Accessibility links

ინტერვიუ
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„მარტო დემოკრატია არა - საქართველოს სუვერენიტეტიც სასწორზე დევს” - ენ ეპლბაუმი

„მარტო დემოკრატია არა - საქართველოს სუვერენიტეტიც სასწორზე დევს” - ენ ეპლბაუმი


"საქართველოს მომავალს ქართველები გადაწყვეტენ, თუ ეს გადაწყვეტილებები მოსკოვში იქნება მიღებული? ეს არის მთავარი კითხვა..." - ენ ეპლბაუმი
"საქართველოს მომავალს ქართველები გადაწყვეტენ, თუ ეს გადაწყვეტილებები მოსკოვში იქნება მიღებული? ეს არის მთავარი კითხვა..." - ენ ეპლბაუმი

„თუ უკრაინა დამარცხდება, ან აიძულებენ, ცუდ კომპრომისს დაჰყაბულდეს, ანაც რაიმე ქაოსური, არეულობის პერიოდი დაიწყება - რუსეთის გავლენა გაძლიერდება. კრემლი ყველანაირ ქაოსს გამოიყენებს თავისი ავტორიტარიზმის გასაძლიერებლად”, - ეუბნება პულიცერის პრემიის მფლობელი ჟურნალისტი, ენ ეპლბაუმი რადიო თავისუფლებას.

მისი ბოლო წიგნი Autocracy, Inc. აღწერს ავტოკრატების თანამშრომლობას დემოკრატიული სამყაროს გასანადგურებლად. ენ ეპლბაუმს ვაჟა თავბერიძე გასულ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა და საქართველოში არჩევნებისა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შეფასება სთხოვა.

რადიო თავისუფლება: დავიწყოთ თქვენი შეფასებით – რას ვხედავთ ახლა საქართველოში? რასთან გვაქვს საქმე?

ენ ეპლბაუმი: საქართველოში ჩვენ ვიხილეთ გაყალბებული არჩევნების შედეგები. ეს იგივე პროცესი იყო, რაც [რუსებმა] მოლდოვაში სცადეს, სხვა ქვეყნებშიც უცდიათ. ეს არის მანიპულაციის სხვადასხვა ფორმა – ტყუილი, მონაცემების არასწორად გამოყენება, იდენტობის გაყალბება.

შთამბეჭდავია, რომ ქართველები არ ნებდებიან – აგრძელებენ ბრძოლას თავისუფალი არჩევნებისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ვშიშობ, რომ წაგების შემთხვევაში დადგება შედეგი, რომელსაც ქართველები თაობების განმავლობაში იგრძნობენ. ეს ბრძოლა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიას არ ეხება – აქ საქართველოს სუვერენიტეტიც სასწორზე დევს. საქართველოს მომავალს ქართველები გადაწყვეტენ, თუ ეს გადაწყვეტილებები მოსკოვში იქნება მიღებული? ეს არის მთავარი კითხვა.

რადიო თავისუფლება: და ამ უთანასწორო ბრძოლაში, რას აკეთებს ევროპა, ან, უფრო სწორად, დასავლეთი? საკმარისია, რასაც ისინი აკეთებენ, თუ მეტი შეიძლება გაკეთდეს?

ენ ეპლბაუმი: ცუდი მომენტი დაემთხვა – ევროპა ახლა ძალიან გადატვირთულია – აშშ-სთან კინკლაობით, უკრაინის ომით, სხვა მრავალი პრობლემით. მაგრამ ვიცი, რომ ბევრ ევროპელ ლიდერს გულწრფელად სჯერა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და დემოკრატია დაცვას იმსახურებს, და ცდილობენ, ამ ბრძოლაში მხარი დაუჭირონ.

რადიო თავისუფლება: თბილისის ქუჩებში მდგომ ხალხში ბევრს აქვს განცდა – რომ საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ უკრაინის ომში გადაწყდება. რამდენად მართებულია ეს მოსაზრება?

ენ ეპლბაუმი: არა მარტო საქართველოს მომავალი გადაწყდება, არამედ მთლიანად ევროპისთვის ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინის ომზე.

თუ ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, მაშინ არა მხოლოდ დემოკრატია, არამედ კანონის უზენაესობის იდეა, ადამიანის უფლებები, გამჭვირვალე მმართველობა – ეს ყველაფერი ევროპაში კიდევ უფრო განმტკიცდება და გავრცელდება.

მაგრამ თუ უკრაინა დამარცხდება, ან აიძულებენ, ცუდ კომპრომისს დაჰყაბულდეს, ანაც რაიმე ქაოსური, არეულობის პერიოდი დაიწყება, მაშინ საპირისპიროს მომსწრენი გავხდებით - რუსეთის გავლენა გაძლიერდება. კრემლი ყველანაირ ქაოსს გამოიყენებს თავისი ავტორიტარიზმის გასაძლიერებლად.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG