Accessibility links

ინტერვიუ
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
“წინააღმდეგობის გარეშე საქართველო გადაიქცევა პუტინის რუსეთის პროვინციად” - გენადი გუდკოვი

“წინააღმდეგობის გარეშე საქართველო გადაიქცევა პუტინის რუსეთის პროვინციად” - გენადი გუდკოვი


გენადი გუდკოვი დღეს რუსეთში ტერორისტად ითვლება და ემიგრაციაში ცხოვრობს.
გენადი გუდკოვი დღეს რუსეთში ტერორისტად ითვლება და ემიგრაციაში ცხოვრობს.

“ეს იქნება ტოტალიტარული სახელმწიფო... რუსული მოდელი: ყველაფერი, რაც რუსეთში მოხდა – აქაც მოხდება, უბრალოდ ბევრად მოკლე დროში” - ეუბნება რადიო თავისუფლებას გენადი გუდკოვი, ერთ-ერთი იმ რუსი პოლიტიკოსთაგან, ვინც ჯერ კიდევ პუტინ - მედვედევის ძალაუფლების „ოქროს ხანაში“ გაემიჯნა კრემლის მმართველობას.

ყოფილი “ეფესბეშნიკი” (ეფესბე - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური), შემდეგ — სახელმწიფო დუმის წევრი და ბოლოს — ღიად ოპოზიციური აქტივისტი, გუდკოვი დღეს რუსეთში ტერორისტად ითვლება და ემიგრაციაში ცხოვრობს.

ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში გენადი გუდკოვი განმარტავს, რატომ ხედავს „ქართულ ოცნებას“ კრემლის მოკავშირედ, რატომ მიიჩნევს საქართველოს მომავლის გადამწყვეტ ფაქტორად ხალხის ერთსულოვნებას — და რატომ ფიქრობს, რომ თუ არაფერი შეიცვლება, საქართველოს ბელარუსის ბედი ელის.

რადიო თავისუფლება: თქვენ წერთ: „თუ პუტინი ხელისუფლებაში დარჩება, ადრე თუ გვიან ის სომხეთს, ყაზახეთსა და საქართველოს დაესხმება თავს“. რატომ უნდა დაესხას თავს, ვთქვათ, საქართველოს, მაშინ როცა „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში (და მაქსიმალურად ცდილობს, კრემლი არ გააღიზიანოს)?

გენადი გუდკოვი: იმიტომ, რომ პუტინისთვის საშიშია ყველა ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიული წყობისკენ აქვს ტენდენცია, განსაკუთრებით რუსეთის უშუალო სამეზობლოში. საქართველო ამჟამად სწორედ ამ გზაჯვარედინზე დგას – წარსულსა და მომავალს შორის. და ვხედავთ, რომ ნაწილობრივ საქართველო უკუსვლას იწყებს, უკან, ავტორიტარული მმართველობისკენ. თუ პუტინი დარჩება კრემლში, აუცილებლად უნდა გვესმოდეს – ის არ გაჩერდება: უკრაინაზე, ნატოზე, მთლიანად დასავლურ კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ - უკრაინის ომში გამარჯვებას ის სწორედ ასე აღიქვამს - მისთვის გამარჯვება ნიშნავს ყველაფერს – ტერიტორიების მიტაცებას, დათმობებს მის სასარგებლოდ, ამას ის გამარჯვებად ჩათვლის. და ამის შემდეგ, უკრაინაზე და დასავლეთზე გამარჯვების შემდეგ, ის დაუყოვნებლივ „მიხედავს“ კავკასიასაც – ეს იქნება საქართველო, სომხეთი... როგორ ეცდება ამას? თავდაპირველად მშვიდობიანი გზით – ხელისუფლებაში მყოფი ხალხი უნდა გახდნენ „პუტინის ხალხი“, რომლებიც შეასრულებენ მის მითითებებს.

რადიო თავისუფლება: ბევრი თვლის, რომ ეს უკვე ასეცაა.

გენადი გუდკოვი: გარკვეულწილად კი, ეს უკვე ხდება – ეს არის დასაწყისი: მის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის საკუთარი ნების დიქტატი. თუ არ შეასრულებენ მის ნებას – იქნება ზეწოლა, გადატრიალება, შეიარაღებული აჯანყება, არეულობების პროვოცირება – ყველაფერი, რაც კრემლის არსენალშია. თუ არც ეს იმუშავებს, მაშინ იქნება ომი. პირდაპირი ოკუპაცია.

ეს იქნება ტოტალიტარული სახელმწიფო. ეს იქნება რუსული მოდელი: ყველაფერი, რაც რუსეთში მოხდა – აქაც მოხდება, უბრალოდ ბევრად მოკლე დროში...

რადიო თავისუფლება: და თუ შეასრულებენ, მაშინ ის მათ დაეხმარება, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ძალაუფლება?

გენადი გუდკოვი: ცხადია. და ისინი პუტინის დირექტივით ააშენებენ ტოტალიტარულ რეჟიმებს საქართველოში, სომხეთში და შემდეგ სხვაგანაც. საქართველოში ეს უკვე ნაწილობრივ დაწყებულია.

რადიო თავისუფლება: გამოდის, რომ თეორიულად მაინც, „ქართული ოცნება“ არ ტყუის, როდესაც ამბობს: თუ ჩვენ ვიქნებით მთავრობაში, რუსები პირდაპირ არ შემოიჭრებიან, თუ არ ვიქნებით - ომი იქნება, ისევ შემოვლენ.

გენადი გუდკოვი: თუ ისინი იქნებიან პუტინის მორჩილი მარიონეტები და მის ყველა მითითებას შეასრულებენ, მაშინ ომი ნამდვილად არ იქნება. მაგრამ სამაგიეროდ პუტინი სხვა გზებით მიაღწევს თავის მიზნებს. ხაზგასმით ვამბობ: „ქართული ოცნება“ პუტინის დავალებით წაიყვანს საქართველოს არა უბრალოდ ავტორიტარული, არამედ ტოტალიტარული სახელმწიფოსკენ – სიტყვის თავისუფლების აკრძალვა, მიტინგების აკრძალვა, ადამიანების უფლებების დარღვევა, ახალი ციხეების აშენება, პოლიტპატიმრები. გააუქმებენ არჩევნებს, მოშლიან თვითმმართველობებს, კანონგარეშედ გამოაცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს იქნება ტოტალიტარული სახელმწიფო. ეს იქნება რუსული მოდელი: ყველაფერი, რაც რუსეთში მოხდა – აქაც მოხდება, უბრალოდ ბევრად მოკლე დროში.

რადიო თავისუფლება: ადრეც წერდით ამას: "ივანიშვილმა საქართველო პუტინის რუსეთის გაგრძელებად გადააქციაო”. კიდევ რა პარალელებს ხედავთ საქართველოსა და 2000-იანი წლების რუსეთს შორის?

გენადი გუდკოვი: რუსეთშიც გამოვიდა ხალხი ქუჩაში, ასიათასობით, ბოლოტნაიას მიტინგებზე. მაგრამ ხელისუფლებამ დაიკავა მკაცრი, უკომპრომისო პოზიცია მიტინგების წინააღმდეგ. ზუსტად ეს ხდება ახლა საქართველოში – იჭერენ, არბევენ, „აგენტების კანონი“ უკვე მიიღეს, ახლა სხვა კანონებს ამზადებენ – მიტინგებზე, არასასურველ ორგანიზაციებზე და ასე შემდეგ. საქართველო უნდა მიხვდეს, ქართველმა ხალხმა უნდა გაიაზროს – ბელარუსმა ეს გზა უკვე გაიარა. პუტინს დღეს ბელარუსში ჯარების შეყვანაც არ სჭირდება – ის ისედაც აკონტროლებს ამ ქვეყანას, ფაქტობრივად, ოკუპირებული აქვს და თავის ჭკუაზე განკარგავს. ბელარუსს აღარ აქვს არანაირი დამოუკიდებლობა, არანაირი სუვერენიტეტი. ლუკაშენკა პუტინის ნების უსიტყვო აღმასრულებელია. წინააღმდეგობის გარეშე საქართველო გადაიქცევა მეორე ბელარუსად – პუტინის რუსეთის ერთგვარ პროვინციად. იქნება ვიღაც ადგილობრივი „პატარა მეფე“, რომელიც შიგადაშიგ წარდგება კრემლში ანგარიშის ჩასაბარებლად და ალბათ სუბსიდიებსაც მიიღებს. პუტინის შეჩერება მხოლოდ ქართველთა ერთიანობას შეუძლია – მკაფიო კურსს ევროპისკენ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას.

რადიო თავისუფლება: როგორ წარმოგიდგენიათ ეს? ვთქვათ, ხალხი გაერთიანებულია - პუტინი შეჩერდება?

გენადი გუდკოვი: ერთიანობა ნიშნავს ხალხის ნებას. თუ ეს ნება ჩანს, თუ ხალხი ერთსულოვანია, თუ მას აქვს მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებიდანაც – მაშინ პუტინი ხედავს, რომ წინააღმდეგობას გაუწევენ. მაგრამ თუ დაინახა, რომ ხალხი მერყეობს, რომ ნაწილი უჭერს მხარს და ნაწილი არა, მაშინ ის მთელი ძალით მიაწვება საქართველოს, მაქსიმალურად გაზრდის წნეხს, რათა დაიმორჩილოს და ტოტალიტარიზმში გადაჩეხოს.

„ქართული ოცნება“ ცალსახად აღიქმება, როგორც პუტინის მოკავშირე. ხოლო ივანიშვილი კრემლში „პატივსაცემ კაცად“ ითვლება...

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე როგორ აფასებენ სიტუაციას კრემლში? რა შთაბეჭდილებები რჩებათ ამ ერთიანობაზე? კრემლის განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ - გამუდმებული ქება გვესმის - როგორ აღიქმება „ქართული ოცნება“ მოსკოვში?

გენადი გუდკოვი: „ქართული ოცნება“ ცალსახად აღიქმება, როგორც პუტინის მოკავშირე. ხოლო ივანიშვილი კრემლში „პატივსაცემ კაცად“ ითვლება.

რადიო თავისუფლება: მის მიმართ დამოკიდებულება ისეთივეა, როგორც ლუკაშენკასთან? კრემლის გადმოსახედიდან, ერთი რანგის ფიგურები არიან?

გენადი გუდკოვი: დაახლოებით. თუმცა ყველა მმართველს თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ საერთო შთაბეჭდილება ასეთია – ივანიშვილს კრემლი აღიქვამს, როგორც ფიგურას, რომელიც ნებდება კრემლის ზეწოლას, მუდმივად მიდის დათმობებზე და მზად არის და ძალაც შესწევს, შეასრულოს კრემლის ნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ბიზნესის ასპექტიც – კრემლში პრინციპები არ ანაღვლებთ, არც ქვეყნის ბედი თუ მომავალი; მათ ადარდებთ ფული და მისი შოვნის ხერხები. და რადგან ივანიშვილი თავად არის ოლიგარქი და ბიზნესმენი, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ დათმობებთან ერთად აქ სერიოზული ბიზნესინტერესებიც თამაშობს თავის როლს.

რადიო თავისუფლება: ბოლოს, დასავლეთის რეაქცია – რამდენად ეფექტური იყო დასავლეთის პასუხი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ლუკაშენკაზე კი ჰქონდათ გარკვეული წარმოდგენა, მაგრამ ივანიშვილი, მისი შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შეაფასეს?

გენადი გუდკოვი: კი, შეიძლება ამის თქმა. ის ვერავინ შეაფასა სათანადოდ, მათ შორის, მე თვითონაც. მეც მეგონა, რომ საქართველო, მიუხედავად შეცდომებისა და პრობლემებისა, მაინც დემოკრატიის, დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე დარჩებოდა. გვეგონა, რომ მდგომარეობა საქართველოში უკეთესი იყო, ვიდრე აღმოჩნდა. მაგრამ ასევე გასაგებია, რატომ მოხდა ეს ასე – საქართველოსა და ევროპას შორის არ არსებობს სერიოზული მოლაპარაკების ფორმატი. ივანიშვილისთვის ეს არ არის მოგებიანი. და როცა მოლაპარაკება არ აწყობს მას, აღარც ევროპა აწვება, ევროპასაც აღარ რჩება ბერკეტები. ამის გამო არც პოლიტიკოსები, არც პარლამენტები, არც მთავრობები სერიოზულ დიალოგში არ არიან ჩაბმული. ეს კი სერიოზული პრობლემაა. საქართველოსა და სომხეთის უსაფრთხოების მთავარი გარანტია –ევროპასა და ამერიკასთან მყარი პარტნიორობაა. დღევანდელი პროცესების გათვალისწინებით, ალბათ, უფრო ევროპასთან. მხოლოდ ევროპა და დასავლეთი შეიძლება იყვნენ კავკასიის უსაფრთხოების გარანტები.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG