Accessibility links

რას ვუყუროთ?
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თვითდასჯა, როგორც ნეტარება

თვითდასჯა, როგორც ნეტარება


გოგი გვახარია გვირჩევს ჰალინა რეინის ფილმს Babygirl
გოგი გვახარია გვირჩევს ჰალინა რეინის ფილმს Babygirl

წლების შემდეგ, როცა 2025 წლის ზამთარი ისტორიის კუთვნილება გახდება და დღევანდელი ახალგაზრდები საპროტესტო მარშებს გაიხსენებენ, ძალიან საინტერესო იქნება იმის გადამოწმება, თუ რას უჩვენებდნენ იმ დღეებში თბილისის კინოთეატრები, რომლებიც არ გაფიცულან.

Babygirl (2024, აშშ, რეჟისორი ჰალინა რეინი)

რეპერტუარში ჰალინა რეინის ფილმის აღმოჩენას, დარწმუნებული ვარ, გაოცება, ანდა უბრალოდ გემრიელი ჩაცინება მოჰყვება - „Babygirl“ - ფილმი, რომელიც იცავს ქალის უფლებას ორგაზმზე“... ასე ახასიათებს ერთი რეკლამა ნიდერლანდელი კინორეჟისორის ახალ ნამუშევარს, რომლის პრემიერა გასული წლის სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოეწყო.

სიცილი ნორმალური რეაქციაა ამა თუ იმ სახის შეუთავსებლობაზე. თუმცა რატომღაც მგონია, რომ ისტორიული ფონი, რომელიც ერთი შეხედვით აქ სრულ წინააღმდეგობაშია ნიუ-იორკის წარმატებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ვნებებთან (ნიკოლ კიდმანის შესრულებით), არანაირად არაა აცდენილი ჰალინა რეინის ფილმთან. მეტიც, თუკი გამონახავთ დროს ფილმისთვის, ანდა, უბრალოდ, კინოს ყურების ხალისი გექნებათ, დარწმუნდებით, რომ „Babygirl“ სწორედაც რომ ამ შეუთანხმებლობას დასცინის. ოღონდ სასურველია ისიც ვიცოდეთ წინასწარ, რომ ჰელინა რეინი არანაირად არ ცდილობს მოიგოს პუბლიკის გული. „Babygirl“ ფაქტობრივად არცერთი კატეგორიის მაყურებელში არ ეძებს თანამოაზრეს. უფრო პირიქით, ჩვენს ფანტაზიებზეც, მანიპულაციებსა და თვითკონტროლზეც ქილიკობს. ხანდახან ცოტა იბნევა თავისსავე ცინიზმში, ბოლოსკენ საერთოდ უკან იხევს, მაგრამ პირადად ჩემში ავტორის ეს გაბრაზებული და დამცინავი ტონი მხოლოდ და მხოლოდ ცნობისმოყვარეობას აძლიერებს.

სხვათა შორის, შეთანხმება რეინის ფილმის ერთ-ერთი თემაცაა. კიდმანის გმირი, რომი, დაქორწინებული მოსიყვარულე კაცზე, თეატრის რეჟისორზე (ანტონიო ბანდერასი), დედა ორი თინეიჯერი გოგონასი, რომლებსაც აღმერთებს, ხვდება, რომ მის სრულიად კეთილმოწყობილ ცხოვრებას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს - სექსუალური იმედგაცრუება და დაუკმაყოფილებლობა. ახალგაზრდა და სიმპათიური სტაჟიორის, ნარცისი სამუელის (ჰარის დიკინსონი) ძლიერი ტემპერამენტი სრულიად ანგრევს კომფორტს 50 წლის ქალისა, რომელიც მიჩვეულია ყველაფრის მართვას, როგორც თავის სოციალურ, ისე პირად ცხოვრებაში. სამუელი ხვდება, რომ რომის სინამდვილეში უყვარს არა განკარგულება, არამედ მორჩილება, არა ბრძანებების გაცემა, არამედ შესრულება. შეთანხმება სადომაზოხისტურ თამაშებზე წარმატებით სრულდება. თუმცა დაკვირვებული მაყურებელი პირველივე ეროტიკულ სცენებში შეამჩნევს, რომ სამუელი მართალია ადვილად წვრთნის ძაღლებს, სამაგიეროდ სრულიად ყალბია როგორც მოსწავლე. ყალბი და ამიტომ სასაცილო. აი, უკვე ამ დროს ხვდები, რომ „Babygirl“ არავითარი „ეროტიკული ტრილერი“ არაა, როგორც ამას გვიმტკიცებს ფილმის რეკლამა, ესაა აბსოლუტური სატირა ძალაუფლებაზე. მით უმეტეს, რომ ეროტიკა აქ წარმოდგენილია ყოველგვარი ვუაიერიზმის გარეშე. ფილმის ავტორი ემოციურ დისტანციას მაყურებელთან მუდმივად ინარჩუნებს, რათა არ წამოვეგოთ იდენტიფიკაციის ცდუნებას. მიუხედავად ყველაფრის (მათ შორის, რომის ორგაზმების) უხეში, ნატურალისტური გაშიშვლებისა, ყველაზე დაძაბულ სცენებშიც კი კამერა „გულგრილია“ იმის მიმართ, რაც ხდება. ცივი შუქი და ოფისების შემინული სივრცეები ქმნის „სურათებს“, რომლებიც მნიშვნელოვნად განასხვავებს ჰალინა რეინის ნამუშევარს კლასიკური ეროტიკული ფილმებისგან. სხვათა შორის, სტენლი კუბრიკის „ფართოდ გახელილი თვალებისგანაც“, რომელსაც ხშირად ადარებენ.

სკოპოფილია, დომინაცია, რომელიც კლასიკური ეროტიკული ტრილერების ბუნებას განსაზღვრავდა, აქ პაროდირებულია და „გადმობრუნებული“. სექსუალური დამორჩილება იმ ფილმებში არ არსებობდა ძალადობის, დამცირების, დეჰუმანიზაციის გარეშე. ქალი წარმოდგენილი იყო როგორც ცდუნება, რომელმაც მამაკაცს შეიძლება სოციალური ადგილი დაუკარგოს. სექსუალური სიამოვნება გადაქცეული იყო ხიფათად, ხოლო ქალი „საშიშროებად“, რომელიც ემუქრება მამაკაცურ ძალაუფლებას. „Babygirl“ ცვლის როლებს. ყველა ეროტიკული სცენა ისეა გადაღებული, რომ ავტორი და „მთავარი როლის შემსრულებელი“ კიდმანის გმირი ხდება. ფატალური ქალის კლასიკურ სტერეოტიპს ცვლის სექსუალური ახალგაზრდა კაცი, რომელიც გვარიანად უნგრევს ძალაუფლების მოყვარულ ქალს ცხოვრებას. ხიფათის პრივილეგია კი ქალს რჩება - რაც უფრო მეტად „ეარშიყება“ რომი ხიფათს, ყველაფრის დაკარგვის საშიშროებას, მით უფრო მეტ სიამოვნებას იღებს. თანაც, მშვენივრად ხვდება, რომ სიამოვნება, რომელსაც ის განიცდის (რძის სმაც კი „ბედნიერება“ ხდება), დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს. დღეს უკვე ყველაფერს ფასი ადევს. ორგაზმსაც კი.

მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია, რომ „Babygirl“ არ არის ფემინისტური ფილმი. მეტიც, გარკვეული თვალსაზრისით ავტორი ემიჯნება კიდეც „me too“-ს მოძრაობას და ცდილობს გვიამბოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის სირთულეზე ვოუკიზმის ეპოქაში (მიუხედავად მოლოდინისა, ალბათ, პირველ რიგში ამიტომ არ შეიმჩნია ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარებზე“ არც ფილმი და არც ნიკოლ კიდმანის თამაში). ჰალინა რეინს უფრო მეტად აინტერესებს ადამიანის ბუნების პარადოქსულობა და დრო, როცა მდიდარი, წარმატებული ქალის გრძნობებიც კი ტაბუდადებული რჩება. ძალაუფლება, ვნება და ემანსიპაცია მუდმივად თამაშობს და ენაცვლება ერთმანეთს კიდმანის პერსონაჟის ქცევაში, მის მზერასა და მოძრაობებში. ხოლო სურვილი, იყო დამცირებული, გაგებულია უფრო როგორც ჩვევა ცხოვრობდე სამყაროში, სადაც დამცირება და ძალადობა ნორმაა. „Babygirl“ არაა ფემინისტური ფილმი, რადგან ქალი აქ მოცულია აბსოლუტურად „მამაკაცური ფანტაზიით“ - იყოს სწორედ მამაკაცის მონა-მორჩილი. ასე რომ, მიუხედავად ფემინისტური ნიღბისა, იშვიათად რადიკალურად დასმული პრობლემისა ქალის უფლებაზე განიცადოს ორგაზმი, საბოლოოდ ისტორია კიდევ უფრო მეტად აძლიერებს პატრიარქალურ ნორმებს, რომელსაც თავად უპირისპირდება. ნელ-ნელა ცხადი ხდება რომ რომის თავად ტანჯავს დანაშაულის გრძნობა და დანაშაულად მიიჩნევს იმას, რასაც აკეთებს. ეს აღსარებითი მომენტები (თითქმის რელიგიური კონტექსტით) გადაიზრდება პურიტანულ ფინალში, რომელიც საშობაო ზღაპრად გადააქცევს ფილმს. თურმე სექსი სულ არაა ბედნიერების განმსაზღვრელი, მთავარია მოსიყვარულე ოჯახი, გაგება და თანასწორობა.

ოღონდ არ მიმაჩნია, რომ „მონოგამიური გზავნილი“ ფილმის ნაკლია. ეს ალბათ უფრო ავტორის გულისტკივილია, აღიარებაა, რომ ჩიხში მოექცა. ამიტომაც მიმართა ალბათ პრობლემის სრულიად აბსურდულ გადაწყვეტას „ანტიჰეპიენდით“, რომელიც თავის მხრივ პირადად მე ასევე მწარე ირონიად აღვიქვი, სევდიან გზავნილად - სამყარომ ბუნდოვანების, გასაიდუმლოებულის გაგების სურვილი დაკარგა მას შემდეგ, რაც ზედმეტად კონსტრუირებული გახდა.

„Babygirl“ არის ერთი მსახიობის ფილმი. სწორედ ნიკოლ კიდმანის თამაშის მანერა ქმნის იმ თვითირონიას, რომლის გარეშე ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ, ვულგარულ სპეკულაციას დაემსგავსებოდა „ქალის ხედვის“ პრეტენზიებით. კიდმანმა გაბედა და თავისი „რესტავრირებული სახეც“ კი თამაშის აქსესუარად აქცია - დათანხმდა ახლო და ძალიან ახლო ხედებზე, გააშიშვლა სახე და კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი თავის „ხელოვნურ ახალგაზრდობას“ (ძალიან მნიშვნელოვანია მისი დიალოგი ქალიშვილთან). „Babygirl“ არის ნიკოლ კიდმანის პასუხი იმათ, ვინც წლების მანძილზე ქილიკობდა (ვქილიკობდით) მის კოსმეტიკურ ოპერაციებსა და ბოტოქსებზე. აქ ეს ვნება ახსნილია როგორც სოციალური გადარჩენის მცდელობა ჰოლივუდის მაჩო-პატრიარქალურ სისტემაში. მით უფრო მნიშვნელოვანია ამ მხრივ ანტონიო ბანდერასი ინტელექტუალი ლიბერალის როლში. ქმარი, რომელსაც არ შეუძლია დამორჩილება და, მით უმეტეს, ძალადობა, მაგრამ არც ცოლის სექსუალური დაკმაყოფილება შეუძლია... ბანდერასის თვითირონია თავისი მაჩო-პერსონაჟების მიმართ ასევეა ამ ფილმის ჟანრის გასაღები.

ეს ირონიული ინტონაცია გადაარჩენს ფილმს. მეტიც, წლის მნიშვნელოვან კინემატოგრაფიულ მოვლენად აქცევს განსაკუთრებით იმ მოლოდინის ფონზე, რომელიც ჰქონდა ამერიკას საპრეზიდენტო არჩევნებამდე... და, არსებითად არა მარტო ამერიკას. ირონია, შესაძლებელია, მთავარი იარაღია იმისთვის, რომ თავი დავიცვათ, იმისთვის, რომ არ ჩაგვითრიოს ვულგარული ძალაუფლების პოპულისტურმა დისკურსმა, რომელსაც ძლიერნი ამა ქვეყნისა თავს გვახვევენ. რატომღაც მგონია, რომ ახალგაზრდები უკეთ ფლობენ ამ იარაღს. საინტერესოა, შეინარჩუნებენ თუ არა მას წლების შემდეგ, როცა ჩვენი გადარეული ეპოქის შეფასება მოუხდებათ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG