Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ისევ საგაფიცვო რეჟიმში არიან


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირები ისევ აპირებს რადიკალური პროტესტის ფორმას, გაფიცვას, მიმართოს. რეგიონალურ მაუწყებელში შრომითი უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ახლად შექმნილ პროფკავშირულ ორგანიზაციაში, რომელიც აჭარის ტელევიზიის, რადიოსა და ვებსაიტის 90-მდე ჟურნალისტს აერთიანებს, დოკუმენტზე უკვე მუშაობენ. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ხვალ ოფიციალურად მიმართავენ მენეჯმენტს. ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ პროტესტი განაპირობა მენეჯმენტის გადაწყვეტილებამ, რომლითაც აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილესა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორს, მაია მერკვილაძეს, ხელშეკრულება კანონის დარღვევით შეუცვალეს, რაც, მისივე აზრით, პირდაპირ კავშირშია სიტყვის თავისუფლებასთან:

„გაფიცვა, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, შრომით უფლებებს ეხება, თუმცა უპრეცედენტო რაღაცას ვითხოვთ. თუ ვიღაცას წარმოუდგენლად მიაჩნია სარედაქციო დამოუკიდებლობის მოთხოვნით გაფიცვა, ცდება, იმიტომ რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა ჟურნალისტისთვის სწორედ შრომითი უფლებაა და ეს არაა სადავო. სწორედ აქედან დავიწყებთ დავას, თუ როგორი უნდა იყოს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები მაუწყებელში, იმიტომ რომ ფაქტია: არც ერთმა გარანტიამ, არც ტელევიზიის დებულებამ, არც ხელშეკრულებაში ჩანაწერმა, რომ მაია მერკვილაძეს მხოლოდ რეორგანიზაციის შემთხვევაში შეუწყდებოდა ხელშეკრულება და ერთი თვის ვადაა განსაზღვრული ასეთ გადაწყვეტილებამდე... ამასაც გადააბიჯეს და მაია მერკვილაძეს შეეძლო, წასულიყო“.

იძულებული ვარ, რომ პოზიცია შევიცვალო ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. ამ იძულების პირობებში ვაგრძელებ თანამშრომლობას მაუწყებლის მენეჯმენტთან და იმ გუნდთან ტელევიზიაში, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი მიზნები.
მაია მერკვილაძე

თუმცა მაია მერკვილაძე ტელევიზიაში დარჩა. დღეს იგი რეგიონალური მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის, ორივე შეთავაზებაზე დათანხმდა. მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის თანამდებობებს ჩამოაშორეს, მას შესთავაზეს აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეობა და, ასევე, ჯერ არარსებული სატელევიზიო ტოქშოუს რედაქტორის პოზიცია. მაია მერკვილაძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის განზრახვა გამოიცნო და სწორედ ამიტომ დარჩა:

„მე გადავწყვიტე მემოქმედა იმ სქემის გათვალისწინებით, რაც მათ ჰქონდათ, რითაც ახლო წარსულში მაუწყებელში თანამდებობებს ჩამოაშორეს ადამიანები და შემდეგ თქვეს, რომ ისინი თავისით წავიდნენ. ჩემს შემთხვევაში კი ამის თქმის საფუძველი არ დავტოვე. იძულებული ვარ, რომ პოზიცია შევიცვალო ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. ამ იძულების პირობებში ვაგრძელებ თანამშრომლობას მაუწყებლის მენეჯმენტთან და იმ გუნდთან ტელევიზიაში, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი მიზნები. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბრძოლა აუცილებლად მივა შედეგამდე“.

ჩვენ ღიად გვითხრეს, საჯაროდ, აღარ გვჭირდებითო და მათ აღარ აინტერესებთ, აქ, ქუჩაში, გავაპროტესტებთ თუ ეთერიდან. მაია მერკვილაძე ქმნიდა საინფორმაციო პოლიტიკას და კბილებით იცავდა გარედან ყველანაირ დარტყმას მედგრად.
ირინა ყურუა


აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ჟურნალისტების ერთი ნაწილის პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის შემოდგომაზე მრჩევლის სამი ხმით არჩეული დირექტორი, გიორგი კოხრეიძე, მოვალეობის შესრულებას შეუდგა. იგი ჯერ პირადად შეხვდა ჟურნალისტებს და შემოქმედებით ჯგუფებს, რომლებმაც შემდეგ ის ზეწოლაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქცია არაერთხელ მოაწყვეს. ამის შემდეგ კოხრეიძემ მაუწყებლის დებულებაში ცვლილებების შეტანა და რეორგანიზაცია განიზრახა, თუმცა ვერ მიიღო ხუთი მრჩევლიდან საჭირო 4-ის მხარდაჭერა. კოხრეიძემ მომდევნო საკითხად მრჩეველთა საბჭოს ტელევიზიაში ოთხი საშტატო ერთეულის გაუქმების ინიციატივა წარუდგინა, მათ შორის კი ერთ-ერთი მაია მერკვილაძის შტატი იყო. საბჭოს სამმა წევრმა, რომლებიც საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით არიან წარდგენილი, ჟურნალისტებისა და პროფკავშირების წევრთა ხმაურიანი პროტესტისა და სიტყვიერი დაპირისპირების მიუხედავად, 19 თებერვალს ცვლილება დაამტკიცა, რის საფუძველზეც მაია მერკვილაძეს 24 თებერვალს ხელშეკრულება გაუუქმდა. ამავე დღეს მისთვის შეთავაზებული სხვა პოზიცია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა ნაწილის პროტესტის მიზეზად იქცა. 24 თებერვალს, ღამით, ისინი ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ შორის იყო ჟურნალისტი ირინა ყურუა:

„ჩვენ ღიად გვითხრეს, საჯაროდ, აღარ გვჭირდებითო და მათ აღარ აინტერესებთ, აქ, ქუჩაში, გავაპროტესტებთ თუ ეთერიდან. მაია მერკვილაძე ქმნიდა საინფორმაციო პოლიტიკას და კბილებით იცავდა გარედან ყველანაირ დარტყმას მედგრად. ის იყო რედაქტორი და ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა პროცესში - როგორ გამოვიყვანოთ მდგომარეობა ჩიხიდან და დავიცვათ საზოგადოებრივი მაუწყებელი. ვფიქრობთ უკიდურეს, რადიკალური პროტესტის ფორმაზე და სწორედ მენეჯმენტმა გვიბიძგა ამისკენ“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი კი კრიზისს არ აღიარებს. მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის, გადაწყვეტილებით, დღეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში ახალი რედაქტორი მოვიდა და ჟურნალისტებს შეხვდა. ნინო ხაჟომია, წარსულში „რუსთავი 2“-ზე ჟურნალისტური გამოძიების მიმართულებით მუშაობდა. კოხრეიძე ამბობს, რომ ამ მიმართულებას იგი აჭარის ტელევიზიაშიც გააგრძელებს. დირექტორს ახალი მოადგილეც ჰყავს - დღეს თანამშრომლებს ამ პოზიციაზე ვახტანგ ხუზმიაშვილი გაეცნო. რაც შეეხება ჟურნალისტების პროტესტსა და გამოცხადებულ გაფიცვას, რომელსაც 90-მდე თანამშრომელი გეგმავს, გიორგი კოხრეიძე ამბობს:

„პროფკავშირების ვალდებულებაა დაიცვას შრომითი უფლებები და ახლა თუ გადავლენ სხვა დაუკრეფავ იმეებში, სხვა უფლებების დაცვაში... უბრალოდ, არის ჩვეულებრივი ენჯეო, რომელსაც თავისი პოზიცია უნდა ჰქონდეს და თუ ენჯეოა და ესეთი ის არის, მაშინ შესაბამისი დამოკიდებულება გვექნება. შრომით უფლებებზე, როგორც ასეთზე, მე არაფერი არ მაქვს მოსალაპარაკებელი, იმიტომ რომ არავისი არ დამირღვევია. სიტყვის თავისუფლება არ არის პროფკავშირების საქმე. სიტყვის თავისუფლებას პროფკავშირები არ იცავს. სიტყვის თავისუფლებას არც არაფერი დამუქრებია“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, გია ქარცივაძე, რომელიც ხუთწევრიან საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტითაა წარდგენილი, რეგიონალურ მაუწყებელში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს, აკისრებს და მიიჩნევს, რომ საბჭოს სრულიად საკმარისი საფუძველი აქვს, მის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი დააყენოს:

„ეს პროცესი არ არის მხოლოდ მაია მერკვილაძის წინააღმდეგ. ეს არის მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა. აქ აღარაა საუბარი ინდივიდებზე. ასე ღიად ჩარევა „ახალი ამბების“ საქმეში შეიძლება შეფასდეს სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფად. სრული საფუძველი აქვს დღეს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა და დაასრულოს დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადება. საკანონმდებლო მოთხოვნაა ამის, როცა ბიუჯეტი არ სრულდება, პროგრამული პრიორიტეტები არ სრულდება, სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფად შეფასდეს ყველა მხრიდან. ანუ, ყველა საფუძველია იმისთვის, რომ მაუწყებლის დირექტორს ხვალვე გამოუცხადონ უნდობლობა“.

იმისათვის, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხი მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგში დარეგისტრირდეს, ორი მრჩევლის თანხმობაა საჭირო, უნდობლობის გამოცხადებას კი ხუთი მრჩევლიდან, სულ მცირე, სამი ხმა სჭირდება. რეგიონალური მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში სამი წევრი - სოსო სტურუა, გიგა ჩხარტიშვილი და თამილა დოლიძე - „ქართული ოცნების“ კვოტითაა წარდგენილი, ერთი წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგინებითაა (გია ქარცივაძე) და ერთიც - დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით (თამარ წილოსანი).

XS
SM
MD
LG