ევროპული პოლიტიკის ვეტერანი „ქართული ოცნების” დელეგაციისთვის იმ პირობების დაწესებაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, რომელთა გამოც „ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას - PACE-ს ტოვებს. ამ გადაწყვეტილებამდე PACE-მ „ქართული ოცნების“ დელეგაციას უარი უთხრა სრული მანდატების მინიჭებაზე, აპრილის სესიამდე ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის გარეშე.
პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის მტკიცე მხარდამჭერი ზინგერისი ათწლეულებია მუშაობს PACE-ში ადამიანის უფლებების, დემოკრატიული სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის, მათ შორის, საქართველოს ევროპული გზის დასაცავად. მას არაერთხელ გაუკეთებია განცხადება ქვეყანაში მზარდი ავტორიტარიზმის საფრთხეებზე.
რადიო თავისუფლება ზინგერისს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე სტრასბურგში გასულ კვირას ესაუბრა.
თანდათან აშკარა გახდა: ჩვენ არაფერს წარმოვადგენდით მათთვის, ივანიშვილისთვის, იმ სამყაროსთვის, რომელშიც მას სურს ცხოვრება.
რადიო თავისუფლება: „ქართული ოცნება“ PACE-დან გადის - რა მასშტაბის მოვლენაა ეს? რა შედეგებს მოიტანს?
ემანუელის ზინგერისი: მოდით, ცოტა შორიდან დავიწყებ – ის პერიოდი გავიხსენოთ, როდესაც საქართველომ ე.წ. რუსული კანონი მიიღო. აქ, სტრასბურგში ყველა ძალიან განაწყენებული იყო ამის გამო. დაუსრულებლად განვიხილავდით ამ თემას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან. რა არგუმენტებს არ მივმართეთ, მაგრამ ამაოდ - პირიქით, მათი პასუხები სულ უფრო და უფრო სიურრეალისტური ხდებოდა. არაფერზე რეაგირებდნენ, არ იძვროდნენ - მილიმეტრითაც კი, მიუხედავად ყველა ჩვენი მოთხოვნისა, რეკომენდაციებისა, ოფიციალური რეზოლუციებისა, რომელსაც ყველა პარტიისგან ჰქონდა მხარდაჭერა ასამბლეაში. სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს, ამ ნაბიჯის გადადგმის გარდა.
ასე მოვედით ამ დღემდე და აქაც უძრავად დაგვხვდა „ქართული ოცნების“ „რკინის ფარდა“ - არაფრის გაგონება არ სურდათ, არცერთი შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა, ყველაფერზე უარს გვეუბნებოდნენ. თანდათან აშკარა გახდა: მათთვის PACE-ს არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ნული წონა. ჩვენ არაფერს წარმოვადგენდით მათთვის, ივანიშვილისთვის, იმ სამყაროსთვის, რომელშიც მას სურს ცხოვრება. და თუ მართლაც არაფერს წარმოვადგენთ მათთვის, თუ ჩვენი ყველა დისკუსია იმიტაცია იყო, ლაპარაკი ლაპარაკისათვის, მაშინ რატომ არ უნდა გაგვევლო ეს ბოლო, წითელი ხაზი?
თუ დათმობაზე არ წავიდოდნენ, მაშინ ჩვენ მათ ვერ მივიღებდით. ვერ მივიღებდით ისეთებს, როგორიც არიან - ერთპარტიულ პარლამენტს, კვაზიოპოზიციით, რომელზეც ყველას ეცინებოდა.
რადიო თავისუფლება: და მიუხედავად ამისა, მაინც მიეცით აკრედიტაცია „ოცნებას“ - დათქმებითა და სხვადასხვა შეზღუდვით, მაგრამ მაინც. იმის გათვალისწინებით, თუ როგორც მოხვედით აქამდე, რამ გაფიქრებინათ, რომ ისინი თქვენი ამ მოთხოვნებიდან რომელიმეს მაინც შეასრულებდნენ?
ემანუელის ზინგერისი: განიხილებოდა ორი ვარიანტი: ან საერთოდ არ დაგვემტკიცებინა მათი მანდატები, ან მათთვის მკაცრი დათქმები დაგვეწესებინა. ჩვენ უკანასკნელი ხაზი გავავლეთ – მათი ვერცერთი შესწორება ვერ გავიდა. „ქართული ოცნება“ ბოლო წუთამდე ჩვენთან ერთად, ერთ ოთახში იყო, ასე ვთქვათ. მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ: თუ დათმობაზე არ წავიდოდნენ, მაშინ ჩვენ მათ ვერ მივიღებდით. ვერ მივიღებდით ისეთებს, როგორიც არიან - ერთპარტიულ პარლამენტს, კვაზიოპოზიციით, რომელზეც ყველას ეცინებოდა. როგორც კი ეს მათთვის ცხადი გახდა – კენჭისყრის შემდეგ – გადაწყვიტეს, „გაეყინათ“ თავიანთი ჩართულობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
რადიო თავისუფლება: ანუ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადაკვეთეს თქვენი ბოლო წითელი ხაზი.
ემანუელის ზინგერისი: დიახ, სწორედ ასეა. ასევე მოიქცა თავის დროზე რუსეთის დელეგაცია - ტოლსტოისა და სლუცკის ხელმძღვანელობით - სანამ PACE-დან გააძევებდნენ. როგორც კი გაიაზრეს, რომ მორჩა, ამიერიდან ვეღარ გაგვაცურებდნენ, ამაყად, რიხით განაცხადეს, რომ ასამბლეას ტოვებდნენ. ეს საფირმო მანევრია - რუსული „სახელმძღვანელოდან“ ნასესხები სტანდარტული ხრიკი. იმავენაირად არაფრად ჩაგვაგდეს, როგორადაც აღარაფრად აგდებენ ევროპულ გზას.
ახლა, როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს საუდის არაბეთთან გრანდიოზული გეგმები აქვს - ინვესტიციები, ქვეყნის აყვავების დაპირებები… მაგრამ რაღაც არ მგონია, ქართველები ისეთი ბეცები იყვნენ, როგორც ივანიშვილს ჰგონია. არ მგონია, რომ ევროპელობას შეელევიან. საქართველო ბელარუსი არ არის.
ბელარუსის მოდელის გამეორება საქართველოში ივანიშვილს ძალიან გაუჭირდება.
რადიო თავისუფლება: არადა, ძალიან ხშირად ავლებენ პარალელს ბელარუსთან - ხშირად აღნიშნავენ, რომ დღევანდელი მოვლენები ბელარუსის 2020 წლის საპროტესტო ტალღის სცენარით ვითარდება. საბოლოოდაც იმავე შედეგს უნდა ველოდოთ საქართველოშიც?
ემანუელის ზინგერისი: საქართველოსა და ქართველებთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს - ჯერ კიდევ გამსახურდიადან მოყოლებული. ჩემი გამოცდილებით, ყოველი ქართველი საკუთარ თავს მეფედ თვლის – ინდივიდუალისტები არიან, დამოუკიდებელი აზროვნებით. პიროვნება და პირადი შეხედულებები პირველ ადგილზეა – ეს კოლექტივისტური საზოგადოება არ არის. ბელარუსის მოდელის გამეორება საქართველოში ივანიშვილს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება. ქართველები საბჭოთა პერიოდშიც განსაკუთრებული თავისუფლებით გამოირჩეოდნენ, დამყაყებულ ცენზურას ვერ ეგუებოდნენ, მაგრამ ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ საკუთარი გეოპოლიტიკური ვექტორი კიდევ უფრო დრამატულად შეცვალა - დასავლური საზოგადოებისა და სამყაროს განუყოფელ ნაწილად იქცა. კი, კავკასია შესაძლოა გეოგრაფიულად შორს იყოს საფრანგეთისგან, მაგრამ მენტალურად – სულაც არა. ფსიქოლოგიურად, მენტალურად, საქართველო სადღაც სლოვენიასა და იტალიას შორისაა. ის უკვე ევროპელია. ჩვენიანი გახდა. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი იცვლება – უფრო სწორად, ძალით ცვლიან. ქართველებს აიძულებენ, ნაბიჯ-ნაბიჯ გადაუხვიონ ამ გზიდან, ცდილობენ უკან, წარსულისკენ შემოაბრუნონ. მაგრამ რასაც ვხედავ, ისინი ამ ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ. არ აპირებენ იმ ბილიკს დაადგნენ, რომელიც მათ საბჭოთა კავშირში დააბრუნებდა. სწორედ ესაა წინააღმდეგობის მუხტი – ხალხს არ სურს საქართველო გულაგად იქცეს დამოუკიდებელი აზრისთვის, იქცეს იმ შავ-თეთრ, ნახევრად ტოტალიტარულ სამყაროდ, რომელიც ივანიშვილს უჯდება ჭკუაში. სწორედ ამით აიხსნება ის დაუღალავი საპროტესტო ტალღაც, რომელსაც დღეს საქართველოში ვხედავთ.
[ივანიშვილს] პირდაპირ ვკითხე: როგორ აპირებდა რუსეთისგან თავის დაღწევას, იმ ქვეყნისგან, სადაც თავისი უზარმაზარი ქონება დააგროვა?
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რა როლს თამაშობს კრემლი ივანიშვილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? რამდენადაა ეს კრემლის დიქტატი? თუ საქართველოს უბრალოდ არ ძალუძს, რომ კრემლს შეეწინააღმდეგოს?
ემანუელის ზინგერისი: ივანიშვილი კარგად მახსოვს, სხვათა შორის, გონებაში ჩამრჩა მასთან შეხვედრა. თუ არ ვცდები, 2014 წელს, თავდაცვის ევროკომისარ კუბილიუსს – რომელიც მაშინ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი იყო – და მე შეგვხვდა. მახსოვს, გვიამბობდა, თუ როგორ აშენებდა მრავალპარტიულ დემოკრატიას საქართველოში, სადაც ყველას ხმა ისმოდა. პირდაპირ ვკითხე: როგორ აპირებდა რუსეთისგან თავის დაღწევას, იმ ქვეყნისგან, სადაც თავისი უზარმაზარი ქონება დააგროვა? ვერ ვიხსენებ, ზუსტად რა მიპასუხა, მაგრამ არადამაჯერებელი იყო. მივხვდით, რომ ცრუობდა. ვერ შეძლო ჩვენი დარწმუნება. დრო გავიდა და დღეს ამ კითხვას უკვე თავისით გაეცა პასუხი. აი, აქ ვართ დღეს - საქართველო გზაგასაყარზეა - ან ძალით გადააქცევენ კავკასიის ბელარუსად, ან გაუძლებს და თავისუფალ ქვეყნად დარჩება.
ფორუმი