„ოთახი მეზობლად“ (2024, აშშ-ესპანეთი, რეჟისორი პედრო ალმოდოვარი)
1999 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი სკანდალით დასრულდა. ჟიურიმ, რომელსაც კანადელი რეჟისორი დევიდ კრონენბერგი ხელმძღვანელობდა, „ოქროს პალმით“ აღნიშნა არა ფესტივალის მთავარი ფავორიტი, პედრო ალმოდოვარის „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“, არამედ იმხანად ჯერ კიდევ ნაკლებად აღიარებული ბელგიელი ძმების, ჟან-პიერ და ლუკ დარდენების „როზეტა“. ალმოდოვარი მალევე გამოეხმაურა ჟიურის გადაწყვეტილებას და „როზეტა“ შეაფასა როგორც ფილმი „ცუდი მსახიობით“ და „ბანალური რეჟისურით“.
ამის შემდეგ დაიწყო ალმოდოვარის ფილმის გამარჯვებების სერია. პედრომ აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო (მათ შორის, „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარი“) და ყველა ტერიტორიაზე დაამარცხა ბელგიელი ძმების „როზეტა“.
2005 წელს ძმები დარდენები მეორედ გახდნენ კანის ფესტივალის „ოქროს პალმის“ მფლობელები („ბავშვი“). პედრო ალმოდოვარმა კი რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა აქაურ კონკურსში, მაგრამ ყოველთვის სანუკვარი „პალმის“ გარეშე რჩებოდა. დიდი ფესტივალები არ სწყალობდნენ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეჟისორს, რომელმაც მართლაც რომ გააცოცხლა კინოს ენა და მთელ პლანეტას შეაყვარა თავი.
თანამედროვე კინოს პატრიარქის ეს უიღბლობა დასრულდა შარშან, ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც იზაბელ იუპერის ჟიურიმ (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთხმად) საუკეთესოდ ცნო პედრო ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ოთახი მეზობლად“. გამარჯვებას ვენეციაში მოჰყვა აღფრთოვანებული რეცენზიები კრიტიკოსებისა, რომლებსაც ხანდახან „ეპარებოდათ“ ასეთი ტიპის შეფასებებიც: „დიდოსტატის ანდერძი“, „ყველა ლოგიკით მისი ბოლო ფილმი“, „ტრიუმფი პენსიაზე“... ოღონდაც ეს ხალხი პედრო ალმოდოვარს პენსიაზე იმიტომ კი არ უშვებდა, რომ „ოთახში“ მისი თბილი ლირიკულობა, მომაჯადოებელი ენერგეტიკა დააკლდა. „ოთახი მეზობლად“ არის ფილმი სიცოცხლესთან დამშვიდობებაზე, სიკვდილის ღირსეულად მიღებაზე, ევთანაზიის უფლებაზე. ჰოდა, რატომაც არ უნდა ვაღიაროთ, რომ დაღლილი (მათ შორის, ინგლისურენოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარუმატებლობისგან) ოსტატი, 75 წლის კაცი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს? ამან, ცხადია, გული უნდა გაგვითბოს, ცოტა შეგვაცოდოს, მისი გაბუტვები, ნევროზები, განაწყენებული რეპლიკები (იგივე „როზეტაზე“, მაგალითად) გაგვახსენოს. „ოთახი მეზობლად“ არის პარადოქსული ფილმი, რომელიც უფრო მეტად იწვევს ავტორის მიმართ თანაგრძნობას, ვიდრე თანაგრძნობას მისი პერსონაჟების მიმართ - ქალის (მარტა), რომელსაც კიბოს მესამე სტადია აიძულებს თვითმკვლელობაზე იფიქროს და მეგობრის (ინგრიდი), რომელიც თანხმდება გახდეს მოწმე მისი ევთანაზიისა.
პედრო ალმოდოვარის საუკეთესო ფილმები, პირველ რიგში, სწორედ „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ და „ელაპარაკე მას“ იყო. კინო, რომელშიც ალმოდოვარმა გვიჩვენა, როგორ შეუძლია მიმართოს რთულ თემებს ისე, რომ გაამდიდროს ფილმი სრულიად განსხვავებული შრეებით. მის ახალ ნამუშევარში ევთანაზია ერთადერთი შრეა. კი, „ორნამენტირებული“ ისე, როგორც სჩვევია პედრო ალმოდოვარს, მაგრამ ცივი, ნიუანსებს მოკლებული. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც საათ-ნახევარი ვუყურებთ, უფრო აქტივისტის გზავნილს ჰგავს (ევთანაზია ამერიკის იმ შტატში, სადაც ხდება ფილმის მოქმედება, აკრძალულია), ვიდრე კარგ კინოს. აქტუალური თემის არჩევა და ალმოდოვარისთვის მოულოდნელად მისი ფრთხილი მხატვრული გადაწყვეტა, რომელსაც მე პირადად „ამერიკული ბაზრის“ შიშით უფრო ვხსნი (და არა ასაკით), ერთმანეთს ეწინააღმდეგება და სცოდავს ალმოდოვარისთვის ესოდენ უცხო ზედაპირულობით და დეკლამაციურობით.
„ოთახი მეზობლად“ ორი ნაწილისგან შედგება. პირველი მედიტიციური პრელუდიაა, დატვირთული დიალოგებით და მოგონებებით. მეორე ნაწილი უკვე ევთანაზიის სახეა, უკიდურესად გაშიშვლებული და პირდაპირი. პირველ ნაწილში მეგობრები, რომლებსაც 30 წელზე მეტია არ უნახავთ ერთმანეთი, ჰყვებიან, რას აკეთებდნენ მთელი ეს წლები. მეორე ნაწილში მარტა ქირაობს ფეშენებელურ ვილას ნიუ-იორკის გარეუბანში, სადაც უნდა მოხდეს მთავარი - მისი თვითმკვლელობა. ბუნებრივია, პირველი ნაწილი მოითხოვს ავტორისგან, გაგვაცნოს ეს ქალები და გვიამბოს მათ შესახებ. ეს ამოცანა თავიდანვე გამარტივებულია - მარტა, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სამხედრო ჟურნალისტი, რომელმაც ერაყში იმუშავა, ფლეშბექებით ჰყვება უიღბლო სიყვარულზე, ქალიშვილზე, რომელთანაც ურთიერთობა არა აქვს, მის მამაზე, რომელმაც ვიეტნამში იომა, ჰომოსექსუალ ფოტოგრაფზე, რომელიც ერაყიდან გამოფრენის დროს რატომღაც თავის შეყვარებულთან ურთიერთობას იხსენებს... მიაქციეთ ყურადღება, ზუსტად ის თემებია, რომლებიც გასაგებია ამერიკელი მაყურებლისთვის!
და ზუსტად ფილმის პირველ ნაწილში იჩენს თავს ყველა ის პრობლემა, რომელიც აქვს ალმოდოვარის ახალი ფილმის სცენარს. ამ ფლეშბექების მიუხედავად („ხანძრის ეპიზოდი“ თავისი პათეტიკით, წესით, ალმოდოვარის ფანებსაც უხერხულ მდგომარეობაში უნდა აგდებდეს), ავტორი ბევრს არაფერს გვეუბნება ორი ადამიანის მეგობრობაზე, იმაზე, თუ რა ჰქონდათ საერთო, როცა დამეგობრდნენ, რატომ შეიძლებოდა ინგრიდი მხოლოდ მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დათანხმებოდა მარტას, გამხდარიყო დანაშაულის თანამონაწილე (მერე რა, რომ მწერალია და ამ ამბავს ოდესმე აღწერს თავის ახალ ბესტსელერში). სამაგიეროდ ახლო მეგობრები ჰყვებიან იმას, რაც ცალ-ცალკე განიცადეს. ანუ რეალურად ისინი ერთმანეთს კი არ ელაპარაკებიან, არამედ ჩვენ გვიზიარებენ ინფორმაციას. ეს ცოტა ჰგავს ცუდ ფილმებში ტელეფონზე საუბარს, როცა პერსონაჟი იმეორებს იმ სიტყვებს, რასაც მოსაუბრე ეუბნება ყურმილის იქითა მხრიდან... ჩვენთვის, მაყურებლისთვის.
რაც შეეხება ლაპარაკს, ანუ ტექსტს, რომლის წაკითხვა უხდებათ ინგლისურენოვან ვარსკვლავებს, ტილდა სუინტონს და ჯულიანა მურს. ინგლისური საკმარისად არ ვიცი, რომ ორიგინალის ენა შევაფასო (არც ალმოდოვარმა, სხვათა შორის). მაგრამ როგორი ნიუანსებიც არ უნდა ჰქონდეს ინგლისურ ტექსტს, ფრანგულიდან თუ რუსულიდან თარგმანში ეს დიალოგი მაინც უკიდურესად არაბუნებრივად ისმინება.
„მე მინდა, დამეხმარო, რომ მოვკვდე, ინგრიდ“.
„დარწმუნებული ხარ, მარტა? სიცოცხლე შეიძლება კიდევ დიდხანს, უსასრულოდ გაგრძელდეს“.
„ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა, ძვირფასო, მზად ვარ“.
„მაგრამ მე არ ვიცი, მეყოფა თუ არა ძალა, რომ გამოგყვე“.
„შენ არ იცი, როგორი ძლიერი ხარ, ინგრიდ“.
დიალოგები იმდენად ცუდადაა დაწერილი, იმდენადაა სავსე ტრუიზმებით და აფორიზმებით, რომ ორი მსახიობი იძულებულია, დროდადრო ერთმანეთს გაუღიმონ და პაუზები ერთი და იმავე ფრაზებით შეავსონ: „ნახე, რა შესანიშნავია“, „კი, ულამაზესია“. ამას დაუმატეთ საუნდტრეკი - გულისგამაწყალებელი ვიოლინოები, რომლითაც დიალოგების ფრაგმენტები და პეიზაჟებია „გაფორმებული“.
პედრო ალმოდოვარი არ უარყოფს, რომ გადაღების დროს შთაგონებული იყო ინგმარ ბერგმანის ფილმით „პერსონა“, რომელიც მსახიობებს ხელმეორედ უჩვენა. ბერგმანს ესპანელმა რეჟისორმა ადრეც მიმართა თავის შედევრში „მაღალი ქუსლები“, რომელიც ჰგავს უფრო პოლემიკას „შემოდგომის სონატასთან“ და სწორედ ამიტომაა დიდი ფილმი.
„პერსონაში“ ინგმარ ბერგმანმა გაიაზრა, რომ სიკვდილის პირას მყოფ ადამიანთან ურთიერთობის დროს გამოთქმული ჩვენი სიტყვები, დამშვიდება, გამხნევება, დაიმედება, როგორც წესი, სიმართლეს მოკლებულია და თუკი ამ ადამიანს წამიერად მაინც ახარებს, „გარედან“ ეს სიტყვები ყალბად აღიქმება. ამიტომაც აირჩია ბერგმანმა სიჩუმე და ადამიანის სხეული. ალმოდოვარმა კი - ლაპარაკი და გაპრიალებული გარემო. მაგრამ თუკი „მაღალ ქუსლებში“ ცეცხლი დაანთო და ასე მოუგო ბრძოლა თავის საყვარელ რეჟისორს, ახალ ფილმში პედრო უბრალოდ თავისი ამბიციების მძევალი გახდა.
კინო მოძრავი სხეულის ხელოვნებაა. ალმოდოვარმა, რომელსაც გადაღებული აქვს შესანიშნავი ფილმი „მთრთოლარე სხეული“, ასევე ბევრად უფრო სუსტი, მაგრამ მაინც დაუვიწყარი „კანი, რომელშიც ვცხოვრობ“, შესაძლებელია სხვებზე უკეთ იცის, რომ კინოხელოვნებას ადამიანის კანში შესვლის უნარიც აქვს. ლიტერატურული კვლევაც კი არსებობს კლაუდია ბენტინის, რომელსაც ჰქვია „კანი, როგორც კულტურული საზღვარი “მე”-სა და სამყაროს შორის“. ავტორი წუხს, რომ კანის სტრუქტურას ჩვეულებრივი თვალი ვერ აღიქვამს, ვერ ხედავს. არადა, რამხელა მნიშვნელობა აქვს - ჩვენი იდენტობის „სამოსია“! მაგრამ ამ სტრუქტურის დანახვა შეუძლია კამერას... კინო იჭრება ადამიანის სხეულში და იმის დანახვას იწყებს, რაც უხილავია. მათ შორის, შეუძლია აბსოლუტური სიზუსტით გამოხატოს სხეულის კვდომის პროცესი. ის, რაც თუნდაც ტოლსტოისთვის („ივან ილიჩის სიკვდილი“) კათარსისის დონის აქტი იყო, სრულიად დაკარგულია თანამედროვე სამყაროში, რომელიც, ერთი მხრივ, შეეჩვია სიკვდილს (მედია „ანახებს“ მას), მეორე მხრივ კი, ყველანაირად გაურბის ახლობელი ადამიანის კვდომის პროცესის ხილვას.
ალმოდოვარმაც უარი თქვა ამ პროცესის ჩვენებაზე. მან უფრო შემოგვთავაზა სიცოცხლესთან ლამაზ გარემოში დამშვიდობების „თეატრი“, რათა სიკვდილიც ზღაპრულად ლამაზი წარმოედგინა. კი, ნამდვილად ზღაპრულია სიკვდილი, როცა ხარ “gauche caviar”, მანჰეტენზე მცხოვრები ინტელექტუალი და გაქვს იმის საშუალება, რომ ძვირფას ვილაში დაემშვიდობო სიცოცხლეს, სუფთა ჰაერში, ტყეში, ჩიტების ჭიკჭიკში და შექმნა სამყარო, რომელსაც სიამოვნებით განათავსებდა თავის კატალოგში რომელიმე “VOGUE” - ლამაზი კაბებით, მაკიაჟით, ავეჯით. ალმოდოვარის გატაცება დიზაინით მისი ხელწერის ნაწილია, მაგრამ არასდროს, არც ერთ მის ფილმში ადამიანი არ დაკარგულა დიზაინში და არ გადაქცეულა „მაქმანად“, ფაიფურის თოჯინად. დაუმატეთ ამას ინტელექტუალური ციტატების ფეიერვერკი - ვირჯინია ვულფი, ჰოპერი, ჯოისი, უაიეტი... ვის აღარ ახსენებენ დაქალები! აგერ კინოსაც უყურებენ ერთად. თუმცა კინოციტატებს არავითარი კავშირი არა აქვთ იმ ფილმთან, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ. ალმოდოვარს საყვარელი კინოკლასიკა გაახსენდა არა იმდენად იმიტომ, რომ თავისი პერსონაჟების დასახასიათებლად სჭირდებოდა... არა, ამ ციტატებმა, უბრალოდ, გაალამაზა ფილმი და კლასიკური კინოც „დიზაინი“ გახადა. ამდენ ორნამენტში კი დაკარგა ადამიანი, და, რაც მთავარია, დრამატული სიმძაფრე დაუკარგა თავად პრობლემას, ევთანაზიას... რადგანაც მაყურებელი ცოტა არ იყოს უცნაურ მდგომარეობაში ჩააგდო - იმის მაგივრად, რომ თანავუგრძნოთ პერსონაჟებს, ჩვენ ვათვალიერებთ კაბებს, „ჰოპერებს“ და ავეჯს.
თხრობის შეუკვრელობა ხშირად ყოფილა პედრო ალმოდოვარის ფილმების პრობლემა, რომელსაც რეჟისორი ოსტატურად შენიღბავდა ხოლმე გონებამახვილური სახეებით და ცოცხალი, დასამახსოვრებელი პერსონაჟებით. „ოთახში“ ასეთი სახეების დეფიციტმა დრამატურგიის ყველა ხარვეზი გააშიშვლა. ორი მეგობარი ქალის გაერთიანებისთვის ავტორებს შემოჰყავთ მამაკაცი, რომელთანაც წლების წინ მარტასაც და ინგრიდსაც რომანი ჰქონდათ. ინგრიდის დიალოგი დამიანთან (ჯონ ტურტურო), საუბარი იმაზე, თუ როგორი კატასტროფისკენ მიექანება სამყარო რადიკალი მემარჯვენეების გამარჯვებებით და კლიმატის ცვლილებებით, საერთოდ არაფერს მატებს ფილმს, გარდა იმისა, რომ ალმოდოვარს სურს უჩვენოს, როგორი პროგრესულია მისი წრე, როგორი კარგები არიან ეს ადამიანები. მეტისმეტად კარგები და „სწორები“.
რაც შეეხება ფინალს. ჩვენი მოლოდინი, ცხადია, გამართლდება. მარტას ქალიშვილი, რომლის როლს ისევ
ტილდა სუინტონი ასრულებს, ბოლოს და ბოლოს გამოჩნდება ფილმში და მაყურებელიც ამოისუნთქებს - სიცოცხლე გრძელდება! კარგი ხალხი ჯერ კიდევ არ აკლია პლანეტას! ამ ეპიზოდებში მე პირადად განსაკუთრებით მომენატრნენ პედრო ალმოდოვარის შეშლილი, „არასწორი“ პერსონაჟები - ეჭვიანები, მშიშარები, სადისტები, მაზოხისტები, პერვერტები, მატყუარები... მაგრამ ცოცხალი ადამიანები.
ძალიან კარგად მესმის იმ მკითხველის, რომელიც შეხედავს ჩვენს რუბრიკას და იტყვის - „რა დროს ალმოდოვარია, გაიხედეთ რა ხდება ქვეყანაში!“. მართლაც არაფერი გვაქვს დღეს საერთო სტერილურ ხელოვნებასთან, გახამებული გამოსახულებით. მაგრამ სტერილურობა, სამწუხაროდ, ხელოვნების მიღმა არ გვაკლია. რაც უფრო მწვავდება კრიზისი, რაც უფრო გვახრჩობს უსამართლობის გრძნობა, მით უფრო აქტიურდებიან ესთეტები, რომლებიც პროტესტის ფორმებს უწუნებენ ხალხს და ზრდილობისკენ თუ ეთიკური სტანდარტებისკენ მიგვითითებენ. ალმოდოვარი არა, მაგრამ ეს ხალხი ნამდვილად გასაშვებია „პენსიაზე“.
ფორუმი