Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიასა და რადიოში რჩება


მაია მერკვილაძე
მაია მერკვილაძე

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მაია მერკვილაძემ ხელი მოაწერა ტელევიზიისა და რადიოს დირექტორისგან შეთავაზებულ ორივე ხელშეკრულებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მაია მერკვილაძეს 24 თებერვალს შესთავაზა სატელევიზიო პოლიტიკური ტოქშოუს რედაქტორობა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეობა.

დღეს, 25 თებერვალს, მაია მერკვილაძემ განაცხადა, რომ არცერთი შეთავაზება მისი ადრინდელი თანამდებობის ტოლფასი არ არის, თუმცა, დარჩენის გადაწყვეტილება გუნდთან შეთანხმებით მიიღო: „სულ ცოტა დრო მქონდა მოსაფიქრებლად. ვფიქრობ, სპეციალურად იყო ეს დრო ასეთი ცოტა, რომ მიმეღო ცხელ გულზე წასვლის გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ დავა ისედაც შემიძლია გავაგრძელო და ორივე ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. სწორედ იმიტომ, რომ თვითონ ასეთი ფორსირებული რეჟიმით აპირებენ ბრძოლას, ჩვენც გვაქვს ჩვენი გეგმა და ჩვენ ამ გეგმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“.

აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მაია მერკვილაძის დარჩენის მიუხედავად, კვლავ ძალაშია ჟურნალისტების ნაწილის გადაწყვეტილება გაფიცვის შესახებ.

ალტერნატიული პროფკავშირის ლიდერის, მალხაზ რეხვიაშვილის განცხადებით, მენეჯმენტისთვის შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დაიწყება მედიაციის პროცესი და თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაიფიცებიან. ალტერნატიულ პროფკავშირში გაერთიანებული 80-მდე თანამშრომელი შრომითი უფლებების და მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის დაცვას მოითხოვს.

19 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ სამი ხმით ორის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინადადებას საშტატო განრიგის შეცვლის შესახებ.

გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 24 თებერვალს და ოფიციალურად გაუქმდა ოთხი სამსახურის უფროსების მოადგილეთა შტატი. მათ შორის, ცვლილება შეეხო საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს, რაც ჟურნალისტების ნაწილმა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად შეაფასა. თავად გიორგი კოხრეიძე ამტკიცებდა, რომ ცვლილებები ეფექტიანი მართვისთვის სჭირდება, რადგან მოვალეობების დუბლირება ხდებოდა.

XS
SM
MD
LG