომუნისტური ბლოკის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით მიხაილ გორბაჩოვის „პერესტროიკას“ გაემიჯნა, ამბოხება იწყება. ბუქარესტის ქუჩებში სისხლი იღვრება. ფანჯარაში შეღწეული ტყვიით ერთი თვის ბავშვი იღუპება. ამბოხებულებს გამოაქვთ ცხედრები და ასფალტზე დებენ. რუმინეთის მმართველი ნიკოლაუ ჩაუშესკუ მხარდამჭერთა მიტინგს აწყობს. თუმცა ამბოხებულები ამ დადგმულ აქციაზეც შეაღწევენ და ჩაუშესკუს გადადგომისკენ მოუწოდებენ. ჩაუშესკუს არა მარტო ჩამოაგდებენ, არამედ დახვრეტენ, თანაც პირდაპირ სატელევიზიო ეთერში. ქვეყანა ფაქტობრივად ერთ საათში გადახტა კომუნიზმიდან კაპიტალიზმში, მაგრამ მას შემდეგ არაერთხელ მოუხდა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან თავის დახსნა.
2006 წელს, როცა პორომბოიუმ ფილმის გადაღება დაასრულა, რუმინეთი ევროკავშირში შესასვლელად ემზადებოდა. პრემიერის წინ რეჟისორი აღნიშნავდა, რომ სურდა გამოეხატა ისტორიული კატაკლიზმებით დაღლილი და ცოტა არ იყოს გულაცრუებული საზოგადოება, რომელსაც აღარ სურს წარსულის გახსენება და მომავალზე ფიქრით ცხოვრობს. პორომბოიუს ფილმში ჩაუშესკუს რეჟიმის დაცემიდან 16 წლის შემდეგ ტელევიზია ცდილობს აქტუალური გახადოს პრობლემა, რომელიც არსებითად აღარც არავის აღელვებს. ფილმის გმირი, სატელევიზიო ტოქშოუს ავტორი სასოწარკვეთილი ეძებს ადამიანებს, რომლებიც 1989 წლის დეკემბერს გაიხსენებენ. მაგრამ რუმინული პროვინციის მცხოვრებლები მოახლოებული ახალი წლის მზადებაში არიან. შოუს ჩაშლა ემუქრება მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რომ ადამიანები, რომლებსაც ქალაქში რევოლუციის გმირებად მოიხსენიებდნენ, სინამდვილეში ჩაუშესკუს აგენტები იყვნენ... ეს პატარა ქალაქი ფაქტობრივად ისეთივე პრობლემებით ცხოვრობს, როგორც ჩაუშესკუს დროს. განსხვავება, ალბათ, მხოლოდ ისაა, რომ ჩინელებმა აქ მაღაზია გახსნეს და ახლა აქ იაფფასიან პიროტექნიკას ყიდიან.
ბოლოს და ბოლოს, ტოქშოუს ორგანიზატორი ქალაქში ორ „რევოლუციონერს“ მაინც მიაგნებს - გალოთებულ ისტორიის მასწავლებელს და პენსიონერს, რომელსაც, როგორც აღმოჩნდება, არც არაფერი აქვს სათქმელი. რევოლუციის წლისთავის საზეიმო აღნიშვნას ჩაშლის მაყურებელიც. სტუდიაში დარეკავს ქალი, რომელიც რევოლუციას შეადარებს თოვლს, რომელიც ჯერ ქათქათა თეთრია, მერე კი ტალახად იქცევა... სატელევიზიო გადაცემა ემსგავსება ფარსს, „კომედი-შოუს“ და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იაფფასიან იუმორისტულ სანახაობას ემსგავსება თავად კინოც. ოღონდ ფილმი რომ დავაფასოთ, აუცილებლად უნდა მივხვდეთ, გავიაზროთ, რომ პრიმიტიული ბურლესკი სწორედ ის ფორმაა, რომელიც ორგანულად გამოხატავს პორომბოიუს ფილმის შინაარსს.
პორომბოიუ პროფესიით ფილოლოგია. ამიტომ მის ფილმებში ხშირია სიტყვებით თამაში, რომელიც, როგორც თავად რუმინელები ამტკიცებენ, ზოგჯერ უბრალოდ არ ითარგმნება. სტატიკური კამერა, ხედების შეცვლის გარეშე, ავტორის სარკასტულ მზერას უფრო გამოხატავს, ვიდრე რეალობას. კამერა დგას კუთხეში და დაუნაწევრებლად იღებს სცენას (ამ ხერხს ხშირად იყენებს მუნჯიუც). მეტიც, იმისათვის რომ მაყურებელი მიხვდეს, რომ გადაღების ასეთი ტექნიკა ავტორის გააზრებული არჩევანია, პორომბოიუ არჩეული ხერხის მიმართ ირონიასაც არ ერიდება - ერთ ეპიზოდში კამერა მოულოდნელად ამოძრავდება. მაგრამ აღმოჩნდება, რომ გაცოცხლებული კამერის უკან ტელევიზიის ახალგაზრდა ოპერატორია, რომელიც კუთხეს ეძებს კადრისათვის. შემოდის მისი უფროსი და ამბობს: „ვინ გასწავლა გადაღება? დაადგი ახლავე კამერა შტატივზე“. ასეთი სახის სტილიზაცია ქმნის დისტანციას ეკრანსა და მაყურებელს შორის. ავტორები არცერთი წამით „არ გვიშვებენ“ ეკრანის შიგნით, რათა დამკვირვებლის როლი ბოლომდე შევინარჩუნოთ.
დაკვირვების პროცესში კი ვხვდებით, რომ „12'08 ბუქარესტის აღმოსავლეთით“ უფრო მეტია, ვიდრე ფილმი რევოლუციაზე. ესაა ამბავი შენიღბულ სიმართლეზე, ჭეშმარიტებასა და ტყუილზე, შეთქმულების თეორიების ძალაზე და ტელევიზიაზე, რომელიც წარმატებით ქმნის ისტორიულ მითებს, მაგრამ გაუგებრობის, მცდარი წარმოდგენების აღმოფხვრაც შეუძლია. პარადოქსი ისაა, რომ თავად ავტორი აღიარებს, რომ მანიპულაციის ვნება ყოველ ჩვენგანშია და ისევე ახასიათებს ტელევიზიას, როგორც კინოს, რომელიც, თავის მხრივ, ხშირად ბრალს დებს ტელევიზიას... მანიპულაციაში.
ვასლუი პატარა ქალაქია. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და, წესით, მიუხედავად იმისა, რომ ჩაუშესკუს დამხობიდან 16 წელი გავიდა, ქალაქის მცხოვრებლებს უნდა ახსოვდეთ, ვინ შეუერთდა მაშინ ამბოხებას, ვინ დაიმალა და ვინ იცავდა დუჟმორეული რეჟიმს. გაჭირვებამ, როგორც ჩანს, ისტორიის დავიწყება იცის. მაგრამ პატარა საზოგადოებას თავისი ხიბლიც აქვს და განვითარების შანსიც. სიმართლე აქ დიდხანს ვერ დაიმალება, ყალბი მითი დიდხანს ვერ იცოცხლებს სწორედაც იმიტომ, რომ პატარა ქალაქი ერთი დიდი ოჯახია, რომლის წევრები ერთმანეთს ხედავენ. ვერანაირი ტელევიზია, ვერანაირი პროპაგანდისტული მედია ვერ შეძლებს სიმართლის შენიღბვას. ბოლოს და ბოლოს აუცილებლად დადგება დრო, როცა ხალხს ყალბი მითების ტირაჟირება მოჰბეზრდება.
იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ რუმინეთის კინოთეატრებში ფილმი სხვა სათაურით გადიოდა. ერქვა - „იყო თუ არ იყო?“.
მგონი მარადიული კითხვაა.
ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა.
ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ფორუმი