„მგზავრი ქალი“ (1962, პოლონეთი, რეჟისორი ანჯეი მუნკი)
ბრედი კორბეტმა, „ბრუტალისტის“ რეჟისორმა („ბრუტალისტს“ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ) გაიხსენა ანჯეი მუნკის „მგზავრი ქალი“, უსამართლოდ დავიწყებული კინოს ისტორიაში. კორბეტის თქმით, „მუნკის ეს დაუსრულებელი ნამუშევარი საუკეთესოა ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებულ ფილმებს შორის“, თუმცა მთავარი ისაა, რომ „მგზავრი ქალი“ უაღრესად თანამედროვე კინოა, რომელშიც „ჩვენი ეპოქის ყველა ტკივილი ერთადაა თავმოყრილი“, - აღნიშნა ამერიკელმა რეჟისორმა.
„მგზავრი ქალი“ უნიკალური კინოა. ანჯეი მუნკმა, რომელსაც 50-იანი წლების ბოლოს პოლონეთში ანჯეი ვაიდას გვერდით იხსენიებდნენ, ფილმზე მუშაობა 1960 წელს დაიწყო. გადაღებები ჯერ დასრულებული არ იყო, როცა მუნკი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ცოტა ხანში, როცა ვარშავის კინოსტუდიაში გადაღებული მასალა ნახეს, გადაწყდა თავიდან დაემონტაჟებინათ ფილმი და ახალი არაფერი დაემატებინათ. ის ეპიზოდები, რომელთა დასრულება ვერ მოესწრო, სასინჯი გადაღებების ფოტოსურათებით აეწყო. ბოლოს „მგზავრი ქალის“ ეს ვერსია კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გააგზავნეს. ფილმი აღინიშნა კრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის, „ფიპრესის“ პრიზით, რომელმაც დააჩქარა კინოსტუდიის გადაწყვეტილება - „მგზავრი ქალი“, ასე დაუსრულებელი, ერთი საათის ხანგრძლივობით, ჯერ პოლონეთის კინოთეატრებში გავიდა, შემდეგ კი მსოფლიო ეკრანებზე გამოჩნდა.
მაყურებელი ხედავდა, რომ ასეთი სახით მეორე მსოფლიო ომის, კონკრეტულად კი - აუშვიცის სურათები, რომლებიც „მგზავრ ქალშია“ აღდგენილი, არასდროს გამოხატულა კინოში. ოსვენციმის ბანაკის ატმოსფერო აქ იქმნება მინიმალური მხატვრული ხერხებით, თითქმის გამომწვევად განტვირთული კადრებით, ცალკეული დეტალებით (კრემატორიუმის ღუმელები, დაგეშილი ძაღლები, ტუსაღების რიგები)... ძალადობა გაშიშვლებული არ არის. ძალადობა ნაგულისხმევია. სხვათა შორის, ფილმის პრემიერიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როცა „მგზავრი ქალის“ სიუჟეტზე ოპერა დაიწერა, საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრმა ფურცევამ ჯერ კომპოზიტორ მეჩისლავ ვაინბერგის ეს ნაწარმოები აკრძალა, შემდეგ კი ანჯეი მუნკის ფილმი მოახსნევინა ეკრანებიდან. ორივე შემთხვევაში „აბსტრაქტული ჰუმანიზმის“ მიზეზით.
„მგზავრი ქალი“ ზოფია პოსმიშის ავტობიოგრაფიული წიგნის ეკრანიზაციაა. პოსმიში თავად იყო საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე და თავადაც მიიღო მონაწილეობა სცენარზე მუშაობაში. ზოფიამ 99 წელი იცოცხლა. 2022 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გამოქვეყნდა მისი უკანასკნელი ინტერვიუ, რომელშიც პოლონელი მწერალი აღნიშნავდა - „დღეს ყველაზე საშიშია ამპარტავნობაზე აგებული იდეოლოგიური სისტემებიო“... ეს ინტერვიუ უკრაინაში პუტინის არმიის შეჭრას დაემთხვა, ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც „მგზავრი ქალის“ აქტუალურობა, შეიძლება ითქვას, ორმაგად გაიზარდა.
ფილმის მოქმედება გასული საუკუნის 50-იან წლებში ხდება. საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ზედამხედველი ლიზა, მოგზაურობს ამერიკელ ქმართან ერთად, რომელმაც არაფერი იცის ცოლის წარსულის შესახებ. კრუიზის დროს, გემზე ლიზა ხვდება ქალს, რომელსაც საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს, მარტას ამსგავსებს. მოულოდნელი შეხვედრა წარსულის შემზარავ სურათებს აცოცხლებს.
ამ სიუჟეტზე კინოს მოყვარულებს ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებული არაერთი ფილმი გაახსენდებათ. „სოფის არჩევანი“, „ღამის პორტიე“, „ბერლინური რომანი“... მაგრამ „მგზავრი ქალი“ პირველია! მეტიც, ჰანა არენდტის წიგნი ჯერ დაწერილი არ იყო, როცა ზოფია პოსმიშმა წარმოგვიდგინა ის დრო, როდესაც ადამიანი, რომელიც ბანალური ბოროტების სახეა, ცდილობს თავი გაიმართლოს. ზუსტად ისე, როგორც ლიზა იმართლებს თავს.
და სწორედ აქ იჩენს თავს „მგზავრი ქალის“ უნიკალურობა. აღმოჩნდა, რომ შეწყვეტილი გადაღება ერთგვარი „მადლია“ დაღუპული რეჟისორის დაუმთავრებელი ფილმისთვის. არა მარტო იმიტომ, რომ გამოტოვებებით თხრობა აძლიერებს მაყურებლის როლს... ამ ერთსაათიან ფილმში ჩვენ თვითონ ვიწყებთ ტრაგიკული ისტორიის დეტალებში გარკვევას. „მგზავრი ქალის“ კონსტრუქცია შინაარსზეც მოქმედებს. მართალია, აწმყო და წარსული ერთმანეთისგან მკვეთრადაა გამიჯნული (თანამედროვე ისტორია ფოტოებშია ასახული, წარსული კი - კინოკადრებში), ფილმის მსვლელობის პროცესში თავად წარსული „ხდება“ ორი - ერთი ის, რასაც ჰყვება ფილმის გმირი, ოსვენციმის ბანაკის ყოფილი ზედამხედველი და მეორე ნამდვილი - აქ ავტორი ცდილობს მაყურებელს მისცეს საშუალება, თავად გასცეს პასუხი კითხვას - რამდენად გულწრფელია ჯალათი, როცა თავის გამართლებას ცდილობს?
ფილმზე მუშაობის დროს მუნკს უკითხავს ზოფია პოსმიშისთვის: „როგორ გგონია, რატომ ეხმარება ლიზა მარტას? იმიტომ, რომ ასეთი სახით ძალაუფლების დემონსტრირება სურს?“ „არა, არა, შეიძლება მოსწონს უბრალოდ...“ - იყო მწერლის პასუხი. „დიახ, ასეა, მოსწონს, უყვარს“, - უთქვამს მუნკს და დამარცვლით გაუმეორებია მთელი გადამღები ჯგუფისთვის - „მგზავრი ქალი“ იქნება ფილმი სიყვარულზე“.
ჯალათის და მსხვერპლის ურთიერთობაზე არაერთი წიგნი დაწერილა, არაერთი ფილმი გადაღებულა. მაგრამ „მგზავრი ქალი“ სრულიად თავისუფალია კლიშეებისგან, რომლებიც დაგროვდა ამ თემის ინტერპრეტაციის პროცესში. მუნკის მიერ გადაღებული მასალის აწყობისას გადაწყდა, დაემატებინათ ფილმში მთხრობლის ხმა, კადრს გარედან. თავიდან მაყურებელი ერთგვარ უხერხულობას გრძნობს ამ ხერხის გამო, თუმცა მალევე ეჩვევა. მეტიც, ეს ხმა ერთვება ყოველთვის, როცა ორი ქალის ურთიერთობის ისტორია კონტრაპუნქტს და, შესაბამისად, მეტ იდუმალებას, ბუნდოვანებას მოითხოვს. „მგზავრი ქალი“ ხომ თითქმის მთლიანად ადამიანთა მზერებზე აგებული ფილმია. ეს მზერა კი აქ განუწყვეტლივ იცვლება - სიძულვილიდან თანაგრძნობამდე და პირიქით. სადღაც ფინალისკენ მაყურებელი შეიძლება მიხვდეს, რომ ლიზას აღელვებას, მის ბიპოლარულ აშლილობას პირველ რიგში შური განსაზღვრავს - ჯალათები ბრაზდებიან, როცა მსხვერპლში თავისუფლების სიყვარულს, თავგანწირვის უნარს, სიმართლისთვის თავდადებას ხედავენ. უფრო სწორად, ჯალათი ცდილობს, თავის თავში ჩაკლას აღფრთოვანება (სიყვარული?), რომელიც მსხვერპლის მიმართ შეიძლება გაუჩნდეს.
„ეს ამბავი იწყება დღეს. თუმცა იქ, სადაც იწყება ეს ამბავი, არ არსებობს წარსული და მომავალი. არსებობს მხოლოდ „დღეს“, - ამბობს მთხრობელი კადრს გარედან, „მგზავრი ქალის“ ექსპოზიციაში. იქ, სადაც არის ბავშვი, რომელიც ზედამხედველის ძაღლს ეფერება (სანამ გაზის კამერისთვის გამზადებული ტყვეების რიგში ჩააყენებენ) და სადაც არის ჯალათი, რომელმაც შეიძლება თავს უშველოს, სახელი გამოიცვალოს, მაგრამ დანაშაულის განცდა ტანჯვისგან ვერ გაათავისუფლებს, მართლაც ვერ იქნება წარსული და მომავალი. ჯოჯოხეთში დრო არ არსებობს. სწორედ ასეთი ჯოჯოხეთის სურათს ქმნის „მგზავრი ქალი“... და მართალს ამბობდა ზოფია პოსმიში - დღევანდელი სამყარო, ამპარტავანი ეგომანიაკების სამყარო ძალიან ახლოსაა იმ სურათთან, რომელიც ანჯეი მუნკის შესანიშნავ ფილმში იხატება.
ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით:
ფორუმი