Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI პროკურატურას მოუწოდებს, გამოიძიოს აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესების შესახებ განცხადებას ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI).

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მაუწყებლის გარშემო მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეჭვები, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული საორგანიზაციო თუ საკადრო ცვლილებების მთავარი მიზანი სწორედ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლა და მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვაა.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების დაგეგმვაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, თუმცა, დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, მრჩეველთა საბჭოს თანხმობით, მოადგილეების პოზიცია გააუქმა იმ პირობით, რომ მათ ტოლფასს პოზიციას შესთავაზებდა.

„არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გზით, მენეჯმენტს ახალი ამბების რედაქციიდან მისთვის არასასურველი ადამიანების ჩამოშორება სურდა, რაც მოახერხეს კიდეც. მაია მერკვილაძე სანაცვლოდ შემოთავაზებულ ტოკშოუს პროდიუსერობას ან/და რადიოს უფროსის მოადგილეობას დასთანხმდა. სადავო დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის, წინააღმდეგაც. მიმდინარე მოვლენების ფონზე, ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ. საუბარია, დირექტორის მხრიდან თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ სხვა ზეწოლის ფაქტებზეც. მაგალითად, ტელევიზიის თანამშრომელთა ინფორმაციით, დირექტორი გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. პარალელურად კი, ტელევიზიის პროფკავშირებმა, რომელიც 70-მდე თანამშრომელს აერთიანებს, საგაფიცვო პროცედურები დაიწყო“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

TI-ს მიაჩნია, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ცხადყო, რომ მიმდინარე ცვლილებების მიზანი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. „სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭოს მმართველი პარტიის კვოტით არჩეული წევრები საკუთარი ქმედებებით ხელს უწყობენ ტელევიზიაში არსებული სიტუაციის დამატებით ესკალაციას და არ იცავენ ჟურნალისტების უფლებებს“, - აცხადებს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაინტერესდეს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა.

24 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა საგაფიცვო პროცედურების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.

XS
SM
MD
LG