უწყების განცხადებაში, რომელიც 21 ნოემბერს გავრცელდა, ნათქვამია, რომ ლიზი თირქიას 18-19 ნოემბერს აქციის მონაწილეების მიმართ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე მისვლა შესთავაზეს.
"გამომძიებლის მხრიდან ნამდვილად შედგა კომუნიკაცია მოქალაქე ლიზი თირქიასთან და შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაკავების გარემოებების და მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მოსვლა შევთავაზეთ.
მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ, ლიზი თირქიასთან კომუნიკაციის დეტალების დაზუსტების და გამომძიებლის შესაძლო არაეთიკური ქცევის შესწავლის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი და განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შემდეგ შეიტყო მისი დაბარების რეალური მიზეზი", - განმარტავენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყება, ასევე ავრცელებს სატელეფონო ჩანაწერს, რაშიც მათივე თქმით, ლიზი თირქიასა და გამომძიებლის საუბარია ასახული.
საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ ლიზი თირქია გამოკითხეს და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება შესთავაზეს.
დღის ბოლოს, აქტივისტმა ლიზი თირქიამ დაწერა, რომ საგამოძიებო სამსახურში მომხდარი "გაურკვევლობით" ახსნეს და "უკან წაიღეს აბსურდული ბრალდება".
"საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა. მისვლის შემდგომ, როდესაც დაინახეს, რომ სიმაღლეში 155 სმ ვარ, უკან წაიღეს თავიანთი აბსურდული ბრალდება.
ჩემზე გამოძიების დაწყებას ჩემი და ჩემი მეგობრების დასაშინებლად აპირებდნენ, თუმცა გამორჩათ ფაქტი, რომ მანამდე წიწაკის სპრეიმაც არ გაჭრა, რის შედეგადაც საავადმყოფოში აღმოვჩნდი.
აქამდე ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო მსგავსი “შეცდომები” საგამოძიებო უწყებების მხრიდან, თუმცა ახლა აღარაფერი მიკვირს...", - ამბობს ის.
რამდენიმე საათით ადრე, მან ფეისბუქზე გაავრცელა მოკლე განცხადება იმაზე, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან, მისი მხრიდან "5 პოლიციელზე თავდასხმის" საქმეზე დაუკავშირდნენ.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს და მეუბნებიან, რომ აქციაზე 5 პოლიციელს თავს დავესხი, გავიქეცი და ვიმალები", - დაწერა თირქიამ.
მის ამ პოსტს სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ტვიტს ლიზი თირქიას ფოტო დაურთო და დაწერა:
"ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების დარბევა: პოლიციის მიერ ცემა, დაკავება და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთის შესახებ მუქარა. ამ გოგონას ბრალად ედება ხუთ პოლიციელზე თავდასხმა!!!"
19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ვაკეში მიმდინარე აქცია დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროს 16 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, დემონსტრანტებს 17 ნოემბრიდან ჰქონდათ გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
ფორუმი