Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი - კორონავირუსის გავრცელების კიდევ ერთი გზა


COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტის ტრანსპორტირება. თეირანი, 30 მარტი, 2020 წ.
COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტის ტრანსპორტირება. თეირანი, 30 მარტი, 2020 წ.

ირანი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი გახდა ჩინეთთან ერთად მარტის თვეში, როცა ათასობით ირანელს გამოაჩნდა კოვიდ-19-ის რესპირატორული სიმპტომები.

ირანელი ექიმები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პაციენტებს უფრო კუჭ-ნაწლავის​, გასტროინტესტინური სიმპტომები აქვთ, ვიდრე რესპირატორული.

მართლაც, ბოლო ხანს ჩინეთსა და აშშ-ში მედიცინის ექსპერტთა მიერ ჩატარებული გამოკვლევებიდან ჩანს, რომ არის გარკვეული რაოდენობა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისა, რომლებსაც რესპირატორული სიმპტომები არა აქვთ.

ახლა ამ მოვლენას იკვლევენ ექსპერტები მთელ მსოფლიოში.

„კოვიდ-19-ს ჰქონდა სიმპტომები, როგორიცაა ხველა, სუნთქვის გაძნელება, მაღალი სიცხე“, - ამბობს მოჰამად რეზა მაჰბუბფარი, ირანის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის ვირუსული ეპიდემიოლოგი.

„ეს სიმპტომები შეინიშნებოდა აფეთქებიდან ორი თვის განმავლობაში, მაგრამ ახლა ყველაზე მკვეთრად გამოხატული კუჭ-ნაწლავის სიმპტომებია“, ადასტურებს მაჰბუბფარი.

ორივე ჯგუფს, - ასაკოვან პაციენტებსა და ბავშვებს, - ამბობს მაჰბუბფარი, გასტროინტესტინური სიმპტომები აქვს მწვავე ფაღარათის, მუცლის სპაზმების, კუჭის ტკივილის, გულისრევისა და ღებინების, ასევე მადისა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვის ფორმით.

ირანელი ეპიდემიოლოგის თქმით, ამ პაციენტებს ან საერთოდ არ აქვთ აწეული ტემპერატურა, ან აქვთ მხოლოდ ოდნავ მაღალი სიცხე.

მისი თქმით, ამან მოახდინა გავლენა ირანის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე კოვიდ-19-ის შესახებ, რადგან მათში არ აისახა იმ პაციენტების მონაცემები, რომლებსაც არ ჰქონდათ რესპირატორული სიმპტომები.

ირანის სამხრეთის ქალაქი ბაბოლი მარტში კოვიდ-19-ის აფეთქების ცენტრი იყო ქვეყანაში. საიედ ჰასან აბედი, გასტროენტეროლოგი ბაბოლის სამედიცინო კვლევის უნივერსიტეტში, ადასტურებს, რომ ნაკლები პაციენტები არიან ჰოსპიტალიზებული რესპირატორული სიმპტომებით.

მისი თქმით, პაციენტთა მეოთხედს ახლა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის სიმპტომები აქვს. ის აზუსტებს, რომ ამ პაციენტებს აქვთ მწვავე ფაღარათი, რაც სულ მცირე ხუთჯერ ვლინდება დღის განმავლობაში და გრძელდება ორ კვირას.

ირანელი ექიმები კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადების ნიშნების მქონე პაციენტს მკურნალობენ
ირანელი ექიმები კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადების ნიშნების მქონე პაციენტს მკურნალობენ

აბედი ვითარებას ახასიათებს, როგორ საგანგაშოს, რადგან პაციენტები გასტროინტესტინური სიმპტომებით, ჩვეულებრივ, სამედიცინო დახმარებას ეძებენ და უფრო გვიან გადიან ტესტირებას, ვიდრე ისინი, ვისაც გამოკვეთილი რესპირატორული სიმპტომები აქვს. ის შიშობს, რომ კორონავირუსის დაგვიანებული დიაგნოზი მათ ჯანმრთელობას უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს და იწვევს ინფექციის სწრაფად გავრცელებას.

თეირანის შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტის გასტროენტეროლოგი საიედ რეზა ფათემიც აცხადებს, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების ნახევარს კუჭ-ნაწლავის სიმპტომები აქვს.

ფათემის თქმით, გასტროინტესტინური სიმპტომების მქონე პაციენტების მესამედს ღვიძლი უზიანდება და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება აქვს.

ფილტვების პრობლემების გარდა, არის კიდევ სხვა გამოვლინებები, როგორიცაა ბავშვებში სისხლის მიმოქცევის სინდრომი და გართულება თირკმელებზე.

ირანში კორონავირუსის მახასიათებლებს შორის არის ასევე ინსულტის შემთხვევები, სხვათა შორის - ბავშვებშიც.

„კოვიდ-19-ით გამოწვეულ ჟანგბადის ნაკლებობას და ანთებებს შეუძლიათ გამოიწვიონ არტერიული თრომბოზი და ინსულტი“, ამბობს მაჰმუდ-რეზა აშრაფი, თეირანის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი.

დასტური სხვა ქვეყნებში

მედიკოსებმა კოვიდ-19-ის გასტროინტესტინური სიმპტომების შესახებ ადრევე იცოდნენ, როცა ჩინეთში, უჰანში, შარშან დეკემბერში გამოჩნდა პირველი შემთხვევები.

აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული პირველი შემთხვევისას პაციენტს ჰქონდა გულისრევა და ღებინება, ასევე ფაღარათი ორი დღის განმავლობაში რესპირატორულ სიმპტომებთან ერთად.

ვირუსი ნახეს პაციენტის განავალში, მისი არსებობა ცხვირიდან და ყელიდან აღებულმა ნაცხმაც დაადასტურა.

რაც ახლა დამტკიცდა, ისაა, რომ გასტროინტესტინური სიმპტომები უფრო ხშირია, ვიდრე ადრე ეგონათ, ალბათ იმიტომ, რომ რესპირატორული სიმპტომების გარეშე პაციენტები ტესტირებას არ გადიოდნენ. ადრეული კვლევის თანახმად, კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების ოთხ პროცენტზე ნაკლებს აქვს გასტროინტესტინური სიმპტომები.

ახლა, უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, ეს მონაცემი ათ პროცენტზე მეტია და კორონავირუსის ყველა ინფექციებს შორის 60 პროცენტს აღწევს.

მარტინ ვეისი ბრიტანეთში იორკის უნივერსიტეტის ჰალ იორკის სამედიცინო სასწავლებლის პროგრამის დირექტორია. მას ეჭვი არ ეპარება, რომ კორონავირუსმა შეიძლება შეუტიოს თქვენს ნაწლავებს, ისევე როგორც ფილტვებს.

„მოლეკულა, რომელსაც ვირუსი უტევს თქვენს ორგანიზმში, ანგიოტენსინის გარდამქმნელი ფერმენტი 2, იგივე ACE2, არა მხოლოდ ფილტვებში, არამედ არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტშიც“, განმარტა მან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კოვიდთან ბრძოლის პლატფორმაზე გამოსვლისას.

„ეს უნდა იყოს ახსნა პაციენტების იმ არსებითი რაოდენობისა, რომლებსაც გასტროინტესტინური სიმპომები აქვთ, როგორიცაა ფაღარათი, გულის რევა და ღებინება“, ამბობს ვეისი.

ფაქტობრივად, ირანელი ექსპერტების დაკვირვება გასტროინტესტინურ შემთხვევებზე შეესატყვისება ჩინეთის მონაცემებს, რომლებიც გამოქვეყნდა ავტორიტეტიან ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალებში, The Lancet-სა და Gut-ში. ამ უკანასკნელში გამოქვეყნებული ერთი სტატიის ავტორების თანახმად, ვირუსი განავალში აღმოაჩნდა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების, დაახლოებით, ნახევარს.

სამედიცინო ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ადამიანების ინფიცირებისა და დაავადების გადაცემის კიდევ ერთი შესაძლებელი გზაა.

ეს დიდ პრობლემებს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას არეალებში, სადაც კანალიზაციისა და სანიტარიის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

The Lancet-ის მკვლევრები თვლიან, რომ კოვიდ-19 შეიძლება გავრცელდეს ფეკალიებით დაბინძურების გზით, ისევე როგორც დიზენტერია და პოლიომიელიტი.

არ არის ცნობილი, რამდენ ხანს ცოცხლობს ვირუსი განავალში.

ეს არის თემა, რის შესწავლასაც მედიცინის მკვლევრები ახლა იწყებენ.

XS
SM
MD
LG