Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია კაპანაძე: იმპიჩმენტიდან დღემდე ჩემი ჯანმრთელობა განახევრდა 


ნათია კაპანაძე
ნათია კაპანაძე

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში სასმენი აპარატი მოიხსნა და განაცხადა, რომ მედიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს მიმდინარე პროცესები ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ:

„სამწუხაროდ, ახლა მე თქვენი ხმა არ მესმის, - განაცხადა მან სასმენი აპარატის მოხსნის შემდეგ, - მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ასევე ჩემს ჯანმრთელობაზე დადგა მთელი ის პროცესი, რომელიც მიდიოდა. მე კარგად ვიცოდი, რომ მთელ იმ პროცესებში, რომელზედაც აჭარის მაუწყებელში ვიყავი, ვკარგავდი ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანს, სამყაროს აღქმის უნარს“, - აღნიშნა ნათია კაპანაძემ. მან ტვ „პირველის“ პირდაპირი ეთერიდან ხელისუფლებასთან ერთად „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა:

„ჯანმრთელობაზე დგას ეს საქმე. ჩემი ჯანმრთელობა 2019 წლის 19 აპრილიდან დღემდე კიდევ უფრო განახევრდა, მაგრამ მე იმ პროცესებში ვიცოდი, რომ შემეძლო დამეკარგა ყველაფერი, სიტყვის თავისუფლების გარდა“, - განაცხადა ნათია კაპანაძემ, რომელმაც ტვ „პირველის“ ეთერში სტუმრობისას ამავე კონტექსტში ისაუბრა ტელეკომპანიის მფლობელის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა 2019 წლის აპრილში გამოუცხადა. 22 ნოემბერს მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს ჟურნალისტთა ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად განიხილავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.

XS
SM
MD
LG