Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2024 წლის საუკეთესო 10 ფილმი


2024 წლის საუკეთესო 10 ფილმი
2024 წლის საუკეთესო 10 ფილმი

თუკი ჩვენს დაძაბულ დროში, იმ მოვლენების მიუხედავად, რაც ქუჩაში ხდება, კარგი ფილმისთვის დროს გამონახავთ, ვფიქრობ, 2024 წლის კინო უფრო გაგაძლიერებთ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გაგახალისებთ, ანდა რეალურ პრობლემებს დაგავიწყებთ, მაგრამ იმას ნამდვილად იგრძნობთ, რომ მარტო არა ხართ.

უნდა გამოვტყდე, რომ გასული წლებისგან განსხვავებით ამ ტრადიციული ათეულის შედგენა ძალიან გამიჭირდა. არაერთი საინტერესო ფილმი დაგროვდა და ჯერ კიდევ არ ვიცი, რა მიემატება ამ სიას „ოქროს გლობუსსა“ და „ოსკარზე“ წარდგენილი ყველა ფილმის ნახვისას. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისს საბოლოოდ გადალახავს (მინდა ამის მჯეროდეს), შესაძლებელია ვინანო კიდეც, რომ რაღაც გამომრჩა, ანდა რაღაც ნაჩქარევად მოვიწონე. განწყობას, კონტექსტს, პირად ტკივილებს ვერ გამორიცხავ, როცა კინოს აფასებ. მაშინაც კი, როცა ცდილობ მაქსიმალურად დაჯაბნო სუბიექტური შეგრძნებები.

ესეც ათეული. ტრადიციულად „ბოლოდან“ საუკეთესოსკენ. ამ ფილმების ნაწილს ადვილად მიაგნებთ ინტერნეტში. ნაწილს, ალბათ, საქართველოს კინოთეატრებში იხილავთ... ანდა (როგორც, მაგალითად, „ემილია პერესს“) კინოში ვერ ნახავთ, სანამ ქვეყანა ახლა უკვე დაკანონებული ცენზურისგან არ გათავისუფლდება.

10. „შამბალა“ (ტიბეტი, რეჟისორი მინა ბაჰადურ ბხამი)

წლის ვიზუალური შოკი, 6 000 მეტრ სიმაღლეზე გადაღებული ტიბეტური ზღაპარი, რომელშიც პოლიანდრია, მრავალქმრიანობის იშვიათი გამოვლინება თანამედროვე სამყაროში, ვირტუოზულად უკავშირდება ქალის გათავისუფლების თემას. ფილმის გმირის, ორსული ქალის მოგზაურობა გაუჩინარებული ქმრის საძებნელად, მედიტაციას ემსგავსება -გამსუბუქებს, გაბედნიერებს და განახვებს იმას, რასაც კარგა ხანია მოწყვეტილია თანამედროვე დასავლური საზოგადოება.

9. „ბრუტალისტი“ (აშშ, რეჟისორი ბრედი კორბეტი)

ჰოლოკოსტს გადარჩენილი უნგრელი ებრაელის, არქიტექტორისა და დიზაინერის ისტორია შეერთებულ შტატებში გადასახლების შემდეგ. წლის, ალბათ, ყველაზე საკამათო ფილმი - ყველაზე რადიკალური, ამბიციური და ტრაგიკული. „ჰოლოკოსტი არ დასრულებულა. უბრალოდ ფორმა შეიცვალა!“ - ესაა კორბეტის მთავარი გზავნილი, რომელიც ბევრს გააღიზიანებს. განსაკუთრებით იმას, ვინც ვერ გრძნობს როგორი ძალით კომპენსირდება მკვახედ ნათქვამი ვირტუოზული რეჟისურით, შესანიშნავი მსახიობებით, დღეს უკვე ორიგინალური ტექნიკით („ბრუტალისტი“ კინოფირზეა გადაღებული), კინოსა და არქიტექტურის გამომსახველობითი საშუალებების გაერთიანებით.

8. „აპრილი“ (საქართველო, გერმანია, რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი)

არალეგალური აბორტის თემა საკმაოდ გაიცვითა კინოში. ამიტომ ვერასდროს ვიფიქრებდი, თუკი ვინმე ისევ შეძლებდა ერთეულიდან გასვლას მრავალგანზომილებიან მოცემულობაში, „სოფლის“ გადაზრდას „სამყაროში“, ერთი ქალის ისტორიის გარდაქმნას დრამად ზოგადად თანამედროვე ადამიანისა, რომელსაც გაქვავებული წარსული ართმევს ბედნიერების უფლებას. „აპრილი“ არის თითქმის ნატურალისტური სიზუსტით გამოხატული რეალობა, რომელსაც კინოს ენა „ჰორორად“ აქცევს. ავტორის სითამამე კი იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი მოთხოვნილების მიუხედავად იგი არ ტოვებს სივრცეს ნუგეშისთვის. ძალადობის სამყაროში პოეზია ვერ იარსებებს!

7. Babygirl (აშშ, რეჟისორი ჰალინა რეინი)

ერთი შეხედვით, მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლი სტენლი კუბრიკის ფილმისა „ფართოდ გახელილი თვალები“, პირველივე ეპიზოდიდან იღებს ტემპს და ჰეპი-ენდამდე მიჰყავს სათქმელი. ჰალინა რეინი იმდენად მოხერხებულად ცვლის ჟანრებს, რომ ფილმის ფინალამდე გვიჭირს გაგება სინამდვილეში რას ვუყურებთ - ცინიკურ სატირას „ბიზნესვუმენზე“, რომელიც ქმართან ორგაზმს ვერ განიცდის, თუ მანიპულაციის დრამას, ძალაუფლების ვნების დამანგრეველი ძალით. ასეა თუ ისე, ის მაყურებელიც კი, ვისაც ფილმის ეს გროტესკული ეროტიკულობა გააღიზიანებს, ვერ დარჩება გულგრილი ნიკოლ კიდმანის თამაშით. წელს ქალის უამრავი კარგი როლი დაგვამახსოვრდა კინოში, მაგრამ „ოსკარს“, ჩემი აზრით, სწორედ ნიკოლ კიდმანი იმსახურებს.

6. „დაჰომეი“ (საფრანგეთი, სენეგალი, ბენინი, რეჟისორი მატი დიოპი)

ძალადობის და უსამართლობის ფაქტებს ისტორია ხან ნიღბავს, ხანაც ოსტატურად ახერხებს გააქროს ადამიანების ხსოვნიდან. კინო, განსაკუთრებით დოკუმენტური კინო, სიმართლეს ინახავს, თუმცა უთანასწორო სამყარო ისევ ახერხებს ნამდვილი ამბების ინტერპრეტაციას თავის სასარგებლოდ. „დაჰომეი“ სამართლიანობის აღდგენის ცდაა, წლის მთავარი პოლიტიკური ფილმი, რომლის ფორმაც კი პოლიტიკურია - სადა, ზედმეტ მხატვრულ ნიუანსებს მოკლებული, გულნატკენი და გაბრაზებული ადამიანის ხილვა. ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფილმია, რომელმაც კინოს მოყვარულებს დღეს უკვე დავიწყებული შედევრი, ალენ რენეს „ქანდაკებებიც კვდებიან“ გაუცოცხლა.

5. წმინდა ლეღვის თესლი“ (გერმანია, ირანი, რეჟისორი მოჰამედ რასულოფი)

კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ „წმინდა ლეღვის თესლი“ იმსახურებდა „ოქროს პალმის რტოს“ წლევანდელ კანის ფესტივალზე და, რომ ჟიურიმ არ გაითვალისწინა „სასტარტო პირობები“, რომლებიც აქვთ რეჟისორებს ჰოლივუდსა და ირანში, სადაც რასულოფს შინაპატიმრობის პირობებში მოუხდა ფილმის გადაღება. თუმცა, სწორედ ეკონომიურობა უნდა იყოს „წმინდა ლეღვის“ მთავარი ღირსება. მათ შორის - ემოციებისა. გამოხატვის უბრალოება და რეპრესიების სიმძლავრე აქ ქმნის კონტრაპუნქტს, რომელიც ერთ ჩვეულებრივ საოჯახო ისტორიას ანტიკური ტრაგედიის იერს ანიჭებს. ირანი ძალიან ახლოსაა ჩვენთან. ქალები, რომლებიც აუჯანყდნენ სისტემას მოძალადე მამის სახით, ჩვენს ყოჩაღ გოგონებს გვახსენებენ. ამ ფილმს კი კანის ფესტივალის ჟიურიზე უკეთ გავიგებთ და დავაფასებთ.

4. „ემილია პერესი“ (საფრანგეთი, მექსიკა, რეჟისორი ჟაკ ოდიარი)

სრულიად შეშლილი პროექტია - ფრანგი რეჟისორის ესპანურენოვანი ფილმი, სიმღერებით და ცეკვებით, რომელშიც ნარკოკარტელის მეთაური სქესს იცვლის და ხდება ქალი(!). ძალიან უნდა გიყვარდეს კინო და დარწმუნებული იყო შენს შესაძლებლობებში, ასეთი ფილმის გადაღების სურვილი რომ გაგიჩნდეს. მაგრამ პირველ რიგში თავად უნდა იყო თავისუფალი, რათა ბუნებრივად და გულწრფელად ჟღერდეს თავისუფლების ჰიმნი, რომელსაც ოდიარი და მისი შესანიშნავი მსახიობები, მისი ქალები ასრულებენ. რადიკალური ცვლილება, მათ შორის საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ იდენტობაზე უარის თქმა, ყოველთვის მტკივნეული და სახიფათოა. მაგრამ ცვლილება სჯობს ჩამყაყებულ სისტემებს, რომლებიც სტაბილურობას, როგორც წესი, ძალადობის დახმარებით ინარჩუნებენ. ცვლილება და მოძრაობა კინოს ბუნებას განსაზღვრავს. ამიტომაცაა „ემილია პერესი“ კინოს მარგალიტი,

რომელსაც, დარწმუნებული ვარ, წელს ახალი გამარჯვებები ელის.

3. „ანორა“ (აშშ, რეჟისორი შონ ბეიკერი)

დიდი ხნის წინ ბობ ფოსმა გარისკა და გადაიღო მიუზიკლი „კაბირიას ღამეების“ მოტივებზე - ცოტა არ იყოს დავიწყებული „საყვარელი ჩარეტი“. ახლა უკვე შონ ბეიკერი დაუბრუნდა „ანგელოზი მეძავის“ თემას („ჩემი ფილმი ეძღვნება ყველა სექსმუშაკს მსოფლიოში“, - განაცხადა მან კანში, „ოქროს პალმით“ დაჯილდოების დროს) და თავის საყვარელ მარგინალების სამყაროს, რომელიც „ძლიერთ ამა ქვეყნისა“, ოლიგარქების ოჯახს შეაჯახა. დაიწყო ფილმი ძალიან სასაცილო ამბით და დაასრულა სევდიანზე სევდიანი „ანტიჰეპი-ენდით“, შესაძლებელია ერთ-ერთი საუკეთესო ფინალით კინოს ისტორიაში. თუკი ჩვენს ათეულში მოხსენიებულ ფილმებს მუდმივად დავურთავთ სიტყვას „ყველაზე“, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ შონ ბეიკერი ყველაზე დიდი ჰუმანისტია. ადამიანის ასეთი გულწრფელი სიყვარული იშვიათია თანამედროვე, ცოტა არ იყოს, „დაბოღმილ კინოში“... თანაც, რაც მთავარია, იმ საძაგლობის, ტყუილის, ძალადობის, ფარისევლობის აღიარებით, რაშიც უხდება ცხოვრება ადამიანს.

2. „ყველაფერი, რაც სინათლე გვგონია“ (ინდოეთი, რეჟისორი პაიალ კაპადია)

ესაა სამი ქალის ისტორია, გამოხატული „კალკუტის სკოლის“ საუკეთესო ტრადიციებში - გამჭვირვალე, მსუბუქი, მთლიანად აგებული მზერებსა და დაუსრულებელ ფრაზებზე. მუმბაი, სადაც ხდება ფილმის მოქმედება, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია ინდოეთში. შესაბამისად, სიმჭიდროვე და სიღარიბე სახეა მთელი ფილმისა, რომელშიც ქალაქის ჰოსპიტალში დასაქმებული ქალები თავის გადარჩენას ცდილობენ. ფილმის გამოსახულების ტექსტურა დოკუმენტური სიზუსტით აღბეჭდილ თანამედროვე ინდოეთს ფრესკის იერს ანიჭებს და დაგვირგვინდება ფინალში, როცა ქალები ქალაქს გაეცლებიან და ზღვის სანაპიროზე. გაათენებენ ღამეს. შიში, მარტოობა, გაუცხოება, რომელიც კაპადიას პერსონაჟების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, შეიცვლება რაღაც უფრო მნიშვნელოვანით, უფრო მარადიულით. თუმცა პასუხი კითხვაზე, ხილვაა ეს თუ სინამდვილე, პაიალ კაპადიას ფილმში არაა. „ყველაფერი, რაც სინათლე გვგონია“ აღინიშნა კანის კინოფესტივალის გრანპრით. ბრიტანულმა კინოჟურნალმა Sight & Sound „ყველაფერი, რაც სინათლე გვგონია“ 100 კინოკრიტიკოსის გამოკითხვის შემდეგ 2024 წლის საუკეთესო ფილმად აღიარა.

1. „ჯერ კიდევ აქ ვარ“ (ბრაზილია, რეჟისორი ვალტერ სალესი)

ბიოგრაფიული დრამა ბრაზილიურ ოჯახზე, რომელიც 70-იან წლებში რეპრესიების მსხვერპლი ხდება - უზადოდ აწყობილი დრამატურგიით, ფერნანდა ტორესის იდეალური თამაშით, პოლიტიკური ტერორის გამაოგნებელი სურათით და, რაც მთავარია, ენერგიით, წინააღმდეგობის მუხტით, ასე რომ გვჭირდება დღეს ყველას. არ ვიცი, იმოქმედებდა კი სალესის ფილმი ასეთი ძალით, სადღაც, ძალიან აწყობილ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა? მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბრაზილიური ისტორიული დრამა ჯერ ვენეციის ფესტივალის პრიზით აღინიშნა საუკეთესო სცენარისთვის, ახლა კი „ოსკარის“ რეალური კანდიდატია ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“. უსამართლობისგან მიყენებული ტკივილის განცდა არ უკავშირდება მხოლოდ პოლიტიკას. ყველას გამოგვიცდია. სწორედ ამ ტკივილს გრძნობს მაყურებელი ფაქტობრივად საკუთარ თავზე, როცა თვალს ადევნებს ერთ დროს ძალიან ბედნიერი ოჯახის დაშლას და განადგურებას. ნიშანდობლივია, რომ ფილმის პრემიერის შემდეგ ბრაზილიელმა ულტრამემარჯვენეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ვალტერ სალესის ფილმს. შეეშინდათ. ალბათ იმიტომაც, რომ „ჯერ კიდევ აქ ვარ“ ვალტერ სალესის პასუხია იმ სიგიჟეზე, რასაც დღევანდელი მსოფლიო ჯერჯერობით ვერაფრით უწევს წინააღმდეგობას.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG